"ჩნდება ეჭვი, რომ ავიაკატასტროფა ხელოვნურად გამოიწვიეს" - კვირის პალიტრა

"ჩნდება ეჭვი, რომ ავიაკატასტროფა ხელოვნურად გამოიწვიეს"

ცივილიზებული მსოფლიო შეაძრწუნა პოლონეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ. ალბათ, ბევრი ფიქრობს, რამ იხსნა სასწაულებრივად პრეზიდენტის ტყუპისცალის, იაროსლავ კაჩინსკის სიცოცხლე, რა თქვა უკანასკნელად ლეხ კაჩინსკიმ, რა დრამატული ვითარება იყო უკანასკნელ წამებში, როდესაც თვითმფრინავის თითოეულ მგზავრს გააზრებული ჰქონდა გარდაუვალი სიკვდილი...

მაგრამ მთავარი ის არის, რუსეთის ტერიტორიაზე დატრიალებული ტრაგედია უბედური შემთხვევა იყო თუ ხელოვნურად გამოწვეული ავიაკატასტროფა.

ამ პოლიტიკური მნიშვნელობის ავიაკატასტროფაზე სპეციალისტებს ვესაუბრეთ და დაუჯერებელი და სკანდალური ვერსიებიც მოვისმინეთ.

მამუკა არეშიძე: - სამწუხაროდ, ამ მოვლენებს შორის არსებობს ლოგიკა. ფაქტობრივად, ფერადი რევოლუციების  ორი ლიდერი პრეზიდენტი აღარ არის, უკრაინაში - იუშჩენკო, ყირგიზეთში - ბაკიევი, დაიღუპა აღმოსავლეთ ევროპის გავლენიანი ფიგურაც, კაჩინსკი...

ამ ავიაკატასტროფაში საეჭვო ბევრი რამ არის. უპირველესად ის, რომ განადგურდა პოლონეთის მთელი პოლიტიკური ელიტა,  რომელიც კაჩინსკის გუნდი და რუსეთის მოწინააღმდეგე იყო. ნონსენსია ისიც, რომ ეს თვითმფრინავი რუსეთის ტერიტორიაზევე აფეთქდა. ვინაიდან ყველა ერთი თვითმფრინავით მგზავრობდა, ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, ხომ არ იყო კატინის ღონისძიება სატყუარა კაჩინსკისთვის.

არ არის გამორიცხული, რაღაც საგანგებოდ გაკეთდა, რომ კაჩინსკის გუნდი ერთად მოხვედრილიყო თვითმფრინავში. აღსანიშნავია ისიც, რომ პრეზიდენტის ტყუპისცალი ძმა, იაროსლავი ბორტზე იდგა და იმ ავადსახსენებელი თვითმფრინავით გაფრენას აპირებდა, როცა დაურეკეს და უთხრეს, დედათქვენის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და იქნებ დაბრუნდეთო.

ისიც იძულებული გახდა, დარჩენილიყო და შეიძლება ითქვას, სასწაულებრივად გადარჩა. მოგეხსენებათ, იაროსლავ კაჩინსკის ცოლ-შვილი არა ჰყავს,  იგი დედასთან ცხოვრობს. ასე რომ, თუ რუსული სპეცსამსახურის მოწყობილი იყო ავიაკატასტროფა, გამოდის, მიზანი მაინც მიუღწეველია.

ამ ტრაგედიით იაროსლავ კაჩინსკის რეიტინგი ძალიან გაიზარდა და მას გაპრეზიდენტების შანსიც მიეცა, რაც არასდროს ჰქონია. ძმები კაჩინსკები ერთმანეთისგან თითქმის არაფრით განსხვავდებიან, არც ხასიათით, არც ინტელექტით, პოლიტიკური შესაძლებლობებითა თუ შეხედულებებით. სხვათა შორის, ბავშვობიდანვე პოპულარული იყვნენ, ცნობილ პოლონურ ფილმში "ვერცხლისფერი მთვარის მოტაცება" მონაწილეობდნენ.

