"თუ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში სჭირდებათ, მაშინ მას სერიოზული ბრძოლის საშუალება მიეცემა" - კვირის პალიტრა

"თუ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციაში მიიჩნევენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში სჭირდებათ, მაშინ მას სერიოზული ბრძოლის საშუალება მიეცემა"

მოგეხსენებათ, საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა და ოპოზიციაში გადაბარგდა, სადაც ახალ პოლიტიკურ პლატფორმას აყალიბებს და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს... როგორია  მისი პერსპექტივა უკრაინაში და რა როლი შეიძლება ითამაშოს ქართულ პოლიტიკაში მაშინ, როდესაც "ნაციონალურ მოძრაობაში" მას აშკარად აღარ სწყალობენ?

მამუკა არეშიძე:

- სააკაშვილმა შეგვაჩვია, რომ მას უსაზღვრო ენერგია აქვს, რომელსაც ხშირად საკუთარი თავისა და ქვეყნისთვის ხარჯავდა. ჩემი აზრით, სწორედ ამ უსაზღვრო ენერგიის ხარჯზე მოახერხებს ბრძოლას ერთდროულად ორ ქვეყანაში. უკვე კარგადაა ცნობილი ის, რაც "ნაციონალურ მოძრაობაში" ხდება, თუმცა, დარწმუნებული ვარ, სააკაშვილი შეძლებს ამ პროცესების დალაგებას. ჯერჯერობით კი სამ ფრონტზე იბრძოლებს: უკრაინაში, საქართველოსა და თავის პარტიაში.

- როგორც განაცხადა,"ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთ წარმომადგენელთან არ სურს რაიმე ურთიერთობა ჰქონდეს, ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, მან ახალი პარტია საქართველოშიც დააარსოს..

- ბოკერიას გულისხმობდა, თუმცა მეეჭვება, ახალი პარტია შექმნას. "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის პროდუქტია და ის აუცილებლად დარჩება სააკაშვილს, თუმცა არ არის გამორიცხული, ის ჯგუფი, რომელიც დღეს აქტიურია, წავიდეს პარტიიდან, მაგრამ ამას უახლოეს მომავალში არ ველი.

საქმე ის არის, რომ ამ ადამიანებმა კარგად იციან - როგორც კი სააკაშვილი გამოაკლდება მათ რიგებს, ისინი ელექტორატის გადამწყვეტ მხარდაჭერას დაკარგავენ.

რაც შეეხება სააკაშვილის უკრაინულ პერსპექტივას, რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერ ძნელია. ჩვენ არ ვიცით, რა კონტინგენტის შემოკრებას მოახერხებს და რა ხალხი დაუდგება გვერდით. ახალგაზრდობის დიდი ნაწილი რომ უჭერს მხარს, ცხადია, მაგრამ უკრაინა სხვა ტიპის ქვეყანაა, სადაც ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ ქვეყნის სათავეში აუცილებლად უნდა იყვნენ გავლენიანი და ფულიანი ადამიანები, რომელთა დიდი უმრავლესობა დღეს სააკაშვილის გვერდით არ დადგება, მაგრამ ხვალ რა იქნება, არ ვიცი... თუმცა ამ ყველაფერში უმთავრესი ისაა, რამდენად საჭიროდ მიიჩნევს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია სააკაშვილის ფაქტორის გამოყენებას უკრაინაში. თუ მიიჩნევენ, რომ ეს მნიშვნელოვანია და სააკაშვილი უკრაინაში უნდა იყოს, მაშინ მას ექნება სერიოზული პოლიტიკური ბრძოლის საშუალება. (იხილეთ სრულად)