"სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე"
"სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე"
"ამ ხალხს წასვლა დააგვიანდა კიდეც"

"ამ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, "ოჯახური" პარტიების დრო წასულია და აღარ დაბრუნდება"

12 იანვარს ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთამ "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა. პარტიიდან წავიდა თითქმის ყველა ლიდერი, ვინც ორგანიზაციაშიც და ქართულ პოლიტიკაშიც ამინდს ქმნიდა. ჯერჯერობით პარტიიდან "განდგომილები" "ევროპული საქართველოს" სახელით ცნობილ ორგანიზაციაში გადაბარგდნენ, რომელიც, როგორც გაირკვა, გიგი წერეთლის მამის დაარსებული ყოფილა და თავის დროზე, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობისთვის, "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთ ბლოკში გაერთიანდა.
სპეციალურ ბრიფინგზე თბილისის ყოფილმა მერმა
გიგი უგულავამ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, შეიძლება ითქვას, კრიტიკის ქარცეცხლში გაატარა: "მიხეილ სააკაშვილი არის დღეს მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი თავის პრობლემა და თითოეული ჩვენგანისთვის ადამიანური ტკივილი". სააკაშვილის საპასუხო განცხადება მოზომილი იყო, თუმცა "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენილებს წასულების მიმართ კრიტიკა არ დაუშურებიათ.

მაინც რა გახდა "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფის
მთავარი მიზეზი? - ამ კითხვით დავიწყეთ ინტერვიუ ექსპერტ სანდრო თვალჭრელიძესთან:

- მას შემდეგ, რაც 2012 წელს ახალი ხელისუფლება მოვიდა, ვამბობდი, ვისაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხელი სისხლში არ აქვს გასვრილი, უნდა გაერიდოს ამ ჯალათურ პარტიას-მეთქი. მე თუ მკითხავთ­, ამ ხალხს წასვლა დააგვიანდა კიდეც.

თუ კარგად დააკვირდებით და გააანალიზებთ იმ ლიდერების ვინაობას, ვინც წავიდნენ, ნახავთ, რომ ეს ნორმალურად მოაზროვნე ხალხია და მათ შორის არიან აშკარა ლიდერები, ვინც წლების განმავლობაში ქმნიდნენ "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიურ სახეს. აქამდეც ყოველთვის ვამბობდი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მარტო პოლიტიკური მანქანა კი არ იყო, მას ჰქონდა თავისი სტატისტური იდეოლოგია, დღეს კი რა გამოვიდა? ის ადამიანები, ვინც ეს იდეოლოგი შექმნეს, პარტიიდან წავიდნენ.

დარჩნენ მხოლოდ ისინი, ვინც სააკაშვილის ბელადობას უპირობოდ აღიარებენ, კვლავაც მოწიწებით შესცქერიან თავიანთ გურუს და მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებენ.

წავიდნენ ბევრი მიზეზის გამო. ვერ ვიტყვი, რომ ნამდვილად გაურიგდნენ ხელისუფლებას, თუმცა ასეც რომ ყოფილიყო, ეს "ნაცმოძრაობის" უკვე ყოფილი ლიდერების განწყობისა და მისწრაფების სინერგიული იქნებოდა. მათ, კარგა ხანია, შეეტყოთ, რომ სურდათ, გარიდებოდნენ ადამიანს, რომელსაც უკან მიჰყავდა პოლიტიკური ორგანიზაციაც და კონკრეტული ადამიანებიც, რომლებიც ახალგაზრდები არიან და წინსვლა სურთ, მიხეილ სააკაშვილთან ერთად კი წინსვლას ნამდვილად ვერ მოახერხებდნენ. ორჯერ ერთსა და იმავე მდინარეში შესვლა არ შეიძლება, რაც მათ ძალიან კარგად ესმით, განსაკუთრებით - გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას.
მიმაჩნია, რომ პარტიაში ვინც კი ნორმალური, მოაზროვნე და ზომიერი ადამიანი იყო, ყველა წამოვიდა. არ ვამბობ, რომ წასულები ანგელოზები და მისაღები პოლიტიკოსები არიან. მე მხოლოდ მათი გადაწვეტილების ანალიზს ვცდილობ. ჩემი აზრით, როგორც პარტიაში დარჩენილების, ასევე წასულების იდეოლოგია და ზნეობრივი პოზიცია მიუღებელია.