კაჩინსკები პოლიტიკურ არენაზე ლიდერმა ლეხ ვალენსამ გამოიყვანა. ვალენსა მაშინ კომუნისტურ ხელისუფლებას ებრძოდა და 90-იან წლებში თავად მოვიდა პოლონეთის  ხელისუფლების სათავეში. ძმებსა და ვალენსას ურთიერთობაში ბზარი მაშინ გაჩნდა, როცა კაჩინსკებმა ძველი ფუნქციონერების თანამდებობებზე დანიშვნა გააპროტესტეს.

ლეხ ვალენსას არგუმენტი ასეთი იყო, ჩვენ სხვადასხვა დარგის  სპეციალისტები იმ რაოდენობით არა გვყავს, რომ ძველ ფუნქციონერებს გვერდი ავუაროთო... შემდეგ კაჩინსკებმა ჩამოაყალიბეს ცალკე პარტია და ხელისუფლებაში მოვიდნენ.

კაჩინსკი გაპრეზიდენტებამდე ირწმუნებოდა, რომ მის ძმას, იაროსლავს, თანამდებობაზე არ დანიშნავდა, მაგრამ საწინააღმდეგო მოხდა. იაროსლავი პრემიერ-მინისტრი გახდა, მაშინ როცა მისი ძმა პრეზიდენტი იყო. ამან ძალიან  შეარყია კაჩინსკების ავტორიტეტი. შედეგად, მათმა პარტიამ საპარლამენტო არჩევნებში მარცხი განიცადა და იაროსლავიც თანამდებობას გამოემშვიდობა  (პოლონეთის პარლამენტს უნდა აერჩია პრემიერ-მინისტრი). ახლა, როგორც უკვე მოგახსენეთ, იაროსლავს პოლიტიკური მომავალი კვლავ გაეხსნა.

- ისევ ავიაკატასტროფას დავუბრუნდეთ, რომლის გამომწვევ მიზეზებზეც ათასგვარი ვერსია მოვისმინეთ. რომელი მათგანი გესახებათ რეალურად?

- ამ ტრაგედიის შემდეგ სმოლენსკის აეროდრომის პერსონალთან ვცადე დაკავშირება და ერთ ჩემს იქაურ ნაცნობს, ყოფილ პილოტს  ვესაუბრე. მან ბევრი საინტერესო დეტალი მითხრა, ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ თვითმფრინავს ჩამოწოლილი ნისლი დაჯდომის საშუალებას არ აძლევდა, ხოლო, როდესაც  კატასტროფა მოხდა, ნისლი მყისიერად გაიფანტა.  დამთხვევაა ეს თუ სხვა რამ, არავინ  იცის.

მანვე განმიმარტა, რომ დისპეტჩერისა და მფრინავის  საუბრისას, "რეკომენდაციები" არ გაიცემა, არსებობს შემდეგი  მოთხოვნა: "დაჯექი!" ან "არ დაჯდე!", რუსული პრესა კი მუდმივად ერთსა და იმავეს იმეორებს, მფრინავს  დაჯდომას არ ურჩევდნენო... ასევე გასარკვევია,  დისპეტჩერმა დროულად და სწორად მიაწოდა თუ არა მფრინავს დასაჯდომ ადგილამდე დისტანციის შესახებ ინფორმაცია.

თუკი 700 მეტრი იყო დარჩენილი მიწამდე და 500 უთხრეს, ე.ი. მიზანმიმართულად შეუმცირეს დისტანცია, რაც კატასტროფის მიზეზიც შეიძლებოდა გამხდარიყო. მართალია, შავ ყუთს უკვე შიფრავენ და იქ ისმის, რომ 500-მეტრიან დისტანციაზეა ლაპარაკი, მაგრამ უცნობია, დროის რა მონაკვეთში უთხრეს ეს მფრინავს.

ასე რომ, ვერსია ბევრია და კიდევ ბევრი დეტალია დასაზუსტებელი. უამისოდ გაურკვეველია, რატომ მიიღო ორი-სამი უშედეგო მცდელობის მერე მფრინავმა ფატალური დაჯდომის გადაწყვეტილება.  ძნელი წარმოსადგენია, დილეტანტისთვის მიენდოთ ქვეყნის პოლიტიკური ხელმძღვანელობის  ბედი. აღარ ვიცი, რა ვთქვა...

ნუთუ ხომალდის მეთაურის ცნობიერებაზე ტელეპათიურ ზეგავლენას ახდენდნენ?! ყველა ვერსიას აქვს არსებობის უფლება, მაგრამ ზოგიერთი მათგანი ჩემთვის ძნელად წარმოსადგენია.

სხვათა შორის, პოლონეთის მთავრობის მეთაურის, ტუსკის სინდისზეა, რომ არაერთი თხოვნის მიუხედავად, მან კაჩინსკის თვითმფრინავი არ გამოუცვალა...

თამაზ გაიაშვილი, "აირზენას" ავიახაზების გენერალური დირექტორი: - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ მეთაურის შეცდომამ განაპირობა კატასტროფა. ითქვა, თვითმფრინავმა სამჯერ სცადა დაჯდომა და მეოთხედ უკვე კატასტროფა განიცადაო. ორი უშედეგო ცდის შემდეგ სწორედ ხომალდის მეთაურს უნდა მიეღო ალტერნატიულ აეროპორტში დაჯდომის გადაწყვეტილება.

კატასტროფას, ალბათ, დიდმა ნისლმაც შეუწყო ხელი, მფრინავი დედამიწას კარგად ვერ ხედავდა და იმაზე დაბალ სიმაღლეზე  დაეშვა, რაც ინსტრუქციით ჰქონდა გათვალისწინებული. პირველად მან მარჯვენა ფრთა გამოსდო ხეს, ფრთა მოსწყდა და თვითმფრინავი ამის შემდეგ დავარდა მიწაზე.

ავიადისპეტჩერს შეეძლო მისთვის ამინდზე ინფორმაციის მიწოდება და რეკომენდაციის მიცემა: "მარცხნივ ან მარჯვნივ წამოდი, აქ ან იქ დაჯექი". გასათვალისწინებელია თვითმფრინავის სიჩქარეც და ის, თუ რამდენი კილომეტრი იყო დარჩენილი დასაფრენ ადგილამდე.  შესაძლოა, მფრინავმა ვეღარაფერი მოასწრო. მე მაინც ვფიქრობ, რომ ხომალდის მეთაურის შეცდომამ განაპირობა ავიაკატასტროფა.

მერაბ ასლამაძე, საქაერონავიგაციის დირექტორის მოადგილე, საჰაერო მოძრაობის მართვის  სამსახურის ხელმძღვანელი: - აი-პი - ასე ჰქვია საავიაციო სისტემაში იმ დოკუმენტს, რომელშიც ყველა  აეროდრომის მონაცემებია შეყვანილი და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ავიაკომპანიისთვის. მით უმეტეს, იმ თვითმფრინავის ეკიპაჟისთვის, რომელსაც მთელი პოლონური დელეგაცია სმოლენსკში მიჰყავდა. მას სამხედრო აეროდრომიდან აი-პის მეშვეობით უნდა მიეღო ინფორმაცია იმ ადგილის ჰაერის წნევაზე, სადაც დაჯდომას აპირებდა. ეს ინფორმაცია გამოსახულია იმ სპეციალური ხელსაწყოს "ფანჯარაში", რომელიც თვითმფრინავშია დაყენებული.

