"ბოკერიას ჯგუფი ეცადა ფინანსური წყაროების გასაშიფრად რულოვსის გამოყენებას, აბა, ელენე ხოშტარია სანდრას რატომ დაუდაქალდა"? - კვირის პალიტრა

"ბოკერიას ჯგუფი ეცადა ფინანსური წყაროების გასაშიფრად რულოვსის გამოყენებას, აბა, ელენე ხოშტარია სანდრას რატომ დაუდაქალდა"?

"ორ თვეში ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რაც აქამდე მოხდა, "ჟურნალად" მოგეჩვენებათ"

"ნაცმოძრაობის" დუშეთის ორგანიზაციის ყოფილი წარმომადგენელი, ექსნაციონალი რეზიკო ოთარაშვილი, პარტიაში მიმდინარე კულუარულ პროცესებსა და დაფინანსების ფარულ სქემებზე გვესაუბრება.

- სახელისუფლებო ცვლილებების შემდეგ რაიონული ორგანიზაციების მიზანმიმართული განადგურება დაიწყო. ზოგი გაქცეული და დევნილი იყო, ზოგი პოლიტპატიმარი, ზოგიც სხვა ქვეყნის მოქალაქე და პარტია სანაგვეზე მიდიოდა... ამიტომ ბოკერია-რატიანის დაჯგუფებამ დაიწყო ზრუნვა იმაზე, რომ სააკაშვილი როგორმე ჩამოსცილებოდა პარტიის თავმჯდომარეობას, თუმცა ამას სამი რამ უშლიდა ხელს: პირველი - სააკაშვილის, როგორც პერსონის ავტორიტეტი, მეორე - მისი ლობისტები დასავლეთში და მესამე - ფული. ბოკერია-რატიანის კლანმა ამ სამივე მიმართულებით დაიწყო მუშაობა... მიშას მხარდამჭერების შემცირება რაიონულ ორგანიზაციებზე შეტევით სცადეს და გამოუვიდათ. მაგალითად, მცხეთაში თითო-ოროლა კაცი თუ არის დარჩენილი პარტიულ ორგანიზაციაში, დუშეთში მხოლოდ ერთადერთი ადამიანია... დარჩა მხოლოდ ის "სექტა", რომლისთვისაც მიშა დღემდე ავტორიტეტია. მე თითქმის ბოლო პერიოდამდე ვრჩებოდი "ნაცმოძრაობის" წევრად და მომსწრე ვარ იმისა, თუ როგორ შეუზღუდეს რაიონულ ორგანიზაციებს დაფინანსება. ერთხანს მხოლოდ ბენზინის ტალონებს გვაძლევდნენ თბილისის ცენტრალურ ოფისში ჩასასვლელად, კვებისთვის კი დღეში 10 ლარს. მერე ესეც შეგვიზღუდეს, გვეუბნებოდნენ, პარტიას უჭირსო.

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოციალური დაცვის სამსახურის სპეციალისტი გახლდით და თანამდებობიდან უკანონოდ გამათავისუფლეს. მოვკიდე საბუთებს ხელი და ჩავედი პარტიის ოფისში...

სანამ კარს შევაღებდი, რატიანი-ბოკერიას საუბარს მოვკარი ყური, ნეტავ როდემდე უნდა ვითმინოთ ამ გიჟის ხუშტურებიო, კითხულობდა რატიანი (მივხვდი, მიშას გულისხმობდა). ცოტაც მოიცადე და თავიდან მოვიშორებთო, ეუბნებოდა ბოკერია.

ამ დროს შევედი და საუბარი შეწყვიტეს. რა თქმა უნდა, ჩემი პრობლემით არც კი დაინტერესებულან. ამიტომაც უკან დაბრუნებულმა "ნაცმოძრაობა" დავტოვე, სამსახურიდან უკანონო გათავისუფლება კი სასამართლოს გზით გავასაჩივრე და მოვიგე.

ახლა, "ყოფილი ნაციონალები" რომ დაირქვეს, მეცინება... კოხტად კი ჩამწკრივდნენ, მაგრამ ისეთები დაიყენეს წინ, უკან და გვერდით, რომ... ნახევარზე მეტს ვერ ვცნობ.

ამ ახალგამომცხვარ "ნაციონალებს" რომ ჰკითხო, პარტიის პირველი ოფისი სად იყოო, ვერ გიპასუხებენ. მე კი პარტიული ბრძოლის ყველა ეტაპი კარგად მახსოვს. საგარეო საქმეთა სამინისტროს წინ შენობის სარდაფში ვიკრიბებოდით "ნაციონალური მოძრაობის" პირველი დამფუძნებლები: სააკაშვილი, ახალაია, ცისკარიშვილი, მე და კიდევ რამდენიმე კაცი. იქ შეკრება და საპროტესტო მოძრაობა სანაიას მკვლელობის შემდეგ დავიწყეთ. სანაიას უნდა ემხილებინა კახა თარგამაძე და სხვა მაღალჩინოსნები იარაღის კონტრაბანდასა და არალეგალურ ბიზნესში. ჰოდა, ვიდრე ეს მოხდებოდა, მოკლეს. ჩვენ ამ ფაქტის შემდეგ ავაგორეთ დიდი საპროტესტო მოძრაობა...

- თქვენი აზრით, პარტიის დაშლის შემდეგ როგორ გაიყოფა დაფინანსება?

- მოდი, ასე ვთქვათ, რა ფინანსური წყაროები გააჩნია პარტიას? პირველი - ეს არის სახელმწიფო დაფინანსება (არჩევნებზე ბარიერგადალახულ პარტიას რაც ეკუთვნის), მეორე - საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისგან მიღებული დაფინანსება, მესამე - შემოწირულობები. სახელმწიფო დაფინანსება გაიყოფა, რაღაც უმნიშვნელო შემოწირულობებიც, თუმცა მთავარი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების დაფინანსება დარჩება მიშას მხარეს... იმასაც გეტყვით, თუ როგორ აღწევდა პარტიამდე ამ საერთაშორისო ორგანიზაციების დაფინანსება - მთელი რიგი კომერციული და არასამთავრობო ორგანიზაციები დარეგისტრირებული არიან ოფშორულ ზონებში, ისინი გამოყოფენ დაფინანსებას, რომელიც შუამავლის ხელით პარტიას მიეწოდება. ხალხს ხომ ეგონა, რომ "ნაციონალებს" სოროსის ფონდი აფინანსებდა, სინამდვილეში მთლად ასეც არ იყო... კერძოდ, ოფშორში დარეგისტრირებული არასამთავრობო ორგანიზაცია გამოყოფდა ფულს სოროსის ფონდისთვის და "ნაციონალებს" რა პროექტიც უნდა წარედგინათ, ფულს მაინც მიიღებდნენ...

- არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება ხშირად ქველმოქმედებისთვის არის გამოყოფილი და პარტიამდე ფინანსური შემოწირულობის სახით როგორ მიდის?

- თანხის დიდი ნაწილი ქველმოქმედებისთვის იხარჯება, მაგრამ ნაწილი პარტიამდე მიდის. მაგალითად, არსებობს "ამიერკავკასიის პირველი ლედების ასამბლეა", რომელიც საქველმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული. ამისთვის გამოიყოფა თანხები, რაღაც პერიოდში ამ თანხამ ხომ მოაღწია სანდრა რულოვსამდე? მან გასწია ქველმოქმედება, თანხის ნაწილი კი შემოწირულობის სახით მისმა თანაშემწემ შეიტანა პარტიის ანგარიშზე... ბოკერიას დაჯგუფება ბოლომდე ეცადა სანდრა რულოვსის გამოყენებას სწორედ ამ ფინანსური წყაროების გასაშიფრად, მაგრამ ვერ მოახერხა. აბა, ელენე ხოშტარია სანდრას რატომ დაუდაქალდა? ბათუმის ბულვარში მასთან ერთად ველოსიპედით რისთვის დასეირნობდა და მის ქება-დიდებაში რატომ იყო?

მას უნდოდა, სანდრასგან მიშას გეგმების შესახებ მიეღო ინფორმაცია და დაფინანსების წყაროებიც გაეშიფრა, შემდეგ კი ბოკერიასთვის ანგარიში ჩაებარებინა.

- თქვენც გქონდათ არასამთავრობო ორგანიზაცია, გამოდის, თქვენც შუამავლის როლს ასრულებდით და პარტიისთვის ფინანსების მოზიდვის საქმეში მონაწილეობდით?

- მე პარტიის დაფინანსებაში მონაწილეობა არ მიმიღია, თუმცა ჩემ მიერ გაწეული ქველმოქმედება ხშირად პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებასაც ემსახურებოდა.

- დაფინანსებას ვისგან იღებდით?

- არსებობდა ფონდი "ჰორიზონტი", რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ნინო სააკაშვილი. ასევე, იყვნენ სხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებიც.

- ბოლო დროს ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სააკაშვილს ამერიკელები ურჩევდნენ, დაეტოვებინა პარტიის თავმჯდომარეობა...

- ასეთი ჭორის გავრცელება მიზანმიმართული პიარკამპანიის ნაწილი იყო. სინამდვილეში, მხოლოდ ბოკერიას დაჯგუფებას უნდოდა, მიშა თავმჯდომარეობიდან წასულიყო და პარტია სხვებს დარჩენოდა.

- ადეიშვილი რომელ მხარეს დაიჭერს?

- ადეიშვილი სამმაგ თამაშს თამაშობს როგორც უგულავა-ბოკერიასთან, ასევე სააკაშვილსა და "ქართულ ოცნებასთან". ეს მოგვიანებით გამოჩნდება.

- ციხეში მყოფი "ნაციონალები"?..

- ახალაია მიშას ბოლომდე უერთგულებს, მერაბიშვილი კი, ვფიქრობ, უგულავა-ბოკერიას დაჯგუფებაშია. გადანაწილება-გადმონაწილება იმის გათვალისწინებით მოხდა, ვინ საიდან მოელის გამორჩენას... ერთმანეთს ძველი წყენები გაუხსენეს. გიგი წერეთლის ბიზნესინტერესები მაშინ შეილახა, როცა მას მიშამ ტრიბუნიდან ხელი დაუქნია, მარილზე ფასები გაძვირდა და სასწრაფოდ გააიაფეო...

წერეთელს ახლა შანსი მიეცა, სიამოვნებით გაუშვას სააკაშვილი პოლიტიკურ მარილზე...

ზოგს ისიც გაუკვირდა, ნიკა რურუა უგულავას გვერდით რატომ არ აღმოჩნდაო? რურუას დეველოპერულ კომპანიას უგულავამ კიკვიძის ბაღში მშენებლობის უფლება არ მისცა...

ორ თვეში ისეთი სკანდალური ინფორმაცია გასკდება, რომ რაც მოხდა, ის მხოლოდ "ჟურნალად" მოგეჩვენებათ.

ეკა ასათიანი