ვანო მერაბიშვილი "ნაცმოძრაობის" გენმდივნობაზე" უარს ამბობს?! - რა განცხადება გაავრცელა ექსპრემიერმა ციხიდან? - კვირის პალიტრა

ვანო მერაბიშვილი "ნაცმოძრაობის" გენმდივნობაზე" უარს ამბობს?! - რა განცხადება გაავრცელა ექსპრემიერმა ციხიდან?

"თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები"

"ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ვანო მერაბიშვილი დარჩებოდა პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე, თუმცა მისი პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში, მის უფლებამოსილებას პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია შეითავსებდა. თუმცა ამ გადაწყვეტილებიდან მალევე ვანო მერაბიშვილმა "ფეისბუკის" მეშვეობით შემდეგი შინაარსის განცხადება გაავრცელა:

"მინდა გაცნობოთ, რომ დღეს გამართულ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე მე თანხმობა არ განმიცხადებია".

თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები, - ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია ვანო მერაბიშვილის განცხადებას.

მისი თქმით, პარტიაში მიმდინარე მოვლენებზე მერაბიშვილის პოზიცია მათთვის ამ დრომდე უცნობი იყო. როგორც მელიამ აღნიშნა, ის მომავალ კვირას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვანო მერაბიშვილის ნახვას აპირებს.

"ჩვენ, ბუნებრივია, არც კი გვქონია მცდელობა ვანო მერაბიშვილის თანამდებობიდან გადაყენების. ვიცით, რომ ადამიანი გამოკეტილია ოთხ კედელში ივანიშვილის მიერ და აქედან გამომდინარე, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, უზნეობაა გადააყენო ადამიანი, რომელიც ივანიშვილის მიერ არის გამოკეტილი.

ჩვენ უკანასკნელ დღეებში გვქონდა მცდელობა, კომუნიკაცია, რომ მას გაეკეთებინა საჯარო განცხადება ან უბრალოდ პრივატულ საუბარში, თუ რა პოზიცია აქვს, თუმცა იგი თავს იკავებდა. რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ არ ერევა დაპირისპირებაში. ჩვენ, მისი თანხმობის გარეშე ბუნებრივია გენერალური მდივნის თანამდებობიდან ვერ გავათავისუფლებდით. თუ ვანო მერაბიშვილი უარს ამბობს თანამდებობაზე, ბუნებრივია, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მისაღები", - განაცხადა მელიამ.

"ინტერპრესნიუსი"