იმ მომენტში, როცა პილოტი დედამიწას ვერ ხედავს და ბურუსში მიფრინავს, დისპეტჩერი კი "არაპროფესიონალია" და ამიტომაც დროულად რჩევას ვერ აძლევს, პილოტს შეუძლია დასაფრენ ადგილამდე სიმაღლე სწორედ ამ ხელსაწყოს მეშვეობით გააკონტროლოს. 1 მილიბარი წნევა 11-მეტრიან  განსხვავებას იძლევა სიმაღლეში.

ჩემი ვერსიით, წნევის შესახებ ინფორმაცია არასწორად იქნა მიწოდებული და, სავარაუდოდ, კატასტროფის მიზეზიც ეს გახდა. ეტყობა, თვითმფრინავმა მინიმუმ 60-70 მეტრი სიმაღლიდან დაიწყო დაჯდომა და ათიოდ მეტრი სიმაღლის ხეებს დაეჯახა, ე.ი. ის უფრო დაბლიდან დაეშვა, რაც, როგორც მოგახსენეთ,  ჰაერის წნევის შესახებ არასწორმა ინფორმაციამ განაპირობა.  ჩემი აზრით, ერთი კილომეტრით დაშორებულ  მანძილზე არ შეიძლებოდა იმხელა ჰაერის წნევა გამოყოფილიყო და თანაც ბურუსიან ამინდში, რომელიც კატასტროფას გამოიწვევდა. ე.ი. ჩნდება ეჭვი, რომ ავიაკატასტროფა ხელოვნურად გამოიწვიეს. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე...

ახლა გასარკვევია, საიდან აიღეს წნევის შესახებ ინფორმაცია, მუშაობს თუ არა სმოლენსკის აეროდრომზე ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი, საინტერესოა, იქიდან ეკიპაჟს ვინ უკავშირდებოდა. ალბათ, ამ საკითხებს ყურადღებას პოლონელი სპეციალისტები მიაქცევენ. არ გამოვრიცხავ, რომ სმოლენსკის პატარა სამხედრო აეროდრომზე პროფესიონალი ავიადისპეტჩერი არ ჰყავდათ.

საზოგადოდ ასეთ სამხედრო აეროდრომებზე სამოქალაქო დისპეტჩერი არა ჰყავთ. არადა, აპარატურასთან პროფესიონალი დისპეტჩერი უნდა იჯდეს, ის ვალდებულია, ილაპარაკოს ინგლისურად, როცა საერთაშორისო რეისი მიმდინარეობს. ასე რომ, საკმაოდ ჩახლართულია ის ვერსია, თითქოს მფრინავმა კაჩინსკის დაჟინებული თხოვნით მაინცდამაინც  სმოლენსკის სამხედრო აეროდრომზე გადაწყვიტა დაშვება და რამდენიმე უშედეგო მცდელობის შემდეგაც არ გაფრინდა ალტერნატიულ აეროპორტში.

დაუჯერებელია ხომალდის მეთაურსა და  ეკიპაჟს ასეთი შეცდომა დაეშვა, მით უმეტეს, რომ მათზე იყო დამოკიდებული ქვეყნის პოლიტიკური ელიტის უსაფრთხოება. ასეთ დროს უსაფრთხოების ნორმები მაღალ დონეზეა დაცული. საავიაციო წესების თანახმად, ეკიპაჟის წევრებს ერთი და იმავე საკვების მიღებაც კი ეკრძალებათ, რომ საკვები მომწამვლელი არ გამოდგეს და ყველას ჯანმრთელობას ერთდროულად საფრთხე არ შეუქმნას.

ავიაკატასტროფის მიზეზის გამოკვლევას ხანდახან წლები სჭირდება.

რუსეთის პრესამ კი სულ ორ დღეში "გამოიკვლია" ყველაფერი. სამარცხვინოა ეკიპაჟის დადანაშაულება. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა პირველივე შეფასებებითაც ჩანს, რომ რუსული კომისიის მუშაობა ეკიპაჟის დადანაშაულებისკენაა მიმართული.

