"თუ პრეზიდენტმა მოინდომა, რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება" - კვირის პალიტრა

"თუ პრეზიდენტმა მოინდომა, რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება"

"რაც შეეხება პარლამენტის საპასუხო ნაბიჯს, მმართველ გუნდს შეუძლია კონსტიტუციაში დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანოს და განმეორებითი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს"

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, თუ საკონსტიტუციო კომისია პრეზიდენტის პირდაპირი არჩევის წესს შეცვლის, კონსტიტუციით გიორგი მარგველაშვილს აქვს ბერკეტი, გადადგეს და რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნოს. თუ მოვლენები მართლაც ამ სცენარით განვითარდა, რა ბერკეტი აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობის მქონე მმართველ პარტიას ან პრეზიდენტს, "კვირის პალიტრას" კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე ესაუბრა:

- პრეზიდენტს არა აქვს უფლება, დასვას კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხი და მოსთხოვოს პარლამენტს მისი განხილვა. თუ არსებობს 76 დეპუტატის თანხმობა ან 200 000 ამომრჩევლის ხელმოწერა, ასეთ შემთხვევაში კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს, რომელიც აქვეყნებს მას საყოველთაო-სახალხო განხილვისათვის.

თავად პარლამენტი კანონპროექტის განხილვას იწყებს გამოქვეყნებიდან ერთი თვის შემდეგ. კონსტიტუციური შესწორებები რომ ძალაში შევიდეს, აუცილებელია, პარლამენტმა ორ თანამიმდევრულ სესიაზე ორჯერ უყაროს კენჭი კანონპროექტს, მაგრამ ისე, რომ პირველი კენჭისყრიდან მეორემდე გასული იყოს არანაკლებ სამი თვე და, ცხადია, მას მხარს უნდა უჭერდეს პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეოთხედი, ანუ არანაკლებ 113 დეპუტატი.

ამ პროცედურებიდან, ასევე ხელისუფალთა განცხადებიდან გამომდინარე, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია კანონპროექტის შემუშავებას აპრილის ბოლოს დაასრულებს, ნიშნავს, რომ პარლამენტში პირველი კენჭისყრა, დიდი ალბათობით, ივნისში, საგაზაფხულო სესიაზე გაიმართება, შესაბამისად, მეორე - სამი თვის შემდეგ, ანუ სექტემბერში, საშემოდგომო სესიაზე; ჩნდება სამთვიანი ინტერვალი, როდესაც ხელისუფლების ნება გაცხადებული და პირველი კენჭისყრით დადასტურებულია, მაგრამ მეორე კენჭისყრამდე ძალაში არ არის შესული. ამ სამთვიანი ინტერვალის გამოყენების კონსტიტუციურ და სამართლებრივ შესაძლო მექანიზმზე ისაუბრა დავით უსუფაშვილმა და გააფრთხილა ისინი, ვინც მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი პირდაპირი წესით, ხალხის მიერ უნდა იყოს არჩეული, იმ შემთხვევისთვის, თუკი ხელისუფლება გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტის არჩევა არაპირდაპირი გზით მოხდეს.

- თუმცა საკითხი სწორედ აქ გაიყო თავად კონსტიტუციონალისტებს შორისაც - შეუძლია თუ არა პარლამენტს არჩევნების შეჩერება, თარიღის გადატანა ან თუნდაც ახალარჩეული პრეზიდენტისთვის უფლებამოსილების შეწყვეტა?

- მოქმედი კონსტიტუციით, იმ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტი ვერ ახორციელებს თავის უფლებამოსილებას ან ვადამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება უფლებამოსილების შეწყვეტიდან 45 დღის განმავლობაში. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს პარლამენტი. ასეთი პრეცედენტები საქართველოში უკვე გვქონდა და ხელისუფლებას (უმრავლესობას) არანაირი კონსტიტუციური მექანიზმი არჩევნების შესაჩერებლად ან გადასატანად არ გააჩნია.

თუ პრეზიდენტისათვის პრინციპულად მიუღებელი აღმოჩნდება პრეზიდენტის არჩევის წესი, ასეთ შემთხვევაში, მას შეუძლია გამოიყენოს სამთვიანი ინტერვალი, პირველი კენჭისყრის შემდეგ, თუ საჭიროება გაჩნდა, გადადგეს და აიძულოს ხელისუფლება, ხუთი წლის ვადით აირჩიოს ახალი პრეზიდენტი პირდაპირი კენჭისყრით და იმ უფლებამოსილებით, რაც მოქმედი კონსტიტუციით არის განსაზღვრული.

თუ მარგველაშვილი ამგვარ ნაბიჯს გადადგამს, მას შეუძლია თავადვე იყაროს კენჭი და გამარჯვების შემთხვევაში, საზოგადოების აღქმაში სრულად გათავისუფლდეს იმ ვალდებულებებისაგან, რაც მის გაპრეზიდენტებაში "ქართული ოცნების" მხარდაჭერამ წარმოშვა. ასე რომ, თუ პრეზიდენტმა მოინდომა, რიგგარეშე არჩევნები აუცილებლად ჩატარდება.

რაც შეეხება პარლამენტის საპასუხო ნაბიჯს, მმართველ გუნდს შეუძლია კონსტიტუციაში დაჩქარებული წესით ცვლილებები შეიტანოს და განმეორებითი რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მოითხოვოს. თუმცა მსგავსი ნაბიჯი ხელისუფლებისგან, რბილად რომ ვთქვათ, კონსტიტუციურ სამართალთან თანხვედრაში ვერ მოვა. უფრო მოსალოდნელია, ახალმა კონსტიტუციამ პრეზიდენტის უფლებამოსილებები შეზღუდოს და ეს ნორმები კონსტიტუციის მიღებისთანავე აამოქმედოს. არც ამგვარი გადაწყვეტილება მიმაჩნია გამართლებულად, მაგრამ მოვლენათა ამგვარად განვითარების ალბათობა უფრო რეალური ჩანს.

- დავით უსუფაშვილის პროგნოზსა და კონსტიტუციაში არსებულ კაზუსებს მივყავართ თუ არა პოლიტიკურ კრიზისამდე?

- არა. პოლიტიკური კრიზისი წარმოიშვება მაშინ, როდესაც იწყება დაპირისპირება აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა შორის, როდესაც ახალარჩეული პარლამენტი ვერ ახერხებს აღმასრულებელი ხელისუფლების ფორმირებას ან უნდობლობას უცხადებს არსებულს და თავად ვერ ქმნის ახალს. ორივე შემთხვევაში პრეზიდენტი, ცხადია, მონაწილეობს, მაგრამ მისი მონაწილეობა მკაცრად არის რეგლამენტირებული კონსტიტუციით. ამიტომ მოვლენების ასეთი სცენარით განვითარების შემთხვევაში, პრეზიდენტი ან პარლამენტი ცალ-ცალკე ვერ იქნება პოლიტიკური კრიზისის მაპროვოცირებელი.

რუსუდან შელია