"პარლამენტში კაჭკაჭები არ გვჭირდება"
21-11-2016
"პარლამენტში კაჭკაჭები არ გვჭირდება"
"მთავარია, ძველმა გუნდმა ახალი სახეების საკუთარ ტალღაზე მორგება არ სცადოს"

პარლამენტმა მუშაობა დაიწყო. როცა "კვირის პალიტრის" ეს ნომერი დღის სინათლეს იხილავს, მთავრობის დაკომპლექტება დასრულდება. ექსპერტ სოსო ცისკარიშვილთან საუბარი ახალი საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებით დავიწყეთ.

- ოპტიმიზმის საფუძველს მაძლევს­ "ქართული ოცნების" შემადგენლობაში მყოფი ე.წ. ახალი სახეები, რომლებიც მოტივირებული არიან, საზოგადოებას არსებულ გამოწვევებთან გამკლავების მექანიზმები შესთავაზონ. მთავარია, ე.წ. ძველმა გუნდმა მათი საკუთარ ტალღაზე მორგება არ სცადოს. მაგალითად, თამარ ჩუგოშვილმა ეკა ბესელიას მსგავსი განცხადებები
რომ გააკეთოს, ეს, მინიმუმ, დასანანი იქნება. პარლამენტში სერიოზული პოლი­ტიკოსები გვჭირდება და არა კაჭ­კაჭები, რომლებიც დაზუთხულ ერთ­სა და იმავე ფრაზებს იმეორებენ.­ და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი:­ მისასალმებელია, რომ "ქართული ოცნების"­ ახალი ლიდერები "ნაცმოძრაობასთან" კინკლაობას მომავალ ხედვებზე აქცენტირებას ამჯობინებენ.

- პირველივე სესია მაინც "ქართული ოცნებისა"­ და "ნაცმოძრაობის"
დაპირისპირებით დაიწყო. უმრავლ­ეს­ობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ოპონენტებს აბსურდული სამართლ­ებრივი საქმეები შეახსენა, რომან გოცირიძემ კი ინფრასტრუქტუ­რის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი მწვავედ გააკრიტიკა.

- ბედი ჰქონია ბატონ გოცირიძეს, რომ ბატონი ჯავახიშვილი პარლამენტარი არ არის, დაპირისპირება ამის შემდეგ უნდა გენახათ. ბუნებრივია, პარლამენტში მწვავე დებატებს ველოდები, თუმცა მაინც მინდა მჯეროდეს, რომ მომავალი ოთხი წელი საქმეზე ორიენტირებულ პარლამენტს მივადევნებთ თვალს.

- ჩვენი გაზეთის გამოსვლის დროს მთავრობა­ უკვე დაკომპლექტებული იქნება. თუმცა, როგორც მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, ეკონომიკის მინისტრის პოსტს გიორგი გახარია დაიკავებს, ფინანსთა მინისტრი­სას - დიმიტრი ქუმსიშვილი. მინისტრთა კაბინეტს ემშვიდობება ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი. მთავრობის ახალი შემადგენლობა გიქმნით მოლოდინს,­ რომ მმართველი პარტია საქმიან რეჟიმზე გადადის?

- ეკონომიკის მომავალ მინისტრ გიორგი გახარიასგან უნდა მოვისმინოთ განმარტება, ბიზნესომბუდსმენობისას რომელ ბიზნესს გადაუჭრა პრობლემა ან რამდენი საჩივარი დააკმაყოფილა. ახალი კადრებით გუნდის განახლება მისასალმებელია, თუმცა შერჩევისას პრემიერს მეტი დაფიქრება მართებს. კვირიკაშვილმა ისიც აგვიხსნას, რატომ შეინარჩუნებენ წინა მთავრობის მინისტრები სკამებს ახალ შემადგენლობაში, თუნდაც თეა წულუკიანი.

როგორც წესი, პრემიერის მიერ ახალი კადრების წარდგენა სასკოლო სპექტაკლს ემსგავსება - ტრიბუნასთან დგას მთავრობის ხელმძღვანელი, რომელიც მინისტრებს აქებს, ემადლიერება და შემდეგ თანამდებობიდან ათავისუფლებს, რამდენიმე წუთში­ კი, ასევე ქება-დიდებით, მათ ახალი მინისტრებით ანაცვლებს. არავინ გვეუბნება, ვინ იყო კონკრეტული პირის რეკომენდატორი ასეთ მაღალ თანამდებობაზე, რა გამოცდილება და რისი შეცვლის უნარი აქვს.

"ნათელი გონების ხულორდავამ და ბნელეთის მოციქულმა ნარჩემაშვილმა ერთად როგორ აკეთონ კეთილი საქმეები"


ლევან ბერძენიშვილი,"რესპუბლიკური პარტიის" დამფუძნებელი:
- გაკვირვებული ვარ, პარლამენტის პირველ სხდომას ცხრა კაცი არ ესწრებოდა. სხვა მხრივ, ყველაფერი­ საქმიანად გამოიყურებოდა. როგორც ჩანს, ქვეყანამ საპარლამენტო ცხოვრების გამოცდილება მიიღო. ისიც მისასალმებელია, რომ საპარლამენტო თანამდებობები წინასწარ გამოცხადდა და საზოგადოებისთვის სიურპრიზი არ ყოფილა თუნდაც პარლამენტის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის დასახელება. კიდევ ერთი დეტალი - პარლამენტში ადგილებს საკმაოდ დიდ დატვირთვას ანიჭებენ ხოლმე, შევნიშნე, რომ მანანა კობ­ახიძე დავით ბერძენიშვილის სკამზე იჯდა.

- ამას რამე ლოგიკური ახსნა აქვს?

- რა თქმა უნდა, ვინც აკონტროლებს­ ვითარებას, ის მიუთითებს დეპუტატებს, რომელი სკამი უნდა დაიკავონ. ჩემთვის უცნობია, ვის დაუპირისპირდა მანანა კობახიძე, თუმცა ფაქტია, რომ პარლამენტის პირველ სხდომაზე ყველაზე ბედნიერი დეპუტატი არ გახლდათ. ისიც საოცარია, რომ მანანა კობახიძესა და ეკა ბესელიას სხვადასხვა პოლიტიკური ბედი ერგოთ, არადა, თითქოს ყველა საკითხში ერთად იყვნენ და თანამოაზრეებადაც ითვლებოდნენ.

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ახალ თავმჯდომარედ თამარ­ ხულორდავას დასახელებიYთ განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ. ის ამ თანამდებობას ყველა კრიტერიუმით შეეფერება. იგივე შემიძლია ვთქვა სხვა კომიტეტის თავმჯდომარეების უმრავლესობაზე, თუმცა ირაკლი კობახიძის წარმატებულ საქმიანობაში ეჭვი მეპარება - ის უხეში და მოუთმენელი გახლდათ ოპონენტებთან, არ გამოირჩეოდა თავაზიანი რიტორიკით, რაც პარლამენტის მართვაში ხელს შეუშლის. უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელად ბულდოგი კი არა, თავშეკავებული კაცი სჭირდება...

- "ქართული ოცნების" ჯგუფებად დაყოფას ელით?

- ვერ წარმომიდგენია, თამარ ხულორდავამ, ნათელი გონების ადამიანმა, და ბნელეთის მოციქულმა კობა ნარჩემაშვილმა ერთად აკეთონ კეთილი საქმეები. "ქართულ ოცნებაში" ბევრი პროევროპელი პოლიტიკოსია, თუმცა მათ გვერდით არანაკლებ მცირე რაოდენობით არიან რუსეთის მოყვარულებიც. ვფიქრობ, სწორედ არსებული უმრავლესობიდან დაიბადება ოპოზიცია და "ქართული ოცნების" შემც­ვლელი ახალი პოლიტიკური ძალა.

- მინისტრთა კაბინეტში თუ ელოდებით "ნათელი გონების პროევროპელებს"?

- მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობის დასახელებით უნდა გამოიკვეთოს, რამდენად დამოუკიდებელია ქვეყნის­ ოფიციალური პირველი პირი, გიორგი კვირიკაშვილი. ეს ფაქტი მინისტრების ვინაობებზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა,
კვირიკაშვილი ბევრად უკეთესი მმართველია, ვიდრე ირაკლი ღარიბაშვილი, თუმცა მას ერთი მთავარი ნაკლი აქვს - დღეს ერთ პოზიციას აფიქსირებს, ხვალ - მეორეს.

ფაქტია, პარლამენტში მაჟორიტარული ნაწილი მას არ დაუკომპლექტებია - "ქართულ ოცნებაში" ოთხი ჯგუფია, რაც პირად­ად მე ვიცი და მინახავს: კალაძის, ივანიშვილის, კვირიკაშვილის და თქვენ წარმოიდგინეთ, "გრეჩიხას" ჯგუფიც, უბრალოდ, მასში შემავალ პირებს არ დავასახელებ, ეს ისედაც ნათელია. იმედია, მთავრობა ამ ჯგუფების გავლენით კი არა, კვირიკაშვილის არჩევანით დაკომპლექტდება. სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ალექსანდრე ჯეჯელავამ კომბლესთან ომი წამოიწყო და მომავალში, ალბათ,"ვეფხისტყაოსანს" შეერკინება, მაინტერესებს, ძველებიდან ვინ გადმოჰყვება ახლებს. პრემიერის წინდახედულობაც მხოლოდ ამის შემდეგ გამოჩნდება.

"ბჟუტურზე პასუხის გაცემა დიდი პატივია ალ-კუპონესთვის"


"კუპონის პერიოდში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნოდარ ჯავახიშვილი იყო, ისევე როგორც ის აღმოჩნდა წარუმატებელი ხელმძღვანელი ინფრასტრუქტურის სამინისტროში. სწორედ ამიტომ არ აღმოჩნდა ის ახალ მთავრობაში" - პარლამენტის პირველ სხდომაზე "ნაცმოძრაობის" წევრის, რომან გოცირიძის კრიტიკის­ ობიექტი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი გახდა.
- გოცირიძეს ვურჩევ, ცნობილ ფსიქიატრს მიაკითხოს, თუმცა ის იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, განკურნება რთული იქნება. მის ბჟუტურზე პასუხის გაცემა დიდი პატივი იქნება გოცირიძისთვის, თანაც ხალხმა მას სათანადო სახელი წლების წინ შეურჩია - ალ კუპონე.