არ გამოვრიცხავ, მფრინავის შეცდომა ავიატექნიკის გაუმართაობითაც ყოფილიყო გამოწვეული - რომელიმე მნიშვნელოვანი ბერკეტის მწყობრიდან გამოსვლას ვგულისხმობ. ერთ-ერთმა რუმინულმა სააგენტომ კიდეც  გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში  ელექტრომაგნიტური იარაღის გამოცდას ატარებდნენ სწორედ იმ ტერიტორიაზე, სადაც თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა.

რატომ გამოვრიცხავთ, რომ ამგვარი იარაღით შესაძლებელი იყო ზეგავლენის მოხდენა ძრავაზე ან სხვა მოწყობილობაზე? მით უმეტეს, რომ სწორედ ის ტუ-154, რომლითაც პრეზიდენტი და მისი დელეგაცია მგზავრობდნენ, დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინ სწორედ რუსეთის ქარხანაში გაარემონტეს.

სავსებით შესაძლებელი იყო მასში მაღალტექნოლოგიური ჩიპის ჩამონტაჟება, რომლის მეშვეობითაც სასურველ დროს ხომალდის მწყობრიდან გამოყვანა შეიძლება. ახლა ასეთ ტექნიკურ საკითხებზე დაბეჯითებით ლაპარაკი ძნელია, მაგრამ საეჭვოც იმდენი რამ არის, რომ ავიაკატასტროფის ვერსიების განხილვა წლობით გაგრძელდება. ავიაკატასტროფების ისტორიაში ასეთი მასშტაბის  ტრაგედიას ვერ ვიხსენებ, როცა "შემთხვევითობას" ან თუნდაც საბედისწერო შეცდომას მთელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ემსხვერპლა.

ტუ-154 საკმაოდ ძლიერი, თუმცა მოძველებული მოდელის თვითმფრინავია. ის რამდენიმე ქვეყანაში ფრენიდან მხოლოდ იმის გამო მოხსნეს, რომ ხმაურიანი იყო.

სხვათა შორის, ერთ დროს ავიაკატასტროფების თავიდან აცილების კურსებზე მიმავლინეს რუსეთში, სადაც სხვა საკითხთან ერთად ვეცნობოდი, ვის რა უფლებამოსილება ჰქონდა ასეთი ფატალური შემთხვევების დროს. როცა საერთაშორისო რეისში  თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის, პირველ რიგში საგარეო საქმეთა სამინისტრო უკავშირდება დაზარალებული ქვეყნის ოფიციალურ სტრუქტურებს. პოლონეთის სახელმწიფო კი, მგონი, აღარც ფუნქციონირებდა იმ მომენტში.

არავის ჰქონდა უფლება, დაეწყო გამოკვლევა მანამდე, სანამ დაზარალებული ქვეყნის წარმომადგენლები არ ჩაერთვებოდნენ კომისიაში. რუსმა ძალოვნებმა ისე დაიწყეს მოკვლევა, არ დაელოდნენ პოლონელ ან სხვა საერთაშორისო დონის სპეციალისტებს, შემოფარგლეს ტერიტორია, აიღეს ფრაგმენტები, რისი უფლებაც მათ საავიაციო სისტემაშივე მიღებული წესებით არ ჰქონდათ.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ეჭვის საფუძველს იძლევა. არსებობს  სპეციალური ლაბორატორიები, სადაც შავი ყუთი იშიფრება. სხვათა შორის, შავი ყუთის მონაცემების გაყალბებაც (ლითონის მავთულის მეშვეობით ტექსტის გაშიფვრა), პარამეტრების გადაკეთება, შეჭრა, დამონტაჟება შესაძლებელია.

ჯერჯერობით ავიაკატასტროფის მიზეზებზე ინფორმაცია მხოლოდ რუსული ტექნიკური კომისიის მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება. იმედია, დადგება დრო, როცა გავიგებთ, რა იყო ამ უმძიმესი და პოლიტიკური მნიშვნელობის ავიაკატასტროფის მიზეზი.