ვინ არის 2016 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში და რომელ პოლიტიკოსს ენდობიან ყველაზე მეტად?! - კვირის პალიტრა

ვინ არის 2016 წლის ყველაზე გავლენიანი ადამიანი საქართველოში და რომელ პოლიტიკოსს ენდობიან ყველაზე მეტად?!

2016 წლის ადამიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა

წლის ბოლოს ერთად შევაჯამოთ 2016 წელი, გადავხედოთ გასული წლის მნიშვნელოვან ამბებს, მოვლენებსა და ამ მოვლენებზე თქვენს მოსაზრებებს, შეხედულებებს...

როგორი იყო გასული 2016 წელი? ერთობ საინტერესო წელიწადი გვქონდა... "რეიტინგიც" აქტიურად ეხმიანებოდა სხვადასხვა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოვლენას. გთავაზობდათ, გამოგეხატათ თქვენი პოზიცია ყველაზე აქტუალურ საკითხებზე.

პოლიტიკა

გასული წელი საპარლამენტო არჩევნების წელი იყო და ამიტომაც მკითხველებს პოლიტიკურ თემებზე უხვად მოუწიათ გამოხმაურებამ...

პოლიტიკური პარტიების/გაერთიანებების მიმართ კეთილგანწყობას წლის განმავლობაში რამდენიმე თემა მიეძღვნა. ყველა გამოკითხვაში "ქართული ოცნება" ლიდერობდა.

მკითხველმა ყველაზე კონსტრუქციული პოლიტიკოსებიც დაასახელა: დავით უსუფაშვილი, გიორგი კვირიკაშვილი, თეა წულუკიანი.

პოლიტიკაში კულტურისა და სპორტის წარმომადგენელთა საქმიანობას რესპონდენტთა 29.8% დადებითად აფასებს.

ჩვენი მკითხველების აზრით, იდეალურ პოლიტიკოსს ყველაზე მეტად უნდა ახასიათებდეს პროფესიონალიზმი, ჭკუა/გამჭრიახობა, ინტელექტი. პოლიტიკოსისთვის ასევე აუცილებელია პასუხისმგებლობა, სამართლიანობა, კომპეტენტურობა.

მკითხველთა აზრით, გიორგი კვირიკაშვილი, ბიძინა ივანიშვილი და დავით უსუფაშვილი ყველაზე მეტად ავლენენ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას.

მკითხველთა 58.2%-ის აზრით, ხელისუფლება მეტ-ნაკლებად ითვალისწინებს ხალხის აზრს.

მაშინდელ მმართველ გუნდში ყველაზე სკანდალური პოლიტიკოსები იყვნენ სოსო ჯაჭვლიანი, გოგი თოფაძე, ეკა ბესელია.

გიორგი მარგველაშვილის საქმიანობა პრეზიდენტის პოსტზე 29.8%-მა შეაფასა უფრო დადებითად, ვიდრე უარყოფითად; 28.2%-მა კი - უფრო უარყოფითად, ვიდრე დადებითად.

ჩვენი მკითხველები ყველაზე მეტად ენდობიან გიორგი კვირიკაშვილს, დავით უსუფაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს; თითქმის არ ენდობიან გიორგი ბარამიძეს, შალვა ნათელაშვილსა და დავით ბაქრაძეს.

თავის დროზე მკითხველმა დადებითად შეაფასა (55.2%) ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება საარჩევნო პროცესში აქტიურად ჩართვის შესახებ.

რესპონდენტთა 85%-მა განაცხადა, რომ პოლიტიკოსთა წინასაარჩევნო დაპირებების არ სჯერა.

სექტემბერში ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება რესპონდენტთა 88.0%-მა დაადასტურა.

62.8% თვლიდა, რომ 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები საქართველოში დემოკრატიული იქნებოდა.

არჩევნების შემდეგ კი 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს დემოკრატიული უწოდა რესპონდენტთა 73.8%-მა.

არჩევნებამდე მკითხველმა სასურველი პარლამენტარები დაასახელა - ლევან ვასაძე, სალომე ზურაბიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას რესპონდენტთა 45.3% ისურვებდა.

პარლამენტს გარეთ დარჩენილი კანდიდატებიდან მკითხველები ყველაზე მეტად ისურვებდნენ, რომ პარლამენტის დარბაზში ენახათ დავით უსუფაშვილი, ირაკლი ალასანია და ნინო ბურჯანაძე.

"ქართული ოცნების" სიის პირველი ათეულიდან მკითხველის კეთილგანწყობას იმსახურებდნენ: გიორგი კვირიკაშვილი, კახა კალაძე, თამარ ჩუგოშვილი.

იურისტი, ეკონომისტი/ფინანსისტი და პოლიტოლოგი - პარლამენტში ამ პროფესიის ყველაზე მეტი ადამიანი უნდა იყოს.