- ანუ წარმატებულ მინისტრად მიიჩნევთ თავს?

- გაიარეთ თბილისიდან ბათუმამდე და ნახავთ, რამდენი ახალი და თანაც ხარისხიანი გზა გაკეთდა. მინისტრად დანიშვნა ან გათავისუფლება წარმატებულობის ხარისხს არ განსაზღვრავს.

- ამბობენ, რომ ლაშა თორდიას ჩაანაცვლებთ სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის პოსტზე.

- შესაძლოა, ახალ მინისტრად ალავიძეც­ დასახელდეს, თუმცა დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას. კანდიდატურებზე ჩემთან საუბარი არ ყოფილა. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ნაწყენი არ დავრჩები.

სად დასაქმდებიან პარლამენტს მიღმა დარჩენილები


"ქართულმა ოცნებამ" პარლამენტს მიღმა დარჩენილი თანაგუნდელების დასაქმებაზე ზრუნვა ჯერ კიდევ საპარლამენტო სიის შედგენისას დაიწყო. უკვე ცნობილია, რომ ლუკა კურტანიძე დასაქმებას შს სამინისტროში ან სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში ელოდება. კურტანიძის თქმით, "ქართულ ოცნებაში" მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატებს ირაკლი კობახიძე და კახი კალაძე შეხვდნენ და მსგავსი შეხვედრები უკვე ინტენსიურად მიმდინარეობს.

ლუკა კურტანიძე: -
22 წელია შს სამინისტროს ოფიცერი ვარ, სპორტი კი ჩემი ცხოვრების მთავარი მიმართულებაა. საბოლოო სიტყვა ახლა მათზეა. მისასალმებელია,­ რომ ყველა გამოცდილი კადრი ქვეყნის სამსახურში დარჩება.

სახელმწიფო სამსახურში დასაქმებას ელოდება "ქართული ოცნების" კიდევ ერთი წევრი, ყოფილი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე: - პარტიაში გვითხრეს, რომ ხელისუფლებაში დაგვასაქმებენ. კონკრეტულად სად ვიქნები, ეს უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

ჯერჯერობით კონსულტაციები არ გამართულა ომარ ნიშნიანიძესთან: - ჩვენ ჩვენს ადგილს თავადაც ვნახავთ, პროფესორი ვარ და ლექციებს ვკითხულობ, თუმცა გუნდმა ჩვენი გამოცდილება არ უნდა დაკარგოს. ჯერ კიდევ გამოვადგებით სახელმწიფოს. ჩემთან კონსულტაციები ჯერ არ გამართულა, თუმცა ველოდები, რომ გუნდი გადაწყვეტს, რა პოზიციაზე უნდა ვიყო. ქუთაისში მაჟორიტარობა მინდოდა, მაგრამ გუნდმა სხვაგვარად გადაწყვიტა... დასაკარგი კადრი არა ვარ.

სოსო ჯაჭვლიანი ერთ-ერთი პირველი იყო, რომლის საკითხიც არჩევნებამდე გადაწყდა - "იბიარდის" რისხვას კურორტ "თეთნულდის" განვითარებაზე ზრუნვა თავად პრემიერმა დაავალა.
- პრემიერ-მინისტრისგან იმდენად მნიშვნელოვანი შემოთავაზება მივიღე, დიდხანს არ მიფიქრია. ყველა პოლიტიკურმა ბატალიამ ჩემს თავზე გადაიარა - არც აქციებს ვაკლდი, არც დარბევებს და არც ციხესა და შიმშილობას. პოლიტიკური პროცესებისგან ჩამოშორება იოლი არ იყო, მაგრამ ახლა იქ ახალგაზრდებისა და უფრო პერსპექტიული ხალხის ადგილია.

ჯერჯერობით გაურკვეველია ყოფილი დეპუტატის, ელისო ჩაფიძის დასაქმების­ ბედიც:
- მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტში არა ვარ, "ქართულ ოცნებაში" ვრჩები - სად გავაგრძელებ საქმიანობას, ჯერ არ გადამიწყვეტია. მაქვს საინტერესო შემოთავაზებები, თუმცა, რა მიმართულებას ავირჩევ, გადაწყვეტილი არა მაქვს.

ზურაბ ზვიადაური, ყოფილი დეპუტატი:
- "ქართული ოცნება" ერთადერთი პარტიაა, რომელსაც მხარს ბოლომდე დავუჭერ. მე ჩემი პროფესია მაქვს და ამ მიმართულებით გავაქტიურდები. თუ სადმე დავჭირდები გუნდს, ერთად გადავწყვეტთ - პოლიტიკაში გააქტიურებას არ ვგეგმავ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით