"ხელისუფლება უმუშევართა დიდი არმიის გვერდით ახალ, სოციალურად შეჭირვებულთა ჯგუფს მიიღებს" - ვის შეეხება შემცირება? - კვირის პალიტრა

"ხელისუფლება უმუშევართა დიდი არმიის გვერდით ახალ, სოციალურად შეჭირვებულთა ჯგუფს მიიღებს" - ვის შეეხება შემცირება?

"რაც შეიძლება ბევრი რაციონალური გადაწყვეტილება გვჭირდება, რომ პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მივაღწიოთ"

პრემიერის მიერ დაანონსებული 10%-იანი ოპტიმიზაციისთვის მზადება სამინისტროებმა უკვე დაიწყეს. გავრცელებული ინფორმაციით, საჯარო სექტორში დასაქმებული კადრების შემცირებაც იგეგმება, რამაც დასაქმებულთა ნაწილის შეშფოთება გამოიწვია. რა გზით უნდა წავიდეს ოპტიმიზაცია, ამ თემაზე ეკონომისტი ლევან კალანდაძე გვესაუბრება:

"მთავრობას პოპულიზმსა და რაციონალურ გადაწყვეტილებას შორის არჩევანის გაკეთების დრო არა აქვს"

- ფაქტია, რომ საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაცია აუცილებელია - 2016 წლისა და 2017 წლის ბიუჯეტმა კიდევ უფრო ცხადი გახადა, რომ ხარჯვითი ნაწილი, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუროკრატიის საკითხში, სასწრაფოდ შესამცირებელია. ვფიქრობ, პრემიერის მიერ დაანონსებული 10%-იანი ოპტიმიზაცია ტექნიკური გზავნილია და ის, ძირითადად, მიმდინარე ხარჯებს, სახელფასო და საპრემიერო ფონდებს შეეხება. აქ არ არის საუბარი საშტატო ერთეულების ცალსახა შემცირებაზე, პირიქით, მაქვს მოლოდინი, რომ კადრების შენარჩუნებას სამინისტროები მაქსიმალურად შეეცდებიან და კორექტივებს მხოლოდ თანამშრომლების ფუნქციონალური დატვირთვიდან გამომდინარე შეიტანენ. მეორე მხრივ, საზოგადოებაში დიდი ხანია მომწიფდა აზრი, რომ რამდენიმე სამინისტრო უნდა გაუქმდეს, ეს გზავნილი ოპოზიციური ფლანგიდანაც დიდი ხანია ისმის, შესაბამისად, ოპტიმიზაციის პროცესიც საღი გონებით უნდა გააანალიზონ.

თუ სახელმწიფოს აქვს 80 სამუშაო ადგილი, ხელოვნურად რატომ უნდა შეინარჩუნოს 100 კადრი მხოლოდ იმ მოტივით, რომ საზოგადოების მცირე ჯგუფი არ განაწყენდეს? მთავარია, დაანონსებული ოპტიმიზაცია ერთჯერადი ღონისძიება არ გახდეს და ის მომავალი 4-5 წლის განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდეს. მესმის, რომ ეს პრემიერისთვის არაკომფორტული გადაწყვეტილებაა, თუმცა მთავრობას დღეს პოპულიზმსა და რაციონალურ გადაწყვეტილებას შორის არჩევანის გაკეთების დრო არა აქვს. რაც შეიძლება ბევრი რაციონალური გადაწყვეტილება გვჭირდება, რომ პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მივაღწიოთ.

- კადრების შემცირება გამართლებული იქნებოდა იმ ფონზე, თუ გათავისუფლებულ თანამშრომლებს სამსახურის მოძიების იმედი თუნდაც კერძო სექტორში გაუჩნდებოდათ, თუმცა, როდესაც ქვეყანაში მთავარ გამოწვევად უმუშევრობა რჩება, ხომ არ იჩქარა მმართველმა გუნდმა?..

- დღეს ამ მოცემულობაში ვცხოვრობთ და მთავრობა საზოგადოებრივი დაკვეთიდან გამომდინარე მოქმედებს. თანაც,

მმართველი გუნდის წარმომადგენლების ნაწილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ოპტიმიზაცია კადრების შემცირებით არ დაიწყება. მესმის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებულთა ნაწილი ნერვიულობს, თუმცა დარწმუნებული ვარ, კადრების დათხოვნა სახელმწიფო სტრუქტურებიდან რადიკალური მეთოდებით არ მოხდება და ხელისუფლება შეეცდება ეს პროცესი მაქსიმალურად გაწელოს. ისიც კარგად მესმის, რომ იმ კონკრეტული ადამიანისთვის, ვისაც შეიძლება ეს შეეხოს, ნაკლებად დამაიმედებლად ჟღერს ქვეყნისთვის აუცილებელ კონცეპტზე საუბარი, თუმცა დრო გამოაჩენს, რომ ეს მოცემულ ეტაპზე სახელმწიფოს ყველაზე სწორი ნაბიჯი იყო. მეტიც, ვფიქრობ, ხელისუფლება სწორი გადაწყვეტილებების მიღებას აჭიანურებს და საზოგადოებრივი ჯგუფების მღელვარებას საჭიროზე მეტ ყურადღებას უთმობს - თუ რეფორმები გაჭიანურდება, ეს მეტ ტკივილს მოგვაყენებს საბოლოოდ, ვიდრე ხარჯების შემცირების ერთჯერადი შოკი.

- ის ადამიანები არ დაზარალდებიან, რომლებიც საჯარო სექტორში პროტექციონიზმითა და ნეპოტიზმით არ დასაქმებულან?

- მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა და ევროკავშირსა და ვიზალიბერალიზაციაზე ვლაპარაკობთ, დღეს საქართველოში მაინც გვიწევს ნეპოტიზმზე საუბარი, რაც ქვეყანაში იმაზე სერიოზულ პრობლემად იქცა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. ფრთხილად, ოპტიმიზაცია ნეპოტიზმში არ გადაიზარდოს! მაღალია რისკი, რომ ოპტიმიზაციის პროცესში პრივილეგიებს ისევ ის კადრები შეინარჩუნებენ, რომლებიც მეგობრულ ან ნათესაურ კავშირში არიან გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

ამის ერთადერთი პრევენცია პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართვაა. "უპატრონო" თანამშრომლებმა დაუმსახურებლად გათავისუფლების შემთხვევაში საჯარო სივრცე მაქსიმალურად უნდა აითვისონ და საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდონ.

სამოქალაქო სექტორის მაქსიმალური მობილიზებაა აუცილებელი, რათა გვქონდეს ინფორმაცია, რა კრიტერიუმები იქნება განმსაზღვრელი კადრების შერჩევისას, როგორ გადაწყდება ინდივიდუალური ქეისები და როგორ შევებრძოლოთ ნეპოტიზმს, რომელიც უკვე რამდენიმე ათეული წელია ცხოვრების წესადაც კი დამკვიდრდა.

გასაძლიერებელია მონიტორინგი ჩინოვნიკებზე.

"ხელისუფლება უმუშევართა დიდი არმიის გვერდით ახალ, სოციალურად შეჭირვებულთა ჯგუფს მიიღებს"

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, მთავრობის მიერ დაანონსებული ოპტიმიზაცია ნაყოფს არ გამოიღებს და უახლოეს მომავალში საჯარო სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა გაორმაგდება:

- ოპტიმიზაცია პირველი შემთხვევა არ არის. ხელისუფლება მსგავს კამპანიას ხშირად ე.წ. ქამრების შემოჭერის სახელით იწყებს, თუმცა, როგორც წესი, ეს ყველაფერი საბოლოოდ იმიტაციას ემსგავსება. როდესაც მთავრობის გეგმა მოვისმინე, მაშინვე გამიჩნდა კითხვა: თუ სამინისტროებში 10%-ით ოპტიმიზაციისა და კადრების შემცირების რესურსიც არსებობდა, რატომ ჰყავდათ ეს ადამიანები ამ დრომდე დასაქმებული ან სად იხარჯებოდა სახელმწიფო თანხები? გამოდის, ხელისუფლება აღიარებს, რომ სახელმწიფო უამრავ მუქთახორას ჩვენი ფულით არჩენდა. თუ ეს კადრები საქმეს აკეთებდნენ, მაგრამ ახლა ხარჯების დაზოგვა აუცილებელია, ხელისუფლება კიდევ უფრო დიდ შეცდომას უშვებს - გამოდის, მთავრობამ ოპტიმიზაცია მექანიკურად გამოაცხადა. ორივე ვარიანტი აბსურდულ შინაარსს შეიცავს და ეკონომიკური განვითარების ამაღლებაზე საუბარი კიდევ უფრო დიდ აბსურდს ემსგავსება.

საბოლოოდ ხელისუფლება უმუშევართა დიდი არმიის გვერდით დამატებით ახალ, სოციალურად შეჭირვებულთა ჯგუფს მიიღებს, რასაც შესაძლოა საპროტესტო ტალღაც კი მოჰყვეს.

- არჩევნებამდე და მანამდეც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მთავარ მოთხოვნას ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება წარმოადგენდა, მეტიც, თავადაც არაერთხელ გითქვამთ, რომ რამდენიმე სამინისტროს გაუქმებაც საჭიროა. ახლა რატომ ლაპარაკობთ მის ფასადურობაზე?

-"ქართულ ოცნებას" "ნაციონალურ მოძრაობას" ნამდვილად ვერ შევადარებ, რომელიც ასევე ხშირად აცხადებდა სახელმწიფო სტრუქტურებში ოპტიმიზაციას.

მაშინ კადრების შემცირება პოლიტიკური ნიშნით ხდებოდა, დღეს მსგავსი მოტივით მოქალაქეების დევნა არ შეიმჩნევა, თუმცა პოლიტიკური შეხედულებების გარდა, არსებობს ნეპოტისტური და პროტექციონისტური დევნაც.

ვფიქრობ, უახლოეს მომავალში სწორედ მსგავს პროცესს მივიღებთ - საქმის გამკეთებელ, მაგრამ "უპატრონო" კადრებს დაითხოვენ, მაღალ ეშელონებში მყოფების ახლობლებსა და ნათესავებს კი თბილ სკამებს მაქსიმალურად შეუნარჩუნებენ. დასაქმებულთა უმრავლესობას ბანკში კრედიტები აქვს, დიდი ალბათობით, ისინიც 200 000-მდე უიმედო მევალეების რიცხვს შეუერთდებიან, თანაც, თუ ახლა ნაწილს სამსახურებს დაატოვებინებენ, მომავალ წელს მათ ნაცვლად ორჯერ მეტ თანამშრომელს აიყვანენ - წინ თვითმმართველობის არჩევნებია და ხელისუფლებას ამომრჩევლის ნდობის მოპოვება კიდევ ერთხელ მოუწევს.

რუსუდან შელია