დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადადგომას პროგნოზირებს! - კვირის პალიტრა

დავით უსუფაშვილი პრეზიდენტის გადადგომას პროგნოზირებს!

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის სკანდალური წინასწარმეტყველება

თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა, კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი, არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება

განვლილი წლის ერთ-ერთი მთავარი პოლიტიკური მოვლენა არჩევნების შემდეგ დავით უსუფაშვილის რესპუბლიკური პარტიიდან"წასვლა იყო. გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისას პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ზოგად შეფასებებს დასჯერდა და საჯარო სივრცეს დროებით, თუმცა დაბრუნების პერსპექტივით დაემშვიდობა. როდის აპირებს პოლიტიკაში აქტიურ ჩართვას და 2020 წელს ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ბრძოლას? პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი რამდენიმეთვიან დუმილს არღვევს და "კვირის პალიტრის" კითხვებს ექსკლუზიურად პასუხობს.

- ბატონო დავით, პარტიიდან ისე წახვედით და პოლიტიკური ტაიმ-აუტიც ისე გამოაცხადეთ, არ განგიმარტავთ, რატომ დატოვეთ რესპუბლიკური პარტია ან რას გულისხმობდით პოლიტიკური კონსულტაციების დაანონსებაში...

- რესპუბლიკური პარტიიდან წავედი, თუმცა მსოფლმხედველობითა და მიზნებით დღემდე რესპუბლიკელად ვრჩები. დღეს თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ცაიტნოტურ ვითარებაშიც კი, პარტიის შიგნით ყოველთვის იყო შესაძლებლობა, სხვადასხვა საკითხზე ერთობლივად გვემსჯელა და გადაწყვეტილებებიც ერთობლივად მიგვეღო, თუმცა ბოლო პერიოდში შიდაპარტიულ ფორმატში გადაწყვეტილებებზე მსჯელობისას პარტიაში უკიდურესად არასასურველ შედეგებამდე მისვლის დიდი რისკი გაჩნდა. ამიტომაც გავერიდე პროცესებს, რაც ჩემთვის და პარტიაში დარჩენილი თუ წასული თანაგუნდელებისთვისაც მტკივნეული გახლდათ. სხვა ვარიანტი კიდევ უფრო უარესი იქნებოდა. დეტალებზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ.

- ლევან ბერძენიშვილისთვის მაინც გაუგებარი აღმოჩნდა თქვენი გადაწყვეტილება, თამარ კორძაიამ კი ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უნებისყოფობა გამოიჩინეთ არჩევნებში დამარცხებული პარტიიდან წასულმა ლიდერებმა...

- ვფიქრობ, ჩვენი პირადი განცდები ყველამ მეორე პლანზე უნდა გადავწიოთ. რაც შეეხება საკითხს, დამარცხებული პარტიის ლიდერობა გამიძნელდა თუ არა, თამარ კორძაია გონიერი ადამიანია და არა მგონია, მსგავს აბსურდულ დიაგნოზამდე მისულიყო. კომფორტი რომ მნდომოდა, პოლიტიკურ მოღვაწეობას შიშველი ხელებით კი არ დავიწყებდი, გარკვეულ შემოთავაზებებს დავთანხმდებოდი. თამარ კორძაია საკმარისად ინფორმირებულია იმ პროცესების შესახებ, რაც პარტიაში ხდებოდა, ამიტომ, ვფიქრობ, მისი განცხადება არასწორად იქნა აღქმული.

- საინტერესოა, რესპუბლიკური პარტიიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილთან თუ გქონდათ ურთიერთობა? როგორც თქვენ აცხადებდით, მისი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა რესპუბლიკური პარტიიდან თქვენი წამოსვლა იყო.

- ბიძინა ივანიშვილთან ივლისის შემდეგ არც პირდაპირ და არც ირიბად კონტაქტი არ მქონია. საერთოდ, არასოდეს მიცხოვრია ვინმეს ზურგს უკან ამოფარებულს, არც ვინმეს ზურგს უკან ჩასაფრებულს. არც ახლა ვდგამ ნაბიჯს ვინმეს ზურგის იმედით და არც სხვისთვის ზურგში დანის ჩარტყმას ვაპირებ.

დიახ, ბიძინა ივანიშვილი კოალიციის დაშლის ეპიცენტრში გახლდათ, თუმცა ის ჩემი და რესპუბლიკური პარტიის" ურთიერთობასთან, ჩემს ბოლო გადაწყვეტილებასთან არაფერ შუაშია.

- თუმცა, როგორც ჩანს, "ქართული ოცნება" მაინც არ გივიწყებთ - პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვა შემოგთავაზათ. არადა, სწორედ ირაკლი კობახიძემ დაიწუნა თქვენი მუშაობა წინა საკონსტიტუციო კომისიაში.

- კონსტიტუციას ჩემს პროფესიულ საქმიანობაში მთავარი ადგილი ეჭირა და მომავალშიც ასე იქნება, თუმცა ასეთ საქმიანობაში ჩართვას თავისი წესი და ფორმატი აქვს. უახლოეს მომავალში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ვგეგმავ, ამიტომ საკონსტიტუციო კომისიაში მიუკერძოებელი ექსპერტის როლში ვერ ვიქნებოდი.

როდესაც ირაკლიმ დამირეკა, მასაც სიტყვასიტყვით ავუხსენი - არც ჩემგან და არც მისგან არ იქნებოდა ლამაზი, კომისიაში სპეციალური კრიტერიუმით ჩავრთულიყავი, თანაც, ჩემი პოლიტიკური გეგმებიდან გამომდინარე, უხერხულობას შევუქმნიდი ირაკლისაც. მიუხედავად ამისა, ყურადღებით დავაკვირდები პროცესებს და არ გამოვრიცხავ, როგორც მოქალაქე და პოლიტიკური ლიდერი, განხილვებში აქტიურად ჩავერთო.

რაც შეეხება წინა მოწვევის პარლამენტში არსებულ საკონსტიტუციო კომისიას... როდესაც საკონსტიტუციო კომისია შეიქმნა, "ქართული ოცნება" აზრზე არ იყო, რა სურდა კონსტიტუციისგან. პარტიაში იყვნენ ადამიანები, რომელთაც საკუთარი ხედვა ჰქონდათ ცვლილებებთან დაკავშირებით, მათ შორის ირაკლი კობახიძეც იყო, თუმცა საბოლოოდ "ქართულმა ოცნებამ" მაინც ვერ შეძლო ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბება. სწორედ ეს იყო მთავარი მიზეზი, რომ წინამორბედი კომისიის მუშაობა სათანადოდ ვერ წარიმართა. მეორე მიზეზი ის გახლდათ, რომ წინა მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებებს ფართო კონსენსუსი სჭირდებოდა არა მხოლოდ კოალიციისგან, "ნაციონალური მოძრაობისგანაც", რაც პოლიტიკური დაპირისპირების სიმძიმის გამო ვერ მოხერხდა. დღეს სხვა ვითარება გვაქვს - საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი პარტიის ხელშია, თუმცა ამასობაში მეორე უკიდურესობაში აღმოვჩნდით: "ქართული ოცნება" ფიქრობს, რომ ცვლილებების მიღება არ გაუჭირდება - შეუძლია საკითხი დასვას და კენჭისყრაზე დააყენოს, დანარჩენი მოგვარებულია.

- უკვე ცნობილია კონკრეტული საკითხებიც, რომელთა გარშემო საკონსტიტუციო კომისიას დოკუმენტის მომზადება მოუწევს. მათ შორის არის პრეზიდენტის არჩევის წესიც, მაგრამ უცნობია თქვენი პოზიცია... დაუჭერთ თუ არა მხარს "ქართულ ოცნებას" დაგეგმილ ცვლილებებში, როგორც ახალი პოლიტიკური ძალის ლიდერი?

- უფლებამოსილებები აუცილებლად განსასაზღვრია, თუმცა "ქართულ ოცნებას" რეალურ პრობლემებზე მუშაობის ნაცვლად მონოპოლიისკენ მისწრაფება ემჩნევა.

ეს პოლიტიკურთან ერთად ფსიქოლოგიური მისწრაფებაცაა - სრულიად აშკარაა "კონტროლს მიღმა" მყოფი ინსტიტუტებისა თუ პიროვნებების მიუღებლობა.

- არ დააზუსტებთ ვის გულისხმობთ?

- "ქართული ოცნების" ლიდერების უმრავლესობის მისწრაფებები ერთმანეთს დაემთხვა. შესაბამისად,

"ქართულ ოცნებას" გაუმართავი კონსტიტუცია კი არ ანაღვლებს, ხელისუფლების დანაწევრების პრინციპი აღიზიანებს.

მთელი ცხოვრება ვიყავი და ვრჩები კლასიკური საპარლამენტო მმართველობის მოდელის მომხრედ, როცა პრეზიდენტი სახელმწიფოს მეთაურია და იგი პირდაპირი არჩევნებით არ აირჩევა. მაგრამ მსგავსი ტიპის ცვლილებები ფართო კონსენსუსით უნდა გადაწყდეს და ყველა რისკი გაითვალოს. პრეზიდენტთან პიროვნული ჭიდილი თუ გაგრძელდა, ან ცვლილებების მომზადების პარალელურად ტოტალური "ოცნებური კონტროლის" ტენდენციები გაძლიერდა, შესაძლოა, პოლიტიკურ კრიზისამდე მივიდეთ. პრეზიდენტს არსენალში აქვს სამართლებრივ-პოლიტიკური ნაბიჯების ერთობლიობა, რომლითაც შესაძლოა, "ქართული ოცნების""გაუაზრებელი მცდელობა ამ გუნდსვე შემოუბრუნოს ბუმერანგივით.

- რა ბერკეტი აქვს პრეზიდენტს, საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე ხელისუფლებას რომ დაუპირისპირდეს?

- მოსწონს თუ არა ვინმეს, ხალხი მხარს უჭერს პრეზიდენტის სწორედ პირდაპირი წესით არჩევას. თუ "ქართულმა ოცნებამ" ერთპიროვნულად"გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი არაპირდაპირი გზით უნდა აირჩეს, ცვლილებების საარჩევნო სისტემაში ოფიციალურად გაფორმებამდე, კონსტიტუციით მინიმუმ, სამი თვეა განსაზღვრული.

რატომ არ უნდა გავთვალოთ, რომ შესაძლოა, პრეზიდენტმა ასეთ ვითარებაში, თანაც იმ ფონზე, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე ერთი წელი რჩება, ქართველ ხალხს მიმართოს, "ოცნება" გართმევთ პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის უფლებას, მე უძლური ვარ, ამ ცვლილებას წინააღმდეგობა გავუწიო, თუმცა გადავდგები და სანამ ცვლილება ძალაში შესულა, გაძლევთ შანსს, პრეზიდენტი კიდევ ერთხელ თავად აირჩიოთ და კიდევ 5 წელი, 2022 წლამდე გყავდეთ თქვენს მიერ არჩეული პრეზიდენტი. ამასობაში, 2020 წელს თავად პარლამენტია ხელახლა ასარჩევი და ვნახოთ, ის მომავალი პარლამენტი წაგართმევთ თუ შეგინარჩუნებთ "თქვენი" პრეზიდენტის ყოლის უფლებასო.

თუ გიორგი მარგველაშვილი გადადგა, კონსტიტუციით დადგენილ 40 დღეში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. თუ ასეთ პირობებში გიორგი მარგველაშვილი ან ვინმე სხვა, არასახელისუფლებო კანდიდატი, არჩევნებში გაიმარჯვებს, მომავალი პრეზიდენტი პოლიტიკური წონის თვალსაზრისით სერიოზული ფიგურა გახდება. შესაბამისად, "ოცნებამ" შეიძლება მიიღოს გაცილებით ძლიერი პრეზიდენტი და პოლიტიკური პრობლემებიც სწორედ ამის შემდეგ დაიწყება.

- მოვლენების ამ სცენარით განვითარებაზე პრეზიდენტთან გისაუბრიათ? ეს მისი პოზიციაა თუ მხოლოდ თქვენი პროგნოზი?

- პრეზიდენტთან ამ საკითხზე არ მისაუბრია. თუმცა, იმის მიხედვით, რასაც ახლა ვადევნებთ თვალს, მოვლენების ამ სცენარით განვითარება როგორც კონსტიტუციურად, ისე პოლიტიკურად, რეალურია.

ეს ივნისში შეიძლება მოხდეს, როცა უკვე საკონსტიტუციო კომისია განსაზღვრავს ცვლილებების პროექტს.

- და ლოგიკურად მივედით თქვენს პოლიტიკურ გეგმებამდეც... ხომ არ გეგმავთ, გიორგი მარგველაშვილის გადადგომის შემთხვევაში საპრეზიდენტო კანდიდატად მოგვევლინოთ?

- ახალ პოლიტიკურ პროექტზე თანამოაზრეებთან და პოლიტიკურად არცთუ აქტიურ ადამიანებთან ბევრს ვსაუბრობ. ჩვენი მთავარი ამოცანა მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება ანუ სახელისუფლებო კოალიციაში შესვლა იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც ამ მთავარ ამოცანას - საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - შეუწყობს ხელს ადგილობრივ და საპრეზიდენტო არჩევნებში. გვაქვს გათვლა, რომ ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ პიკს არჩევნებამდე წელიწად-ნახევრით ადრე მიაღწიოს, ბოლო წელიწადნახევარი კი აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმოებას ვგეგმავთ. ვინც ამ პოლიტიკურ პროექტს შემოუერთდება, მზად უნდა იყოს შავი და უმადური საქმის საკეთებლად - ჯერ კარგად გავარკვიოთ, რისთვის გვინდა ხელისუფლებაში მოსვლა და მერე დავსვათ კითხვა, თუ როგორ უნდა გავიმარჯვოთ არჩევნებში.

- როგორც ვახტანგ ხმალაძემ დააანონსა, ოფიციალურად თქვენი პოლიტიკური პარტია მართლაც თებერვალში დაფუძნდება? და ისიც საინტერესოა, ვისთან აწარმოებთ მოლაპარაკებებს ან ვინ დაგაფინანსებთ?

- პარტია არც თებერვალში დაფუძნდება და არც მარტში. თებერვალში საზოგადოებას ვამცნობთ მოქმედების კონკრეტულ გეგმას, პრიორიტეტებს, პრინციპებს და ა.შ. დაახლოებით ამ დროიდან დავუბრუნდები პირადად მეც აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას. მთავარი კი ის იქნება, რომ ეს არც უსუფაშვილის პარტია იქნება და არც მისი დამფუძნებლების. საუბარია პოლიტიკურ პროცესზე, რომელიც ორიენტირებული იქნება მუდმივ გაფართოებაზე არა მხოლოდ "ჯარისკაცების, არამედ "ოფიცრებისა და გენერლების"დონეზე - სხვადასხვა რანგის პოლიტიკურ ლიდერებს ვგულისხმობ.

რაც შეეხება დაფინანსებას, როგორც აღვნიშნე, შიშველი ხელებით მოვდივარ და საქმეს ნულიდან ვიწყებ. ასე რომ, ვისაც უფრო ეჩქარება ან საკუთარი გარჯის ნაცვლად სხვისი "ჯადოსნური ჯოხის" იმედი აქვს, ვთხოვ, ნუ გამოგვეხმაურება...

- გარდა ყოფილი რესპუბლიკელებისა, რატომ არ ასახელებთ კონკრეტულ ადამიანებს, ვინც თქვენს პარტიაში იქნებიან? ისიც საინტერესოა, უკვე მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან თუ გაქვთ მოლაპარაკებები?

- მიუხედავად იმისა, რომ "ბარსელონას" თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ, მხოლოდ პოლიტიკური ბარსელონას" შექმნაზე არ ვფიქრობ. ეს შეუძლებელია. თუ საქართველოში არ იარსებებენ პოლიტიკური მადრიდის "რეალები"ან "ვალენსიები" მაინც, "ბარსელონები" ვერ შეიქმნება. ამიტომ სხვა პარტიების განვითარების თავგადაკლული გულშემატკივარი ვარ საკუთარის შემდეგ. არაფერი გვეშველება, სანამ ქვეყანაში მრვალპარტიული პოლიტიკური კონკურენტული სისტემა არ ჩამოყალიბდება. ეს ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გაიაზრა.

დღეს მრავალპარტიულ განვითარებაზე შესვენება გამოცხადდა, მაგრამ ეს შესვენება სამუდამოდ ვერ გაგრძელდება. მე კი ყველაფერს გავაკეთებ, რომ იგი, რაც შეიძლება, ხანმოკლე აღმოჩნდეს და რამე ნაცნობ უბედურებაში არ გადაიზარდოს, იქნება ეს კორუფციული ქაოსი თუ ავტორიტარული წესრიგი.

რუსუდან შელია