”ვიზალიბერალიზაციას საქართველო უკრაინაზე ადრე მიიღებს" - კვირის პალიტრა

”ვიზალიბერალიზაციას საქართველო უკრაინაზე ადრე მიიღებს"

ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს ხუთი მილიონი და უკრაინის 45 მილიონი მოქალაქისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - ევროკავშირის საბჭოს, ევროპარლამენტსა და ევროკომისიას შორის 7 დეკემბერს უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმზე შეთანხმება შედგა. შეგახსენებთ, აღნიშნული მექანიზმი განსაკუთრებულ შემთხვევებში უვიზო რეჟიმის შეჩერებას გულისხმობს. რამ განაპირობა გადაწყვეტილების მიღების დაჩქარება და შეძლებენ თუ არა საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას, ”კვირის პალიტრას" ბრიუსელში ”რადიო თავისუფლების" ანალიტიკოსი რიკარდ იოზვიაკი ესაუბრა:

- ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელმა დონალდ ტუსკმა ევროპარლამენტის პრეზიდენტს, მარტინ შულცსა და ევროკავშირის ქვეყნების ხელმძღვანელებს მოუწოდა, საქართველოსა და უკრაინისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას ბლოკი მოუხსნან. ტუსკმა შულცს ოფიციალური წერილიც მისწერა, რომელშიც ხაზგასმით იყო აღნიშნული, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესის გაჭიანურება პირველ რიგში ევროკავშირის რეპუტაციას უქმნის საფრთხეს, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც საქართველომ და უკრაინამ მხარდაჭერის მოსაპოვებლად ევროკავშირის წინაშე აღებული ყველა ვალდებულება შეასრულეს. მისასალმებელია, რომ ამის შესახებ მსჯელობა დაიწყეს ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტშიც. ეს უკვე ნიშნავს, რომ ევროპა ქმედითი ნაბიჯების გადადგმისთვის მზად არის.

- ამ დრომდე როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, ისე ქვეყნის დასავლელი პარტნიორები ვიზალიბერალიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების თარიღზე ლაპარაკს თავს არიდებდნენ, დღეს უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ მომავალი წლისთვის ყველა ტექნიკური პროცედურა დასრულდება და საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ გადაადგილებას შეძლებენ?

- დარწმუნებული ვარ, საქართველო და უკრაინა ვიზალიბერალიზაციას მომავალი წლის დასაწყისში მიიღებენ. ტექნიკური პროცედურების დასრულებაც მომავალ წელს არის შესაძლებელი. რაც მთავარია, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ”შეჩერების მექანიზმზე" შეთანხმებას უკვე მიაღწიეს, რაც აღნიშნული პროცედურის მთავარ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენდა. 7 დეკემბრის შეთანხმებით, იმ მექანიზმის დეტალები დაზუსტდა, რომელიც განსაკუთრებულ შემთხვევებში უვიზო რეჟიმს შეაჩერებს. მეტიც, ტრიალოგი სავიზო ლიბერალიზაციის შესახებ 14 დეკემბერს გაიმართება და იმავე დღეს დასრულდება. უკრაინის თაობაზე ტრიალოგი კი მხოლოდ მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმის ”შეჩერების მექანიზმი" ფორმალურად იქნება დამტკიცებული, ანუ მომდევნო წლის დამდეგს. ვფიქრობ, საქართველო ვიზალიბერალიზაციას უკრაინაზე ადრე მიიღებს.

- ე.წ. შეჩერების მექანიზმის დაწესება ნიშნავს თუ არა, რომ საქართველო და უკრაინა ევროკავშირისთვის მაინც არასანდო პარტნიორებად აღიქმებიან, თუ ევროპამ ვიზალიბერალიზაციის გადაწყვეტილებამდე თავი მაქსიმალურად დაიზღვია?

- ბუნებრივია, ევროპაში არსებული კრიზისის ფონზე პირველი პირები მაქსიმალურად ცდილობენ, თავი დაიცვან ნებისმიერი შესაძლო რისკისგან. მიგრანტების ტალღა ევროპისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ეს არ ნიშნავს, რომ ევროპა საფრთხედ აღიქვამს საქართველოს, უბრალოდ, ევროპა ზედმეტად ფრთხილად იღებს გადაწყვეტილებებს. მისასალმებელია, რომ გაუმართლებელი სიფრთხილის ეტაპი დასრულდა და ევროპამ დაპირებების შესრულების აუცილებლობაზე დაიწყო საუბარი. რაც შეეხება ე.წ. შეჩერების მექანიზმს, ტექსტის შინაარსი ნებისმიერ სახელმწიფოსთან შეიძლება გამოიყენებოდეს, რომელთაც ვიზალიბერალიზაციას მიანიჭებენ. ის მხოლოდ ისეთ უკიდურეს შემთხვევებში ამოქმედდება, თუ საქართველო და უკრაინა რეადმისიაზე, მიგრანტების უკან დაბრუნებაზე ევროკავშირთან არ ითანამშრომლებენ, ან საგრძნობლად გაიზრდება ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, ასევე, თუ გაიზრდება ევროკავშირის ტერიტორიის არალეგალურად გადაკვეთის შემთხვევები ან საზღვრის გადაკვეთაზე უარს ბევრი პირი მიიღებს.

მოამზადა რუსუდან შელიამ