"სულმოკლე ადამიანების დიდ სკამზე დაჯდომას ათასი უბედურება მოსდევს" - კვირის პალიტრა

"სულმოკლე ადამიანების დიდ სკამზე დაჯდომას ათასი უბედურება მოსდევს"

"ხელისუფლებაში შიშია გამეფებული"

"გადაცემასაც გავაკეთებ. იქნება ახალი სიმღერები და ლექსებიც"

"გაკოტრებულია ქართული სახელმწიფოებრიობა და ქართული სახელმწიფო ინსტიტუტები,  გასხვისებულია საქართველოს სიმდიდრეები, დაქცეულია ქართული ეკონომიკა, საშუალო და მცირე ბიზნესის უმრავლესობა და დიდი ბიზნესი ტერორშია; გაკოტრებულია ქართული თუ არაქართული ოჯახების უმრავლესობა; ზღვარი გადის სიგიჟესა და ნორმალურობას შორის; გაშმაგებით ებრძვიან ქართულ ფასეულობებს, კონკრეტულად კი ეკლესიას, ხოლო სახელმწიფო მედია ქცეულია სიცრუის, ცილისწამებისა და ადამიანთა მასობრივი განადგურების იარაღად.

ქვეყანამ გეოპოლიტიკური ფუნქცია დაკარგა; გათითოკაცებული და დაპირისპირებულია ხალხი და უსამართლობა ზეიმობს, ოპოზიციურმა პოლიტიკურმა სპექტრმა ვერ შეაფასა ის, რომ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ჰყავს მტერი - სააკაშვილის, მერაბიშვილის, უგულავასა და სხვათა შექმნილი რეჟიმი", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ, რომელმაც მერის არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებაზე უარი თქვა, მაგრამ ბრძოლას აპირებს, ისევე როგორც მისი ძმა გია გაჩეჩილაძე ("უცნობი").

გულზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ "უცნობმა" პირველი ინტერვიუ "კვირის პალიტრას" მისცა. უპირველესად  მისი ჯანმრთელობით დავინტერესდით:

- ოპერაციის შემდგომ სარეაბილიტაციო პერიოდი გავიარე და  უკვე კარგად ვარ. მინდა ყველა დავამშვიდო, - ჯანმრთელად ვარ და ძველებური, ჩვეული შემართებით გავაგრძელებ ბრძოლას.

გული მანამდე არ მაწუხებდა, იმ დღეს, როცა მოდელირებული "ქრონიკა" ეთერში გავიდა ბევრი გახდა ცუდად. მე საგურამოში ვიყავი. უცებ გამოცვივდნენ ოთახიდან ატირებული ქალები და შოკის მომგვრელი რამ მითხრეს. არ მინდა ვინმეს რამე დავაბრალო, მაგრამ მარტო მე ხომ არ მომსვლია ეს ამბავი, საქართველოში შექმნილ ვითარებას ძალიან განვიცდი.

- მაყურებელს მოულოდნელად დაემშვიდობეთ. ვინც ისევ ელის ეკრანზე თქვენს გამოჩენას, რას ეტყვით?

- ყველაფერს უცბად, ექსპრომტად ვაკეთებ. თუმც თქვენს მკითხველს ვეტყვი, რომ ბრძოლას გავაგრძელებ ძალიან საინტერესო ამბებით და არა პროექტებით. რა ამბები  იქნება და როგორ მივაწვდი საზოგადოებას, ამას არ დავაკონკრეტებ.

გადაცემასაც გავაკეთებ. იქნება ახალი სიმღერები და ლექსებიც. სიახლეებს შევთავაზებ მაყურებელსაც და რადიომსმენელსაც. ჩემს შემოქმედებაში იმ სატკივარზეა ლაპარაკი, რომელიც ბოლო წლებია გვაწუხებს.

სანამ ჩვენს სამშობლოში შიდა მტერია გამეფებული, ბრძოლას არ შევწყვეტ. "კავკასიური ცარცის წრე" ჩვენს ქვეყანაში გათამაშდა. ორი  იმპერია ცდილობს საქართველოს გაგლეჯას. ამიტომაც ყველა ღირსეული ქართველის ამოცანაა, ამ ბეწვის ხიდზე გასავლელად ოქროს შუალედი მოვძებნოთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში არ გავხდებით რუსულის აშკარა და ამერიკული შეფუთული აგრესიის მსხვერპლნი.

