"სააკაშ­ვილი გრძნობს, რომ თავისივე­ პარტიას კარგავს... ამას ადრეც გრძნობდა და ბოკერიას­ გამყიდველს ეძახდა" - კვირის პალიტრა

"სააკაშ­ვილი გრძნობს, რომ თავისივე­ პარტიას კარგავს... ამას ადრეც გრძნობდა და ბოკერიას­ გამყიდველს ეძახდა"

"დღეს სააკაშვილი "ნაცმოძრაობას" ეხვეწება, გთხოვთ, პარტიაში პოზიციებს ნუ დამაკარგვინებთო, მაგრამ გვიანია"

მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერთა ნაწილის დაპირისპირება აქტიურ ფაზაში გადადის - ექსპრეზიდენტი მათ "თვითგამოცხადებულ ხელმძღვანელებს" თუ "სვეცკებს" უწოდებს და ეპითეტები არც ყოფილი თანაგუნდელებისთვის ენანება. სააკაშვილის თქმით, "გირჩი" და გიორგი ვაშაძე ბიძინა ივანიშვილმა იყიდა. მოახერხებს თუ არა მიხეილ სააკაშვილი პარტიაში ისედაც შესუსტებული ბერკეტების შენარჩუნებას, "კვირის პალიტრასთან" "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე საუბრობს:

- ფაქტია, "ნაციონალურ მოძრაობაში" სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირებამ კულმინაციას მიაღწია - პარტია სწორედ იმ მიზეზით დავტოვე, რომ რამდენიმე ადამიანი გუნდის მართვას კულუარულად და უნამუსოდ ცდილობდა. სააკაშვილი გრძნობს, რომ თავისივე პარტიას კარგავს, შესაძლოა, პოლიტიკურად განიარაღებული დარჩეს და ალბათ, ამით არის განპირობებული მისი განცხადებები ჩემი მისამართითაც. კარგი იქნება, საკუთარი შეცდომები გააანალიზოს, მათ შორის მთავარი - რატომ დაუშვა "ნაცმოძრაობაში" ვიწრო კლანის გაძლიერება, რისი შედეგიც არჩევნებზეც ვიხილეთ. პარტიამ საზოგადოების მიზიდულობა აბსოლუტურად დაკარგა და ვერც ხელისუფლების მიმართ ნეგატიურად განწყობილი ადამიანების საკუთარ ამომრჩევლად გარდაქმნა მოახერხა. ამაზე პარტიაში ყოფნისას ხშირად მიკამათია, თუმცა, გაცნობიერება არავის სურდა.

- თუ იმ გუნდის გაძლიერების წინააღმდეგი იყავით, ვისაც დღეს თავად სააკაშვილიც ებრძვის, რატომ გიპირისპირდებათ თქვენ და "გირჩს" და ივანიშვილის პროექტს გიწოდებთ?

- გადამწყვეტ მომენტში ის ყოველთვის უკან იხევდა, არადა, ვუხსნიდი, რომ პროცესები სწორედ იმ სცენარით განვითარდებოდა პარტიაში, რისი მომსწრეც დღეს ვართ. ბოლო შეხვედრაზეც ვცდილობდი დამერწმუნებინა, თუ ზომებს არ მიიღებდა, თავისივე გუნდი პარტიიდან მის გარიყვას შეეცდებოდა, ამას თავადაც გრძნობდა და ბოკერიას გამყიდველს ეძახდა - ასეც მოხდა. დღეს სააკაშვილი "ნაცმოძრაობას" ეხვეწება, გთხოვთ, პარტიაში პოზიციებს ნუ დამაკარგვინებთო, მაგრამ გვიანია. თავიდანვე მისი მოწინააღმდეგეები ბაქრაძე და ბოკერია იყვნენ, თუმცა მაშინ, როცა ყველაფერი შეთანხმებული გვქონდა და რეორგანიზაციაც უნდა გამოგვეცხადებინა, სოლიდარობას მაინც ბოკერია-ბაქრაძეს უცხადებდა... მინდოდა, გამარჯვებამდე ერთად მივსულიყავით, მაგრამ როცა მივხვდი, განახლების სურვილი არავის ჰქონდა და ყველა მხოლოდ გავლენის შენარჩუნებასა და განმტკიცებაზე ფიქრობდა, წამოვედი.

- "ნაცმოძრაობა" ყრილობისთვის ემზადება, სადაც ახალი თავმჯდომარეც უნდა დასახელდეს. მთავარ კანდიდატად დავით ბაქრაძე სახელდება. თუ ყრილობამ სააკაშვილი თავმჯდომარის პოსტიდან გადაირჩია, სად რჩება მისი ადგილი?

- თუ მოვლენები ამ სცენარით განვითარდება, პარტიის საზოგადოებრივ მხარდაჭერაზე ლაპარაკი საბოლოოდ დასრულდება. შესაძლოა, ერთიანობის შენარჩუნება ფასადურად მაინც მოახერხონ, თუმცა "ნაციონალური მოძრაობა" მაინც ურთიერთდაპირისპირებული ძალა იქნება. რაც შეეხება ბაქრაძეს, მისი თავმჯდომარედ არჩევა კატასტროფული მოვლენა იქნება. როდესაც წარსულის შეცდომებზე ლაპარაკობენ, ბაქრაძემ გაგვცეს პასუხი: თუ ვინმეს უნდა შეეკავებინა სააკაშვილის აღმასრულებელი ხელისუფლების მძლავრი ძალაუფლება, პარლამენტი გახლდათ, რა გააკეთა პარლამენტის მაშინდელმა თავმჯდომარემ მათ წინააღმდეგ ან მცირედით გასანეიტრალებლად? დღეს სააკაშვილი ხედავს, რომ ჩემი პოზიცია სწორი იყო, თუმცა მისი აზრები უკვე ნაკლებად მნიშვნელოვანია. მას ყრილობაზე რეგიონების იმედი აქვს. ვფიქრობ, პარტიული კლანი ამ ფლანგზეც დაამარცხებს...

- არაერთხელ ითქვა, რომ პარტიის მთავარი ფინანსური წყარო სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან. სააკაშვილის გარიყვით დამფინანსებლის გარეშე ხომ არ დარჩებიან?

- დარწმუნებული ვარ, კეზერაშვილისა და ბოკერიას პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა... ასეთი ბიზნესმენები მხარს ყოველთვის ისეთ ლიდერებს უჭერენ, რომლებიც გავლენის ქვეშ ადვილად ექცევიან, სააკაშვილი კი მარტივად სამართავი არასდროს ყოფილა და არც მომავალში იქნება.

- გამოდის, ყრილობის შემდეგ სააკაშვილის პარტიიდან ოფიციალურად გარიყვის შემთხვევაში ის სრულიად მარტო რჩება?

- "ნაცმოძრაობაში" დღესაც ჰყავს მხარდამჭერები, თუმცა ვერ ბედავენ საჯაროდ გახმოვანებას. ამასთან, სააკაშვილის ფლანგი საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გავლენის მოხდენის ბერკეტი აღარ გააჩნიათ. ამით არის განპირობებული მათი სიჩუმე. სააკაშვილი მარტო არ დარჩება, თუმცა ისიც მეეჭვება, მხარდამჭერების შენარჩუნება მოახერხოს.

- ამასობაში სააკაშვილმა, ფაქტობრივად, დაადასტურა, რომ პოროშენკო მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევას აპირებს. საქართველოში ექსტრადირების საკითხი დადგება?

- ევროპის კონვენციის ხელმომწერ უკრაინას არა აქვს უფლება, მას მოქალაქეობა ჩამოართვას, თუმცა სურვილის შემთხვევაში კონკრეტული მექანიზმების გამონახვა შესაძლებელია. ვფიქრობ, სააკაშვილის ექსტრადირება გართულდება, თუმცა უკრაინაშიც არასტაბილური ვითარებაა, ამიტომ არავინ იცის, როგორ იქნება მისი პოლიტიკური მომავალი უკრაინაში.

რუსსუდან შელია