"საქმე აქამდე რომ მივიდა, ამაზე სააკაშვილია პასუხისმგებელი" - ვინ შედიან "ნაცმოძრაობის" ГКЧП-ში?! - კვირის პალიტრა

"საქმე აქამდე რომ მივიდა, ამაზე სააკაშვილია პასუხისმგებელი" - ვინ შედიან "ნაცმოძრაობის" ГКЧП-ში?!

"სამშობლოს ვუღალატეთ, სახელმწიფო საიდუმლოება გავეცით, თუ რა გავაკეთეთ"?

"ნაციონალურ მოძრაობაში" ვითარება ყოველდღიურად იძაბება და ურთიერთბრალდებებს და კრიტიკულ შეფასებებს პარტიის ლიდერები ერთმანეთს სოციალური ქსელებისა და ტელევიზიის მეშვეობით უთვლიან.

ბოკერიას გუნდად წოდებული ჯგუფი პოლიტსაბჭოს მოწვევას და ყრილობის გადადებას ითხოვს, თუმცა ამის წინააღმდეგი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მისი მომხრეები არიან. მათი გადაწყვეტლებით, პოლიტსაბჭო უნდა ჩამოშორდეს პროცესს და ყრილობა სპეციალურმა კომისიამ უნდა მოამზადოს, რომელსაც ე.წ. "ნაცმოძრაობის" რეფორმატორებმა, რომელსაც სააკაშვილმა "პეროიანები" უწოდა, ГКЧП უკვე შეარქვეს.

"24 წლის და ცოტა მეტი ხნის წინ. დღეს იგივე ვითარებაა ენმ. თანამედროვე გეკაჩეპე - წიკლაური, ხერხეულიძე, კალანდაძე, ცისკარიშვილი, მელიქიშვილი და კირკიტაძე. ყრილობის საორგანიზაციო კომისია, რომელმაც თავისი თავი დაასახელა, არავის ემორჩილება და თვითომ იღებს ყრილობის შესახებ ყველა გადაწყვეტილებას. ამ დროს წესდების თანახმად, ეს ყოველივე პოლიტიკურ საბჭოს ევალება. აი , ასე ჭეშმარიტად "გახსნილად და დემოკრატიულად" დამთავრდა ესე საგა "კაბინეტური მმართველობის წინააღმდეგ" ბრძოლისა. ჭირი იქა ლხინი აქა, ქატო იქა ნაცარი აქა", - დაწერა "ფეისბუკის" პირად გვერდზე ჯერ კიდევ პარტიის წევრმა ლევან თარხნიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძე თანაგუნდელებს 20 იანვარს დანიშნული ყრილობის გადადება კიდევ ერთხელ შესთავაზა:

"გადავდოთ ეს ყრილობა, რომელიც ასეთ წინააღმდეგობრივ ფონზე ტარდება, ამხელა ემოციებს იწვევს. გადავდოთ, დავსხდეთ, დავწყნარდეთ, დავილაპარაკოთ და ვეცადოთ, რომ მომავალი და ერთიანობა შევინარჩუნოთ".

მას მალევე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი და განაცხადა, რომ ყრილობის გადადების საფუძველს ვერ ხედავს.

" 20 იანვარს უნდა ჩატარდეს ყრილობა ცივილიზებულად და ურთიერთპატივისცემის პირობებში და პარტიის მართვა დაუბრუნდეს მის აქტივს. ყრილობის გადადების ყველანაირი მცდელობა იმ ხალხის მხრიდან, რომელიც ჩქარობდა ყრილობის მოწვევას უკვე 27 დეკემბერს, საფუძველს მოკლებულია. მე ყოველ დღე ვერთვები ჩვენს ათასობით აქტივისტს მთელს საქართველოში და კარგად ვიცი, რომ ისინი მზად არიან ყრილობის მაღალ დონეზე ჩასატარებლად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სწორედ პარტიული აქტივის სახელით იმ დეპუტატებს, ვინც ბოკერიას გუნდში მოიაზრება, მოსთხოვენ სადეპუტატო მანდატების დატოვებას.

შექმნილ ვითარებაზე გვესაუბრება პარტიის წევრი, დავით დარჩიაშვილი:

- პარტია დაიშლება თუ არა ვერ გეტყვით, მაგრამ სავსებით მოსალოდნელია, რომ პარტია გაიყოს და შესაბამისი, კანონდებლობით განისაზღვრება, ამის შემდეგ თუ როგორ გააგრძელებს მოღვაწეობას.

- ვრცელდება ინფორმაცია, რომ იმ დეპუტატებს, რომლებიც სააკაშვილის გუნდად არ განიხილებიან, მანდატებზე უარის თქმას მოსთხოვენ, თქვენი აზრით, თუ გაიყო პარტია, ახალი ჯგუფი პარლამენტშიც ცალკე ჯგუფად გააგრძელებს მოღვაწეობას?

- მგონი, ეს რიტორიკული კითხვაა, რადგან ასე ხდება პრაქტიკაში, როდესაც ორგანიზაცია იყოფა, ის ცალ-ცალკე აგრძელებს მუშაობას ყველა სტრუქტურაში, მათ შორის პარლამენტშიც.

- მიხეილ სააკაშვილის მომხრეების ნაწილი, მათ ვინც სააკაშვილს ემიჯნებით მოღალატეებს და ივანიშვილთან გარიგებულებს გიწოდებთ...

- ესაა სულელური ბრალდებები. ყველა ხედავს, რომ პარტიაში არის განხეთქილება, რომელსაც შინაარსობრივი მიზეზები აქვს და ამ განხეთქილების ფონზე ერთ ორგანიზაციად მუშაობა შეუძლებელი ხდება. მოღალატე რას ქვია, სამშობლოს ვუღალატეთ, სახელმწიფო საიდუმლოება გავეცით, თუ რა გავაკეთეთ? მთავარი იდეა არის ქვეყნის განვითარება და სახელმწიფოებრიობის აღდგენა საქართველოში. ესაა იდეა და ამ იდესიკენ სავალ გზებს, სხვადსხვანაირად თუ ხედავენ ადამიანები, ბუნებრივია, ისინი დაშორდებიან ერთმანეთს.

- ამ იდეის განხორციელების შემაფერხებელი ხომ არ გახდა მიხეილ სააკაშვილის ფატქორი?

- მიმაჩნია, საქმე აქამდე რომ მივიდა, ამაზე სააკაშვილია პასუხისმგებელი. ვფიქრობ, რომ "ნაციონალურმა მოძრაობა" ამთავრებს არსებობას იმ ფორმით და შემადგენლობით, რაც დღეს გვაქვს.

იხილეთ ასევე: სააკაშვილის "დიდგორი" 20 იანვარს სპორტის სასახლეში - სააკაშვილმა ბოკერიას პარტიის"ახევის" მცდელობა არ აპატია?!

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)