"არსებობს ძალები, რომელთაც პანკისის ხეობაში მუდმივი დაძაბულობის ინტერესი აქვთ" - ვინ და რატომ გააჩინა ცეცხლი კულტურის ცენტრში?!
"არსებობს ძალები, რომელთაც პანკისის ხეობაში მუდმივი დაძაბულობის ინტერესი აქვთ" -  ვინ და რატომ გააჩინა ცეცხლი კულტურის ცენტრში?!
"რაც მოხდა, ეს ქვეყნის და პანკისის ხეობის წინააღმდეგ მოწყობილი კრიმინალია"

პანკისის ხეობის სოფელ დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია "კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის საზოგადოებრივი ცენტრი" ფუნქციონირებს, ცეცხლი მიზანმიმართულად წაუკიდეს. ფონდის დირექტორის, იზა ბექაურის განცხადებით, შენობას ბენზინი მიასხეს და ხანძარი განზრახ გააჩინეს. ვინ შეიძლება იდგეს ამ ფაქტის უკან? - გვესაუბრებიან ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი და გაზეთ "კვირის პალიტრის" ჟურნალისტი ნინო ბურჭულაძე:

მექა ხანგოშვილი:

- სიმღერას და ცეკვას, რომელიც არ შეიცავს
ამორალურ ქმედებებს, ისლამი არ კრძალავს. ის, ვინც დუისის კულუტრის ცენტრს ხანძარი გაუჩინა, ბნელი ძალაა, რომელსაც არ აქვს სურვილი, რომ ხეობა წინ წავიდეს და განვითარდეს. მათ მხოლოდ ერთი სურვილი ამოძრავებთ, ხეობა ისევ ჭაობში დააბრუნონ. ეს ცენტრი იყო ხეობის ნათელი წერტილი, რომელიც ჩირაღდანივით ენთო და ყველაფერს აკეთებდა
ახალგაზარდებისთვის. ცენტრში ეწყობოდა: პოეზიის საღამოები, შეხვედრები მწერლებთან და სხვა მსგავსი ლამაზი ღონისძიებები. ერთ-ერთი ბოლო თავყრილობა, რაც აქ ჩატარდა, ტარიელ ხარხელაურის პოეზიის საღამო იყო, რომელზეც უხუცესებმა აღნიშნეს, რომ ცენტრი ძალიან კარგ საქმეს აკეთებდა. აქვე მინდა, ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა იმაზე, რომ ხეობაში მიმდინარე კარგი ამბებით მასმედია არ ინტერესდება. პოეზიის საღამოს მეორე დღეს ჩატარდა ინტელექტუალური თამაშები, მერე კულტურის სამინისტროს და გოგლა ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის მიერ ორგანიზებული საღამო, სადაც ვაინახების ხელოვნების პრეზენტაცია გაიმართა. პირადად დავურეკე ტელევიზიებს და ვთხოვე, რომ ეს ფატქები გაეშუქებინათ, მაგრამ არავის გაუშუქებია, მაშინ როცა, თუ ცუდი ხდება, უამრავი ჟურნალისტი ჩამოდის, ანუ გამოდის რომ ხეობიდან მხოლოდ ნეგატიური ფაქტების გაშუქება ხდება. მინდა, ხაზგასმით ვთქვა, რომ რაც მოხდა, არ არის დუისი კულტურის ცენტრის წინააღმდეგ დაგეგმილი ქმედება, ესაა ქვეყნის და პანკისის ხეობის წინააღმდეგ მოწყობილი კრიმინალი.

- ვის ინტერესს ატარებენ ის ძალები ვისზეც თქვენ საუბრობთ, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების?

- ძალიან რთულია ამის თქმა, თუ ვისი დაკვეთაა. არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ეს უნდა იცოდეს პოლიციამ, რადგან სწორედ მათი პრეროგატივაა მსგავსი ფაქტების გამოძიება. სხვათა შორის, იმაში, რომ დუისის კულტურის ცენტრის დაწვა გაბედეს, დიდი როლი მიუძღვის პოლიციის უნიათობას, მაგალითად, შარშანაც, როცა ხეობაში ნაძვის ხე დადგეს, ვითომდა მოკლე ჩართვის გამო დაიწვა, მაშინ არც კი გამოიძიეს რა მოხდა რეალურად.

-  ამ ცოტა ხნის წინ, პანკისის ხეობაში მიზანმიმართულად გაავრცელეს ჭორი, რომ ხეობაში უნდა მომხდარიყო სირიელი ლტლოლვილების ჩასახლება, რამაც ადგილობრივების გაღიზიანება გამოიწვია. როგორ ფიქრობთ, ვის ინტერესებში შედის ამგვარი ჭორების გავრცელება?

- ყველა შეჭირვებულ ადამიანს უნდა დავუდგეთ გვერდში და დავეხმაროთ, მაგრამ ხეობის ფიზიკური და ეკონომიკური მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, რომ აქ ვინმე ჩასახლდეს. ვერ გეტყვით ვინ გაავრცელა ეს ამბავი, მაგრამ რაღაც ძალები რომ არსებობს, რომელთაც ხეობაში მუდმივი დაძაბულობის ინტერესი აქვთ, ეს ცხადია.

ამავე თემაზე კომენტარი "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს, ნინო ბურჭულაძეს ვთხოვეთ, რომელიც წლებია პანკისის ხეობის პრობლემებზე წერს და იქ არსებულ სიტუაციას ადგილობრივებზე არანაკლებ კარგად იცნობს:
- მას მერე, რაც ხეობაში საგანმანათლებლო პროგრამები დაიწყო (რათა ახალგაზრდების ხეობიდან გადინება შეწყვეტილიყო), ეს ყველას ძალიან უხაროდა და მოსწონდა, თუმცა იყო გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამ ფაქტს მაინცდამაინც დიდი აღფრთოვანებით არ შეხვდა. მათ ეს არ მოსწონდათ, რადგან ბავშვებმა მედრესეების ნაცვლად, დაიწყეს მუსიკაზე, ხატვაზე, სპორტსა და სხვადასხვა საგანმანათლებლო წრეებზე სიარული. თავიდან, თუ ამაზე მხოლოდ მინიშნებებს აკეთებდნენ, მერე უკვე ოჯახებში დაიწყეს ლაპარაკი, რომ ეს იყო მიუღებელი ისლამისათვის.

მეტსაც გეტყვით, ვიცი შემთხვევები, როცა ქუჩაში გაუჩერებიათ მიმავალი ავტომობილი, სადაც რაიმე სახის მუსიკა იყო ჩართული და მძღოლისთვის უთქვამთ, - გამორთე, ეს შეიძლება გაიგოს მორწმუნემ და უნებლიედ ცოდვაში ჩავარდესო! მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ რადიო გაიხსნა და მიუხედავად იმისა, რომ რადიოს გინდა ჩართავ და გინდა არა, იქაც კი წინააღმდეგი იყვნენ მუსიკის გაშვების. ბოლო დროს ეს ჯგუფი უკვე რადიკალურ ნაბიჯებსაც დგამს, ემუქრებოდნენ ხეობაში სხვადასხვა პროექტების განმახორციელებლებს, წერდენ მუქარის მესიჯებს... ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვინც პანკისის ხეობას იცნობს, ამგვარი კრიმინალის მოლოდინი ყველას ჰქონდა.

- პოლიცია თუა ამ ყველაფრის საქმის კურსში?

თუ ეს ყველაფერი არ იცის პოლიციამ, მაშინ საერთოდ რისთვის არსებობს?!. 6 წელია სისტემატიურად დავდივარ პანკისის ხეობაში და მინდა გითხრათ, რომ პოლიცია ძალიან უნიათოა, ხეობის მოსახლეობის ნდობა პოლიციისადმი, ფაქტობრივად, ნულის ტოლია. ის თუ პანკისში იყო მშვიდობა ეს იმიტომ კი არ იყო, რომ პოლიცია არეგულირებდა სიტუაციას, არამედ ადგილობრივებმა ისწავლეს ცხოვრება კანონის ფარგლებში.

იმის გამო, რომ პანკისის ხეობა ძალიან თავისებური რეგიონია, პოლიცია ერიდება სიტუაციის გამწვავებას, დაძაბვას, თუმცა ამ ყველაფერს უკუეფექტი აქვს. ხეობაში იყო მცდელობა, რომ უხუცესთა საბჭო გააქტიურებულიყო და ხალხი პოლიციის ნაცვლად მათ მიმართავდა, მეტსაც გეტყვით, ვიცი ფაქტები, როცა პოლიციას მიმართეს და თვითონ პოლიცია ეუბნებოდა მიდით და თქვენით გაარჩიეთ საქმე, ხომ გაქვთ რაღაც წესებიო, ანუ გამოდიოდა, რომ ხეობაში რაღაც პარალელური სამართალი არსებობდა.
ამ უხუცესთა საბჭომაც ვერ გაამართლა, რადგან ერთმანეთს მუდმივად კორუფციაში ადანაშაულებდნენ, კიდევ იყო სხვა ნიუანსებიც და საბოლოოდ ვერც პოლიცია აკონტროლებდა ხეობას და ვეღარც უხუცესთა საბჭო. საჭიროა, დუისში მომხდარი ფაქტი გამოიძიონ და დამნაშავე ზომაზე მეტადაც კი დაისაჯოს, რადგან სხვას აღარ გაუჩნდეს მსგავსის გაკეთების სურვილი.

გახსოვთ, "ფეისბუკზე" ტერაქტის მუქარა რომ გაავრცელეს, შესაბამისმა სამსახურებმა მოახდინეს სწორი რეაგირება და მას მერე აღარავის გასჩენია სურვილი მსგავსი რამ გაეკეთებინა. ცალსახაა, რომ პოლიცია ხეობაში უნდა გახდეს ქმედითი და ამით ისინი ნდობასაც დაიბრუნებენ და სიტუაციის დარეგულირებასაც შეეწყობა ხელი. ბოლო ერთი წელია ხეობიდან არავინ წასულა სირიაში, არ იყო ტერორიზმის გავრცელების საფრთხე, მაგრამ იყო ბინების ძარცვა, საქონლის ქურდობა და სხვა წვრილმანი, თუ არაწვრილმანი დანაშაული, რომელსაც პოლიცია ვერ აუდის.

ამ ცოტა ხნის წინ, შს მინისტრი იყო ჩასული და უამრავი მხატვრული ლიტერატურა ჩაიტანა - ერთმნიშვნელოვნად კარგი ფაქტია, რომ ბიბლიოთეკაში ქართული წიგნები იქნება და ახალგაზრდები ამ წიგნებს წაიკითხავენ, მაგრამ მინისტრი აუცილებლად, უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ საქმიანობს იქ მისი უწყება. პანკისის ხეობაში აუცილებლად უნდა მოხდეს კადრების გადახალისება.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)

ასადულა
05 იანვარი 2017 23:54
პანკისში სრული სიმშვედეა და ყველაფერი კონტროლდება.კრიმინალი ყველგან ხდება.დღეს პანკისი ყველაზე მშვიდი ადგილია.გადახედეთ რა ხდება ქვეყანაში.მკვლელობა ყაჩაღობა გაუპატივრება
.რა გინდათ პანკისისგან??არ დაიღალეთ ჩვენზე ზრუნვით ნუ გამოდიხართ ჩვენი გადამრჩენელის როლში თითქოსდა ძაან გაღელვებდეთ.პოლიციაც მუშაობს უხუცესებიც აკეთებენ თავის საქმეს.
05 იანვარი 2017 23:34
არ ვეთანხმები მე ამ სტატიის ავტორს,ყველა სადღაც ვიღაცისკენ აშვერთ თითს დაკონკრეტებაზე როცა მიდის საქმე ებრაელის არგუმენტი მოგყავთ.რატო მექასა და ნინოს აზრს ეყრდნობით ვერ გავიგე ნინომ იცის ჩემზე კარგად ხეობაში რახდება და როგორ ხდება?რატო წერთ ამ მიკერძოებულ სტატიებს მითუმეტეს როცა საქმე მასე სერიოზულადა მარტო ნინო და მექა წყვეტდეს ხეობაში რა როგორ უნდა გაკეთდეს.რამდენი ხანია ვაკვირდები კვირის პალიტრის სტატიებს,რაც პანკისს ეხება ყოველთვის ბნელად საშიშად აპიარებთ,მერე ვიღაცა რაღაცას რო დაგიწერთ ამბავს ატეხავთ ხოლმე.დაანებეთ მასეთი სტატიების გაბუქებას თავი პანკისზე.თუ წერთ დაწერეთ ცალსახად და გამჭვირვალედ..
lali
05 იანვარი 2017 19:13
ქისტები პანკისის ხეობაში 4 საუკუნეა ცხოვრობენ,საქართველო მათი სამშობლოა.ეს არის მეტად გულიანი ხალხი ,სტუმართმოყვარე და მეტად თავმდაბალი.მე ვიცნობ ბევრ მათგანს და ძალიან დადებითი ემოცია მოდის მაგათგან,უღალატო ხალხია,წესრიგი უყვართ,პატივს სცემენ ქრისტიანობას,ამავე დროს თავიანთი მრწამსი აქვთ.ამ ხალხს დიდი ყურადღება სჭირდება ხელისუფლების მხრიდან.

რუბრიკის სხვა სიახლეები
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში როგორ შეიცვალა თქვენი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა?
თვის კითხვადი სტატიები