"უვიზო რეჟიმის შემოღების გაწელვით რუსეთის პროპაგანდისტული­ ძალები სარგებლობენ" - კვირის პალიტრა

"უვიზო რეჟიმის შემოღების გაწელვით რუსეთის პროპაგანდისტული­ ძალები სარგებლობენ"

რამდენად დროულად და სწრაფად მიიღებს საქართველო ევროპაში უვიზო მიმოსვლის უფლებას და რა ობიექტური გარემოებებით არის განპირობებული ამ პროცესის გაჭიანურება? ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია ესაუბრა.

- ჩვენმა ქვეყანამ შეასრულა ყველა პირობა, რაც ვიზალიბერალიზაციის მისაღებად აუცილებელი იყო, მაგრამ ჩვენი საკითხი უკრაინასთან ერთად განიხილება, უკრაინას კი არ ჰქონდა შესრულებული ყველა ვალდებულება. ამან გააჭიანურა პროცესი.

დღეს ასეთი სიტუაციაა: უკრაინამაც დააკმაყოფილა ყველა პირობა, მაგრამ ახლა პროცესს სხვა გარემოება აჭიანურებს. როგორც ვიცით, ევროკავშირმა ვერ მიიღო გადაწყვეტილება ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით (ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებით, საქართველო და უკრაინა უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას მას შემდეგ მიიღებენ, რაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმდებიან). გერმანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და სხვა სახელმწიფოები ვერ შეთანხმდნენ, როგორი უნდა იყოს ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმი, როდის შეიძლება ის ამოქმედდეს და ა.შ.

საქართველო განტევების ვაცი აღმოჩნდა. ევროპას აშინებს ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილების ნაკადი, ამას თან ერთვის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და პოპულისტური პარტიების გამოჩენაც საქმეს ართულებს. მათ გავლენა მოახდინეს საზოგადოებრივ აზრზე და საფრანგეთში, გერმანიასა და სხვა ქვეყნებში მმართველი პარტიის რეიტინგი დაეცა. ხელისუფალნი იძულებული არიან, საზოგადოებრივ აზრს ანგარიში გაუწიონ და თამამ გადაწყვეტილებებს ვეღარ იღებენ. ეს გავლენას ახდენს იმაზეც, რომ ევროკავშირის ქვეყნები ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით კონსენსუსს ვერ აღწევენ, თუმცა, ყველა თანახმაა, რომ საქართველომ ევროლიბერალიზაცია უნდა მიიღოს. როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა, ეს არის ევროკავშირის შიდა პრობლემა, რომელიც უნდა მოგვარდეს. აუხსნელია, რატომ უნდა იყოს საქართველო დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთიდან მიგრაციულ ნაკადზე, მაგრამ ამ ვითარებაში განტევების ვაცი აღმოვჩნდით.

- ისიც ხომ არ ართულებს საქმეს, რომ საქართველოსა და უკრაინის ვიზალიბერალიზაციის საკითხს ერთ ჭრილში განიხილავენ?

- თუ ევროპას მიგრაციული ნაკადი აშინებს, უკრაინიდან უფრო მეტია ამის საფრთხე, რადგან ეს ქვეყანა, ფაქტობრივად, საომარ მდგომარეობაშია. თუმცა, ევროპისთვის უკრაინის უსაფრთხოებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ამ თვალსაზრისით, საქართველოს საკითხის უკრაინასთან ერთად განხილვა პლუსადაც შეიძლება ჩაითვალოს. მთავარია, რომ ახლა ამ ორი ქვეყნის ვიზალიბერალიზაციის საკითხს ყველა უჭერს მხარს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად მიიღებს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. უბრალოდ, ეს პროცესი გაიწელა, რამაც ჩვენი საზოგადოება გადაღალა და გააღიზიანა, ამით კი რუსეთის პროპაგანდისტულმა ძალებმა ისარგებლეს. ისინი ცდილობენ, ჩვენი საზოგადოების დეზორიენტაცია მოახერხონ და ხალხის აზრი გახლიჩონ.

ეკა ასათიანი