რატომ შეხვდნენ "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტს - კვირის პალიტრა

რატომ შეხვდნენ "თავისუფალი დემოკრატები" პრეზიდენტს

"პრეზიდენტს გავანდეთ, რომ თებერვალში ვაპირებთ ყრილობის ჩატარებას და თავმჯდომარის კანდიდატურად შალვა შავგულიძეს წამოვაყენებთ"

შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი "კაბელების საქმეზე" ბრალდებულებს? გასულ კვირას "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლები გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ, პრეზიდენტმა სტუმრები დუშეთის აგარაკზე მიიღო. რატომ დაინტერესდა პრეზიდენტი ამ თემით და სხვა რა საკითხებზე ისაუბრეს, "კვირის პალიტრას" "თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ნინო გოგუაძე ესაუბრა.

- "კაბელების საქმე" თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ თემად მიმაჩნია. ყველა არასამთავრობო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ამ საქმის გამო დაკავებულები უკანონოდ სხედან ციხეში და მათი დანაშაული არ იკვეთება. იგივე დაწერა სახალხო დამცველმაც თავის ანგარიშში.

- სააპელაციო სასამართლოში სხდომის გადადებასაც პოლიტიკური მოტივით ხსნით?

- არ დავიწყებ პოლიტიკურ სპეკულაციებს, თუმცა ეჭვი, შესაძლოა, გამიჩნდეს, მაგრამ ვცდილობ, სასამართლოს, როგორც ინსტიტუციას, პატივი ვცე... რა თქმა უნდა, გასულ კვირას მოსამართლეს შეეძლო სხდომა დაესრულებინა, მან კი მომდევნო სხდომა 2017 წლის 16 იანვარს დანიშნა, როცა პროცედურულად ყველაფერი უკვე დასრულებულია და მხოლოდ ბრალდებულების სიტყვა დარჩა მოსასმენი. თანაც, შესაძლოა, მათ არც არაფერი თქვან, სხდომა კი მაინც გადაიდო... შემდეგ, ალბათ, გაჭიანურდება გადაწყვეტილების გამოცხადებაც. ფაქტობრივად, დაუსრულებელ ჯოჯოხეთში ვართ. ძალიან მძიმეა თითოეული დღე, რომელსაც ეს ადამიანები გადაწყვეტილების მოლოდინით ატარებენ ციხეში, თანაც დაუმსახურებლად, ამას მათი ოჯახის წევრები და ახლობლები უზომოდ განიცდიან.

- გასულ კვირას, სანამ კაბელების საქმეზე მორიგი სხდომა გაიმართებოდა, პრეზიდენტს შეხვდით. გიორგი მარგველაშვილს მათი შეწყალება სთხოვეთ?

- ჩვენ არ გვითხოვია პრეზიდენტისთვის, რომ ეს ადამიანები შეიწყალოს. ეს პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა და მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ. ის კი მართალია, რომ მე და შალვა შავგულიძემ მარგველაშვილთან შეხვედრა მოვითხოვეთ. ბატონი პრეზიდენტი, გარდა იმისა, რომ უმაღლესი თანამდებობის პირია, ჩვენი დიდი ხნის თანამებრძოლიც არის. ოპოზიციაში ყოფნის საერთო ბიოგრაფია გვაქვს და ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფოს ღირებულებები გვაკავშირებს. მან თავად მოისურვა, რომ ამ შეხვედრას "კაბელების საქმეზე" დაკავებულთა ადვოკატი, სოსო ბარათაშვილიც დასწრებოდა. აქედან გამომდინარე, შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი ამ საქმის დეტალებით თავადაც დაინტერესდა... თუმცა ეს არ იყო ერთადერთი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ. არაერთი თემა განვიხილეთ, მათ შორის, გასულ არჩევნებთან დაკავშირებული. ვისაუბრეთ იმ პროცესებზე, რაც "თავისუფალ დემოკრატებში" მიმდინარეობს და გეგმებზე, თუ როგორ ვაპირებთ პარტიის გაძლიერებას... ქვეყანაში მიმდინარე ყველა მნიშვნელოვან მოვლენას შევეხეთ.

- შეგიძლიათ დაგვიზუსტოთ, რომელ თემებზე დაემთხვა თქვენი მოსაზრებები?

- წუხილი გამოვხატეთ იმის გამო, რომ პარლამენტი არ არის მრავალპარტიული და, ფაქტობრივად, ისევ ორპოლუსიანია. ვთქვით, რომ უსამართლო საარჩევნო კოდექსის გამო "ქართული ოცნების" 49%-იანი მხარდაჭერა (პლუს 3%-იანი გაყალბებით) საკონსტიტუციო უმრავლესობად "ითარგმნა"... თუმცა ისიც აღვნიშნეთ, რომ არჩევნების ლეგიტიმაცია ეჭვქვეშ არ დაგვიყენებია. რა თქმა უნდა, პრეზიდენტმაც ჩვენს პარტიაში მიმდინარე პროცესები დადებითად ვერ შეაფასა. ფაქტობრივად, ჩვენ ერთმანეთს წუხილი გავუზიარეთ...

- საკონსტიტუციო კომისიის შექმნასთან დაკავშირებულ საკითხებს არ შეეხეთ?

- დიახ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ გამოვხატეთ. ამ კომისიაში პრეზიდენტის თანათავმჯდომარეობა გაცილებთ მეტ ლეგიტიმაციას შესძენდა მის მუშაობას, ვინაიდან ის ყველაზე მაღალი ლეგიტიმაციის მქონე ხალხის არჩეული პირია. ასე რომ, ეს პროცესი იმის იმედს არ გვისახავს, რომ საკონსტიტუციო კომისია კონსენსუსისთვის შეიქმნება და მეტი ადამიანის, პარტიისა თუ ექსპერტის მოსაზრებას გაითვალისწინებს. სრული აბსურდია ის, რაც "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა გამოაცხადეს. თქვეს, რომ საქართველოში ტრადიციულად საკონსტიტუციო კომისიას პარლამენტის თავმჯდომარეები ხელმძღვანელობენ. არადა, თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, ჯერ პრეზიდენტი იყო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე, შემდეგ კონსტიტუციონალისტი (იგულისხმება ავთანდილ დემეტრაშვილი), მხოლოდ 2012 წლის მოწვევის პარლამენტში შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომლის ხელმძღვანელიც მაშინდელი პარლამენტის თავმჯდომარე გახდა და რა ხეირი მოგვიტანა მისმა მუშაობამ, კარგად ვხედავთ... ასე რომ, საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის წარდგენას ტრადიციად რატომ ასაღებენ, ვერ გავიგე.

სამწუხაროა, რომ "ქართული ოცნება" კონსენსუსის გზით არ მიდის... თუკი ეს კომისია ვერ შემოგვთავაზებს მექანიზმს, რომლითაც განსხვავებული აზრი დაცული იქნება და საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც პარლამენტი მიიღებს, რა აზრი აქვს მის შექმნას?! "ქართულ ოცნებას" ისედაც აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ "ქართულმა ოცნებამ" ტრადიცია არ დაარღვია და იმ გზით წავიდა, რომლითაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე პარტიები მიდიოდნენ საქართველოში. ეს გზა დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებამდე ვერ მიგვიყვანს.

- ალბათ, მარგველაშვილთან როგორც თქვენი პარტიის, ისე პრეზიდენტის მომავალზეც ისაუბრეთ... 2018 წელს მისი საპრეზიდენტო ვადა იწურება, მანამდე კი, შესაძლოა, პრეზიდენტის არჩევის წესიც შეიცვალოს.

- პრეზიდენტის გეგმებზე არაფერი თქმულა, ჩვენი პარტიის მომავალზე კი ვისაუბრეთ. პრეზიდენტს გავანდეთ, რომ თებერვალში ვაპირებთ ყრილობის ჩატარებას და თავმჯდომარის კანდიდატურად შალვა შავგულიძეს წამოვაყენებთ.

ეკა ასათიანი