"პრეზიდენტი თავის ლოგიკას ეწინააღმდეგება"­
19-12-2016
"პრეზიდენტი თავის ლოგიკას ეწინააღმდეგება"­
"ქართული ოცნება" წინამორბედის სცენარს მიჰყვება"

საკონსტიტუციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე უარყოფითი პასუხის მიღების შემდეგ პრეზიდენტი და მისი ადმინისტრაცია ამავე კომისიაში ორი წარმომადგენლის შეყვანაზე უარს ამბობს და საკონსტიტუციო ცვლილებების საყო­ველთაო სახალხო განხილვებს აანონსებს.­ გამწვავდება­ თუ არა პრეზიდენტსა და მმართველ პარტიას შორის საკონსტიტუციო ცვლილებებზე მუშაობისას დაპირისპირება, "კვირის პალიტრის" კითხვებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი­ აბაშიშვილი პასუხობს:

- საპარლამენტო არჩევნებში მიღწეული წარმატების შემდეგ, "ქართულ ოცნებას" ჰქონდა შესაძლებლობა
დაემტკიცებინა, რომ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას მზად არის ფართო დისკუსიისთვის და ერთპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე, მოქმედებისგან თავს იკავებს. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტის შეთავაზებაზე უარი მივიღეთ, რითაც მართლაც კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ის გადაწყვეტილებები, რომელიც საკონსტიტუციო კომისიის ფარგლებში უნდა მიიღონ. მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარემ კომისიის ფორმატის შესახებ საზოგადოებას ისე ამცნო, რომ ამ ყველაფერს წინ კონსულტაციები არ უძღოდა.

- თუ
მმართველმა გუნდმა საკონსტიტ­უციო კომისიის თანათავმჯდომარეობაზე მარგველაშვილს უარი უთხრა, იქვე ითქვა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ორ წარმომადგენელს კომისიაში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემოდა. როგორც პარტიაში აცხადებენ­, საკონსტიტუციო კომისიაში მნიშვნელოვან როლს პარლამენტი ასრულებს, ამიტომ თავად თქვენი მოთხოვნა გახლდათ უცნაური.

- ამ ლოგიკას თუ გავყვებით, "ქართ­ულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობაც აქვს და საერთოდ რატომ იქმნება კომისია, თავადვე მიიღონ გადაწყვეტილება. პარლამენტის როლზე არავინ საუბრობს, პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა ფართო კონსენსუსის გამო შევთავაზეთ - თითოეული მოქალაქე უნდა გრძნობდეს, რომ გადაწყვეტილებები ხელისუფლების მრავალი შტოს ჩართულობით არის მიღებული. ამის უზრუნველყოფა "ქართულმა ოცნებამ" ვერ მოახერხა. თუ პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა მმართველი გუნდისთვის უცნაური აღმოჩნდა, იქნებ გვითხრან, რატომ რთავენ პრეზიდენტის ორ წარმომადგენელს კომისიაში?! დიახ, ჩვენ თავს ვიკავებთ კომისი­აში ჩართვისგან, თუმცა ვაანონსებთ სახალხო, საყოველთაო განხილვებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რასაც კომისიაში დააპირებენ.

- "ქართული ოცნებაც"­ აანონსებს საკო­ნსტიტუციო ცვლილებებზე ფართო განხილვის ფორმატს - კომისიაში ჩართვაზე უარის შემდეგ, გრჩებათ ბერკეტი, რომ ცვლილებებზე გავლენა მოახდინოთ?

- არაერთი საკონსტიტუციო კომისია შექმნილა, თუმცა დასამახსოვრებელი­ ფართო განხილვები ნამდვილად არ გვინახავს. ამ შემთხვევაშიც "ქართული ოცნება" წინამორბედის სცენარს მიჰყვება - როგორც "ნაციონალური მოძრაობის" დროს, ისე უსუფაშვილის თავმჯდომარეობისას, კომისია მხოლოდ ფიქცია და სიმბოლური გახლდათ, თუმცა ამჯერად, პრეზიდენტის ამოსავალია, რეალური სახალხო განხილვები მაქსიმალურად ავამუშაოთ.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ვისმენთ სპეკულაციებს"

ზაზა გაბუნია, უმრავლესობის წევრი:


- პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება თავის ლოგიკას ეწინააღმდეგება­ - საკონსტიტუციო კომისიის მუშაობაში ჩართულობა მნიშვნელოვანია, თუმცა უარს ვამბობთ ჩართვაზეო, ეს არის მათი განცხადებების მოკლე რეზიუმე. ცვლილებებზე მუშაობა დღეს გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს, თუმცა გაუგებარი მიზეზებით, პრეზიდენტი პროცესს ემიჯნება. ზოგჯერ მგონია, რომ მართლაც უხილავი ხელი ცდილობს დაპირისპირების ინსპირირებას სახელისუფლებო შტოებს შორის... ეჭვიც არ მეპარება, რომ პრეზიდენტსა და მის გუნდს სურს უკეთესი კონსტიტუცია გვქონდეს, თუმცა კითხვის ნიშნებს არაერთი ფაქტი აჩენს - თუ კონსტიტუციის გაკეთილშობილებაზეა საუბარი, რატომ არ იყენებს საამისოდ რეალურ შესაძლებლობას? მით უმეტეს, არაერთხელ გავუსვით ხაზი, რომ ჩვენთვის პრინციპულია ყველა ინსტიტუტმა მიიღოს კომისიის მუშაობაში მონაწილეობა. კომისიაში კი წარმოდგენილია სრულიად განსხვავებული სპექტრი, მათ შორის, ის პოლიტიკური ძალები, რომლებთანაც შესაძლოა დისონანსშიც ვართ, თუმცა ყველანი საკუთარ ინტერესებზე მაღლა უნდა დავდგეთ და ერთად მივიღოთ კონსტიტუცია, რომლის ცვლილებასაც პოლიტიკური­ ნიშნით ვერავინ შეძლებს. სამწუხაროა, რომ ამის გაცნობიერების ნაცვლად, პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ვისმენთ სპეკულაციებს, რაც ძირითადად უკავშირდება კომისიაში თანამდებობრივ საკითხს. მან, როგორც კონსტიტუციის გარანტმა, უარი თქვა ასეთ მნიშვნელოვან პროცესზე და ახლა ცდილობს კომისიის დისკრედიტაციას.

"გაუგებარია პრეზიდენტის დაჟინებული მოთხოვნა თანათავმჯდომარეობაზე"

რამაზ საყვარელიძე, პოლიტოლოგი:
- თუ პრეზიდენტს კომისიის გადაწყვეტილებაზე გავლენის მოხდენა სურდა, მის ორ წარმომადგენელს ნამდვილად ექნებოდა იმის წონა, რომ ამისთვის მიეღწია - გამოდის, მან უარი თქვა საკუთარ გავლენაზე კომისიაში. განსაკუთრებით გაუგებარია მისი დაჟინებული მოთხოვნა თანათავმჯდომარეობაზე, ეს ყველაფერი პიროვნულ მოთხოვნას ჰგავს. რაც შეეხება "ქართულ ოცნებას", როგორც ჩანს, იმ ფონზე, როდესაც გახმოვანებულია პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება, მარგველაშვილის კომისიაში თანათავმჯდომარეობა კიდევ უფრო დიდ პოლიტიკურ კონფლიქტს გამოიწვევდა და ამას მოერიდა. "ქართული ოცნების" წარმომადგენელთა მიერ წინასწარ ამ ცვლილების დაანონსება დაუფიქრებელი ნაბიჯი გახლდათ, თუმცა დაუფიქრებლად იქცევა პრეზიდენტის ადმინისტრაციაც, რადგან თუ ეს ცვლილებები რეალურად აისახა კონსტიტუციაში, ის მომავალ პრეზიდენტს შეეხება და არა გიორგი მარგველაშვილს.

რუსუდან შელია
ადამიანი
23 დეკემბერი 2016 13:52
პრეზიდენტი მაგარი ციყვი გვყავს რა :)
sigma
23 დეკემბერი 2016 13:19
აბსოლუტურად გაუგებარია, რაში გვჭირდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც კიდევ უფრო შეამცირებს დემოკრატიულობის ხარისხს, ხელისუფლების დაბალანსების შესაძლებლობებს, რა მნიშვნელობა აქვს ბათუმელი პარლამენტარი თბილისში ჩასულა და კახელი ქუთაისში, მაგრამ სვეტობისთვის თბილისი უკეთესია, რა თქმა უნდა, მაგას არ ჯობია იყოს ეს კონსტიტუცია და გამკაცრდეს კანონი ბიუჯეტის განიავებისთვის...
ნულოვანი ტოლერანტობა ბიუჯეტის ქურდებს...

რედაქტორის რჩევით