კომბლეს ჰობი და კომბლების მაღაზია - 21-ე საუკუნის "კომბლეს" ჯეჯელავასეული ვერსია
26-12-2016
კომბლეს ჰობი და კომბლების მაღაზია - 21-ე საუკუნის "კომბლეს" ჯეჯელავასეული ვერსია
"ცხვრის გადარჩენით გახარებული კომბლე თავის კომბალს გამოფენისთვის­ განკ­უთვნილ ოთახში ათავსებდა"

რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ფაქტია, საუკუნეების წინ დაწერილი­ ქართული ზღაპრის გმირმა კომბლემ 2016 წელსაც მოახერხა საზოგადოებაში ბევრ მოქმედ პოლიტიკოსსა თუ მოვლენაზე­ აქტუალური გამხდარიყო. "მოძალადე" და "ცუდი მეცხვარე" - განათლების მინისტრის ასეთმა შეფასებამ და იმის დაანონსებამ, რომ თანამედროვე ბავშვებს გათანამედროვებული "კომბლე" სჭირდებათ, საზოგადოებაში იმდენად დიდი მღელვარება­ გამოიწვია, თავად ალექსანდრე ჯეჯელავაც გაოგნებული იყო - რას ვიფიქრებდი, "კომბლეს" ამდენი დამცველი თუ გამოუჩნდებოდაო. იმის
გასარკვევად კი, როგორია მის წარმოსახვაში­ 21-ე საუკუნის კომბლე, ზღაპრის მისეული ვერსიის გაზიარება ვთხოვეთ - აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტზე თანხმობა მინისტრისგან იდეის განდობისთანავე მივიღეთ.

გთავაზობთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას მიერ, სპონტანურად გათანამედროვებულ
ზღაპარ "კომბლეს":


იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. ერთ სოფელში
ერთი ალალ-მართალი, მშრომელი და გამრჯე კაცი ცხოვრობდა, რომელსაც მთელი სოფელი პატივს სცემდა მისი შრომისმოყვარეობისა და წესიერების გამო. კომბლეს ასზე მეტი ცხვარი ჰყავდა, ძირითად დროს სწორედ ცხვრებში ატარებდა, მწყემსავდა და უვლიდა­ - იმდენად ბევრს მუშაობდა, წლიდან წლამდე მისი ფარაც რამდენიმე ათეული ცხვრით იზრდებოდა. კომბლე ცხვრების ნაწილს ყიდდა, ზოგსაც დაკლავდა და ზამთრისთვის საკვებ მარაგს აგროვებდა, ერთი სიტყვით, საკუთარი შრომის წყალობით საკმაოდ შეძლებულადაც ცხოვრობდა - არც საკვები აკლდა და არც ფინანსური შემოსავალი. გარდა მუშაობისა, კომბლეს ერთი ჰობიც ჰქონდა - თავისუფალი დრო თუ გამოუჩნდებოდა, ლამაზ კომბლებს თლიდა, სოფელში კომბლეც სწორედ ამის გამო შეარქვეს. ის იმდენად ლამაზ კომბლებს თლიდა, სახლში გამოფენასაც აწყობდა, სადაც უამრავი თანასოფლელი დასათვალიერებლად მოდიოდა. მეტიც, კომბლე შრომისმოყვარეობის გარდა, კეთილი გულითაც გამოირჩეოდა­ - გამოთლილ კომბლებს მსურველებს სიამოვნებით ჩუქნიდა და იქვე, თლის მისეულ ტექნოლოგიებსაც ასწავლიდა.
ერთ დღეს, ცხვრები საბალახოდ რომ წავიდნენ, ერთი ცხვარი ფარას ჩამორჩა და ტყეში მარტო შევიდა. ცხვარმა ბევრი იარა თუ ცოტა იარა, გზად მელია შემოხვდა.

- ცხვარო, ვისი ხარო?
- კომბლესიო.
- კომბლე რა კაციაო?
- კომბლე ის კაცია, ბევრს რომ მუშაობს და მთელი სოფელი პატივს სცემსო.
- კომბლეზე მეც ბევრი კარგი მსმენია. აბა, გზა განაგრძე და ფრთხილად იყავიო, უთხრა მელიამ და ცხვარს გაეცალა.
ცხვარმაც გზა განაგრძო და ბევრი იარა თუ ცოტა იარა, დათვი შემოხვდა.
- ცხვარო, ვისი ხარო?
- კომბლესიო.
- კომბლე რა კაციაო?
- კომბლე ის კაცია, ბევრს რომ მუშაობს და მთელი სოფელი პატივს სცემსო.
- მეც ვიცი, რომ შენი კომბლე კეთილი­ კაციაო - უთხრა დათვმა და ისიც მელიას მსგავსად კომბლეს ცხვარს გაეცალა.
იარა ცხვარმა, იარა და შემოხვდა მგელი.
- ცხვარო, ვისი ხარო?
- კომბლესიო.
- კომბლე რა კაციაო?
- კომბლე ის კაცია, ბევრს რომ მუშაობს და მთელი სოფელი პატივს სცემსო.
- მსმენია შენს კომბლეზე, მაგრამ რა ვქნა, მეც მშიერი ვარო - უთხრა მგელმა და ცხვარი გადაყლაპა.
საღამოს, როდესაც კომბლე თავის ცხვ­რებს ითვლიდა, შეამჩნია, რომ ფარას ერთი ცხვარი აკლდა და სასწრაფოდ მის საძებნელად გაეშურა. თან, ყოველი შემთხვევისთვის ერთი კომბალიც წაიღო, თუმცა არც კი უფიქრია, რომ კომბალი მიზანმიმართულად საცემად გამოეყენებინა. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, კომბლეს ტყეში მელია და დათვი შემოხვდნენ. გამრჯე კომბლემ სწორედ მათგან შეიტყო, რომ მისი ცხვარი მგელს შეეჭამა. მელიას და დათვს გამოემშვიდობა და სასწრაფოდ, მგელთან მივიდა.
- მგელო, გავიგე ჩემი ცხვარი შენ გყოლია.
- კომბლე, ვიცი, რომ კარგი კაცი ხარ, მაგრამ გამიგე, მეც მშია და სხვა გზა არ მქონდაო - თავი მოისაწყლა მგელმა.
- მესმის და თუ ჩემს ცხვარს დამიბრუნებ, გპირდები, მშიერს არ დაგტოვებ, სანაცვლოდ სხვა საჭმელს მოგიტან - მიუგო­ კომბლემ, რადგან მართლაც კარგად ესმოდა, რომ მგელი ბოროტმოქმედი კი არ იყო, რეალურად შიოდა და ტყეში ლუკმაპურის საძებრად იყო გამოსული. წავიდა კომბლე სახლში და გასაყიდად გამზადებული ცხვრის­ გულ-ღვიძლი მგელს მიუტანა. მგელმა გაიხარა და კომბლეს ცხვარი დაუბრუნა.
ცხვრის გადარჩენით გახარებული კომბლე თავის კომბალს გამოფენისთვის­ განკ­უთვნილ ოთახში ათავსებდა, როდესაც კიდევ ერთი საინტერესო იდეა გაუჩნდა - გადაწყვიტა გამოფენასთან ერთად, კომბლების მაღაზიაც გაეხსნა. სულ ცოტა ხანში კომბლეს მაღაზია არა მხოლოდ თანასოფლელების, ტურისტების ყველაზე საყვარელ ადგილადაც იქცა. ასე გადააქცია კომბლემ ჰობი თავისი შემოსავლის კიდევ ერთ მნიშვნელოვან წყაროდ.
ლხინი იქა - ლხინი აქა
ფქვილი იქა - ფქვილი აქა

"რატომ არ შეიძლება, იქაც ლხინი იყოს და აქაც, მეზობელს ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე - ფქვილი?"


კომბლეს გათანამედროვების შემდეგ, ბუნებრივია, შესწორებების კონკრეტული მიზნებით დავინტერესდი:

- ბატონო ალექსანდრე, გარდა ზღაპრის­ მთელი სიუჟეტის ცვლილებისა, საკულტო ფინალიც გადააკეთეთ, რატომ?

- გულწრფელად ვამბობ, ყოველთვის როდესაც ვკითხულობდი - ჭირი იქა, ლხინი აქას, მიკვირდა, რატომ არ შეიძლება, იქაც ლხინი იყოს და აქაც-მეთქი? მეზობელთან ცუდი რატომ უნდა ხდებოდეს,­ მას ქატო რატომ უნდა ჰქონდეს და მე - ფქვილი? უნდა მომწონდეს, თუ სხვას შუქი არ აქვს და მე სახლში ანთებული ნათურ­ები მაქვს? ეს უმსგავსობაა. თუ გარეთ უჭირთ და ჩვენ კარგად ვართ, მერწმუნეთ, ეს ბედნიერებას ვერასოდეს მოგვიტანს. რაც შეეხება კონკრეტულად კომბლეს, ზღაპრის ძველი ვერსიიდან ბავშვი სწავლობს, რომ კომბლები უნდა გათალოს და ვინც გააბრაზებს,­ თავში ჩასცხოს, თან გარშემო ყველას გააგებინოს, რომ საშიში ადამიანია, ამისთვის კი, პერიოდულად აგრესიის გამოვლენაა საჭირო - შიშიც ასე გამძაფრდება გარშემო მყოფებთან. ვერავინ დამაჯერებს, რომ რომელიმე მშობელს მისი შვილის მოძალადედ გაზრდა სურს.

- თქვენი იდეა ნაწილობრივ ხორცშესხმუ­ლია და ახალი კომბლეს ვარიანტიც დაწერი­ლი. თუ ზღაპრები უფრო ჰუმანური გახდება, ახალგაზრდებში ძალადობას აღმოფხვრით?

