ტელესამაია ანუ დიდი გადაჯგუფება ქართულ მედიაში - კვირის პალიტრა

ტელესამაია ანუ დიდი გადაჯგუფება ქართულ მედიაში

მამუკა ღლონტი: "მას შემდეგ, რაც ჟურნალისტები აღტყინებული თვალებით შესცქეროდნენ რუხაძეს, მათი მომავალი არ მანაღვლებს!"

გია გაჩეჩილაძე; "ჩვენი მიზანია, ამ დიდ მედიაჰოლდინგს ფინანსებიც ერთი წყაროდან ჰქონდეს, დამფინანსებელი კი

ინა გუდავაძე იქნება"

ტელეკომპანია "იმედი", "მაესტრო" და GDS-ი ერთ მედიაჰოლდინგად ყალიბდება. "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის მფლობელი გია გაჩეჩილაძე აცხადებს, რომ შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია.

"ჰოლდინგში გაერთიანებული ტელევიზიებისა თუ რადიოს მფლობელები არ შეიცვლებიან"

- არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "იმედმა" ორი ტელევიზია შეიძინა. რეალურად, იქმნება ახალი მედიაჰოლდინგი, რომელშიც მხოლოდ ტელეკომპანიები კი არა, რადიო "უცნობი" და რადიო "იმედიც" გაერთიანდებიან. შესაძლოა, ჰოლდინგში გაზეთებიც კი ვიხილოთ. ჩვენი მიზანია ამ დიდ მედიაჰოლდინგს ფინანსებიც ერთი წყაროდან ჰქონდეს, დამფინანსებელი კი ინა გუდავაძე იქნება.

- ფინანსური წყაროს გარდა, შეიცვლება თუ არა "იმედთან" გაერთიანებული ტელეკომპანიების სამაუწყებლო ფორმატი, მათ შორის, საინფორმაციო გადაცემები?

- მედიაჰოლდინგის შექმნა აუცილებელი იყო, რადგან ქართულ ტელესივრცეში ახალი სისხლია საჭირო. ეტაპობრივად მოწესრიგდება სარეკლამო ბაზარზე არსებული ვითარებაც და ამ ტელევიზიებში რეკლამის კუთხითაც ყველაფერი დალაგდება. გვინდა ისეთი გადაცემები შევქმნათ, რომელიც საზოგადოების მოთხოვნას დააკმაყოფილებს. რაც მთავარია, ჰოლდინგში გაერთიანებული ტელევიზიებისა თუ რადიოს მფლობელები არ შეიცვლებიან. ჩვენ მხოლოდ ძალებს გავაერთიანებთ, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ.

"მედიაჰოლდინგის შექმნის იდეა აბსურდია"

"მაესტროს" ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი დაანონსებულ მედიაჰოლდინგს აბსურდს უწოდებს და აცხადებს, რომ სამივე ტელევიზია აქამდეც უნისონში მაუწყებლობდა:

- მედიასივრცეში ისეთი გადაჯგუფება დაიწყო, ფაქტია, ვიღაცებს სურთ მედიაში პოლარიზების პროცესი წაახალისონ. ერთ მხარეს იქმნება "ნაციონალების" ტელევიზიები, მეორე მხარეს -"ქართული ოცნების". როგორც კი მცირე მედიასაშუალებები რეიტინგს აიმაღლებენ, მათაც იმავე პოლიტიკური ბედის გაზიარება მოუწევთ. ფაქტია, "მაესტრო" უკანონოდ მიითვისეს და ამას თავიდანვე პოლიტიკური სარჩული ჰქონდა, ახლა ამ პროცესმა ბევრად მასშტაბური სახე მიიღო მედიაჰოლდინგის სახით.

- გია გაჩეჩილაძის განცხადებით, ტელესივრცის გადახალისება აუცილებელია და გაერთიანებაც სწორედ მაყურებლის ინტერესის დასაკმაყოფილებლად დაიგეგმა.

- აბსურდია გია გაჩეჩილაძის განცხადებაც და მედიაჰოლდინგის შექმნის იდეაც. ისიც კი ვერ გავიგე, რას უწოდებენ გაერთიანებას - "იმედი", "მაესტრო" და GDS-ი აქამდეც უნისონში მაუწყებლობდნენ, სწორედ ისე, როგორც ეს სააკაშვილის დროს ხდებოდა - კარგად გვახსოვს, ყველა ტელევიზია ერთი და იმავე ტექსტით მეტყველებდა. "ქართული ოცნებაც" წინამორბედის გზას დაადგა და ცდილობს, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება მის სამსახურში ამუშაოს. არ ვფიქრობ, რომ ამ პროცესში მთავარი ფიგურანტი ირაკლი რუხაძეა, ის ბიძინა ივანიშვილის გეგმის შემსრულებელთა ქვედა ფენას წარმოადგენს. მთელ ამ პროცესში მაინც ჟურნალისტებზე მწყდება გული - ადამიანს, რომელსაც ჯერ "მაესტროს" ერთი პროცენტიც კი ოფიციალურად არ გადაუფორმებია, რატომ შეხვდნენ?! მიუხედავად იმისა, რომ ეს ჟურნალისტები ჩემთვის ახლობელი ადამიანები არიან, მათი ბედი დღეს სულაც არ მანაღვლებს - გინდ ტელევიზიაში დარჩენილან, გინდ გაუშვიათ და უსამსახუროდ დაუტოვებიათ. რუხაძესთან შეხვედრის შემდეგ, როდესაც აღტყინებული თვალებით შესცქეროდნენ მას, ჟურნალისტების მომავალი საერთოდ არ მანაღვლებს.

- "მაესტროს" დასაბრუნებლად დღესაც სასამართლოში იბრძვით. ფიქრობთ, რომ ტელევიზიის დაბრუნებას მოახერხებთ?

- ბრძოლას არ შევწყვეტ, თუმცა ღიად ვიტყვი - საქართველოს სასამართლოში ველოდები ცირკს, ევროპაში კი - სამართალს. აუცილებლად გავასაჩივრებთ ევროსასამართლოში და მჯერა, ადრე თუ გვიან, შედეგს აუცილებლად მივაღწევთ.

"მაესტრო" და "იმედი" შეიძლება იყოს ერთი ადამიანის მფლობელობაში მაგრამ ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება"

ირაკლი რუხაძე, "იმედის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე: - "მაესტრო" და "იმედი" შეიძლება იყოს ერთი ადამიანის მფლობელობაში, მაგრამ ორივეს ჰქონდეს საინფორმაციო გამოშვება. არსად არ წერია, რომ ჰოლდინგს ერთი საინფორმაციო გამოშვება უნდა ჰქონდეს, კანონი არ მიკრძალავს ამას. რაც შეეხება მარეგულირებელ კომისიას, თუ ისინი სხვაგვარად ფიქრობენ, შეუძლიათ გვიჩივლონ.

რუსუდან შელია