"მთელი ქართული პოლიტელიტა ღრმა კრიზისშია!"
26-12-2016
"მთელი ქართული პოლიტელიტა ღრმა კრიზისშია!"
"საქართველოს ხელისუფლებაში როლები და ფუნქციები სათანადოდ არ არის გაწერილი"

"ქართულმა ოცნებამ", ანუ კარგმა ადამიანმა ითამაშა ცუდი ბიჭის თამაშის წესებით"


რას გამოარჩევს 2016 წლის პოლიტიკური პროცესებიდან, რატომ ვერ მოხერხდა ამ წელს ოპოზიციური ფლანგის გაძლიერება და რა პროგნოზი აქვს 2017 წლისთვის, "კვირის პალიტრის" კით­ხვებს ექსპერტი გია ხუხაშვილი­ პასუხობს:

- 2016 წელი საკმაოდ მძიმე პროცესებით დაიწყო - ფარული ჩანაწერების გავრცელებას ვგულისხმობ. ფაქტი, რომ გამოძიება არ დასრულებულა, მიგვანიშნებს, რომ შესაძლოა, მათი გავრცელება ხელმძღვანელ თანამდებობაზე
მყოფი კონკრეტული ჯგუფის ინტერესში იყო, თუმცა ამ მხრივ საგანგაშო კიდევ ის არის, რომ "ქართულმა ოცნებამ" ბრძოლის ტაქტიკად ისევ ორპოლუსიანი საარჩევნო ტექნოლოგია შეარჩია - მან გამოიყენა ყველა ის მეთოდი, რასაც წინა მმართველები იყენებდნენ. კარგად გვახსოვს,­ ჯერ შევარდნაძე როგორ ქმნიდა ვირტუალურ დაპირისპირებას ასლან აბაშიძესთან, რაც მოგვიანებით, სააკაშვილმაც
ოპონენტებთან ბრძოლისას წარმატებით გააგრძელა. რბილად რომ ვთქვათ, ამან მესამე არჩევანის შესაძლებლობა ჩანასახშივე ჩაკლა, არადა, ყველა კვლევის მიხედვით, საზოგადოების უდიდეს ნაწილს არ მოსწონდა არც "ქართული ოცნება" და მის ალტერნატივად "ნაციონალური მოძრაობაც" ვერ წარმოედგინა.

- დავუშვათ, მმართველი პარტიის მთავარი მიზანი მართლაც ორპოლუსიანი პოლიტიკური პროცესი იყო, პარალელურად ხომ არაერთი ახალი ოპოზიციური ძალა თუ გაერთიანება ვიხილეთ, მათ შორის, პაატა ბურჭულაძის ირგვლივ. მხოლოდ ხელისუფლების სურვილმა განაპირობა მათი პოლიტიკური დამარცხება თუ თავად ვერ მოახერხეს ამომრჩევლის სათანადოდ მობილიზება?

- რეალურად მხოლოდ ხელისუფლებისა და "ნაციონალური მოძრაობის" კრიზისთან კი არ გვაქვს საქმე, საქართველოში მთელი პოლიტიკური ელიტა იმყოფება ღრმა კრიზისში და ეს წინასაარჩევნოდაც კარგად გამოჩნდა. პაატა ბურჭულაძის შემთხვევაში იყო წინააღმდეგობრივი მოქმედებები, ჯერ სხვა გუნდით წარდგა საზოგადოების წინაშე, მოგვიანებით, სრულიად განსხვავებულ პოლიტიკოსებზე გააკეთა არჩევანი - ეს თავიდან ბოლომდე გაუთვლელი წინასაარჩევნო კამპანია გახლდათ. ბურჭულაძესთან ერთად, პოტენციური პოლიტიკური ცენტრი ირაკლი ალასანიას ირგვლივ უნდა შექმნილიყო, თუმცა მის პარტიაშიც კრიზისი იმდენად მომწიფდა, რომ ხშირად ალასანია მის გაკონტროლებასაც ვერ ახერხებდა - ეს თვალსაჩინო მაშინ გახდა, როდესაც პოსტსაარჩევნო პერიოდში პარტიის მთელმა პოლიტიკურმა ელიტამ "თავისუფალი დემოკრატების" რიგები დატოვა.
სანამ ცაგარეიშვილი, აბაშიძე თუ სხვები ამ ნაბიჯს გადადგამდნენ, არც კი დაფიქრებულან იმ ახალგაზრდებზე, რომლებიც პარტიაში პოტენციურ პოლიტიკოსებად ყალიბდებოდნენ. იგივე მოხდა პაატა ბურჭულაძის შემთხვევაშიც.