უნდა ვეცადოთ, შთამომავლობას ისეთი ქვეყანა დავუტოვოთ, რომელზეც ჩვენს წინაპრებს უოცნებიათ და ჩვენც ვოცნებობთ. შეგვიძლია და უნდა მოვიპოვოთ უფლება, რომ ჩვენს სამშობლოში თავად ვწყვეტდეთ ყველაფერს. თუ ხალხი მოწოდების სიმაღლეზე იქნება და თავის ქვეყანას არ დათმობს, ყველაფერს შევძლებთ. თუ ბრძოლა შევწყვიტეთ, სამზარეულოში ჩავიკეტეთ და მხოლოდ ესა თუ ის პოლიტიკური მოვლენა გავჭორეთ, ცხადია, აღარავინ არაფერს შეგვეკითხება.

- არის კი საზოგადოება მოწოდების სიმაღლეზე?

- გეტყვით, რაც მწყინს: როდესაც ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის იბრძვი, არ უნდა აყვედრიდე ვინმეს, მიტინგზე მოვედი, შენი გულისთვის ქუჩაში ვიდექიო.  მიტინგზე არავინ  არავის გულისთვის არ უნდა მიდიოდეს. ვინმეს ჰგონია, საკანში ჯდომა ან მიტინგზე სიარული მეხალისება? ჩემთვის ეს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაა, რომელსაც ბოლომდე მივიყვან, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს.

ხალხისა და პოლიტიკოსების ბრძოლას სხვადასხვა მოტივი აქვს. ხალხი უანგაროა, ცდილობს, სამშობლო გამოჰგლიჯოს მტრადქცეულ ხელისუფლებას, პოლიტიკოსები კი საკრებულოში ადგილებისთვის ან პოლიტიკაში ტივტივისთვის იბრძვიან. შეცდომა სწორედ ისაა, რომ ერთსულოვანი არა ვართ.

საერთო მტერთან საბრძოლველად ერთად უნდა დავდგეთ. შეხედეთ ნაციონალებს. შიგნით ერთი ამბავი აქვთ და როდესაც საერთო მტერი - ხალხი შეუტევთ, ერთიანდებიან. ერთიანდებიან, როდესაც გარედან გრძნობენ საფრთხეს.

არ მინდა ვინმე გავაქილიკო, მაგრამ ფაქტია, ზოგიერთ პოლიტიკოსს სულ სხვა ინტერესი აღმოაჩნდა, ვიდრე იმ ხალხს, რომელიც სამი წლის განმავლობაში იბრძოდა. როდესაც ყველას თავისი ინტერესი ამოძრავებს, ბოდიში და, თავისი ვირის მიბმა უნდა, ვირს კი მიაბამენ, მაგრამ საერთო საქმე არ გამოუვათ.

ამ ქვეყანაში სამართლიანი არჩევნების იმედი არა მაქვს, მაგრამ არ უნდა დავუკარგოთ და გავუფლანგოთ ხალხს სისხლისა და ოფლის ფასად მოპოვებული მერის არჩევნები. ჯერ არ გადამწურვია იმედი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ამიტომაც ბრძოლა არ უნდა შევწყვიტოთ.

- თქვენმა ძმამ, ლევან გაჩეჩილაძემ უარი თქვა მერის არჩევნებში მონაწილეობაზე, მაგრამ მანამდე ითქვა, რომ მისი კანდიდატურის დასახელებას ირაკლი ოქრუაშვილი აპირებდა, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკება საფრანგეთში გაიმართა.

- ეს საკითხი არც იდეაში ყოფილა და არც ოდესმე განხილულა. ტელევიზიები ცდილობენ ასეთი აბსურდული ვერსიებით გამოუტენონ თავი ხალხს.

ლევანი გუნდური წესებით მოთამაშე კაცია. იცის, რომ ერთიანობის გარეშე გამარჯვება შეუძლებელია და ამიტომაც არ წამოაყენა თავისი კანდიდატურა. არც სხვას შეუშლის ხელს, რომ წავიდეს არჩევნებზე  და ცხვირი დაარტყას.

- ანუ ოპოზიცია 30 მაისს "ცხვირს დაარტყამს"?

- უსათუოდ. ეს განწირული სვლაა.

- და ამას ვერ აცნობიერებენ?

- არიან პოლიტიკოსები, რომელთაც ხელისუფლებაში მოსვლა კი არა, პოლიტიკური ტივტივი უნდათ და არჩევნები ამის საშუალებას აძლევთ. როდესაც პოლიტიკოსს არ უნდა, ხელისუფლებაში მოვიდეს და პოლიტიკოსობა სამსახურად აქვს, რათა "პაპკითა" და "ზაპონკებით" იაროს, ცხადია, ვერასოდეს მოვა ხელისუფლებაში. საქართველოში თეთრი ხელთათმანებით ხელისუფლებას ვერ შეცვლი.