რესპონდენტთა 44.3% მიიჩნევს, რომ მაჟორიტარი დეპუტატები პარლამენტში მეტ-ნაკლებად გამოხატავენ მოქალაქეთა ინტერესებს, ხოლო თითქმის იმდენივე - 44.9% თვლის, რომ არ გამოხატავენ.

ჩვენი მკითხველების აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს ყველაზე მეტად ამოძრავებთ ძალაუფლების წყურვილი, პირადი კეთილდღეობა და ამბიციები; მათთვის უმნიშვნელოა სამართლიანობისთვის ბრძოლა, ტრადიციული ღირებულებების დაცვა და ხალხის კეთილდღეობა.

"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების მიერ პარტიის დატოვება რესპონდენტთა 44.2%-მა უარყოფითად შეაფასა.

დღევანდელი ხელისუფლების ძლიერების საყრდენია: ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილი, მმართველი პარტია, ძალოვანი სტრუქტურები. ჩვენი მკითხველების აზრით, ყველაზე ნაკლებად ხელისუფლების ძლიერება არასამთავრობო ორგანიზაციებს ეყრდნობა.

რესპონდენტთა 52.7% საზოგადოებასთან ურთიერთობის კუთხით მთავრობის მუშაობას არადამაკმაყოფილებლად აფასებს.

მაისში კითხვაზე: "რომელ უწყებას/სამინისტროს აქვს ყველაზე დადებითი იმიჯი საზოგადოებაში?" - პასუხები ასე განაწილდა: შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შსს, თავდაცვის სამინისტრო. ბოლო ადგილზეა თბილისის მერია. მერიის მუშაობით უკმაყოფილო რესპონდენტთა 56.8%-ია.

ყველაზე კომპეტენტური მინისტრები არიან დავით სერგეენკო, კახა კახიშვილი, დიმიტრი ქუმსიშვილი.

ივლისში მკითხველმა დაასახელა პოსტისთვის შესაფერისი სამეული: გიორგი კვირიკაშვილი, დავით სერგეენკო, დავით უსუფაშვილი.

პოლიტიკოსისათვის შეუფერებელი ლექსიკით/ქცევით ყველაზე მეტად გამოირჩევიან მიხეილ სააკაშვილი, აკაკი ბობოხიძე, სოსო ჯაჭვლიანი.

საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას ყველაზე მეტად შეეფერება განსაზღვრება: დემოკრატიული, პროდასავლური, ჰუმანური; ხოლო ქართველ ხალხს - პოლიტიზებული, დაღლილი და იმედგაცრუებული.

ხელისუფლებისთვის ყველაზე პრიორიტეტული სფეროები უნდა იყოს: ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; სოფლის მეურნეობა, განათლება.

დღეს საქართველოს მსოფლიოში ყველაზე მეტად პროდასავლური, დემოკრატიული და მშვიდობიანი ქვეყნის იმიჯი აქვს.

ყველაზე აქტუალური პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აღელვებს მკითხველებს: უმუშევრობა, ფასების ზრდა, დაკარგული ტერიტორიები.

მომავალ ოთხ წელიწადში მკითხველი ყველაზე მეტად ხელისუფლებისგან დასაქმების პრობლემის მოგვარებას, ეკონომიკურ გაჯანსაღებასა და სიღარიბის დაძლევას ელოდება.

მკითხველთა 67.5%-ის აზრით, "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო უმრავლესობით მოსვლა სახიფათო არ არის.

დემოკრატია

საქართველოში დემოკრატიული პრინციპების დამცველი უწყება/ინსტიტუტებია: დამოუკიდებელი მედია, საქართველოს პარლამენტი, ომბუდსმენის აპარატი.

საქართველოში დემოკრატიის ხარისხი საშუალოა - ასე ფიქრობს რესპონდენტთა 56%.

რესპონდენტთა 60.1% მიიჩნევს, რომ საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით მდგომარეობა გაუმჯობესდა.

მედია

მკითხველისთვის საგაზეთო ინტერვიუების ყველაზე სასურველი რესპონდენტები არიან პოლიტოლოგები/ექსპერტები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები.

მკითხველისთვის "კვირის პალიტრის" სამი ყველაზე საყვარელი რუბრიკა: "მამულ-დედული", "მედიცინა", "საპრიზო გამოკითხვა-რეიტინგი".

მკითხველთა უმრავლესობა - 61.4% ინფორმაციას ყველაზე ხშირად ტელევიზიით იღებს, პრესით - 19.8%, ინტერნეტით - 11.6%

მედია საარჩევნო პროცესზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს - ასე ფიქრობს რესპონდენტთა 73%.

მკითხველებს ყველაზე მეტად მოსწონთ საინფორმაციო, ინტელექტუალური და იუმორისტული გადაცემები. რაც შეეხება რადიოგადაცემებს, პირველ ადგილზე საინფორმაციო გამოშვება - ახალი ამბებია, მეორეზე - სოციალური თემები, მესამეზე - მუსიკა.