- პირველი პარტიიდან თავად ირაკლი ალასანია წავიდა. ლიდერის გარეშე დარჩენილ­ თანაგუნდელებს სხვა ალტერნატივა ჰქონდათ? ამასთან, საინტერესოა, რა მოხდა ისეთი განსაკუთრებული ამ არჩევნებზე, რომ თითქმის ყველა ოპოზიციური ძალის ლიდერმა საკუთარი პარტია დატოვა?

- ირაკლი ალასანიას გადაწყვეტილ­ების გაგება ადამიანურად შემიძლია - ერთი მხრივ, მან წარუმატებლობაზე პასუხისმგებლობა თავად აიღო, მეორე მხრივ კი, შეეცადა საკუთარი წასვლით მოეხსნა ყველა ის პრობლემა, რაც მის პერსონას უკავშირდებოდა. მათ შორის, კაბელების საქმესაც ვგულისხმობ - მისი წასვლა იყო გზავნილი მმართველი ძალის მიმართ, თუ მე ვარ პრობლემა, მივდივარ და იქნებ ახლა პრობლემები დადებითად გადაწყდესო. ამ დროს კი, იმ ფონზე,
როცა ალასანიას თანაგუნდელების განცხადება პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით გაციებულიც კი არ იყო, მათ ხელისუფლებას საკუთარი სამსახური შესთავაზეს.

მძიმე სანახავი იყო, როგორ შეატოვეს მათ პარტია ნინო გოგუაძეს.

რაც შეეხება 2016 წლის საპარლამენტო­ არჩევნების განსაკუთრებულობას, ის წინა არჩევნებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ არ იყო ომი - 2012 წლის არჩევნებზე არაორდინარული მეთოდებით ვებრძოდით­ "ნაციონალურ მოძრაობას". 2016 წელს წინასაარჩევნო პროცესში ხელისუფლება ბევრად ცივილიზებულად გამოიყურებოდა, თუმცა მან ყველაფერი გააკეთა, რომ წინა ხელისუფლებას დამსგავსებოდა­ - გაკრიფა შუა! "ქართულმა ოცნებამ", ანუ კარგმა ადამიანმა ითამაშა ცუდი ბიჭის თამაშის წესებით, რაც სახელმწიფოებრივად საკმაოდ დამაზიანებელი გახლდათ. ასეთ პირობებში დამარცხებას კი, შესაძლოა, ხელისუფლებას შეჩვეულმა ლიდერებმა ვეღარ გაუძლეს.
დავით უსუფაშვილი სწორად მოიქცა, როდესაც "რესპუბლიკური პარტია" დატოვა - ეს ძალა მას პერსპექტივის შესაძლებლობას არ აძლევდა. ის ამბიციური, ავტორიტეტული და მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურაა და აქვს გარკვეული რესურსი, ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად ჩაერთოს.

მისი რანგის სახელმწიფო მოღვაწე, სამ­წუხაროდ, ბევრი არ გვყავს. უსუფაშვილის გარეშე დარჩენილი რესპუბლიკური პარტია" კი ინტელექტუალურ კლუბს უფრო დაემსგავსა, რომელსაც აქტიურ პოლიტიკაში დარჩენაზე ილუზია ნაკლებად უნდა ჰქონდეს.

- არჩევნების შემდეგ პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლება გვყავს, რომელიც, მართალია, ახლად შექმნილი კომისიის ფარგლებში ყველა საკონსტიტუციო ცვლილებაზე ფართო განხილვას აანონსებს, თუმცა ოპოზიცია მას უნდობლობას უცხადებს. თქვენი პროგნოზით, შეძლებს თუ არა დაქსაქსული ოპოზიცია 2017 წელს ხელისუფლებისთვის სათანადო ოპონირების გაწევას?

