"ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან" - ვის დარჩება "ნაციონალური მოძრაობა"? - კვირის პალიტრა

"ვინც მიიჩნევს, რომ სააკაშვილის გარეშე პარტია ნულის ტოლია, დარჩება მიშასთან" - ვის დარჩება "ნაციონალური მოძრაობა"?

სანამ "ნაციონალური მოძრაობის" ორი დაპირისპირებული ფრთა პარტიული ყრილობისთვის ემზადება, უკვე ითქვა, რომ შესაძლოა, 20 იანვარს სპორტის სასახლეში ჩატარებული შეკრება არალეგიტიმურად გამოცხადდეს. მეტიც, ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგი თანაპარტიელების წინააღმდეგ დავას სასამართლოშიც არ გამორიცხავს. ვის დარჩება პარტია? გაზეთი "კვირის პალიტრა" "ნაციონალური მოძრაობის" წევრ აკაკი ბობოხიძეს ესაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტრევიუდან:

- პარტიაში რომ ორი ბანაკია, ამის უარყოფას არ ვაპირებ - ერთი ამბობს¬, სააკაშვილს უპირობოდ უნდა დავეთანხმოთო, მეორე ჯგუფი კი, რომელშიც მეც ვარ, მიიჩნევს, რომ თუ სააკაშვილი გარკვეულ საკითხებში ცდება, ეს ღიად უნდა ვუთხრათ და არ უნდა მოგვერიდოს.

- თუმცა განსხვავებული აზრისთვის სააკაშვილმა ე.წ. გიგა ბოკერიას ფლანგი ივანიშვილთან გარიგებაში დაადანაშაულა და მოღალატეებადაც შერაცხა.

- მოღალატეობასა და ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაზე განცხადებები, რბილად რომ ვთქვათ, მიუღებელია. სამწუხაროდ, ამაზე საჯაროდ პირველად სააკაშვილმა ისაუბრა - დაგვარტყა თანაპარტიელებს, ისიც კი თქვა, ვიცი, ვინ ვისთან¬ აწარმოებს მოლაპარაკებებსო. პირადად მე, უსაფუძვლოდ არც ერთ ჩემს თანაპარტიელს მოღალატეს არ ვუწოდებ. სააკაშვილი იმას კი არ ამბობს, ჩვენი პარტიული დაპირისპირება შესაძლოა ივანიშვილს აძლევდეს ხელსო, პირიქით, უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას. სამწუხაროა, რომ ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც მას უჭერენ მხარს და უპირობოდ ეთანხმებიან ყველა დეტალში, არ ეუბნებიან, რომ ასე საუბარი მინიმუმ არასწორია. სწორედ ამიტომ ვამბობ, პარტიის გადარჩენა ახლა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია - წინააღმდეგ შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" დაშლა დამანგრეველი იქნება იმ ათიათასობით ადამიანისთვის, რომელმაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: "სააკაშვილი უაპელაციოდ გვაბრალებს მოღალატეობას"