მაკკეინი- საქართველოს პოლიტიკური მეკვლე - კვირის პალიტრა

მაკკეინი- საქართველოს პოლიტიკური მეკვლე

2016 წლის ნოემბერში ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა "ვაშინგტონ პოსტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ კონგრესის დელეგაცია რესპუბლიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის, ხელმძღვანელობით საქართველოს დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე ეწვეოდა. გაცხადდა ისიც, რომ ეს იყო ერთგვარი ტურნე და დელეგაციის ვიზიტი, საქართველოს გარდა, იგეგმებოდა უკრაინასა და ესტონეთში. გამოცემას არც ვიზიტის მიზნებსა და არც ზუსტ დროზე არაფერი უთქვამს, ამიტომ ვერავინ იფიქრებდა, რომ აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინი სენატორ ლინდს გრემთან ერთად ჩვენი ქვეყნის მეკვლე იქნებოდა. სენატორების ვიზიტის დაწყებისას ჩვენი გაზეთი უკვე სტამბაში იქნება, ამიტომ მისი მიმდინარეობის თაობაზე რამის თქმა გაგვიჭირდება. წინასწარ მხოლოდ ის ვიცით, რომ 2 იანვარს სენატორები საქართველოდან უკრაინასა და ესტონეთში გაემგზავრებიან.

რა უნდა გამხდარიყო ამ ვიზიტის მიზეზი და ჩამოიტანა თუ არა მაკკეინმა თეთრი სახლის ახალი ადამინისტრაციის გზავნილი? გვესაუბრება ექსპერტი ვალერი გორგილაძე:

- ძნელი სათქმელია, რადგან ამერიკის შეერთებულ შტატებში არასტანდარტული ვითარებაა. ერთია, რომ ამერიკისთვის, მისი პოლიტიკური ისტებლიშმენტისთვის ტრამპი არის არასასურველი მოულოდნელობა, მეორეა, რომ მის გამარჯვებასთან შეგუება ძალიან უჭირთ. ვხედავდით, რომ ჰილარი კლინტონი შექმნილ ვითარებას 19 დეკემბრამდე ვერ ეგუებოდა და ყველა ხერხს იყენებდა მრჩეველთა კოლეგიაზე ზემოქმედებისთვის, რათა ტრამპისთვის მხარი არ დაეჭირათ. ეს ამერიკისთვის ძალიან უჩვეულოა. მრჩეველთა კოლეგია არის ძირითადი ინსტიტუტი, რომელიც სისტემის ლეგიტიმურობას უზრუნველყოფს. ძველი ადმინისტრაციის ასეთი დესტრუქციული მოქმედებები ახლის წინააღმდეგ აქამდე არ ყოფილა. ობამა აკეთებს ყველაფერს, რომ ტრამპს შეუზღუდოს მანევრირების საშუალება, არ დაუტოვოს რუსეთთან გლობალური გადატვირთვის პოლიტიკის წარმოების შესაძლებლობა. ეს აშკარად ჩანს რუსეთისთვის ყოველდღიურად დაწესებულ სანქციებში. ორიოდე დღის წინ ვნახეთ დემარში რუსი დიპლომატების წინააღმდეგ - აშშ-დან 30-ზე მეტი დიპლომატი გააძევეს. ვნახეთ ასიმეტრიული ქმედებაც პუტინისა, რომელმაც საპასუხო ნაბიჯი არ გადადგა და არც ერთი ამერიკელი დიპლომატი არ გააძევა, რაც ტრამპმა მოიწონა. რაც შეეხება მაკკეინს, ის დღესაც გავლენიანი ფიგურაა და ასოცირდება რუსეთისადმი უკიდურესად რადიკალურად განწყობილ პოლიტიკოსთა ჯგუფთან. ძნელი სათქმელია, როგორ გავლენას ახდენს ის ტრამპის ადმინისტრაციაზე.

მაკკეინი, ალბათ, ეცდება როგორც საქართველოს, ასევე უკრაინისა და ესტონეთის ხელისუფლებებს ურჩიოს, როგორ გამოძებნონ საერთო ენა ტრამპის ადმინისტრაციასთან. ილაპარაკებს აშშ-ის მიერ საქართველოს უპირობო მხარდაჭერაზე. მეც ძალიან მაინტერესებს მაკკეინის ვიზიტის რეალური მიზნები, თუმცა, შესაძლოა, ეს ხმამაღლა არც ითქვას და კულუარებშივე დარჩეს.

დარწმუნებული ვარ, რომ ზოგიერთის მოლოდინი, თითქოს საქართველო და უკრაინა აშშ-ის რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების პროცესში გაიცვლება, არ გამართლდება. ვნახოთ, ინაუგურაციამდე არც ისე დიდი დრო დარჩა და ტრამპის პირველივე პოლიტიკური ნაბიჯები ბევრ რამეს გამოაჩენს.

ნათია დოლიძე