"ბორისოვისა და ლომაიას შეხვედრა რესტორანში შედგა" - კვირის პალიტრა

"ბორისოვისა და ლომაიას შეხვედრა რესტორანში შედგა"

"უბედურება ისაა, რომ ქართველებს ერთიანობა არ შეგვიძლია. შეხედეთ, რა ხდება ოპოზიციაში!"

"ბორისოვის მონაყოლზე მაკკეინის ზღაპარი ააგო სააკაშვილმა"

თავდაცვის ექსმინისტრ გია ყარყარაშვილს საქართველოს უახლესი ისტორიის ყველაზე ქარცეცხლიანი ეპიზოდების ეპიცენტრში მოუწია ყოფნამ. ხშირად ყოფილა ქართველთა დაპირისპირების მომსწრე, უწევდა ერთ ან მეორე  მხარეს ყოფნა და... დაასკვნა, რომ  წარსულის მწარე გამოცდილებამ  ჭკუა კიდევ  ვერ გვასწავლა. ერთმანეთს ვადანაშაულებთ. ჯერ კიდევ ვერ მივმხვდარვართ, რომ ძმათა ომში გამარჯვებული არ არსებობს:

KvirisPalitra.Ge- ქართველებმა საქართველო ვერ გაიყვეს. ჯერ პოლიტიკურად ურქენდნენ ერთმანეთს, ზოგი იქით იდგა, ზოგი - აქეთ. ამასაც არ დავჯერდით და 1626 წლის ბაზალეთის ტრაგედია 1991 წლის 22 დეკემბერს გავაცოცხლეთ. ეს ის ომი იყო, ვინც გაიმარჯვებდა, მასთან ერთად ყველა რომ დავმარცხდებოდით.

ორივე მართალმა მხარემ საკუთარი თავი დაამარცხა 1992 წლის 6 იანვარსაც და მერეც. ერთგულება სინდისის მტრად გადაიქცა, სინდისი კი - ერთგულებისა. ჯერ დაიწყო დაპირისპირება სიტყვასა და სიტყვას შორის, ერთგულებასა და ერთგულებას შორის, ფიცსა და ფიცს შორის. იმის გამო, ვის ვინ უყვარს.

ერთ ან მეორე მხარეს ზოგი ერთგულების გამო დგებოდა, ზოგიც - სინდისის კარნახით. ზოგიერთებს, ალბათ, პოლიტიკური მიზნებიც ამოძრავებდათ, მაგრამ ვისაც იარაღი ჰქონდა, ის სინდისის ან ერთგულების გამო იბრძოდა. როდესაც რწმენა და სიცოცხლე ერთმანეთს შეერკინება, ამ შერკინების ჟამს ორივე იღუპება.

ქართველები ერთმანეთს სამშობლოს სიყვარულში ეჯიბრებოდნენ, იმაშიც, როგორ გამოხატავდნენ ვინმეს სიყვარულს თუ მოწონებას. ეჯიბრებოდნენ მათ მხილებაში,  ვინც  ვნებდა ქვეყანას. ეს კი ხდებოდა ისეთ დროს, როდესაც დრო და გარე ფაქტორები მტრობდა ჩვენს  ქვეყანას.

1990 წლის 12 დეკემბერს (მაშინ საბჭოთა არმიიდან წამოსული ოფიცერი ვიყავი, არანაირი თანამდებობა არ მქონდა) მთხოვეს, გავყოლოდი ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსს, რომელსაც ვიღაც უნდა ენახა ცხინვალში. ოთხნი ვისხედით მანქანაში. ცხინვალის ცენტრში მოულოდნელად მანქანა ალყაში მოაქციეს.  ზვიად გამსახურდიას დაცვის უფროსი და კიდევ ერთი პირი პირველივე სროლისას დაიღუპნენ, ორი დაგვჭრეს.

სანამ შეგვეძლო, ჩვენც ვესროდით, მაგრამ ბოლოს დაგვატყვევეს. მერე კიტოვანის დავალებით ცხინვალის საავადმყოფოდან მომიტაცეს ჩემს თანამებრძოლთან ერთად. ასე აღმოვჩნდი კიტოვანთან, რომელსაც მანამდე არ ვიცნობდი და ასე გამიჩნდა პატივისცემა და სიყვარული ამ ადამიანისადმი. გავიცანი მისი გარემოცვა. დავმეგობრდით და მის ერთგულ კაცად ვიქეცი.

მამაცობად ჩამითვალეს,  წინააღმდეგობას დაჭრილი რომ ვუწევდი სეპარატისტებს. ასე გამივარდა საბჭოთა არმიის კაპიტნის სახელი.  სულ რაღაც 6 თვის წინ საბჭოთა არმის რიგებში, სადმე პოლიგონზე და საწვრთნელ სროლებში რამე რომ მომსვლოდა, ერთ თვეში არავის გავახსენდებოდი. აქ კი ამდენი გულშემატკივარი და მეგობარი შევიძინე.

ვფიქრობ, ოსებთან ორივე მხარე თანაბრად ვიყავით მართლებიც და მტყუანებიც.

- რამდენად ეთანხმებით ვერსიას, რომ აფხაზეთში ომის დაწყების მიზეზი რომან გვენცაძის გატაცება და მის გასათავისუფლებლად აფხაზეთში შესვლა გახდა?

- ლოკალური ფაქტი, თუნდაც შს მინისტრის გატაცება (ისევე როგორც თბილისის ომის დროს პირველი გასროლა) ვერ იქნებოდა ომის დაწყების მიზეზი. ომი იწყება მაშინ, როდესაც იარაღის ძალა განიხილება პოლიტიკური მიზნის მიღწევის ერთადერთ საშუალებად, როდესაც მოლაპარაკებასა და კომპრომისზე წინ სამხედრო ძალას აყენებენ, კონკრეტული ფაქტები კი მხოლოდ საბაბია კონფლიქტის დასაწყებად.

ჩვენ შეცდომებს ვუშვებდით და არც სოხუმი აკლებდა ხელს ომის გაჩაღებას. სოხუმი კონფედერაციის დედაქალაქად გამოცხადდა. იქ ჩეჩენთა შეიარაღებული რაზმები ჩაიყვანეს, მოითხოვეს ერთიანი ქართული საბანკო სისტემიდან გასვლა, შემოიღეს დროშა და ჰიმნი. სწორედ ეს იყო ომის გამომწვევი მიზეზი.

- ქართველი საზოგადოება ერთიანი რომ ყოფილიყო და არა ამისტებად და იმისტებად დაყოფილი, მაინც დაიკარგებოდა სოხუმი და ცხინვალი?

- უბედურება ისაა, რომ ქართველებს ერთიანობა არ შეგვიძლია. შეხედეთ, რა ხდება ოპოზიციაში! შარშან 100 ათასი ქართველი მზად იყო ცვლილებებისათვის, სტადიონზე 80 ათასი კაცი შეიკრიბა, თითქოს ოპოზიციაც ერთსულოვანი იყო, მაგრამ ახლა, არჩევნების წინ, როდესაც პოლიტიკური ნადავლის მოპოვების დრო დადგა, შეხედეთ, როგორი დაპირისპირებაა, როგორ დაყვეს ხელისუფლების შეცვლის მსურველთა ხმები! სად ჩანს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში ხალხი? ახლაც ომი ხომ არ არის? ყველამ ვიცით, რომ თბილისი ჯერ კიდევ შარშან ოპოზიციურად განწყობილი ქალაქი იყო და ხალხს აზრი დღესაც არ შესცვლია, შეიცვალნენ მხოლოდ პოლიტიკური ლიდერები, მათი მიზნები და ხალხთან დამოკიდებულება.

მათი მიზანი ხალხის მსახურება კი არა, სხვა ლიდერებთან გაჯიბრებაა. ვინ არის მართალი, 30 მაისს გამოჩნდება. რომელი ოპოზიციონერი ლიდერიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს, ის  იქნება ნაკლებად მტყუანი, ყველა დანარჩენი - მეტად.

ერთიანობა არ შეგვიძლია და ცალკეულ პირთა თუნდაც ომში გამოჩენილი სიმამაცე საქმეს არ შველის. მამაცობა მხოლოდ შვენის, უხდება ბრძოლას, მაგრამ არ კმარა გამარჯვებისათვის.

- ქართველი საზოგადოების დაპირისპირების მაგალითი თბილისის ომის გარდა სამეგრელოს მოვლენებიც იყო. თქვენ რა მიზნით ჩახვედით მაშინ ზუგდიდში?

- თბილისის ომის შემდეგ არ მომწონდა საკუთარი თავი. ვფიქრობდი, წავსულიყავი, მოვცილებოდი. 6 იანვარს განაწყენებული კომენდანტობიდან გადავდექი. ვფიქრობდი, რომ აღარაფერში ჩავერეოდი, მაგრამ სისხლში ფეხს რომ ჩადგამ, ჭაობივით გითრევს. ჭაობში ჩაფლული კაცი ხავსს რომ ეჭიდება, რაც უფრო მეტს მოძრაობს თავის დასაღწევად, მით ღრმად იზიდავს ჭაობის ფსკერი, რაც უფრო ღრმად შედიხარ ამ ჭაობში, მით მეტად ძნელია მისგან თავის დაღწევა.