- ზღაპრების წერა ავტორების საქმეა.­ მოვუწოდებ, უკეთესად წერონ და ისიც გაიაზრონ, რომ ამას ბავშვები კითხულობენ - პრინციპში,­ კარგი ავტორი კომბლეს ძველ ვერსიას ზუსტად ხუთ წუთში გაათანამედროვებდა, ბუნებრივია, უფრო კარგად,­ ვიდრე ეს მე სპონტანურად შევძელი.

ბავშვებს უკეთესი­ კომბლე და ნაცარქექია სჭირდებათ, დედინაცვალი ყველა ზღაპარში მტერი არ უნდა იყოს, რადგან დღეს უამრავი ბავშვის მამას მეორე ცოლი ჰყავს და პატარებს დედინაცვლის სიძულვილი არ უნდა ჩავუნერგოთ და არ ვაკითხოთ, რომ დედინაცვალი ბავშვების ელენთას ჭამს და მათ სახლიდან აგდებს. ეს ხომ ჩვეულებრივი ტრაგედიაა?!
ავტორების წახალისებას კულტურის სამინისტროსთან ერთად ვგეგმავთ, ისინი­ იმუშავებენ საბავშვო ლექსებზე, მოთხრობებზე, კომიქსებზე. მათთან უკვე რეგულარული შეხვედრებიც გვაქვს. საბედნიეროდ, უამრავი ნიჭიერი ადამიანია,­ ვინც ამ საქმეში ჯანსაღი მიდგომით ჩაერთვება, უბრალოდ, აქამდე ასეთი­ კამპანია არ დაწყებულა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა, საბავშვო ლიტერატურას ახალი სიცოცხლე მივცეთ.

საზოგადოებაში მსგავსი აჟიოტაჟი კი იმის გამო ატყდა, რომ ვიღაცებმა ქართული­ ზღაპრები ხელუხლებელ ლიტერატურად გამოაცხადეს. კაცო, იქნებ ოპონენტებმა გამარკვიონ, "კომბლეა"თუ სახარება?

ბუნებრივია, საბოლოოდ, მაინც მშობელი გადაწყვეტს შემოთავაზებულ ლიტერატურაში როგორი კომბლე თუ ჩიტი ჩიორა­ წაუკითხოს შვილებს - ზღაპრები, სადაც პრიორიტეტი იქნება შრომა, პატიოსნება და მეგობრობა, თუ შიში და ძალადობა.

პ.ს. 2017 წელს ვისურვებდი მშვიდობას, ცვლილებებს უკეთესობისკენ. ვინც არ იცის - ისწავლოს, ვისაც არ გამოსდის - ივარჯიშოს და მიზანს მიაღწიოს, ვისაც არ სწამს - იწამოს.
ბავშვობაში რომ გვეუბნებოდნენ, მთავარი გაგებააო, მართალია, მთავარი სწორედ ურთიერთგაგებაა, რასაც მთელ საქართველოს ვუსურვებ - ყველამ ერთად შევიტანოთ წვლილი ქვეყნის აშენებასა და დამშვენებაში, ამას ცალკე ვერც მთავრობა შეძლებს და ვერც საზოგადოება.


რუსუდან შელია
თათა
03 იანვარი 2017 14:50
მეც ვულამაზებ ჩემს შვილებს ზღაპრებს, მაგრამ ხანდახან დავფიქრდები, ადამიანმა რომელმაც არ იცის, ვიღაცამ შეიძლება ავნოს, სიბოროტე გაუკეთოს, ომი გამოუცხადოს სრულიად დაუცველი იქნება კონფლიქტების ამოსაფხვრელად....მაშინ ომები იყო და საჭირო იყო ასეთი ზღაპრები, ახლა მშვიდობაა მარა ვაი ამ მშვიდობას... ნელ-ნელა შეშფოთებულ ევროპას არ დავემსგავსოთ...
ბატონო მინისტრო !
03 იანვარი 2017 13:51
თუ მგელს შია, შეუძლია ცხვარი შეჭამოს და ეს რა თქმა უნდა, გასაგებია.

თურმე, თუ არ გინდა, რომ მგელმა ცხვარი შეჭამოს, არ უნდა დაამშიო, საკვები უნდა მიაწოდო - ესეც სწორია !

აი, როცა ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას არანაირ სამუშაო პირობებს არ უქმნის, თავად არაბი შეიხივით ცხოვრობს, ხალხს კი ამშევს, რა ქნას იმ ხალხმა, ხელისუფლება უნდა შეჭამოს, არა?

თქვენი მსჯელობა ასე უნდა გავიგოთ?
ნათია
02 იანვარი 2017 10:50
მეც მომეწონავ,ყველას თავისი აზრი აქვს,რომ დავუფიქრდი ბ.ჯეჯელავას ცუდი ნამდვილად არ სურს.არც მე არ მიხარია ვიღაცას ულხინდეს და ვიღაცა სულ გაჭირვებაში იყოს.მე მივესალმები ვინც იზრუნებს საქართველოს კეთილ დღეობისთვის!
ვისურვებდი რომ მშვიდობა,სიკეთე და ურთიერთგაგება ყოფილიყოს!

რედაქტორის რჩევით