სააკაშვილი ოლიგარქიულ არხებს თურმე ინტერვიუს არ აძლევს - როდესაც ადამიანს უტიფრობით გამოწვეული "ამნეზია" აწუხებს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ოლიგარქიულ არხებს თურმე ინტერვიუს არ აძლევს - როდესაც ადამიანს უტიფრობით გამოწვეული "ამნეზია" აწუხებს

"მიუხედავად ჩემი პირადი პატივისცემისა თქვენი ჟურნალისტების მიმართ, ოლიგარქიულ არხებს მე ინტერვიუებს არ ვაძლევ... თქვენ ხართ ბიძინა ივანიშვილის კონტროლქვეშ მყოფი ტელევიზია", - ასე უპასუხა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს, რომელიც მას კომენტარს სთხოვდა.

მართლაც, რომ არ ჰქონია ენას ძვალი... ისე, სააკაშვილს, რომ შუბლის ძარღვი კარგა ხანია არ აწუხებს, ცხადია, მაგრამ პატიოსან ადამიანს მაინც აკვირვებს ნაპრეზიდენტალ-ნაგუბერნატორის ზღვარგადასული განცხადებები. კაცის, რომლის პრეზიდენტობისას, ტელეკომპანია "იმედს" რა დამართეს და როგორ აქციეს მართლაც სააკაშვილის ჯიბის ტელევიზად, ყველას კარგად გვახსოვს.

თუმცა თვითონ სააკაშვილს უტიფრობით გამოწვეული "ამნეზია" აწუხებს. შესაძლოა, ვიღაცას მართლაც ჰქონდეს ეჭვები და საკუთარი ვარაუდები, რომ ვიღაც ძველებურად ცდილობს მედიაზე საკუთარი გავლენების გავრცელებას, მაგრამ სააკაშვილს ამაზე ლაპარაკის უფლება არ აქვს. "რუსთავი 2"-ს რომ თავი დავანებოთ, რომელიც პარტიული სტრუქტურის ნაწილად აქციეს "ნაცებმა", გვახსოვს, "იმედში" ძალადობრივი შეჭრა და კანონიერი პატრონისთვის მისი უაპელაციოდ წართმევა. ისიც კარგად გვახსოვს, 2012 წელი, როდესაც არჩევნების საბოლოო შედეგებსაც არ დაუცადეს, ისე დაუბრუნეს "იმედი" მეპატრონეს. ეს იმიტომ კი არ ქნეს, რომ სინდისი შეუწუხდა ვინმეს, არა, პასუხისგების შეეშინდათ, არადა, ამის მიუხედავადაც, უნდა ეგო მავანს პასუხი იმისთვის, რაც გააკეთა! ასეთ შემთხვევაში ვერც სააკაშვილი ილაპარაკებდა ამდენს და აღარაც სხვას წაუცდებოდა მედიაში ფათურისკენ ხელი... ასე, რომ ახია "ქართულ ოცნებაზე".

გთავაზობთ ამონარიდს ლადო პაპავასთან ამ ცოტა ხნის წინ ჩაწერილი ინტერვიუდან, რომელშიც სწორედ ამ საკითხზე იყო ლაპარაკი:

"როდესაც 2012 წლის არჩევნები დასრულდა, ჯერ საბოლოო შედეგები არ იყო გამოცხადებული, "ნაციონალური მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერი ქვეყნიდან რომ გარბოდა. გიორგი არველაძემ კი "იმედი" სასამართლოს გარეშე დაუბრუნა პატარკაციშვილის ოჯახს. ანუ იცოდნენ, რა ბოროტებაც ჰქონდათ ჩადენილი და ამიტომაც გარბოდნენ. არც სააკაშვილმა დაასრულა საპრეზიდენტო ვადა საქართველოში - ქვეყნიდან პრეზიდენტად წავიდა და სხვა ქვეყანაში ამოეწურა პრეზიდენტობის ვადა. არ ვამბობ, რომ ნიურნბერგის პროცესი უნდა მოგვეწყო, რასაც "ჰეროკრატიაში" გვიჩვენებენ და უფრო მეტად გვაღიზიანებენ, მაგრამ არ უნდა მომხდარიყო იმ ხალხის პოლიტიკური შეფასება, ვინც ქვეყნიდან გაქცევით თვითონვე აღიარა დანაშაული?!

პარლამენტს ხომ უნდა შეეფასებინა "ნაციონალების" მმართველობის ცხრა წელი? არ შეაფასეს...

დღეს "ნაციონალები" "ქართულ ოცნებას" რომ აკრიტიკებენ, ყველაზე ხშირად უუნაროდ მოიხსენიებენ... ასე იმიტომ მიიჩნევენ, რომ არ დაიჭირეს და იგივე არ გაუკეთეს, რასაც თვითონ უკეთებდნენ ხალხს. უფრო მეტსაც ბედავენ. ხშირად ისეთ რამეს აბრალებენ "ქართულ ოცნებას", რასაც თვითონ სჩადიოდნენ.

"ქართულმა ოცნებამ" რა ქნა ამის საწინააღმდეგოდ? არაფერი. კი ბატონო, მასობრივად არ უნდა გაეშვათ ხალხი სამსახურებიდან, მაგრამ თუ აშკარად ჩადენილია დანაშაული, დამნაშავე კადრებს კი მაინც ინარჩუნებ, ეს განა შეცდომა არ არის?

ასეთი კადრი განსაკუთრებით ბევრია ძალოვან სტრუქტურებში, მათ შორის - უშიშროებაში. მეტიც - ეს ხალხი უკვე შეერწყა "ქართულ ოცნებას". კოაბიტაცია დასრულდა. ახლა სრული ინტეგრაციის მოწმენი ვართ.

ცოტა ხნის წინ გახლდით აშშ-ში, სადაც არაერთი კოლეგა ვნახე, რომლებიც განცვიფრებული იყვნენ იმით, რომ არაფორმალურ შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი აშკარად გამოხატავდა იმედს, რომ ხელისუფლებაში სააკაშვილი დაბრუნდებოდა. ეს არ მიკვირს, რადგან ამ ხელისუფლებაში ბევრი თანამდებობის პირი სწორედ ძველი ხელისუფლებიდანაა. ამიტომაც ვთქვი, ივანიშვილს სააკაშვილი საქართველოსთვის არ ჩამოუცილებია, ის მხოლოდ დააშორა-მეთქი". (იხილეთ სრულად)

ნათია დოლიძე