- ანუ ისევ იმ ყბადაღებულ ჭექა-ქუხილზე მიანიშნებთ?

- რა არის ცუდი ჭექა-ქუხილში? როდესაც გადაუღებლად წვიმს, მას ბუნებრივად სდევს ჭექა-ქუხილი. მეტყვის ვინმე, რომ საქართველოში წვიმამ გადაიღო? თუ ჭექა-ქუხილში ხელისუფლების ძალადობრივად შეცვლის სურვილს ხედავენ, ცდებიან. ხელისუფლების ძალისმიერად შეცვლა რომ მნდომოდა, სამი წლის განმავლობაში შევეცდებოდი.

90-იან წლებშიც კი, როდესაც ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ძარღვებში სისხლი მიჩქეფდა,  ხელი არ მოვკიდე იარაღს და საქართველოს გავეცალე. ბოლო დროსაც არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ ძალადობრივად და იარაღით არაფრის გაკეთებას ვაპირებდით, მაგრამ ჩვენ ხომ დაუნახავი ხელისუფალი გვყავს. ნაცვლად იმისა, ოპოზიციის სახელმწიფოებრივი აზროვნება აღიაროს, აცხადებს, ოპოზიცია გაფარჩაკდაო.

ჩვენ ყველა გზა გავიარეთ: არჩევნების, სამების, აქციებისა და შიმშილობის გზაც. შემდგომში რა გზას დავადგებით, ამას ხალხი გადაწყვეტს. ხალხის არჩეულ გზას უნდა გავყვეთ და არა იმას, რომელზე სიარულსაც ვიღაც პოლიტიკოსი გადაწყვეტს. ხალხი ისეთ მდგომარეობაშია, თუ მის გულისთქმას არ მივყევით, ჩვენც გადაგვთელავს, არც ხელისუფლებას დაინდობს და არც ოპოზიციას.

არ ვიცი, რას ფიქრობს სააკაშვილი, რომელსაც აბსოლუტურად არ ესმის ხალხის მდგომარეობა და ყოველ დილით ერთი აზრით იღვიძებს, ეს დღე გადავაგოროო. ამ კაცს სულაც არ აღელვებს მისი მმართველობის მერე ამ ქვეყანაში ქვა ქვაზე თუ დარჩება. 2004 წელს ამხელა სიყვარულითა და მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოსულ კაცს როგორ შეიძლებოდა ასეთ დღეში ჩაეგდო ქვეყანა და ხალხი.

უბედურება ისაა, რომ საქართველოსა და საკუთარ თავს აიგივებს. ვერ ხვდება, რომ უფლის უდიდესი საჩუქარი და წყალობაა, საქართველოში რომ დაიბადა. როდესაც დიდ სავარძელზე დიდი ადამიანები სხდებიან, თავში არ უვარდებათ, პატარა კაცების, სულმოკლე ადამიანების დიდ სკამზე დაჯდომას კი ათასი უბედურება მოსდევს.

გახსოვთ, მეფე რიჩარდის სიტყვები: გარეშე მტრების არ მეშინია, შინაურებს უნდა მოვუღო ბოლოო, აი, ეს არის ხელისუფლის მთავარი ამოცანა, რათა სკამი შეინარჩუნოს. დარწმუნებული ვარ, გულის სიღრმეში იმ ხალხის გაჟლეტა სურს, ვინც ბოლო 3 წელია მას ებრძვის. ხელისუფლებაში შიშია გამეფებული.

მე მაინც იმედიანად ვარ, რადგან საქართველო სასწაულების ქვეყანაა და არასოდეს განვითარებულა ლოგიკურად. ქართველებიც ნიჭიერი, იმპულსური ხალხი ვართ.

მჯერა, სასწაულების ქვეყანაში მცხოვრებ ამ ნიჭიერ ხალხს უფალი კიდევ მოუვლენს სასწაულს და გამოვალთ ამ გაუსაძლისი ყოფიდან.

ერთხელ პატრიარქთან მივედი და დავიჩივლე, კარგის გაკეთება მინდა და ყველაფერი ცუდად მიბრუნდება, ხან ჭორის, ხანაც სატელევიზიო ბრალდებების სახით-მეთქი. მომისმინა და ეგ არის ცხონებაო. ამ ერთი სიტყვით გამაბედნიერა. ყველაფერი კარგად იქნება. უარეს დღეშიც ვყოფილვართ და გაგვიძლია, კიდევ გავუძლებთ.