"ხარჯების 10%-ით შემცირება არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ კადრების ხარჯზე მოხდება"
19-12-2016
"ხარჯების 10%-ით შემცირება არ ნიშნავს, რომ ეს მხოლოდ კადრების ხარჯზე მოხდება"
ხარჯების ორი მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხ­ებთ. ამაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება...

მიიღებს თუ არა საქართველო ვიზალიბერალიზაციას მომავალი წლის დამდეგს, როგორ აისახება ეკონომიკური ცვლილებები მოქალაქეების ყოფაზე, რატომ არ გაითვალისწინა პრეზიდენტის ინიციატივა საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობის შესახებ და რამდენად მძიმეა ქვეყნის #1 დეპუტატის სტატუსი, "კვირის პალიტრის" კითხვებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ექსკლუზიურად პასუხობს:

- ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, საინტერესოა, რამდენად დიდია ალბათობა იმისა, რომ მომავალ წელს საქართველოს მოქალაქეებს­ ევროპაში
მიმოსვლა უვიზოდ შეეძლებათ?

- ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროკავშირში ჩვენი პარტნიორების განცხადებები, რომ საქართველო აუცილ­ებლად მიიღებს ვიზალიბერალიზაციას, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერი გადალახულია და ახლა უნდა გვქონდეს მოლოდინი, რომ 2017 წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპაში უვიზო მიმოსვლის საკითხი საბოლოოდ გადაწყდება.
მსგავსი წარმატებები მთავრობის ყოვე­ლდღიური
საქმიანობის შედეგია, პრემი­ერის ვიზიტმა კი განსაკუთრებული როლი შეასრულა პროცესში საქართველოს როლის გამოკვეთაში. ამ წარმატების ფონზე­ ­საფუძველს მოკლებულია ოპოზიციის განცხადებები, რომ ხელისუფლება საგარეო მიმართულებით პასიური გახდა. პირიქით,­ 2012 წლის შემდეგ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

- თუმცა საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხის გადაწყვეტა მაინც ე. წ. შეჩერების მექანიზმის ფონზე მიმდინარეობდა...

- ზოგადად, ვიზალიბერალიზაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას­ ყველა ასპექტი გათვალისწინებულია, მათ შორის, ნეგატიურიც. ჩვენი ამოცანა ვალდებუ­ლებების შესრულება იყო, რაც სათანადოდ განვახორციელეთ.

- ფიქრობთ, რომ ეს საერთაშორისო წარმატება რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე შესაბამისად აისახება, მით უმეტეს, იმ ეკონომიკური პაკეტის ფონზე, რაც მთავრობამ ცოტა ხნის წინ წარმოადგინა?

- მთავრობას ეკონომიკური განვითარების მკაფიო ხედვა აქვს, რომელიც პრემიერის მიერ წარმოდგენილ ოთხპუნქტიან გეგმაშია ასახული. რა თქმა უნდა, შეგვეძლო მკვეთრი ეკონომიკური ნაბიჯები არ გადაგვედგა, თუმცა ასეთ შემთხვევაში რეგიონში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს შევინარჩუნებდით. მართალია, ეს რეგიონში არსებული ეკონომიკური ვითარების ფონზე ცუდი არ იქნებოდა, თუმცა საქართველოს დღეს საშუალო მაჩვენებელი კი არა, სწრაფი ეკონომიკური განვითარება სჭირდება. მოგეხსენებათ, ეკონომიკური ცვლილებები რეინვესტირების შემთხვევაში მოგების გადასახადის შემცირებას ითვალისწინებს, რომლის ფარგლებშიც ალტერნატიული რეფორმების გატარების აუცილებლობაც დადგა, რათა საბიუჯეტო დეფიციტი მაქსიმალურად შეგვემცირებინა.

გადასახადის შემცირება საბიუჯეტო დეფიციტის გაზრდას, შემოსავლების შემცირებას გულისხმობს, რასაც დაბალანსება სჭირდებოდა. ეს ჩვენი უცხოელი პარტნიორების, მათ შორის, სავალუტო ფონდის რეკომენდაციაც გახლდათ - ეკონომიკური განვითარების ამბიციური გეგმის წყალობით იმედი გვაქვს, რომ ეკონომიკური ზრდის ყოველწლიურ მაჩვენებელს რამდენიმე პროცენტით გავზრდით.

- თუმცა 2017 წლის ბიუჯეტი მხო­ლოდ 4%-იან­ ზრდაზეა გათვლილი, თანაც მა­სში პენსიე­ბის ზრდაც არ არის გათვალისწ­ინებული და როგორც თავიდანვე დაანონსდა,­ საყოველთაო­ დაზღვევის ბენეფიციართა რაოდ­ენობაც შემცირებულია. თუ იზიარებთ იმ ექსპ­ერტებისა და ოპოზიციის მოსაზრებებს, რომლებიც ეკონომიკური ფონის გაუარესებას აანო­ნსებენ?­

- ბიუჯეტის განხილვამდე სამთავრობო გუნდსა და საპარლამენტო გუნდს შორის შედგა კონსულტაციები. ჩვენ სიღრმისეულად­ განვიხილეთ ბიუჯეტის­ პროექტი და სწორედ ამ განხილვის საფუძველზე დავუჭირეთ დოკუმენტს მხარი. რაც შეეხება ხარჯებსა და შემოსავლებს, მათ შორის გადასახადების ზრდას გარკვეულ კომპონენტში, ეს იყო განპირობებული იმ რეფორმით, რომელიც გატარდა საქართველოს მთავრობის ინიციატივით. რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის შემუშავებისას­ განვსაზღვრეთ, რომ პირველი წელი ეფექტს არ მოგვცემდა, თუმცა რეა­ლ­ურია ყოველწლიურად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის თანდათანობით ზრდაზე საუბარი.
მთავრობის გეგმა პოზიტიურ ეფექტზეა გათვლილი, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ შედეგს უახლოეს მომავალში ვიგრძნობთ.
რეგიონული კონტექსტიც სახარბიელო არ არის, შესაბამისად, მომავალ წელს საერთო ვითარების გაუმჯობესებას არ ველოდებით, რაც ჩვენს ქვეყანაზეც შესაბამისად აისახება. თუმცა მაინც ვიმედოვნებთ, რომ წლიდან წლამდე ეკონომიკური მაჩვენებელი როგორც რეგიონში, ისე საქართველოშიც, ხელისუფლების ძალისხმევით გაიზრდება, პენსიების შემდგომი ზრდა კი ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე იქნება დამოკიდებული.

- არადა, 2017 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და ისევ მოგიწევთ ამომრჩეველთან ნდობის მოსაპოვებლად მისვლა.

- საპარლამენტო არჩევნების წინაც ბევრი ამბობდა, რომ ამომრჩეველი ნდობას არ გამოგვიცხადებდა, თუმცა ყოველმა მეორე ამომრჩეველმა ხმა "ქართულ ოცნებას" მისცა. ადგილობრივი არჩევნებისთვისაც ოპტიმისტური პროგნოზი გვაქვს - დამაჯერებელ გამარჯვებას მოვიპოვებთ.

- მკვეთრი ეკონომიკური ცვლილებების პარალელურად, საჯარო სექტორში მასობრივი ოპტიმიზაცია­ და კადრების შემცირება დაანონსდა. თუ მომ­ავა­ლი წელი ეკონომიკურად არც ისე სახარბიე­ლო იქნება, რას უპირებთ ამ ადამიანებს, თანაც ქვეყანაში მასშტაბური უმუშევრობის ფონზე?

- ოპტიმიზაციის გეგმა ადმინისტრაციული ხარჯების 10%-ით შემცირებას ითვალისწინებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ 10% მხოლოდ კადრების ხარჯზე უნდა შემცირდეს. ყველა სტრუქტურამ სპეციფიკიდან გამომდინარე უნდა გადახედოს რეალობას და ოპტიმალური ვარიანტი შეარჩიოს. თავად ოპოზიცია აცხადებდა, რომ ამ მიმართულებით სახელმწიფო სტრუქტურებში მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობდა. ამ მიმართულებით რეალური მაჩვენებლები აისახა ბიუჯეტის პროექტში­ - რესურსი უნდა შეიკვეცოს.

- პარლამენტში არ გეგმავთ ოპტიმიზაციას და ხარჯების შეკვეცას?

- ვფიქრობთ, ხარჯების ორი მილიონი ლარით შეკვეცას მოვახერხ­ებთ. ამაზე პარლამენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციები აქტიურად გაგრძელდება.

- და ხარჯების შეკვეცის ფარგლებში­ პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრა დღის წესრიგში არ დადგება?

- პარლამენტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას საკონსტიტუციო უმრავლესობის თანხმობა სჭირდება. ამ საკითხზე მსჯელობას მას შემდეგ დავიწყებთ, რაც საკონსტიტუციო კომისია შეიკრიბება.

- საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ თქვენ დასახელდით, თუმცა რატომ არ გაითვალისწინეთ პრეზიდენტის ინიციატივა მისი თანათავმჯდომარეობის შესახებ. არ ფიქრობთ, რომ მისი პროცესში უშუალო ჩართვა კომისიის ნდობის საკითხს ეჭვქვეშ არ დააყენებდა?

- დასანანია, რომ პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, არ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში. კომისია უახლოეს მომავალში დაიწყებს მუშაობას, უკვე წელს შედგება პირველი სხდომაც ფართო სპექტრით. ამ ფორმატში სხვადასხვა­ დაინტერესებული მხარეც­ იქნება წარმოდგ­ენილი. ჩვენი პოზიცია თავიდანვე დავაფიქსირეთ - საკონსტიტუციო ცვლილებებისას­ წამყვან როლს პარლამენტი ასრულებს. ერთადერთი ორგანო, რომლის წიაღიდან­ ინიცირებაა შესაძლებელი, სწორედ პარლამენტია. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ მუშაობა პარლამენტის­ დომინირებით წარიმართოს. მთავარია, პროცესში ყველა მხარის ჩართულობას უზრუნველვყოფთ, ვგულისხმობ როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას, ყველა კონსტიტუციურ ორგანოს, მათ შორის, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ასევე, არასამთავრობო სექტორსა და ექსპერტთა ჯგუფს. პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე იქნება და ეს შედეგის მიღწევის შესაძლებლობას მოგვცემს - კონსტიტუციას, რომელიც სრულ შესაბამისობაში იქნება კონსტიტუციური სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებთან. კომისიის დასკვნის საფუძველზე შემუშავდება საბოლოო ტექსტი და პარლამენტში განსახილველად შემოვა. ყველა დოკუმენტი გადაეგზავნება ვენეციის კომისიას, თუ თუნდაც ერთ ნორმაზე უარყოფითი დასკვნა გამოგვიგზავნეს, მას კონსტიტუციაში არ მივიღებთ.

- შეგახსენებთ, წინა მოწვევის პარლამენტში თქვენმა გუნდმა ვენეციის კომისიის უარყოფითი შენიშვნები არ გაითვალისწინა.

- იყო ფაქტები, როდესაც ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ნაწილობრივ გავითვალისწინეთ, თუმცა ეს საკონსტიტუციო ცვლილებებს არ შეეხებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ კონსტიტუციურ რეფორმაზე ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციას გავითვალისწინებთ.

- ისე, არაერთხელ აღნიშნეთ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში დავით უსუფაშვილის თავმჯდომარეობისას საკონსტიტუციო კომისია უმოქმედო იყო, თუმცა მაშინდელი ფორმატი დღესაც თქვენი გადაწყვეტილებით­ შეინარჩუნეთ. თუ ისევ გაჭიანურდა ცვლილებები, თავად აიღებთ პასუხი­სმგებლობას?

- დემოკრატია ნიშნავს, რომ გარკვეულ ცვლილებებს იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ველით. მთავარია, შედეგამდე კონსენსუსის ფარგლებში მივიდეთ და დახვეწილი დოკუმენტი მოვამზადოთ. ჩვენ წინა კომისიების ყველა უარყო­ფითი გამოცდილება გავითვალისწინეთ და ფორმატზეც ასე შევჯერდით. წინასწარ განსაზღვრული არც ერთი გადაწყვეტილება არა გვაქვს, ყველა ფართო განხილვების საფუძველზე უნდა მივიღოთ.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით