"დედაჩემი ყოველდღე დადის ზურას საფლავზე და გადათხრილ საფლავს ვერ ნახავდა?"
12-12-2016
"დედაჩემი ყოველდღე დადის ზურას საფლავზე და გადათხრილ საფლავს ვერ ნახავდა?"
ხათუნა ხოფერია: "ნაციონალებს" გაჭირვება აქვთ და გაურკვეველ სცენარს ათამაშებენ"

საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ "რუსთავი-2"-ის ეთერში სკანდალური განცხადება გააკეთა: "ჩემი ინფორმაციით, ფარულად გაკეთდა ზურაბ ჟვანიას გვამის ექსჰუმაცია, ექსპერტიზა ჩატარდა და არაფერი აღმოჩნდა". მისივე თქმით, "საქმის გამოძიების პირველადი ვერსია სწორია და მისი საპირისპირო მტკიცებულებები არ არსებობს".

შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია ჟვანიას ცხედრის ფარული ექსჰუმაციის შესახებ, ამის გარკვევა მთავარ პროკურატურაში ვცადეთ, თუმცა ამაოდ.

"ყველაფერი პოლიტიკური თამაშია. დავიღალე, როდესაც საყვარელი ადამიანის
სხვადასხვა კონტექსტში მოხსენიებას ვისმენ, ამიტომ გადავწყვიტე, ამ თემაზე კომენტარი აღარ გავაკეთო", - გვითხრა ექსპრემიერის მეუღლე ნინო ქადაგიძემ.

გოგლა ჟვანია:
- ზურას საფლავი ხალხმრავალ ადგილას, დიდ­უბის პანთეონშია,­ გარშემო კორპუსებია და შეუძლებელია ისე ჩატარებულიყო ეს პროცედურა, არავის შეემჩნია. ზოდელავას განცხადების მიზანია საზოგადოების დეზინფორმირება. დედაჩემი ყოველდღე დადის ზურას
საფლავზე, ერთი დღე არ გამოუტოვებია და გადათხრილ საფლავს ვერ ნახავდა?

- ოპონენტების თქმით, ჟვანიას საქმეში­ გამოსაძიებელი აღარაფერია.

- ტყუილ-მართალს გამოძიება დაადგენს, მისი დასრულების ვადებზე კი აღარ მინდა ლაპარაკი, ვინაიდან რამდენჯერაც ვადა გავავრცელე, არ გამართლდა.

- არაერთხელ გითქვამთ, რომ ექსჰუმაცია აუცილებლად ჩატარდება უცხოელ ექსპერტებთან ერთად. როდის მოხდება ეს?

- ექსჰუმაცია აუცილებლად ჩატარდება უცხოელი ექსპერტების თანდასწრებით. დათვალიერების შედეგად, შესაძლოა, ზურას თავზე აღმოჩნდეს მიკრობზარები (მე არც მითქვამს, რომ მაინცდამაინც თავი ჰქონდა გატეხილი), ექსჰუმაციით საინტერესო რაღაცების გამოკვლევა შეიძლება.

ხათუნა ხოფერია, ზურაბ ჟვანიას მეგობარი: -
ხვდებით, ალბათ, როგო­რი აბსურდია. "ნაციონალებს"­ რაღაც გაჭირვება აქვთ და გაურკვეველ სცენარს ათამაშებენ.

ლევან ჩაჩუა, ზურაბ ჟვანიას საქმის ექსპერტი: -
ექსჰუმაცია საგამოძიებო მოქმედებაა, მას ექსპერტები იკვლევენ და ფარულად გაკეთება შეუძლებელია. ამასთან, სასაფლაო ქალაქის ცენტრშია, საფლავი კი ღობიდან 8 მეტრში.
რომელი უცხოელი ექსპერტი დათანხმდება ასეთ საიდუმლო საქმეში და არანორმალურ სიტუაციაში მონაწილეობას?! თუ ქართველ ექსპერტებს არ მიაღებინებდნენ მონაწილეობას, მორგი ხომ მაინც უნდა გამოეყენებინათ, გვამს პროზექტურაში გადაასვენებდნენ, იქვე ხომ არ გაკვეთდნენ? ამოთხრილი საფლავი ძველ მდგომარეობას რომ დაუბრუნდეს, თვეები სჭირდება. თუ ამოთხარეს, მეორე დღესვე ისევ ისეთი ფორმა როგორ მისცეს? იმაშიც არა ვარ დარწმუნებული, რომ ექსპერტები, რომლებიც საზღვარგარეთიდან ჩამოვლენ, ერთ დღეში ჩაატარებენ გამოკვლევას. კარგი იქნება, თუ ექსჰუმაცია ჩატარდება, თუმცა ამდენი წლის შემდეგ შენარჩუნებული იქნება მხოლოდ ძვლოვანი სტრუქტურა და ნახავენ, რომ გვამზე ძვლოვანი პათოლოგია არ შეინიშნება.

- მოწამვლის დადგენა შესაძლებელია?

- ჩემთვის არ არის ცნობილი გამოკვლევის ისეთი მეთოდიკა, რომელიც ძვლის მიხედვით CO-ს არსებობას დაადგენდეს. ერთადერთი, რაც ექსჰუმაციით შეიძლება დადგინდეს, ძვლოვანი ქსოვილის ტრავმის აღმოჩენაა. მითქვამს და კვლავ ვიტყვი, რომ ზურაბ ჟვანიას გვამზე დაზიანება არ ყოფილა.

ნანა ფიცხელაური
mari
16 დეკემბერი 2016 13:11
ეგეთები უთქვამს მურთაზ ზოდელავას?
mari
16 დეკემბერი 2016 10:44
დაასვენონ ცხონებული საფლავში მაინც.
,რაც მოხდა მოხდა კაცი აღარ არის და საიდუმლო ღმერთმა უწყის.

რედაქტორის რჩევით