ასე ვიქეცი იმ ავი დროის ჩვეულებრივ შვილად, ერთდროულად მამაციც ვიყავი, წესიერიც და უწესოც, თავმდაბალიც და, ალბათ, პატივმოყვარეც. აღარ მინდოდა ქართველთა დაპირისპირებაში რომელიმე მხარეს ყოფნა.  20 დღის განმავლობაში აღარაფერში ჩავრეულვარ, მაგრამ მთხოვეს, დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში რკინიგზაა გადაკეტილი და უნდა გავხსნათო. 1992 წლის იანვრის ბოლოს ზუგდიდში ჩავედი.

5 დღე დავყავი იქ. ტექნიკუმის შენობაში მყავდა მებრძოლები (1400-მდე კაცი). ვერავინ იტყვის, რომ ჩემი თანამებრძოლები მაროდიორობდნენ ან ვინმე გაძარცვეს. ზუგდიდელებიც არ შეგვხვედრიან აგრესიით, საჭმელი მოჰქონდათ. მილიცია ჩვეულებრივად მუშაობდა. ეგაა, დაბნეული იყო ხალხი.

ამის შემდეგ აფხაზეთში შევედი. სოხუმიდან გზა გავაგრძელე და ფსოუმდე გავედი. ზუგდიდში დარჩნენ "მხედრიონი" და ტყიბულის ბატალიონი, რომლებიც მაშინ ეროვნულ გვარდიას ექვემდებარებოდნენ.

აფხაზეთში ყველა ქალაქს ვაკონტროლებდით და მოულოდნელად გამოსვლის ბრძანება მივიღე. ძნელი იყო ამის გაკეთება, აფხაზეთის ქართველების მიტოვება. განვაცხადე, პატაკს დავწერ და გვარდიის სარდლის პოსტს დავტოვებ-მეთქი. რადგან ბრძანება ვერ შევასრულე, გადავდექი. თბილისში გადმოვფრინდი. თბილისის ზღვაზე ვიყავი ჩაკეტილი.

არც აფზახეთში და არც მერე გამიგია, რა ხდებოდა სამეგრელოში. თურმე  ტყიბულის ბატალიონი ქუთაისის ბატალიონით შეუცვლიათ. შემატყობინეს, რომ ქუთაისის ბატალიონს სამეგრელოს შეიარაღებული რაზმები დასხმიან თავს, რამდენიმე კაცი მოუკლავთ, ზოგიც ტყვედ აუყვანიათ.

ქუთაისის ბატალიონის წევრებთან ვმეგობრობდი. ბესო ქუთათელაძე ამოვიდა თბილისის ზღვაზე და მითხრა, სამეგრელოში კონტაქტები მაქვს და შემიძლია ჩვენი მეგობრების ამბავი გავარკვიოთო. გადავწყვიტე, ზუგდიდში ჩავფრენილიყავი, ბესოს მეშვეობით იქაურ პოლიტიკურ ლიდერებს მოვლაპარაკებოდი და მეგობრები გამეთავისუფლებინა. ზუგდიდში ბესოც გამომყვა. შვეულმფრენით ჩავფრინდით რუხში, 40 თანამებრძოლიც მახლდა.

ჩაფრენიდან ნახევარ საათში შემოგვარტყეს ალყა და ატყდა სროლა. მსხვერპლს კიდევ მსხვერპლი დავამატეთ. ეს იყო ძალიან მძიმე, 5-საათიანი ბრძოლა ტექნიკის გამოყენებით. მახსოვს, რობინზონ ფირცხელანი (რომელიც მეორე მხარეს იყო) ავიდა ფერდობზე და დაიძახა, ქართველებო, ერთმანეთს ნუ ვხოცავთ. ხატის წინაშე ვფიცავ, ხელს არავის შევახებთ, სროლა შევწყვიტოთო.

შევწყვიტეთ სროლა, მიამიტურად მარტო გავედი, მაგრამ მოულოდნელად ტყვედ ამიყვანეს. ზუგდიდში აბსოლუტურად სხვა განწყობილება დამხვდა. ლეგენდებს მიყვებოდნენ ტყიბულის ბატალიონის რამდენიმე წევრის ბოროტმოქმედებებზე, "მხედრიონის" დარჩელში შესვლაზე. ვხედავდი, შეურაცხყოფილ, სასტიკად დასჯილ, ბანდების თარეშისაგან გაბოროტებულ სამეგრელოს მოსახლეობას. ყველა ზუგდიდელის აღშფოთებას ობიექტური საფუძველი ჰქონდა.

ამიტომაც ჩავედით თუ არა, იფიქრეს, ესენიც ჩვენს ასაოხრებლად ჩამოვიდნენო. ხანდახან ჩუმად ყოფნასა და დუმილს პატარ-პატარა ეპიზოდების გულახდილად მოყოლა სჯობს. რაც შეეხება ტყვეობაში ყოფნას, შეურაცხყოფა არავის მოუყენებია, არაფერი უკადრებიათ, ღირსეულად და პატივისცემით მეპყრობოდნენ. არც ჩვენ მოვქცეულვართ დიაცურად.

- ვალტერ შურღაიამ განაცხადა, მაშინ გია ყარყარაშვილს ვუთხარი, შენს სამშობლოში ხარ და ნუ გეშინია-მეთქი.

- ვალტერ შურღაია  ჯერ კიდევ თბილისის ომამდე გავიცანი და გამორჩეულად დამამახსოვრდა. თბილისის ზღვაზე ამოდიოდა და ყველანაირად ცდილობდა, თავიდან აეცილებინა ომი.  მართალია, საპყრობილეში არ წავუყვანივარ, მაგრამ თავს საშინლად ვგრძნობდი. მეთაურისთვის ძნელია იმის განცდა, რომ მის გაუთვლელ ნაბიჯს სავალალო შედეგი მოჰყვა.

თანამებრძოლები საპყრობილეში იყვნენ. როდესაც ტყვედ ვარდები, მზად ხარ წამებისთვის, შეურაცხყოფისთვის, დაცინვისთვის, მაგრამ როდესაც ერთ-ერთი უდანაშაულოდ დაღუპულის, ჯიქიას სახლში მიმიყვანეს, მოულოდნელად ისეთი დარტყმა მივიღე, ნამდვილად არ ველოდი. ამას სინდისის ქენჯნა ჰქვია. ვაჟკაცობა არ გყოფნის, როდესაც უყურებ შავებში ჩაცმულ მოტირალ დედას. მაშინ პირველად ჩავხედე თვალებში მოწინააღმდეგე მხარის ტანჯვას. არ ვიცი, ვინ შემოიტანა სისხლისმღვრელი განხეთქილება.

რაც ბატონმა ვალტერ შურღაიამ თქვენს გაზეთში დაწერა, სიმართლეა. მართლაც დავპირდი, რომ სამეგრელოს საზღვართან მოსულ ჩემს მომხრეებს უკან გავაბრუნებდი. კაცი სიტყვას რომ იტყვის, უნდა შეასრულოს. დღეს ექსპრეზიდენტის მომხრეები მართლები არიან, მაგრამ ისინი სიმართლეს მაშინ დაკარგავდნენ, თბილისის ომში რომ გაემარჯვათ. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ განხეთქილებამ და ძმათა შორის დაპირისპირებამ ყველაზე სასტიკად საქართველო დაამარცხა.

- ალბათ, იცით მიზეზი, რის გამოც აფხაზეთიდან დევნილები სამეგრელოს გავლით არ გამოატარეს?

- მიზეზი ბევრი იყო... მაგრამ ერთს ვიტყვი, ვერ გამოვიდოდა ერთიანობა, ვერ მიაღწევდი მიზანს, თუ გულში მხოლოდ შურისძიების გრძნობა გედო. მოდი, ამ ეპიზოდს სხვა დროს მოგიყვებით, საუბარი დიდხანს რომ არ გაგვიგრძელდეს.

- მაშინ ვანო მერაბიშვილის ამასწინანდელ ინტერვიუს იმ მონაკვეთზე მაინტერესებს თქვენი აზრი, სადაც სტალინის ძეგლის აფეთქებაში რუსებისთვის 50 ათასი დოლარის შეთავაზებაზეა ლაპარაკი.

- ნეტავ ხელისუფლების წარმომადგენლებს მართლაც ჰქონოდათ გააზრებული პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმისა და შეთანხმებების თავი! 11 აგვისტოს, 16 საათზე, გორი უკანასკნელმა ქართველმა ჯარისკაცმა დატოვა. ერთი ტანკი აღარ იყო ქალაქში.

დარჩნენ უპატრონოდ მიტოვებული მოსახლეობა, დაჭრილები და გარდაცვლილები. ხელისუფლება აგონიაში იყო. სად ჰქონდათ რუსებთან თანამშრომლობის ან მიცვალებულების გამოყვანის თავი? ქრონოლოგიურად მოვლენები ასე ვითარდებოდა: 12-ში გორში გენერალ ბორისოვის ხელმძღვანელობით რუსები შემოვიდნენ.