- დღეს წინა მოწვევის პარლამენტზე ოდნავ უკეთესი შემადგენლობა მივიღეთ, თუმცა ხელისუფლებაში უკვე შეინიშნება, რომ დიდი გაურკვევლობაა - როლები­ და ფუნქციები სათანადოდ არ არის გაწერილი. მაგალითად, მუსიკოსი დეპუტატი ეკონომიკაზე ლაპარაკობს, ეკონომიკის სპეციალისტი მღერის და ა.შ. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილებაც კი იქმნება, რომ კონკრეტული საქმით არავინაა დაკავებული.

ეს დიდი აჯაფსანდალი კი იმითაა განპირობებული, რომ რეალურად "ქართული ოცნება" მხოლოდ ახლა აცნობიერებს, რას გულისხმობს აბსოლუტური ძალაუფლება. დღეს ნებისმიერ საკითხზე რეალური ტვირთი და პასუხისმგებლობა მხოლოდ მათზეა.
თუ ადრე ჰქონდათ ფუფუნება "ნაციონალური მოძრაობის" 9-წლიან სისხლიან რეჟიმზე ესაუბრათ, დღეს ეს აღარ გამოსდით და ამას თავადაც ხვდებიან. "ქართული ოცნების" თაფლობის თვე დასრულდა და ახლა არც ისე სახარბიელო მდგომარეობაში არიან - წინ დიდი ეკონომიკური თუ სოციალური გამოწვევებია, რომელთან გამკლავებაც საკმაოდ რთული იქნება, მით უმეტეს, გუნდში არსებული პოლიტიკური აჯაფსანდალის პირობებში.

- და ამ გამოწვევებთან­ გასამკლავებლად უკვე დაანონსებული ეკონომიკური ცვლილებები არასაკმარისად მიგაჩნიათ?

- ხელისუფლებამ წარმოადგინა გეგმა, რომელიც კრიზისის მასშტაბს ვერ პასუხობს - ეს დაახლოებით იგივეა, დათვზე სანადიროდ "რაგატკით" რომ წავიდეთ.
უფრო ამბიციური გეგმისა და რეფორმის გატარებაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში მომავალი წლის გაზაფხულისთვის გარკვეული კრიზისი აუცილებლად ჩამოყალიბდება.

- საკმაოდ საინტერესოდ­ ვითარდება პროცესები "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც პოლიტსაბჭოს პარალელურად, მიხეილ სააკაშვილის ექვსმა მხარდამჭერმა დამოუკიდებლად საორგანიზაციო კომისია შექმნა - გივი თარგამაძის განცხადებით, ეს შიდაგადატრიალებაა, დავით დარჩიაშვილი კი აცხადებს, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" არსებობა დაასრულა.

- "ნაციონალურ მოძრაობას" მართლაც იმდენად მძიმე შიდა პრობლემები­ აქვს, რომ ისედაც დაზიანებულ პარტი­ის სახელს კიდევ უფრო აკნინებს. თანაც­ ამ გუნდის მთავარი მახასიათებელი, ერთი შეხედვით, ყოველთვის მისი ერთიანობა იყო, ახლა კი ვხედავთ ორად გაყოფილ პარტიას. ჩემი აზრით, 20 იანვრის ყრილობა პარტიაში არსებულ კიდევ უფრო ღრმა კრიზისს გამოავლენს. არადა, წინ თვითმმართველობის არჩევნებია და სახელმწიფოსთვის საზიანოა "ქართულმა ოცნებამ" ძალაუფლება რეგიონებშიც სრულად საკუთარ მარწუხებში მოაქციოს.

- და ვინ წარმოგიდგენიათ­ ახალ პოლიტიკურ ძალად - მოქმედი პრეზიდენტი?

- იქიდან გამომდინარე, რომ წინ საპრეზიდენტო არჩევნებია, არ გამოვრიცხავ, მარგვე­ლაშვილის პოლიტიკური აქტივობა ბევრად შესამჩნევი გახდეს. თუმცა ვერც იმას ვხედავ, რომ მან საყრდენი მის ირგვლივ არსებულ პოლიტიკურ ელიტაში ეძებოს.

- ისე, კულუარებში დიდი ხანია მარგველაშვილისა და უსუფაშვილის პოლიტიკური ტანდემი განიხილება.

- შესაძლოა, სხვა პარტიები განიხილავენ, თუმცა არა მგონია, მარგველაშვილი ამ სცენარს განიხილავდეს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით