"სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილის ჯგუფი ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება"

ელენე ხოშტარია: "მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ვინც მას არ ემორჩილება, ყოფილი თანამებრძოლია"

პეტრე ცისკარიშვილი: "თარგამაძეს საორგანიზაციო კომისიის შექმნა თუ პარტიულ გადატრიალებად მიაჩნია, ეს მისი საქმეა"

"ნაციონალურ მოძრაობაში" მოქმედი ხელმძღვანელები პარტიულ გადატრიალებაზე ალაპარაკდნენ. გივი თარგამაძეს, პოლიტსაბჭოსგან დამოუკიდებლად, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების შექმნილმა ყრილობის საორგანიზაციო კომისიამ გკჩპ გაახსენა, დავით დარჩიაშვილმა კი განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამთავრებს თავის არსებობას. თავის მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა ზუგდიდში, პარტიის დელეგატებთან სკაიპით ჩართვისას გიგა ბოკერიას ფლანგი ყოფილ თანამებრძოლებად მოიხსენია და ისინი ბიძინა ივანიშვილთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. როგორც ამბობენ, 20 იანვრის ყრილობაზე მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასა და მისი მხარდამჭერებისგან საპარლამენტო მანდატების დატოვებას მოითხოვს იმ მოტივით, რომ ისინი "ნაციონალური მოძრაობის" ხმებს არ წარმოადგენენ. პარტიის ერთ-ერთი ახალი სახის - ელენე ხოშტარიასთვის გაუგებარია, განსხვავებული აზრის გამო რატომ ესხმის თავს თანაგუნდელებს მიხეილ სააკაშვილი:

- გაუგებარია, როდესაც განსხვავებული აზრის გამო თავს უსამართლოდ გესხმიან და მეტიც, მთავარ პოლიტიკურ ოპონენტთან გარიგებაში გადანაშაულებენ. სამწუხაროდ, პარტიაში კამათი, რაც მე პრობლემად არ მიმაჩნდა, გაუგებარ ბრალდებებსა და შეურაცხყოფაში გადაიზარდა. მიხეილ სააკაშვილმა ჩათვალა, რომ ვინც მას არ ემორჩილება, ყოფილი თანამებრძოლია. ამ დაპირისპირებაში კი მთავარ ამოცანას ვწყდებით - შევცვალოთ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება.

- სააკაშვილი პარტიის თავმჯდომარედ ბაქრაძის არჩევის მსურველებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში გადანაშაულებთ. ამ ბრალდებების ფონზე დადგება თუ არა ყრილობის დღის წესრიგში მოთხოვნა, რომ თქვენ საპარლამენტო მანდატები დათმოთ? ეს ხმა კულუარებში ვრცელდება...

- სამწუხაროდ, ზუგდიდში დელეგატებთან საუბრის შემდეგ სააკაშვილი იმდენად აგრესიული იყო, რომ ვერაფერს გამოვრიცხავ. თუმცა, სიბრაზის მიუხედავად, მისი და ჩვენი თანაგუნდელების კეთილგონიერების იმედი მაქვს. ასეთ კინკლაობაში მოგებული არ არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილს ბევრ საკითხში არ ვეთანხმებოდით, მის მიმართ შეურაცხმყოფელი განცხადებები არც ერთ ჩვენგანს არ გაუკეთებია, ახლა კი ვხედავთ, რომ ეს ჯგუფი, პოლიტსაბჭოს გვერდის ავლით, ყრილობაზე ძალის დემონსტრირებისთვის ემზადება. დროა, ყველა დავფიქრდეთ, რა არის მიზანი - ბიძინა ივანიშვილს ერთად დავუპირისპირდეთ თუ ერთმანეთს ძალა ვაჩვენოთ?!

სამწუხაროა, რომ პარტიის თავმჯდომარედ დავით ბაქრაძის არჩევის საკითხი მიხეილ სააკაშვილმა პარტიიდან მისი გარიყვის მცდელობად აღიქვა, არადა, შეეძლო, თვითონ დაესახელებინა ბაქრაძე თავმჯდომარედ და დაპირისპირებაც დასრულდებოდა, პარტია კი კვლავ განვითარდებოდა.

ყრილობისთვის შექმნილი საორგანიზაციო კომისიის ერთ-ერთი წევრი პეტრე ცისკარიშვილია. "კვირის პალიტრასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ 20 იანვრის ყრილობა "ნაციონალური მოძრაობის" მომავალს გადაწყვეტს:

- ნოემბერში, როდესაც გადაწყდა, რომ ყრილობა შვიდი ათასი დელეგატის შემადგენლობით ჩატარდებოდა, ისიც ითქვა, რომ ყრილობის მოსამზადებელ ტექნიკურ დეტალებზე საორგანიზაციო კომისიას უნდა ემუშავა. გაწერილი წესების მიხედვით, საორგანიზაციო კომისიაში პოლიტსაბჭოს ხუთ წევრს ერთი პირის არჩევის უფლება აქვს. ცოტა ხნის წინ პოლიტსაბჭოს 30-მა წევრმა საორგანიზაციო კომისიის ჩამოყალიბება გადაწყვიტა და ტექნიკურ დეტალებზე პასუხისმგებელი პირიც შეარჩია. ასე მოვხვდი მეც ყრილობის მოსამზადებელ საორგანიზაციო კომისიაში. ახლა თვითონაც შეუძლიათ ხუთ-ხუთ ჯგუფად გაერთიანდნენ და კომისიის წევრები წარადგინონ. ეს მხოლოდ ყრილობისთვის აუცილებელი ტექნიკური პროცედურა გახლდათ.

- რასაც თქვენ ტექნიკურ პროცედურას უწოდებთ, გივი თარგამაძემ პარტიაში შიდაგადატრიალების მცდელობად შეაფასა. მალევე გავრცელდა დავით დარჩიაშვილის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" არსებობას ამთავრებს...

- საორგანიზაციო კომისია პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ იღებს. ჩვენ მხოლოდ ისეთი დეტალები უნდა გავარკვიოთ, როგორიცაა ყრილობის დღეს ავტობუსების ან დარბაზის დაქირავება, ბიულეტენების დაბეჭდვა და ა.შ. თუ გივი თარგამაძეს ეს პარტიულ გადატრიალებად მიაჩნია, ეს მისი საქმეა.

- პარტიის შიგნით არც იმას გამორიცხავენ, რომ 20 იანვარს გიგა ბოკერიას ფლანგს საპარლამენტო მანდატების დატოვებას მოსთხოვთ.

- მოვა ყრილობის დღე და ჩვენი დელეგატები თუ პარტიის წევრები მიიღებენ გადაწყვეტილებას "ნაციონალური მოძრაობის" მომავალთან დაკავშირებით. მე მინდა, ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა ერთად განვაგრძოთ. რაც შეეხება მანდატების დათმობას, ამის შესახებ არაფერი ვიცი.

რუსუდან შელია