გორის ტეკთან ამ დროს ერთმა ოსმა ბოევიკმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი დაჭრა, შორიახლო კი რუსი გენერლები იდგნენ და ინტერვიუებს იძლეოდნენ. ეს ვიდეოკადრები პირდაპირ ეთერშიც გავიდა.

ბორისოვმა ოსი ბოევიკი ამის გამო სასტიკად დასაჯა, განაიარაღა და დააპატიმრა. ამ ინციდენტის შემსწრე ერთმა ქართველმა, რომელიც გორში ნათესავების გამოსაყვანად იყო ჩასული, ეს ფაქტი დააფასა და ბორისოვს გაესაუბრა. სთხოვა, გორისა და ქარელის რაიონის სოფლებისათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების უფლება მიეცა.

ბორისოვი დაეთანხმა, თან მოითხოვა გუბერნატორთან შეხვედრა და პურის ქარხნების ამუშავება. 13 აგვისტოს ბორისოვს იმ კაცმა თავდაცვის მინისტრის მოადგილე კუდავა შეახვედრა, იგოეთის ტეკთან კი - კოდუა. საომარი მოქმედებების დასრულების მერე რუსები აღარ აქტიურობდნენ, სამაგიეროდ მოსახლეობის დაწიოკება ოსთა ფორმირებებმა დაიწყეს. მათ ჩაიყვანეს სამარშრუტო ტაქსიდან ტყიბულელი გოგონაც.

3 აგვისტოს შიდა ქართლის გუბერნატორი  ბორისოვის მითითებით რამდენიმე საათით დააპატიმრეს. იმ კაცს კი, ვინც ბორისოვთან ტრიალებდა, გაუნაწყენდნენ და გორი დაატოვებინეს. ბორისოვმა შემოთვალა, ძლივს ერთი კაცი მოიძებნა, ვისი დახმარებითაც მოსახლეობის პრობლემებს ვაგვარებდით. თუ თავად არ გინდათ ოსების თარეში აილაგმოს და ხალხს საკვები ჰქონდეს, მე სულაც არ მადარდებსო.

ხელისუფლება მიხვდა, რომ დაკარგა ბორისოვთან კომუნიკაციის საშუალება და 14 აგვისტოს იმ კაცს ოფიციალურად სთხოვეს უკან დაბრუნება. ამასობაში საქართველოს მოსახლეობა გონზე მოვიდა და ხელისუფლებისაგან გარდაცვლილების გადმოსვენებას ითხოვდა. ხელისუფლებას ეგონა, ომში დაახლოებით 5 ათასი კაცი იყო დაღუპული. ამიტომაც სახალხო მღელვარება რომ არ დაწყებულიყო, ამ თემაზე ლაპარაკს 3 დღე გაურბოდნენ.

როდესაც გაირკვა, რომ 200 ჯარისკაცი დაღუპულიყო, მერეღა დაიწყეს მათ გადმოსვენებაზე ფიქრი. 14 აგვისტოდან ბორისოვთან კონტაქტისას უშუალო ურთიერთობა დაიწყო. სწორედ ზემონახსენები შუამავლის დახმარებით მოხერხდა სამღვდელო პირების შეყვანა ცხინვალში. ბორისოვისა და ლომაიას შეხვედრა რესტორანში შედგა, მერე გივი თარგამაძეც შეახვედრეს გენერალს.

15-16 აგვისტოს შეხვედრებმა სუფრასთან გადაინაცვლა. ჰყვებოდნენ სხვადასხვა ამბავს და შეზარხოშებულნი ირონიულად ეხუმრებოდნენ ერთმანეთს. ბორისოვი მოჰყვა ვიეტნამში ბრძოლის ამბავს, როგორ ჩამოაგდო ამერიკელი მფრინავი და რომ მისი იარაღი ჰქონდა. ამაზე მერე მაკკეინის რევოლვერის ზღაპარი ააგო სააკაშვილმა.

თურმე სუფრაზე გაეხუმრნენ ბორისოვს, გორის დაბომბვის დროს სტალინის ძეგლი რატომ არ  ააფეთქე, ფულს გადაგიხდიდითო. ხელისუფლება ტელეეთერში გვმოძღვრავს, თვითონ კი ბორისოვს პურმარილსა და საჩუქრებსაც უგზავნიდა დაბადების დღეზე და ჰოსპიტალში წოლისას! კაცს რომ პურმარილს გაუგზავნი, მეორე დღეს ტელევიზიით არ უნდა ლანძღო და მასზე ცინიკურად არ უნდა ილაპარაკო.  ომსაც თავისი წესები აქვს.