"გვიპასუხონ, რა ნიშნით ხდება ჩვენი დისკრიმინაცია" - კვირის პალიტრა

"გვიპასუხონ, რა ნიშნით ხდება ჩვენი დისკრიმინაცია"

რატომ უპირისპირდებიან თედო კობახიძეს თანამშრომლები

"თუ საჭირო გახდა, გავასაჯაროებთ, თუ როგორ აძლევენ პრემიებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მოვალეობებს არ ასრულებენ და მეტიც, სამსახურში არც კი ცხადდებიან, ჩვენ კი კვარტალური და სადღესასწაულო პრემიაც კი ორი წლის განმავლობაში არ მიგვიღია. არაერთი თანამშრომელია კომისიაში ხელშეკრულებით გაფორმებული და ანაზღაურებას ისე იღებენ, რომ სამსახურში ერთხელაც კი არ გამოცხადებულან"

საკრებულოში იურიდიული კომისიის თავმჯდომარე თედო კობახიძეს თავისივე აპარატის თანამშრომლები უჩივიან - იურიდიულ საკითხთა კომისიის სამდივნოს სპეციალისტებმა: გიორგი გოგოლაძემ, კახაბერ კუტალაძემ, ნინო ბოჭოიძემ, ანა ვარდოსანიძემ და ელენე ღუდუშაურმა საერთო განცხადებითა და დახმარების თხოვნით საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილსაც მიმართეს, თუმცა, როგორც ამბობენ, ორი წლის განმავლობაში პრობლემების გადაჭრა ვერ მოახერხეს. დეტალებზე "კვირის პალიტრასთან" იურიდიულ საკითხთა კომისიის სამდივნოს მთავარი სპეციალისტი ანა ვარდოსანიძე საუბრობს:

- ორ წელზე მეტია თედო კობახიძის აპარატის მოქმედი ხუთი თანამშრომელი გაუსაძლის, დისკრიმინაციულ პირობებში ვმუშაობთ - თედო კობახიძე ზეწოლასაც არ ერიდება, რომ თანამდებობები ნებით დავტოვოთ. არადა, საკრებულოში 16-წლიანი მუშაობის გამოცდილება მაქვს, ყოველ ჯერზე კონკურსსა და ატესტაციას გავდიოდი. არაერთი ხელმძღვანელიც შევიცვალე, თუმცა ასეთი დამოკიდებულება არასოდეს მინახავს. თავდაპირველად, კომისიის სამდივნოს უფროსი ირაკლი მოდებაძე კონკურსგავლილი თანამშრომლებისგან თანამდებობების დატოვებას დაუფარავად მოითხოვდა. მერე შემოგვიტანა განცხადება და გვითხრა, რომ ერთ-ერთი ჩვენგანის ნაცვლად ვინმე დავით ბუთხუზი უნდა დანიშნულიყო. გარდა ამისა, ცილი დაგვწამა მე და ელენე ღუდუშაურს, რომ თუ სამსახურიდან გაგვიშვებდნენ, მედიის საშუალებით ვგეგმავდით, გაგვეხმაურებინა, რომ კომისიაში ჩვენზე სექსუალური ზეწოლა ხორციელდებოდა. დღემდე არ ვიცი, რატომ ავრცელებდა მსგავს ინფორმაციას. მეტიც, მან კომისიის თავმჯდომარეს ეს მოხსენებით ბარათშიც მისწერა.

- ირაკლი მოდებაძე დღესაც იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის სამდივნოს ხელმძღვანელია? მხოლოდ დავით ბუთხუზის დანიშვნის გამო სურდა თქვენი გათავისუფლება?

- მოდებაძე სამდივნოს აღარ ხელმძღვანელობს, მის ნაცვლად სალომე ბარაბაძე დაინიშნა, თუმცა ჩვენ მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება მაინც გაგრძელდა. მანაც არაერთხელ მოგვთხოვა სამსახურიდან წავსულიყავით. როდესაც ვსვამდით კითხვას, რატომ? გვპასუხობდა, თედო არ გენდობათო. ისიც გვითხრა, რომ თურმე ჩვენ ვემსახურებით პირს, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, ამიტომ ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ. სულაც არ ვფიქრობთ, რომ კონკრეტულ პირს ვემსახურებით, ჩვენ დედაქალაქს ვემსახურებით. თედო კობახიძესთან ორი წელია შეხვედრას ვცდილობთ, თუმცა ერთხელაც არ შეგვხვედრია. მეტიც, ისე გვექცეოდა, თითქოს არც ვარსებობდით, დავალებებსაც არ გვაძლევდა. ოთახში მაგიდები და სკამებიც კი არ გვქონდა, დიდხანს ფეხზე ვიდექით. ბოლოს და ბოლოს, ორი მაგიდა და კომპიუტერი შემოგვიტანეს, რომლებზეც დღემდე მონაცვლეობით ვმუშაობთ.

