"ბაბა იაგას" ქოხი - კვირის პალიტრა

"ბაბა იაგას" ქოხი

პოლონეთის პრეზიდენტის დაღუპვით კაჩინსკის ოჯახის წევრების შემდეგ პირველი, ვინც დაობლდა, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო. ბოლო დროს სააკაშვილი ძალიან მეცოდება, - სულ რამდენიმე თვეში ერთმანეთის მიყოლებით დაკარგა ორი ყველაზე ერთგული მოკავშირე - იუშჩენკო და კაჩინსკი.

ერთი იმის გამო, რომ მოსახლეობამ არ აირჩია და მეორე კი  განგებამ არ დაინდო. ეს ორი ადამიანი ყოველთვის მზად იყო საქართველოს მხარდასაჭერად. მათ სააკაშვილი ისეთი მოსწონდათ, როგორიც არის. ჩვენსავით კი არ უკირკიტებდნენ და უმოწმებდნენ, ცხვირს ხელით იხოცავს თუ მკლავით; ან ცენტრალური ევროპის ქვეყნებივით დემოკრატიის ხარისხს სანტიმეტრებით კი არ უზომავდნენ, უბრალოდ გვერდში ედგნენ. ვინ თქვა, პოლიტიკაში მეგობრობა არ არსებობსო. ეს ურთიერთობა ნამდვილად იყო მეგობრობის ნიმუში.

რა თქმა უნდა, იყო ინტერესთა თანხვედრაც, მაგრამ საქართველო ვერასოდეს მისცემდა პოლონეთსა და უკრაინას იმდენს, რამდენსაც პოლონეთი და უკრაინა - საქართველოს. იუშჩენკო მზად იყო, დაუღალავად ეცეკვა სვანური მესტიის ცენტრში, როცა სააკაშვილი სთხოვდა, კაჩინსკი მზად იყო ახალგორში შუბლი ტყვიისთვის მიეშვირა და ეჭვიც არ შეჰპარვოდა, რომ ეს ტყვია რუსების ნასროლი გახლდათ. მათი მხარდაჭერა ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

ჩვენ შეგვიძლია ყველა მოვლენაში რუსეთის ხელი ვეძებოთ, მაგრამ მე უფრო ფატალურ უიღბლობას ვხედავ. სააკაშვილისთვის საერთაშორისო ასპარეზზე უიღბლობა ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. პირველი და ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ მაშინ მიიღო, როდესაც ამერიკელმა ხალხმა მაკკეინის მაგივრად აირჩია ობამა, რომელსაც, მაკკეინისა და იუშჩენკოსგან განსხვავებით, არასოდეს უცეკვია მესტიის შუაგულში.

აქ რუსეთის ხელს ნამდვილად ვერ დავინახავთ. შემდეგ მიჰყვა და მიჰყვა, იუშჩენკო, კაჩინსკი... ამერიკის არჩევნების შემდეგ ქალბატონი ფორტუნა ჩვენთვის რუსული ზღაპრის გმირად იქცა. იგი როგორც "ბაბა იაგას" ქოხი სააკაშვილის საქართველოსკენ უკანალით შემოტრიალდა, რუსეთისკენ კი - სახით... და რაც უნდა არ მოგვწონდეს სააკაშვილი, ეს არ გაგვიხარდება.

კიდევ ბევრჯერ მომელოცოს!

როდესაც 2009 წლის თებერვალში "პირველი არხიდან" წამოსვლა გადავწყვიტე, დიდხანს ვფიქრობდი, სად შეიძლებოდა წავსულიყავი. ტელევიზიიდან სწორედ იმ მიზეზით მოვდიოდი, რომ არ მსურდა, ვიღაცის პოლიტიკური თამაში მეთამაშა. არ მსურდა მე, ჟურნალისტი, ვიღაცას პროპაგანდისთვის გამოვეყენებინე. ამიტომ ისეთ ადგილზე უნდა წავსულიყავი, სადაც ეს საშიშროება არ მელოდა.

არადა, საქართველოში ასეთი ადგილი დღეს ჟურნალისტისთვის ძალიან ცოტაა.  ძალიან ცოტაა მედიასაშუალება, რომელსაც მხოლოდ კომერციული ინტერესები აქვს და არაფერი სხვა (ეს განსაკუთრებით ტელევიზიებზე ითქმის). სწორედ ამ ნიშნით ავარჩიე რადიო "პალიტრა" და გაზეთი "კვირის პალიტრა". ამიტომაც მინდა, მთელი გულით მივულოცო უკვე ჩემს გაზეთს 15 წლის იუბილე. გაზეთი "კვირის პალიტრა" ჩემს ცხოვრებაში უკვე იმდენი ხანია არსებობს, არც მეგონა, ასეთი ახალგაზრდა თუ იყო. ასე მგონია, რაც თავი მახსოვს, ეს გაზეთი სულ არის.  არადა, ჯერ სულ 15 წლის ყოფილა. კიდევ ბევრჯერ მომელოცოს!