"დღეს მერაბიშვილი ტრაგიკულ ვითარებაშია - ის ციხეში ორივე მხარემ მიაგდო" - კვირის პალიტრა

"დღეს მერაბიშვილი ტრაგიკულ ვითარებაშია - ის ციხეში ორივე მხარემ მიაგდო"

მელია თუნდაც მცირე დეტალში სააკაშვილს რომ არ დაეთანხმოს, მესია მას უბრალოდ, ააორთქლებს...

პარტიის რიგით მეშვიდე ყრილობაზე "ნაცმოძრაობამ" ახალი პოლიტსაბჭოს წევრები დაასახელა, წესდებაც შეცვალა და საარჩევნო სიის ათეულში მინიმუმ სამი ქალის მონაწილეობაც დააანონსა, თუმცა გენერალური მდივანი უცვლელად დატოვა და როგორც გაირკვა, ამაოდ - ყრილობის დასრულებიდან ზუსტად ერთ საათში ვანო მერაბიშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივნად დატოვება მასთან არავის შეუთანხმებია. ბუნებრივია, ამ საჯარო "პოსტის" შემდეგ ლოგიკურად გაჩნდა კითხვა - უარყო თუ არა თანაგუნდელების მსგავსად სააკაშვილი შს ყოფილმა მინისტრმაც. როგორც ნუგზარ წიკლაური "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, პოლიტსაბჭო პატიმრობაში მყოფი პარტიის მოქმედი გენერალური მდივნისთვის საგანგებო მიმართვის გაგზავნას აპირებს და მეტიც, ვანო მერაბიშვილთან შეხვედრას "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს ახალი თავმჯდომარე ნიკა მელიაც გეგმავს.

"ნიკა მელია ვანოსთან პირად შეხვედრას გეგმავს"

ნუგზარ წიკლაური - არც გვიფიქრია, რომ მერაბიშვილის გადაყენებაზე გვემსჯელა. ყრილობამდე მისი პოზიცია უცნობი იყო და ახალი გენერალური მდივნის დანიშვნაზე საუბარი მინიმუმ უხერხული იქნებოდა.

- დიდი ხანია, ვრცელდება ინფორმაცია, რომ მერაბიშვილმა პოლიტსაბჭოს წერილი გამოუგზავნა... ასეც რომ არ იყოს, რატომ გახდა ამ დრომდე გაურკვეველი, სააკაშვილისგან მიდის თუ პარტიის გენერალურ მდივნად რჩება?

- დიდი ხანია ჩვენი ყოფილი თანაგუნდელები მითურ წერილებზე საუბრობენ, თუმცა მსგავსი გზავნილი არც მე და არც სხვა ვინმეს უნახავს. უახლოეს დღეებში პოლიტსაბჭო ვანო მერაბიშვილს საგანგებოდ მიმართავს, რომ გაგვარკვიოს, რომელ ფლანგზე რჩება. ამასთან, ნიკა მელია მასთან პირად შეხვედრას გეგმავს. რაც შეეხება გაურკვევლობას, მერაბიშვილის დღევანდელი მდგომარეობა სპეციფიკურია, ვითვალისწინებთ, რომ მისი ნებისმიერი განცხადება შესაძლოა საპატიმროში მის საზიანოდ გამოიყენონ.

- საპატიმროში კიდევ ერთი თქვენი თანაგუნდელი - ბაჩო ახალაიაა, მისი "ნაცმოძრაობის" მიმართ მხარდაჭერაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგას?

- ბაჩო ახალაიას პოზიცია კითხვის ნიშნის ქვეშ არც ერთ ეტაპზე არ დამდგარა - მან არაერთხელ დააფიქსირა მხარდაჭერა. დღეს ყველა ჯანსაღად მოაზროვნეს ესმის, რომ პარტია პოლიტიკოსების მცირე ჯგუფმა დატოვა, რომლებიც დარწმუნებული ვარ, "გირჩისა" და გიორგი ვაშაძის, მანამდე კი ოქრუაშვილისა და ნინო ბურჯანაძის ბედს გაიზიარებენ. ბოკერია-უგულავას გუნდი გადამწყვეტ მომენტში ხალხთან არ დადგა და ამომრჩეველს უღალატა. ისე, მათ პოლიტიკური სინდისი რომ ჰქონოდათ, პარლამენტში მანდატებს დატოვებდნენ - ყველამ კარგად იცის, რომ ისინი "ნაცმოძრაობის" დამსახურებით გახდნენ დეპუტატები.

- ყრილობაზე აღნიშნეთ, რომ საპატიმროში დარჩენილ თქვენს თანაგუნდელებს ღირსეულად დაიხსნიდით. ეს მინიშნება იყო, რომ გიგი უგულავამ საპატიმრო უღირსად დატოვა?

- უგულავას საპატიმროდან დახსნა ლოგიკურად წარიმართა - კონკრეტული მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ლეგიტიმური კითხვების დასმა ნამდვილად შემიძლია: როგორ მოხდა, რომ ადამიანმა, რომლის პოლიტიკურ დაკავებაზე სრულიად საერთაშორისო ორგანიზაციები თანხმდებოდნენ, ერთ დღესაც განაცხადა, რომ სამოხელეო საქმიანობისთვის იყო დაკავებული, რის შემდეგაც სასწაულებრივად გაიღო ციხის კარი, რომლის გასაღები მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს? მეტიც, მთავარი პროცესი უგულავას ციხიდან გამოსვლის შემდეგ დაიწყო - მან დაგროვილი პოლიტიკური ენერგია ივანიშვილის ხელისუფლების ნაცვლად, "ნაცმოძრაობის" მწვავე კრიტიკაში დახარჯა. ამ კითხვებს მალე შესაბამისი პასუხებიც გაეცემა.

"ვანომ ციხიდან ლაკონიური წერილი გამოგზავნა..."

ვანო მერაბიშვილის ერთ-ერთი ადვოკატი ოთო კახიძე ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, ჯერ გენერალური მდივნის პოზიცია გაარკვიონ და სურს თუ არა ვანო მერაბიშვილს პარტიულ თანამდებობაზე დარჩენა, ამის შემდეგ ისაუბრონ:

- მერაბიშვილის განცხადება ნიშნავს თუ არა, რომ "ნაცმოძრაობის" გენერალური მდივანი რეალურად მხარს თქვენს ფლანგს უჭერს?

- როდესაც მასთან ციხეში გახლდით, მითხრა, რომ პარტიულ ბატალიებში ჩართვას არ აპირებს. დეკემბრის ბოლოს ჰქონდა სურვილი, ერთიანობის შესანარჩუნებლად პოლიტსაბჭო შეკრებილიყო და ყრილობის დეტალებზე ემსჯელათ, თუმცა ამ პოზიციას "ნაცმოძრაობის" წევრებმა ბოიკოტით უპასუხეს.

- მაშინ რატომ დაიწყო თქვენმა ფლანგმა საუბარი წერილზე, რომელიც ამ დრომდე არ გასაჯაროებულა?

- ვანო მერაბიშვილმა ციხიდან ლაკონიური წერილი გამოგზავნა, რომელშიც ყრილობის წესების დაზუსტებას ითხოვდა, მის პოლიტიკურ პოზიციაზე საუბარი არ ყოფილა. ამ პერიოდში უგულავაც საპატიმროში გახლდათ. მერაბიშვილი ითხოვდა, შვიდიათასიანი ყრილობისთვის დელეგატების შერჩევის წესი გაწერილიყო, ასევე დაზუსტებულიყო რეგიონული კონფერენციების ჩატარების განაწესი.

- დაანონსებულია, რომ მერაბიშვილთან შეხვედრას ნიკა მელია გეგმავს.

- არ მაქვს მოლოდინი, რომ მერაბიშვილი ამ ბატალიებში ჩართვის სურვილს გამოთქვამს... თუ პარტიას მერაბიშვილის გენერალურ მდივნად დატოვება სურდა, ჯერ უნდა გაერკვიათ პოზიცია და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიეღოთ.

"20 იანვარს რელიგიური სექტის რიტუალი ვიხილეთ"

გია ხუხაშვილი, ექსპერტი: - მერაბიშვილის განცხადება არ მიანიშნებს მის მკვეთრ პოლიტიკურ პოზიციას. პრობლემაც იმაშია, რომ მერაბიშვილს არც ერთი მხარე არ ელაპარაკება. მისი რეაქციაც ადეკვატური იყო - როდესაც პარტიის გენერალურ მდივნად დატოვებაზეა საუბარი, "ნაცმოძრაობას" მისთვის კითხვა უნდა დაესვა, თუმცა დღეს მერაბიშვილი ტრაგიკულ ვითარებაშია - ის ციხეში ორივე მხარემ მიაგდო. რეალურად ის არავის სჭირდება. უბრალოდ, "ნაცმოძრაობას" თავის ფლანგზე მნიშვნელოვანი ფიგურები აღარ შერჩა, უგულავას გუნდი კი იქმნის ილუზიას, რომ ისინი დამოუკიდებლები არიან. ყრილობაზე კარგად გამოჩნდა, რომ პარტიაში დარჩა მხოლოდ მესია და მისი მრევლი, უგულავას მხარეს კი - "ძრავა" ანუ ინტელექტუალური რესურსი.

- სააკაშვილისგან მოვისმინეთ, რომ "ნაცმოძრაობასთან" შერკინებაში ივანიშვილი პირველად დამარცხდა და პარტიის დაშლა ვერ შეძლო.

- 20 იანვარს პარტიული ყრილობა კი არა, რელიგიური სექტის რიტუალი ვიხილეთ. ყრილობაზეც სწორედ სექტისთვის დამახასიათებელი მოძრაობები და გამოთქმები მოვისმინეთ და ვიხილეთ, მეტიც, მესიაც შეკრებაზე ვირტუალურად ჩაერთო, როგორც სექტისთვის არის დამახასიათებელი. რაც შეეხება სააკაშვილს, ზოგადად მას ნებისმიერი დეტალის დიად გამარჯვებად გამოცხადება უყვარს. ასე რომ, "ნაცმოძრაობასთან" ივანიშვილის დამარცხებაზე საუბარი არასერიოზულია. პარტიისა და მისი განაყოფის არსებული კონფიგურაცია დღეს ხელისუფლებისთვის ბევრად პრობლემატურია, ვიდრე ერთი მონოლითური პარტია. ივანიშვილს კარგად ესმის, რომ მტრები ერთ გემზე უნდა გყავდეს.

- ანუ, ნიკა მელია და პოლიტსაბჭოს ახალი წევრებიც მხოლოდ მრევლს წარმოადგენენ და პოლიტიკური რესურსი არა აქვთ?

- მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება გენერალური მდივანი ან პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გადაწყვეტილებას ერთი ადამიანი იღებს. მელიამ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად რომ მიიღოს და თუნდაც მცირე დეტალში სააკაშვილს არ დაეთანხმოს, მესია მას უბრალოდ, ააორთქლებს...

ერთადერთი, რაც მთელ ამ პროცესში გასათვალისწინებელია, "ნაცმოძრაობის" 15%-იანი სტაბილური მხარდამჭერია, ეს მრევლი იმდენად ძლიერია საკუთარ რწმენაში, რომ ყოველ არჩევნებზე მესიას საარჩევნო ხმის სახით ხარკს უხდიან. ამ 15%-ს მომავალშიც ვერავინ დაშლის - ამ "მარაგის" მითვისების ან გადაბირების იმედი არც უგულავას უნდა ჰქონდეს.

რუსუდან შელია