- "სააკაშვილის გუნდს და უგულავა-ბოკერიას გუნდს ერთი და იგივე ამოცანა აქვთ - ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა. არ გამოვრიცხავ, რომ ამ მიზნისათვის ბრძოლის რეჟიმში ისინი არ შეიკრან, მაგრამ მათი მოქმედება კოორდინირებული იყოს ივანიშვილის ბასტიონებზე იერიშის მისატანად", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" ინტერვიუში ფსიქოლოგმა ნოდარ სარჯველაძემ...

- ვნახე ეს ინტერვიუ და ძალიან მომეწონა, მაგრამ ვერ დავეთანხმები ბატონ ნოდარს, თითქოს შესაძლოა, ამ ორმა ჯგუფმა მომავალში კვლავ გამონახოს საერთო ენა. საქმე ის არის, რომ ეს ორივე გუნდი გამოირჩევა ნეოკომკავშირული განწყობებით, ანუ მათი დევიზია: "ვინც ჩემთან ერთად არ არის, ჩემი მტერია!" ამიტომ მათი შერიგების პერსპექტივას ვერ ვხედავ, თუმცა არ გამოვრიცხავ, არაერთი ადამიანი ვიხილოთ, რომლებიც ერთი ჯგუფიდან მეორეში გადაირბენ-გადმოირბენენ...

მოგეხსენებათ, უახლოესი მეგობრები შეურიგებელი მტრები ხდებიან ხოლმე. ვფიქრობ, ამ ორ ჯგუფს შორისაც ურთიერთობა სწორედ ასე წარიმართება.

- თქვენი აზრით, როგორ განაწილდება ის ამომრჩეველი, რომელმაც 2016 წლის არჩევნებზე ხმა "ნაციონალურ მოძრაობას" მისცა?
- არა მგონია, ის 500 000 თუ ცოტა ნაკლები ამომრჩეველი დღეს ბედნიერი იყოს. ეს ხალხი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია. "ნაცმოძრაობის" ამჟამინდელმა თუ უკვე ყოფილმა ლიდერებმა აჩვენეს, რომ თავიანთი პოლიტიკური კარიერა ყველაფერს ურჩევნიათ და ამომრჩევლის განწყობას არად დაგიდევენ. სოციოლოგი არ ვარ, ხელაღებით მტკიცებას ვერ დავიწყებ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ორივე ჯგუფის რეიტინგი დღეს ნულის ტოლია და ყველაფერი თავიდან უნდა დაიწყონ. რა გამოუვათ, არ ვიცი... ჩემი შეფასებით, მათი მხარდაჭერის რეზერვი დღეს საქართველოს მოსახლეობის - და არა ბოლო არჩევნებზე მისულთა - 10%-ია. როგორ გაიყოფენ ამ 10%-ს, მომავალი გვიჩვენებს.

- მიხეილ სააკაშვილმა მოახერხა და შეინარჩუნა "ნაციონალური მოძრაობის" ე.წ. პროლეტარიატის უპირობო ლიდერობა. რამდენად მოახერხებს ის დასუსტებული პოლიტიკური პარტიის მომძლავრებას ქვეყნის გარედან, მით უფრო, რომ უკრაინაშიც სერიოზულ პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული...
- სააკაშვილი ემოციური და სულსწრაფი ადამიანია, შესაბამისად, ხშირად აკეთებს­ ისეთ განცხადებებს, რასაც, როცა დაფიქრდება, დარწმუნებული ვარ, ნანობს. ამჯერად ის ძალიან მოზომილი იყო. როგორც ჩანს, გაყოფას უკვე შეეგუა, მისთვის სიახლე არც უგულავას კრიტიკული განცხადებები აღმოჩნდა. მიმაჩნია, რომ ის ვერც უკრაინასა და ვერც საქართველოში მნიშვნელოვანს ვეღარაფერს მიაღწევს. მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, სააკაშვილის მატარებელი უკვე წასულია. ვფიქრობ, სახელმწიფოს შესაქმნელად და პარტიული ჯიბის გასასქელებლად მისი ხისტი, მწვავე და სასტიკი ქმედებები მოძველებული ინსტრუმენტია. ფერადი რევოლუციების დრო წავიდა. რევოლუციონერი პოლიტიკოსი ვერასდროს ხდება აღმშენებელი. გადახედეთ ისტორიას... რომელი ერთი გავიხსენოთ: მარატი, რობესპიერი... მათ შემდეგ მოდიოდნენ სხვები და აგრძელებდნენ სახელმწიფოს მშენებლობას. რაც მეტად იაქტიურებს, მით უარესი იქნება მისთვის, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სააკაშვილის ტიპის ადამიანებს გაჩერება არ შეუძლიათ და საკუთარ მოღვაწეობას ტრაგიკულად ასრულებენ ხოლმე.

- რა შეიძლება შეცვალოს "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფამ ოპოზიციურ ფლანგზე? ბოლოს და ბოლოს, მოხერხდება, რომ ჩამოყალიბდეს ძლიერი ოპოზიციური ძალა, რომლის მარგინალიზაცია არ მოხდება?

- გამიჭირდება იმის თქმა, რომ უახლოეს მომავალში რაიმე მნიშვნელოვნად შეიცვლება. 2010 წლის დასაწყისში ვერავის წარმოედგინა, რომ შეიძლებოდა, გაჩენილიყო­ ძალა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას დაუპირისპირდებოდა და შეცვლიდა, თუმცა გაჩნდა "ქართული ოცნება", თავისი მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური მრწამსით და რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ. ის, რომ ამომრჩევლის 50%-ზე მეტი არ მივიდა საარჩევნო ურნებთან, მოწმობს, რომ ელექტორალური სივრცე ხმების მოსაპოვებლად ძალიან დიდია, მაგრამ თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ "ელიტაში" ვერ ვხედავ ვერც ასეთ ძალას და ვერც პოლიტიკოსებს, ვინც უახლოეს მომავალში ამ თავისუფალი ნიშის დაკავებას შეძლებენ. მოკლედ, ჩვენში ამბიციები დიდია, იდეები კი - მწირი. ამ ნიშას "ნაცმოძრაობის" გაყოფას არ ვუკავშირებ. ის არსებობდა აქამდე და იარსებებს მანამ, სანამ არ გაჩნდება პოლიტიკოსი, რომელსაც გარდა იდეისა, ფულადი რესურსიც ექნება.
მე ამ პროცესში უფრო პრაგმატული იდეოლოგიის პარტიების ადგილს ვხედავ, თუმცა, ვნახოთ...

გადახედეთ ოპოზიციურ სპექტრს და გააანალიზეთ არჩევნებამდე მათი ქმედებები. თითქმის ყველამ არასწორი პოზიცია დაიკავა. ლამის ყველას იგივე ლოზუნგები ჰქონდა, რაც "ქართულ ოცნებას" - ეკონომიკური აღმავლობა, დემოკრატია, ევროპისკენ სვლა და ა.შ. გარდა ამისა, პარტიებმა, რომელთა იდეოლოგია, ფაქტობრივად, არ განსხვავდებოდა, ვერ მოახერხეს გაერთიანება. ვფიქრობ, აქაც თავი იჩინა ლიდერობისკენ დაუძლეველმა მისწრაფებამ. არსად არის იმდენი პარტია, რამდენიც საქართველოში, არადა, ასე არაფერი გამოვა. ამ პატარ-პატარა, ასე ვთქვათ, "ოჯახური" პარტიების დრო წასულია და აღარ დაბრუნდება. ქართველი საზოგადოება, პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, საკუთარ შეცდომებზე ბევრ რამეს სწავლობს, ამიტომ თუ არ მოხდა პოლიტიკური ძალების გამსხვილება, მათ მომავალი არ აქვთ!
berdia22
26 იანვარი 2017 03:08
ლაშა19- სააკაშვილმა ბევრი კარგი რამე გააკეთა ქართველებისთვის, მაგრამ ორმაგად გაუკეთა კიდეც რა? ეგ ძალიან კარგად იცის მთელმა საქართველომ
darho
23 იანვარი 2017 20:22
სანდრო ბრმაო, შენ ვერ ხედავ, მაგრამ კიდევ კარგი, რომ ქართული ოცნება ხედავს და ფრთხილობს, რომ სააკაშვილი და მისი ნაცგუნდი გაიწმინდა ნაგვისგან. ბოკერიები და უგულავები ვეღარ შეიმატებენ ძალებს, პირიქოით, ისინი ადრეც არარაობები იყვნენ და ახლა მით უმეტეს. სააკაშვილმა კი ახალი სისხლი გადაისხა და თანაც ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი დარაზმულია მისთვის.
23 იანვარი 2017 15:02
"ბატონი" სანდრო ტყემალზე ზის და ბალს მიირთმევს!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა  ლუსტრაციის კანონის მიღება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საჭიროა თუ არა ლუსტრაციის კანონის მიღება?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები