"ზოგ შემთხვევაში დანამატი ერთი წლის წინსწრებითაც გაიცემა" (?!)- საშტატო და შტატგარეშე რებუსი - კვირის პალიტრა

"ზოგ შემთხვევაში დანამატი ერთი წლის წინსწრებითაც გაიცემა" (?!)- საშტატო და შტატგარეშე რებუსი

როგორ აპირებს მთავრობა ხარჯების ოპტიმიზებას

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მთავრობის მიერ შრომის ანაზღაურების ხარჯების ოპტიმიზებაზე ანგარიში გაავრცელა, სადაც ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ გარკვეულ საბიუჯეტო ორგანიზაციებში სახელფასო ფონდი მნიშვნელოვნად აღემატება წლის განმავლობაში რეალურად დასაქმებულ მომუშავეთა საშტატო რაოდენობას. ამავე ანგარიშში მითითებულია, რომ სახელმწიფო უწყებებში პრემიის გაცემა სათანადო დასაბუთების გარეშე ხდება, დანამატების გაცემისას კი უწყებები შესაბამისი დოკუმენტებით ვერ ადასტურებენ დანამატების დანიშვნის მიზანშეწონილობას. გამოვლენილია როგორც პრემიის, ისე დანამატის თანამდებობრივ სარგოზე მეტი ოდენობით გაცემის ფაქტებიც. დეტალებზე "კვირის პალიტრას" სახელმწიფო აუდიტორის პირველი მოადგილე ნინო ლომჯარია ესაუბრა:

- 2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, სახელმწიფო უწყებების დაახლოებით 70%-ში სახელფასო ხარჯები მცირდება, თუმცა კანონში არ არის წარმოდგენილი, რამდენით მცირდება საჯარო მოხელეების რაოდენობა. შესაბამისად, ვერ მივიღეთ პასუხი, როგორ წარმოუდგენია მთავრობას სახელფასო ხარჯის შემცირება.

საჯარო მოხელეებისთვის ხელფასის შემცირების მომხრეები არა ვართ, თუმცა დიდი ხარვეზები ფიქსირდება პრემიებისა და დანამატების გაცემის თვალსაზრისით. თუ ეს აღმოიფხვრება, სახელმწიფო ბიუჯეტის თანხის დაზოგვას კადრების შემცირების გარეშე შეძლებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე რამდენიმე წელია სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს, მთავრობას ჯერაც არ წარმოუდგენია ბიუჯეტით გათვალისწინებული საშტატო რაოდენობა.

შტატები ბიუჯეტით გაბერილია, რეალურად დასაქმებულ პირთა რაოდენობა კი ხარჯებთან შედარებით ნაკლებია.

- ეს ნიშნავს, რომ ხელფასისთვის გამოყოფილი ჭარბი თანხა პრემიებისა და დანამატების გასაცემად აქვთ გათვალისწინებული?

- თანხა, რომელიც ბიუჯეტში რჩება, როგორც წესი, პრემიებსა და დანამატებზე ნაწილდება. ამ მხრივ კი დიდ პრობლემებს ვაწყდებით, რადგან ზრდის ტენდენცია შეიმჩნევა - სახელმწიფო დაწესებულებები თითქმის ვერასდროს ასაბუთებენ პრემიისა თუ დანამატის გაცემის საფუძველს. მეტიც, ზოგ შემთხვევაში დანამატი ერთი წლის წინსწრებითაც გაიცემა, რაც სრულიად ეწინააღმდეგება დანამატის გაცემის განაწესს. მართალია, 2014 წელს მთავრობამ მიიღო დადგენილება და პრემია-დანამატების გაცემის წესი თითქოს განისაზღვრა, თუმცა ბიუჯეტში დანამატების მოცულობა მაინც გაიზარდა. თავდაპირველად, პრემია დანამატმა ჩაანაცვლა, თუმცა ბოლო პერიოდში ორივე - პრემიისა და დანამატის გაცემა მასშტაბურად ფიქსირდება. ამიტომ 2017 წლის ბიუჯეტის კანონპროექტში გვქონდა რეკომენდაცია, ზუსტი საშტატო რიცხოვნობა დადგენილიყო, რაც ბიუჯეტში ასახულ ხარჯებს შეამცირებდა.

- რატომ არ გაითვალისწინა თქვენი რეკომენდაცია მთავრობამ?

- კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ, რაც მთავარია, არც პარლამენტი სთხოვს მთავრობას, ბიუჯეტში წარდგენილი საშტატო რიცხვი რეალურს შეესაბამებოდეს, ან ის მაინც განისაზღვროს, რამდენი დასაქმებული მოხელისთვის არის გათვალისწინებული სახელფასო ფონდი ბიუჯეტიდან. არსებობს არგუმენტი, რომ წლის განმავლობაში ვაკანსიები ცხადდება და დამატებითი თანხა სწორედ ამისთვის არის გათვალისწინებული, თუმცა ამ მიმართულებითაც შეუსაბამო ფაქტებს ვაწყდებით - ბიუჯეტში სახელმწიფო უწყებებისთვის ასეულობით დამატებითი შტატია გათვალისწინებული, თუმცა მისი შევსება წლების განმავლობაში არ ხდება. ეს უკვე ტენდენციად იქცა.

მთავრობას არ უთქვამს, რის ხარჯზე მოხდება სახელფასო ანაზღაურების შემცირება, თანამშრომელთა რაოდენობა შემცირდება თუ პრემია-დანამატები. ამიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, მთავრობისთვის კიდევ ერთხელ შეგვეხსენებინა რეკომენდაცია, რომ ხარჯები უფრო ოპტიმალურად შეამციროს და არა კადრების შემცირების ხარჯზე.

- ფინანსთა მინისტრის მოადგილემ თქვენს განცხადებას დაუსაბუთებელი უწოდა. რატომ გახდა მიუღებელი თქვენი კვლევა?

- კარგი იქნება, თუ გაგვაცნობს მოსაზრებას, რომელ ნაწილს არ ეთანხმება... უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უნდა დაუსვან კითხვა მთავრობას, რატომ აღემატება პრემია-დანამატები რამდენჯერმე სახელფასო სარგოს.

"იმაზე ბევრად მეტი ე.წ. შტატგარეშე თანამშრომელი ფიქსირდება, ვიდრე ლიმიტით არის განსაზღვრული"

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანალიტიკოსი გიგა ჩიხლაძე კი "კვირის პალიტრასთან" თავის მიერ ჩატარებულ კვლევაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო ბიუჯეტს მძიმე ტვირთად აწევს შტატგარეშე მოხელეები:"- შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის, სამუშაოს აღწერილობის თუ თანამდებობრივი სარგოს რეგულირება გაცილებით არაგამჭვირვალეა და, როგორც წესი, მთლიანად დამოკიდებულია ხელმძღვანელობაზე, რაც მისი ბოროტად გამოყენების რისკს ზრდის. შარშან ცენტრალური ხელისუფლების საბიუჯეტო ორგანიზაციებში საშტატო და შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობის თანაფარდობის შესასწავლად 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან გამოვითხოვეთ ინფორმაცია, რომელშიც შედიოდა ყველა სამინისტროს 3 ცენტრალური აპარატი, მნიშვნელოვანი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და საქვეუწყებო დაწესებულებები. 78 საბიუჯეტო ორგანიზაციიდან 63 ვერ აკმაყოფილებდა "სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონით დადგენილ ლიმიტს, შესაბამისად, იმაზე ბევრად მეტი ე.წ. შტატგარეშე თანამშრომელი ფიქსირდება, ვიდრე ლიმიტით არის განსაზღვრული.

"ბიუჯეტის შესახებ" კანონში ჩაწერილი ნორმა ლიმიტის შესახებ, როგორც ჩანს, ბარიერს არ წამოადგენს საბიუჯეტო ორგანიზაციისთვის, რომ მრავალჯერ გაზარდოს შტატგარეშე მოსამსახურეთა რიცხოვნობა.

თუ სახელმწიფო ოპტიმიზაციას დაიწყებს, პირველ რიგში, ამით უნდა დაინტერესდეს.

"ხარჯების შემცირება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიწყება"

ვალერიან გორგილაძე, ექსპერტი: - წარმოუდგენელია სისტემური რეფორმის გატარება, თუ ხარჯვითი ნაწილი ბიუჯეტში არ შემცირდება. შესაძლოა, იმის გამო, რომ წინ ადგილობრივი არჩევნებია, მმართველი გუნდი მკვეთრ შემცირებას ერიდება.

სახელმწიფო სტრუქტურების სსიპ-ებსა თუ აიპ-ებში მრავლად არიან დასაქმებული ის პირები, რომლებიც საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობენ.

ვფიქრობ, სახელმწიფო უწყებებში ხარჯების შემცირება ადგილობრივი არჩევნების შემდეგ დაიწყება. ნებისმიერი რეფორმა შოკებთან არის დაკავშირებული, ამიტომ მთავრობამ ეკონომიკური პრობლემების განსამარტად საზოგადოებას უნდა აუხსნას, რომ დოლარი მთელ მსოფლიოში მყარდება, შესაბამისად, ეს ტენდენცია მომავალ წელს ჩვენს ქვეყანასაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დააყენებს.