როგორც მოდებაძემ გვითხრა, ჩვენთვის ასეთი სამუშაო პირობების შექმნა კობახიძის მითითება იყო და თუ არ მოგვწონდა, შეგვეძლო მისთვის პრეტენზიებით მიგვემართა. როგორც გითხარით, კობახიძეს ბოლოს ორი წლის წინ "ქართული ოცნების" ოფისში შევხვდით, სადაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გვქონდა.

- თუ გაარკვიეთ, რატომ არ გენდობოდათ ხუთ თანამშრომელს კომისიის ხელმძღვანელი?

- ამის გარკვევას ორი წელია ვცდილობთ, მაგრამ პასუხი ვერ მივიღეთ. როდესაც საკრებულოს აპარატმა მისამართი შეიცვალა და ახალ შენობაში განთავსდა, კომისიის თავმჯდომარე პრივილეგირებულ თანამშრომლებთან ერთად ახალ შენობაში ისე გადავიდა, საჭიროდაც არ ჩაუთვლია ეს ჩვენთვის ეცნობებინა. ახალ შენობაში საკუთარი ინიციატივით გადავედით. საკრებულოს აპარატის უფროს ელენე დუმბაძეს დაუყოვნებლივ ვაცნობეთ, რომ ოთახში სკამიც კი არ გვქონდა, მან კი განგვიმარტა, რომ თითოეული თანამშრომლისთვის შესაბამისი სამუშაო პირობები იყო შექმნილი და გაუკვირდა, რატომ აღმოვჩნდით არასახარბიელო მდგომარეობაში. ამ საუბარს საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ტყემალაძეც ესწრებოდა, რომელიც კობახიძის შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე აღშფოთდა კიდეც.

- თქვენ ახსენეთ ე.წ. პრივილეგირებული თანამშრომლები. რაში გამოიხატება თედო კობახიძის მსგავსი დამოკიდებულება?

- კობახიძე სამსახურში სამუშაო საათებში, როგორც წესი, არ იმყოფებოდა. მან საკრებულოში სიარულს მხოლოდ მას შემდეგ მოუხშირა, რაც გიორგი ალიბეგაშვილს საჩივრის წერილით მივმართეთ. რაც შეეხება პრივილეგიებს, სამდივნოს ზოგიერთ თანამშრომელს თავისუფალი გრაფიკი აქვს, ეს საკრებულოში დაფიქსირებულია კიდეც, არაპრივილეგირებული თანამშრომელი კახა კუტალაძე კი დედის ოპერაციაზე არ გაუშვეს, არადა, მას სამდივნოს უფროსისგან წინასწარ ჰქონდა თანხმობა მიღებული.

გვიპასუხონ, რა ნიშნით ხდება ჩვენი დისკრიმინაცია და რატომ გვიქმნიან პირობებს, რომ გათავისუფლების შესახებ განცხადება საკუთარი ხელით დავწეროთ?

კონკრეტული ფაქტები გვაქვს და თუ საჭირო გახდა, გავასაჯაროებთ, თუ როგორ აძლევენ პრემიებს იმ თანამშრომლებს, რომლებიც მოვალეობებს არ ასრულებენ და მეტიც, სამსახურში არც კი ცხადდებიან, ჩვენ კი კვარტალური და სადღესასწაულო პრემიაც კი ორი წლის განმავლობაში არ მიგვიღია. არაერთი თანამშრომელია კომისიაში ხელშეკრულებით გაფორმებული და ანაზღაურებას ისე იღებენ, რომ სამსახურში ერთხელაც კი არ გამოცხადებულან.

ჩვენ თედო კობახიძესთან დაკავშირებაც ვცადეთ, მაგრამ ჩვენს ზარებს არ უპასუხა. კომენტარი თანამშრომლების საჩივარზე პრესსამსახურის თანამშრომელმა ნინო ჯანელიძემ გააკეთა: "მათ კარგად არ ვიცნობ. ისინი ჩვენი კომისიის თანამშრომლები არიან, თუმცა ცალკე ოთახში სხედან და ურთიერთობა მხოლოდ გამარჯობის დონეზე გვაქვს. არ ვიცი, რა ურთიერთობა აქვთ თედოსთან. მათი პრობლემების შესახებაც პირველად მესმის".

რუსუდან შელია