"ნაცპირველობის" საფინიშო რბოლა...
09-01-2017
"ნაცპირველობის" საფინიშო რბოლა...
"ნაცმოძრაობაში" მორიგდებიან თუ არა, მაინც არაფერი იცვლება - ერთიანად თუ ცალ-ცალკე ვერ იქცევიან ამომრჩევლისთვის მისაღებ ძალად. საზოგადოება არ არის მზად, "ნაცმოძრაობის" ნამსხვრევები მიიღოს. მართალია, უგულავამ სამართლებრივად სასჯელი მოიხადა, მაგრამ პოლიტიკური სასჯელი მას ამომრჩევლის წინაშე ჯერ კიდევ მოსახდელი აქვს

ორწელიწადნახევრიანი პატიმრობის შემდეგ გიგი უგულავა თავისუფალია - ციხე თბილისის ყოფილმა მერმა 6 იანვარს, საღამოს შვიდი საათისთვის დატოვა. სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან დედაქალაქის ყოფილი მერის გაშვება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვიტა, რომელმაც მსჯავრდადებულს "თბილსერვისის" საქმეზე წაყენებული
მუხლი გადაუკვალიფიცირა და ოთხწელიწადნახევ­რიანი სასჯელი გაუნახევრა... გიგი უგულავამ პოლიტიკური განცხადებები ციხიდან გამოსვლისთანავე გააკეთა:

"დადგა დრო, როცა სამართალზე მნიშვნელოვანი მოწყალებაა"


გიგი უგულავა: -
პირველ რიგში, სოლიდარობას ვუცხადებ ყველა პატიმარს. ჩვენი ერთიანი ამოცანაა, პოლიტპატიმრები საბოლოოდ გათავისუფლდნენ, იმის მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არიან
თუ სხვა პოლიტიკურ ძალას წარმოადგენენ.­ თუ ჩემი გათავისუფლება ამ პროცესის დასაწყისი იქნება, ბედნიერი ვიქნები, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ ბევრი მუშაობა მოგვიწევს - ყველამ უნდა გააცნობიეროს, სანამ ქვეყანას პოლიტპატიმრები ეყოლება,­ პოლიტიკოსებს შორის დაპირისპირებაც­ უკიდურესად რადიკალური და მწვავე იქნება, რაზეც პასუხისმგებელი, პირველ რიგში, მთავრობაა. თუ გვინდა ეკონომიკური­ თუ სხვა ტიპის პრობლემები მოვაგვაროთ, პოლიტპატიმრები უნდა გავათავისუფლოთ. თუ ხელისუფლება ამ ვაჟკაცურ ნაბიჯს გადადგამს და პოლიტიკურ ამნისტიას გამო­აცხადებს, გაჩნდება შესაძლებლობა, ფურცელი გადავშალოთ და ხელისუფლებამ და ოპოზიციამ კონსოლიდირებულად განვაგრძოთ ქვეყანაზე ზრუნვა. თუ მმართველი გუნდი ამ ნაბიჯს მაინც არ გადადგამს, მაშინ პროცესში პრეზიდენტი უნდა ჩაერთოს - მისი კონსტიტუციური მოვალეობაა, გამოასწოროს ის ნაკლოვანებები, რასაც მთავრობა თუ სასამართლო ქმნის. დადგა დრო, როცა სამართალზე მნიშვნელოვანი მოწყალებაა და პრეზიდენტმა პასუხისმგებლობა უნდა იტვირთოს. საკმარისზე მეტად ვატკინეთ ერთმანეთს გული და ახლა უკვე დაპირისპირებით ხალხსა და სახელმწიფოს ვაზიანებთ - დროს ვკარგავთ და ერთ წრეზე ვტრიალებთ.

- საქმის განხილვა დაჩქარებულად წარიმართა. ელოდით მოსამართლისგან მსგავს­ გადაწყვეტილებას, მით უმეტეს, რომ თქვენი გუნდი მუდმივად­ აპელირებდა სასამართლოს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე?

- ჩემთვის წაყენებული 182-ე მუხლი თავიდანვე პროპაგანდისტული იყო და ის საბიუჯეტო თანხების მითვისება-გაფლანგვას ითვალისწინებს. ამ მუხლის წაყენებას მხოლოდ ერთი მიზანი ჰქონდა - ჩემი რეპუტაციის შებღალვა! იგივე ხდება ე.წ. კაბელების საქმისთვის დაკავებულების შემთხვევაშიც. მიხარია, რომ ეს მუხლი ჩამომშორდა­ - 2013 წელს, როდესაც ჩემს წინააღმდეგ ძიება დაიწყო, მაშინვე ვთქვი, რომ 600-700 კაცი "თბილსერვისში" ჩემი თანხმობით დასაქმდა. ამიტომ უზნეო უნდა ვიყო, რომ ჩემი მოადგილეებისკენ ხელი გავიშვირო - მე ვიღებ პასუხისმგებლობას ცუდსა და კარგ გადაწყვეტილებებზეც. თავიდან ნამდვილად არ მქონია განზრახვა, ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე მიეღო, თუმცა დღეს სირაქლემას პოზიციაში ვერ ჩავდგები და ვერ ვიტყვი, რომ "თბილსერვისში" ჩემი მიზანი პოლიტიკურად არ გადაკვალიფიცირდა.

- სწორედ ეს პოზიცია და თქვენი­ განცხადება, რომ პროკურატურის ნარა­ტი­ვს­ ერთ ნაწილში იზიარებთ, საზოგადოებისა­ და თანაგუნდელების ნაწილმა აღიარებად შეაფასა.

- დიახ, ამ ყველაფერს არასწორი ინტერ­­პრეტაცია მიეცა - მე მხოლოდ იმ ნაწილ­ზე ვისაუბრე, რაც ცუდი იყო, თუმცა ეს ბრალის აღიარებას სულაც არ ნიშნავს. ბრალის აღიარება საპროცედურო მოქმედებაა და პატიმრობის მესამე წელს ამას არავინ აკეთებს. ვწუხვარ, რომ ასეთ სისულელეს ისეთი ადამიანებიც აჰყვნენ, რომლებიც ჩვენს მომხრეებად ითვლებიან.

- ბატონო გიგი, შეცდომებზე საუბარი ახლა დაიწყეთ?

- დიახ, შეცდომა იყო, რომ არ მივადევნე თვალყური, რა მიმართულებით ხდებოდა ადამიანების დასაქმების ტრანსფორმირება
- ეს ადამიანური რესურსი მერიას ნამდვილად სჭირდებოდა, მაგრამ უნდა მიმექცია ყურადღება მათი პოლიტიკური საქმიანობისთვის.

- ფაქტია, რომ "ნაციონალურ მოძრაო­ბაში" დაპირისპირება გამწვავდა. თქვენი გათავისუფლება რას შეცვლის პარტიაში?

- მეგობრებისა და შვილების შემდეგ რაც გამაჩნდა, სწორედ ეს პარტია იყო - სხვა პარტიაში არც არასდროს ვყოფილვარ. გულსატკენია, რაც ახლა პარტიაში ხდება, ბოლოს და ბოლოს, ციხეში ორწელიწად-ნახევარი ამ პარტიის გამო ვიჯექი.­
კონფლიქტის მოსაგვარებლად ვაპირებ, შევხვდე­ სააკაშვილს. გავესაუბრები სხვებსაც­ - ბიბლიოთეკის უკლონისტები იქნებიან თუ სხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

თუ ერთი პროცენტით მაინც არსებობს პოზიციების შეჯერების შანსი, აუცილებლად გამოვიყენებ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ პროცესი სამარცხვინო ფორმით არ დასრუ­ლდეს. შესაძლოა, ძველი ურთიერთობის ფორმები ვერ აღდგეს და ეს ლოგიკურიცაა, რადგან დრო თავისთავად ცვლის ბევრ საკითხს, მაგრამ თუ საერთო პლატფორმას გამოვნახავთ, გაუცხოების დაძლევა რეალური მგონია - მთავარია, ერთმანეთთან გულღია საუბარი შევძლოთ. რასაც მე გვერდიდან ვაკვირდებოდი, ამის ერთი პროცენტი არსებობს, მაგრამ მაინც ვალდებულად ვთვლი თავს, ეს ნაბიჯი გადავდგა. მინდა მიშას შევხვდე, ჩვენ ერთად ბევრი საქმე გვიკეთებია.

- თქვენი თანაგუნდელების ნაწილი მიიჩ­ნევს, რომ პარტიაში დაპირისპირება თქვენი საჯარო წერილით დაიწყო.

- არ ვფიქრობ, რომ განხეთქილება ჩემმა წერილმა გამოიწვია. პარტიაში ეს პრობლემა დიდი ხანია არსებობს.

"20 იანვრის სცენარს ყრილობაზე ვიხილავთ"


გიგი უგულავას ციხიდან გათავისუფლებას მხოლოდ ე.წ. ბოკერიას ფლანგის­ წევრები ელოდებოდნენ - სააკაშვილის მხარდამჭერები არ გამოჩენილან. ყოფილ მერს არც "ნაცმოძრაობის" ოფისში შეხვდნენ და ცალკე სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში შეიკრიბნენ. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ სააკაშვილისა და­ მისი­ მხარდამჭერების დამოკიდებულება­ უგუ­ლავას­ მიმართ უახლოეს დღეებში გამოჩნდება:

- გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. ყრილობამდე მათ შორის შეთანხმების რეალური შანსი არსებობს?

- როდესაც ადამიანი, რომელმაც მძიმე პოლიტიკური ტვირთი აიღო და წლები ციხეში გაატარა, ამბობს, რომ შეთანხმების მისაღწევად ცდას არ დაიშურებს, ვფიქრობ, მეორე მხრიდანაც ადეკვატური პასუხი უნდა მივიღოთ. სააკაშვილს ვუსურვებ, ასეთივე დამოკიდებულებით მიუდგეს საკითხს.

- 20 იანვარს სააკაშვილიც ითხოვს საქართველოში ჩამოსვლის უფლებას. რა მოხდება, თუ უგულავასა და სააკაშვილს შორის შეთანხმება ვერ შედგება, გახვალთ "ნაცმოძრაობიდან" გიგი უგულავას ლიდერობით?

- სააკაშვილსა და ყველა პოლიტდევ­ნილს უნდა მიეცეს ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა, 20 იანვრის სცენარს კი ყრილობაზე ვიხილავთ. პროცესები იმდენად სწრაფად ვითარდება, რომ პროგნოზის გაკეთება ძნელია.
სამწუხაროა, რომ სააკაშვილი აგრძელებს უსაფუძვლო ბრალდებების გაჟღერებას და თანაგუნდელებს ბიძინა ივანიშვილთან გარიგებაში ადანაშაულებს.

"სააკაშვილის მხარეს ის მრევლია, რომელიც სწორებას მხოლოდ ბელადზე აკეთებს"


...და მაინც, დამთხვევაა, რომ გიგი უგულავა საპატიმროდან ყრილობამდე ორი კვირით ადრე თავისუფლდება? შეძლებს თუ არა ის სააკაშვილის გარიყვასა და ლიდერის სტატუსის მოპოვებას, "კვირის პალიტრას" ექსპერტი გია ხუხაშვილი ესაუბრა:
- უგულავას გათავისუფლებაში პოლიტიკური ქვეტექსტი იკითხება - ამას "ქართულ ოცნებასთან" გარიგებას ვერ დავარქმევ,­ თუმცა ეს პოლიტიკური ნაბიჯი ნამდვილად იყო. მივყვეთ პროცესს, როგორ დაიწყო "ნაცმოძრაობაში" დაპირისპირება­ - სააკაშ­ვილმა ფორსირებული, რევოლუციური გზა აირჩია, გიგა ბოკერიამ უფრო ცივილიზებული გათვლა გააკეთა და პოლიტიკური სწორება 2020 წელზე აიღო, თუმცა პირველ ეტაპზე ამ კონცეპტუალურ დაპირისპირებას სააკაშვილის მრევლის აგრესია მოჰყვა.
სააკაშვილმა იეჭვ­იანა და პარტიაზე კონტროლის დაკარგვის საფრთხე იგრძნო, საბოლოოდ კი ერთმანეთს პარტიის ინტელექტუალური ელიტა და ე.წ. პარტიული კუნთები დაუპირისპირდნენ.

სააკაშვილის მხარეს პოლიტიკური ინტელექტის ნატამალი აღარ დარჩა, მის გვერდით მხოლოდ ის მრევლია, რომელიც სწორებას მხოლოდ ბელადზე აკეთებს. სწორედ ამ ფონზე უგულავას გათავისუფლება ბოკერიას ფლანგს აძლევს შანსს, უპირობო ლიდერი ჰყავდეს.
სიმართლე გითხრათ, მეჩვენება, რომ უგულავამ საპატიმროში ყოფნისას ბევრი რამ გადააფასა და დღეს ადამიანურადაც უკეთესად გამოიყურება, ვიდრე მაშინ, როდესაც რეჟიმის განუყოფელი ნაწილი იყო. დღეს ხელისუფლების ინტერესშია, დაპირისპირებამ პარტია რაც შეიძლება მეტად დააზარალოს, თუმცა არა მგონია, ამ გარიგებაში ჩართვა ხელისუფლებას აწყობდეს. თუ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ "ნაცმოძრაობა" მისი მთავარი პოლიტიკური მტერია, მაშინ ღრმა ინტელექტუალურ დეფიციტთან გვაქვს საქმე.

დღეს მმართველი გუნდის ინტერესია, ორივე დაპირისპირებული ძალა მარტივი კომბინაციით გააძლიეროს პრინციპით - არაფერი არ უნდა დალაგდეს, რადგან ეს პარტია სწორედ ხელისუფლებისთვის წარმოადგენს მთავარ პოლიტიკურ მკვებავს - ძლიერი "ნაციონალური მოძრაობა" ნიშნავს, რომ პოლიტიკურ ველში მესამე და რეალური პოლიტიკური ძალა არასოდეს გამოჩნდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში, აუცილებლად გამოჩნდება ძალა, რომელიც "ქართულ ოცნებას" პრობლემებს შეუქმნის, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში კრიზისი სულ უფრო მწვავდება.

- და გიგი უგულავას გათავისუფლება­ "ნაციონალურ მოძრაობას" გააძლიერებს თუ პირიქით, სააკაშვილ-ბოკერიას ფლანგი პოლიტიკურად საბოლოოდ გაიყოფა?

- თანაცხოვრება დღეს ორივე დაპირისპირებულ მხარეს სჭირდება - ინტელექტუალური რესურსი და ე.წ. პოლიტიკური კუნთების ერთობლიობა პოლიტიკაში აუცილებელია. თუმცა დაპირისპირებულ მხარეებს შორის მორიგება ნაკლებად წარმოსადგე­ნია იმ ფონზე, როდესაც სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების რიტორიკაში შეფარულად იკითხება, რომ უგულავას გათავისუფლება ხელისუფლებასთან გარიგებას ნიშნავს. თუ უგულავამ მოახერხა სააკაშვილის პარანოიდული ამბიციების დაოკება, ის პარტიის უპირობო ლიდერი გახდება, რაც სააკაშვილისთვის შესაძლოა მორიგი პოლიტიკური ეჭვიანობის საფუძველი გახდეს. სხვათა შორის, უგულავასთან ერთად სააკაშვილის დაშოშმინებისა და რაციონალურ მოქმედებაში გადაყვანის შანსი კეზერაშვილსაც აქვს, თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც სააკაშვილზეა.

- ე.წ. ბოკერიას ფლანგს უგულავას ლიდერობით რა შანსი აქვს პერსპექტიულ­ ძალად იქცეს?

- "ნაცმოძრაობაში" მორიგდებიან თუ არა, მაინც არაფერი იცვლება - ერთიანად თუ ცალ-ცალკე ვერც ერთი ნაწილი ვერ იქცევა ამომრჩევლისთვის მისაღებ ძალად, ეს "გირჩისა" და გიორგი ვაშაძის მაგალითზეც გამოჩნდა - საზოგადოება არ არის მზად, "ნაცმოძრაობის" ნამსხვრევები მიიღოს და მათი რომელიმე განაყოფისკენ შებრუნდეს. მართალია, უგულავამ სამართლებრივად სასჯელი მოიხადა, მაგრამ პოლიტიკური სასჯელი მას ამომრჩევლის წინაშე ჯერ კიდევ მოსახდელი აქვს. უგულავას ამ ტვირთის ტარება მოუწევს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით