"გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევა მიზანმიმართული ჩანაფიქრია" - კვირის პალიტრა

"გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევა მიზანმიმართული ჩანაფიქრია"

"აფხაზ და რუს ოფიცრებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათი თავნებობა დაუსჯელი დარჩება, რაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობამაც დაადასტურა"

გასულ კვირას ვლადიმირ პუტინმა სოხუმის საოკუპაციო რეჟიმთან ე.წ. შეთანხმების რატიფიკაციას მოაწერა ხელი, რაც შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას გულისხმობს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ ხელშეკრულებით, გალი, შესაძლოა, სამხედრო ქალაქად გამოცხადდეს.

ბადრი ნაჭყებია, ექსპერტი: - ამიერიდან აფხაზ ჯარისკაცებს მოუწევთ სამსახური რუსულ არმიაში. რუსეთი ცდილობს, აფხაზეთში საკურორტო ზონა განავითაროს და ამ ტერიტორიაზე უკონტროლო შეიარაღებული ფორმირებები არ სჭირდებოდა.

- გალს მართლა სამხედრო ქალაქად გამოცხადება ელის?

- გალის რაიონს რუსეთი საზღვრად მიიჩნევს. მისი მილიტარიზაცია აუცილებლად მოხდება. ექნებათ თუ არა ქართველებს გალში გადასვლა-გადმოსვლის საშუალება, დამოკიდებულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე - შესაძლოა, გალში საშვებით გადასვლა-გადმოსვლისას მკაცრი კონტროლი საჭირო არ იყოს. თუმცა, შეიძლება რუსეთმა ჩაკეტოს ეს ტერიტორია.

- გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეინიშნებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მობილიზება...

- შესაძლებელია აფხაზეთის იდენტური პროცესები ცხინვალის რეგიონშიც წარიმართოს. ბოლო დროს საქართველო-ნატოს ერთობლივი წვრთნები ჩატარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ასეთი სწავლებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა შევეგუოთ რუსეთის აქტიურობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე და არ ავყვეთ პროვოკაციას. აშშ-მა და რუსეთმა განაცხადეს, რომ ამ ქვეყნების ურთიერთობა ფსკერზე დაეშვა. ახლა ვნახოთ, ამ ფსკერიდან ვინ როგორ ამოვა. ტრამპმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტებით მსოფლიო მესამე ომს გადარჩა. აქედან გამომდინარე, რუსეთთან ჩვენი ურთიერთობა არ არის მარტო ჩვენი პრობლემა, ეს გლობალური საკითხია. ხედავთ, რა ხდება ბულგარეთსა და მოლდავეთში? - ხელისუფლებაში პრორუსული ძალები მოდიან. მოლდავეთის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას გადავხედავთო. არადა, მათ უვიზო მიმოსვლის უფლება აქვთ. ვფიქრობ, კოსოვოს აღიარებით რუსეთმა პანდორას ყუთი გახსნა - საქართველოს ტერიტორიების ანექსიას აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარება მოაყოლა, შემდეგ ყირიმის ოკუპაცია მოახდინა, ახლა სირიასა და სხვა ქვეყნებში ცდილობს პოზიციის გამოხატვას. კალინინგრადის ოლქში - ისკანდერების, ხოლო კურილიის კუნძულებზე ბასტიონების განლაგება გვაფიქრებინებს, რომ ცივი ომი მიმდინარეობს. ვნახოთ, მილიტარიზაციის ასეთ პროცესს რამდენ ხანს გაუძლებს რუსეთის ეკონომიკა. თავის დროზე ამას საბჭოთა კავშირმა ვერ გაუძლო და დაინგრა.

თორნიკე შარაშენიძე, ექსპერტი: - გალის სამხედრო ქალაქად გადაქცევა მიზანმიმართული ჩანაფიქრია. იქ რუსული სამხედრო ბაზის არსებობა ნიშნავს, რომ ჩვენ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აგენტურის შემოღწევა გაიოლდება და მათ რუსები ნებისმიერ დროს გამოიყენებენ. საქართველო პასიურ საგარეო პოლიტიკას ატარებს, რუსეთი კი პირდაპირ ამბობს, რაც მომესურვება, იმას გავაკეთებო. თუმცა ჩვენი ჩუმად ყოფნა, შესაძლოა, კარგიც იყოს. მსოფლიო ხედავს, რომ ახლა რუსეთი განსაკუთრებით აგრესიულია და ეს ჩვენც უნდა დავინახოთ. ამ დროს გაჩუმებამ შეიძლება უფრო დიდ კატასტროფას აგვარიდოს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აფხაზ და რუს ოფიცრებს გაუჩნდათ განცდა, რომ მათი თავნებობა დაუსჯელი დარჩება, რაც გიგა ოთხოზორიას მკვლელობამაც დაადასტურა.

ეკა ასათიანი