სკანდალური ტელეწამყვანები არიან: ინგა გრიგოლია, შალვა რამიშვილი, გიორგი გაბუნია.

რუსული არხების აკრძალვის მოთხოვნა რესპონდენტთა 82.2%-ისთვის მიუღებელია.

დღეს ყველაზე ღირსეულია მედია, მთავრობა/მინისტრები, პოლიტოლოგები/ექსპერტები.

საქართველო და მსოფლიო

"რეიტინგი" ამერიკის არჩევნებსაც გამოეხმაურა.

რესპონდენტთა 64.1%-მა განაცხადა, რომ მისი სიმპათია ჰილარი კლინტონისკენ იხრება.

მკითხველთა 53.8% თვლის, რომ დონალდ ტრამპის არჩევნებში გამარჯვება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე არ იმოქმედებს.

მარტში ასეთი კითხვით მივმართეთ მკითხველებს: "რა წარმოადგენს დღეს საქართველოსთვის ყველაზე რეალურ საფრთხეს?" მათი აზრით, საქართველოსთვის ყველაზე სახიფათო მეზობელ ქვეყნებს შორის ომია.

პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის ცხოვრების ყველაზე მაღალი დონით გამოირჩევა ბალტიისპირეთის ქვეყნები, ყაზახეთი, ბელორუსია.

საქართველოს მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნებია: აშშ, ბალტიისპირეთის ქვეყნები, აზერბაიჯანი.

ქალები

ყველაზე მომხიბვლელი ქართველი ქალები არიან: მაკა ასათიანი, ირინა ონაშვილი, სალომე ღვინიაშვილი.

უბერებელი ქალები: სოფი ლორენი, მონიკა ბელუჩი, შერონ სთოუნი.

ტურიზმი და დასვენება

საქართველოში უცხოელი ტურისტების ყურადღებას ყველაზე მეტად სვანეთი, აჭარა და კახეთი იმსახურებს.

საქართველოს კურორტებიდან მკითხველებს დასვენება ბათუმში, ბორჯომსა და ქობულეთში ურჩევნიათ.

სამართალი

ქართულ სასამართლოს რესპონდენტთა 52.0% მეტ-ნაკლებად ენდობა.

კითხვაზე: "კანონიერია თუ არა ე.წ. კაბელების საქმეზე გამოტანილი განაჩენი?" - რესპონდენტთა 55.8%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

რესპონდენტთა 34.6% არ ენდობა საქართველოს პროკურატურის ოფიციალურ დასკვნას ეროსი კიწმარიშვილის თვითმკვლელობის შესახებ.

ოჯახი და ფასეულობები

ჩვენი მკითხველების აზრით, საქართველოში ოჯახის სიმტკიცის საფუძველი სიყვარული, ერთგულება და შვილებია. ყველაზე საიმედო საყრდენია ოჯახი, ჯანმრთელობა და რელიგია.

რესპონდენტებისთვის ყველაზე ფასეული ჯანმრთელობა, ქვეყანაში მშვიდობა და ბედნიერი ოჯახური ცხოვრებაა; ახლობლების კეთილდღეობასა და სულიერ სიმშვიდესთან შედარებით მატერიალური ფასეულობები და კარიერა მათთვის უმნიშვნელოა.

სხვადასხვა

რესპონდენტთა 70.8% მეტ-ნაკლებად კმაყოფილია საპატრულო პოლიციის მუშაობით.

მკითხველთა 85%-ის აზრით, კონსტიტუციაში უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველთაგან მკითხველთა უმრავლესობის კეთილგანწყობას იმსახურებენ ზაზა ფაჩულია, ნინო სურგულაძე, თამარ გვერდწითელი.

რესპონდენტებს ყველაზე მეტად იტალიური, ფრანგული და მექსიკური სამზარეულო მოსწონთ.

ჯანსაღი ცხოვრებისთვის ყველაზე მეტად საჭიროა სწორი კვება, ვარჯიში/სპორტი, პროფილაქტიკური სამედიცინო კვლევები.

ჩვენი მკითხველების აზრით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნება ყველაზე მეტად "ნაციონალურ მოძრაობას" აძლევდა ხელს.

მკითხველთა 47.1%-ის აზრით, საქართველოში მაღალი დონის განათლების მიღება შესაძლებელია.

NDI-ს კვლევის შედეგებს რესპონდენტთა 76.9% არ ენდობა.

რესპონდენტთა 83.1% ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების აღდგენის მომხრეა.

"რეიტინგი" წლის განმავლობაში კიდევ ბევრ მოვლენას თუ თემას ეხმიანებოდა...

წლის ადამიანი საქართველოში

წლის ბოლოს, ტრადიციისამებრ, "კვირის პალიტრამ" წლის ადამიანი დაასახელა. 2016 წლის ადამიანი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეა.