"პატრულის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ მანქანის მფლობელი პირველი ლედის ძმა იყო" - სიძე... ცოლისძმა... პრეზიდენტი... - კვირის პალიტრა

"პატრულის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ მანქანის მფლობელი პირველი ლედის ძმა იყო" - სიძე... ცოლისძმა... პრეზიდენტი...

თბილისში, მორიგი კრიმინალური გარჩევისას პრეზიდენტის სიძე ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. ინციდენტი 11 იანვარს, გვიან ღამით, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა, სადაც მინდია გოგოჭურთან ერთად მისი მეგობარი, მიხეილ თათარაშვილიც იმყოფებოდა. ორივე დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. კლინიკაში აცხადებენ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია. არაოფიციალური ინფორმაციით, დაჭრას წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ნათია მილორავა, თვითმხილველი: - შვილთან ერთად გარეთ ვსეირნობდი, როდესაც ზედიზედ რამდენჯერმე გასროლის ხმა გავიგონე. ყველაფერი რამდენიმე მეტრში ხდებოდა. შვილს ხელი დავავლე და გავიქეცი. არც ვიცი, ვინ ვის ესროდა. მოგვიანებით შევიტყვე, რომ ერთ-ერთი დაჭრილი პრეზიდენტის სიძე ყოფილა. მახსოვს, ტყვია მანქანებსაც ხვდებოდა.

დეტალებზე არც შსს საუბრობს და არც პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

საზოგადოებისთვის მინდია გოგოჭურის ვინაობა პირველად მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც პრეზიდენტმა მედიასთან თავისი ოჯახის წევრზე ზეწოლის მცდელობაზე განცხადება გააკეთა. კერძოდ, მარგველაშვილის მტკიცებით, 2016 წლის ივნისში მისი სიძის სახლი გაჩხრიკეს, თუმცა სამართალდამცავებმა მაშინ დარღვევა ვერ დააფიქსირეს. პრეზიდენტის განცხადების გავრცელებისთანავე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. ამასთან, მაშინ პრესაში დაიწერა, რომ პრეზიდენტის სიძე წარსულში რამდენიმე კრიმინალურ საქმეში ფიგურირებდა. ცნობილი გახდა, რომ 2006 წლის 8 ივლისს გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. როგორც გაირკვა, ცხრა ძმის ქუჩაზე დაუდგენელ ვითარებაში, ცეცხლსასროლი იარაღით ხელაშვილი მძიმედ დაჭრეს. იმავე დღეს, პოლიციის თანამშრომლებმა ეჭვმიტანილის სახით მინდია გოგოჭური დააკავეს. გოგოჭურს თავადაც აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები და დაჭრილთან ერთად იმავე კლინიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა - სამართალდამცავებმა გოგოჭური სწორედ იქ დააკავეს.

მოგვიანებით, გოგოჭური მკურნალობის გასაგრძელებლად თბილისის #1 კლინიკურ საავადმყოფოში, პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ გადაიყვანეს, თუმცა, საავადმყოფოდან გაიპარა. მისი ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა. ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით, გოგოჭურს 30 დღის განმავლობაში ბრალი არ წარდგენია. პროკურატურამ ჩათვალა, რომ არ არსებობდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, იარაღი, ნივთმტკიცების სახით, ამოღებული არ იყო. პროკურატურამ 2007 წელს მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა. გოგოჭური 2008 წელს ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ დააკავეს. ერთწლიანი პატიმრობა საპროცესო გარიგებით შეიცვალა და ერთწლიანი პირობითი სასჯელი შეეფარდა. ამასთან, 2.000 ლარის გადახდა დაეკისრა. მალევე გოგოჭური კიდევ ერთხელ დააკავეს ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

ცნობილია, რომ 2008 წლის 1-ლ ოქტომბერს მინდია გოგოჭური ვანშიც დააკავეს, ჩხრეკისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება. სასჯელი თავისუფლების აღკვეთას 5 წლის ვადით გულისხმობდა, თუმცა ამჯერადაც პირობითი სასჯელით შეეცვალა და დამატებით 13.000 ლარის გადახდაც დაეკისრა. თუმცა მსჯავრდადებულს ამნისტიით სასჯელი გაუნახევრდა. ამის შემდეგ, 2008 წლის 30 ნოემბერს, თბილისში, კოჯრის ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა "მერსედესის" მარკის მანქანაში გიორგი სიხარულიძე და მისი მგზავრი, ბექარ კვიტაიშვილი დაჭრეს. მათთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ ელენე ჩხაიძე და თამაზ მეფისაშვილი. ეჭვმიტანილთა სიაში აღმოჩნდნენ მინდია გოგოჭური, ბექა და გიორგი კრიალაშვილები. გოგოჭური ამ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს. საქმე ამ დრომდე გაუხსნელია.

2010 წელს სამართალდამცავებმა "აღმოაჩინეს", რომ მინდია გოგოჭური, რომელიც ამ ხნის მანძილზე სხვადასხვა დანაშაულისთვის რამდენჯერმე დააკავეს და გაათავისუფლეს, არის სწორედ ის პირი, რომელიც 2006 წელს საავადმყოფოდან გაიპარა.

2012 წელს გოგოჭურმა სამართალდამცავებს განუცხადა, რომ გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობაში უკანონოდ იყო ცნობილი ეჭვმიტანილად. შეეშინდა პასუხისმგებლობის და საავადმყოფოდან გაიპარა... მინდია გოგოჭური 2013 წელს ჭონქაძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტშიც ფიგურირებს, რა დროსაც ბაჩო სირაძე, ანა მარგველაშვილის მეგობარი დაჭრეს. გოგოჭური სამართალდამცავებმა მოწმის სახით დაჰკითხეს. როგორც ამბობენ, პრეზიდენტის ქალიშვილსა და მის მეგობარს შორის მაშინ ურთიერთობა დაიძაბა, რომლის დეტალების გარკვევაც მინდია გოგოჭურმა სცადა.

2014 წლის 4 იანვარს გოგოჭური სამართალდამცავებმა ყაზბეგის გამზირზე მდებარე ბინაში კომაში აღმოაჩინეს - მას ბიოს გადაჭარბებული დოზა ჰქონდა მიღებული. 2014 წლის 16 დეკემბერს მისი ბინა გაჩხრიკეს, რისთვისაც 200-ლარიანი ჯარიმის გადახდამ მოუწია.

ბალანჩივაძის ქუჩის ინციდენტიდან ზუსტად ორ დღეში პრეზიდენტის ცოლისძმას, მიხეილ მგალობლიშვილს სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიება შეუფარდა. მას სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულში ედება ბრალი, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. "კვირის პალიტრას" ინფორმირებულმა წყარომ დაკავების დეტალები მოუყვა:

"კოლმეურნეობის მოედანზე მიმავალი მანქანა საპატრულო ეკიპაჟს საეჭვოდ მოეჩვენა და გადამოწმების მიზნით გააჩერა. ჩხრეკისას (პატრულის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, რომ მანქანის მფლობელი პირველი ლედის ძმა იყო) მანქანაში ცივი და ცეცხლსასროლი იარაღი აღმოჩნდა. მალევე სამართალდამცავებმა მისი სახლი გაჩხრიკეს, საიდანაც ასევე ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს".

რუსუდან შელია