"რუსეთმა ყველა ხელშეკრულება ხიშტზე წამოაცვა!" - კვირის პალიტრა

"რუსეთმა ყველა ხელშეკრულება ხიშტზე წამოაცვა!"

ვფიქრობ, პრემიერი აუხსნის მთავრობის წევრებს ამ ანაბანას და გააგებინებს, რომ "გაზპრომი" კომბლეზე უფრო სერიოზული თემაა

საქართველოსა და "გაზპრომს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების გასაჯაროებას ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ერთდროულად ითხოვს. ენერგეტიკის მინისტრი საპარლამენტო უმცირესობამ პარლამენტშიც დაიბარა, თუმცა კახი კალაძის განცხადებით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს მხოლოდ მაშინ ეწვევა, თუ ამ საკითხით საპარლამენტო უმრავლესობა დაინტერესდება. როგორ მიმდინარეობდა შარშან "გაზპრომთან" მოლაპარაკებები და ზიანდება თუ არა ქვეყნის პოლიტიკური ინტერესი? "კვირის პალიტრას" საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ესაუბრება:

- თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საკითხს აქვს ენერგეტიკული, ფისკალური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მიმართულებები. ყველასთვის ცხადია, რომ ოკუპანტ რუსეთთან შეუძლებელია ისეთი შეთანხმების დადება, რომელიც ამ ოთხივე მიმართულებით ერთნაირად სასურველ შედეგს მოუტანს საქართველოს. ესე იგი, "გაზპრომთან" ახალი შეთანხმების გაფორმების პროცესში მთავარი იყო, რა მიმართულების ამოცანები ჩაითვლებოდა პრიორიტეტულად და რა რას შეეწირებოდა.

მთავრობაც ყოველთვის მიიჩნევდა, რომ დღემდე მოქმედი ხელშეკრულების პირობების შენარჩუნება საქართველოსთვის საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა. შარშან ამას მივაღწიეთ მრავალმხრივი მუშაობის შედეგად, დღეს კი ეს სასურველი შედეგი ვეღარ მივიღეთ.

რატომ და რა შეიცვალა ამ ერთ წელიწადში - ცალკე საკითხია. ყველაფერი დეტალურად უნდა განემარტოს საზოგადოებას. გამოდის, რომ რაღაც მიმართულებით ჩვენმა სახელმწიფომ დათმო, თუმცა მმართველი წრეებისგან გვესმის, "როგორც იქნა, გვაიძულა რუსეთმა ჩვენთვის უფრო სასარგებლო ვერსიაზე წასვლაო"(?!).

მთავარი პრობლემა ის არის, რომ შეთანხმება გაუმჭვირვალედ დაიდო, არადა, ყოველ მოქალაქეს აქვს უფლება, იცოდეს, რა რის სანაცვლოდ დათმო მთავრობამ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი რაიმეს დათმობა გარდაუვალი იყო; ან რა ბერკეტები გამოიყენა ამ პროცესში. მჯერა, რომ ოკუპანტ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში არ შეიძლება პოლიტიკურად და მორალურად პრინციპული საკითხის ფულადი ან ენერგეტიკული ერთეულებით გაზომვა - 100 ლარს (100 კუბურ მეტრს) გადაგვიხდიან ხელშეკრულების პრინციპების შეცვლაში თუ 1 000 ლარს (1 000 კუბურ მეტრს). არა იმიტომ, რომ თვლა არ ვიცი და მეტი შემოსავალი არ მინდა ჩემი ქვეყნისთვის, არამედ იმიტომ, რომ

ამ სახელმწიფოსგან ჩემი ქვეყნისთვის მოყენებული ზარალი პირდაპირი გაგებით მილიონჯერ მეტია და იგი აგრძელებს ზარალის მოყენებას ყოველდღიურად, როდესაც 100 თუ 1 000 ლარზე ვლაპარაკობთ.

რუსეთი თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველაზე დიდი ფასის გადამხდელია მსოფლიოში. ამიტომ შეუძლებელია, მას ხელშეკრულების პირობების გადახედვა ფულად-ენერგეტიკული მოსაზრებებით მოეთხოვა. პირიქით!.. ამიტომაც ვერ მივიღებთ მთავრობისგან მხოლოდ ფულად-ენერგეტიკულ არგუმენტებს. სხვა განზომილების ამოცანაა იმ ქვეყნის იძულება თუნდაც ერთი ხელშეკრულების პირობების დასაცავად, რომელმაც ყველა ხელშეკრულება ხიშტზე წამოაცვა და თავზე გადაგვახია! ამიტომაც არ კმარა წმინდა ენერგეტიკული და ფინანსური მოგება-წაგების ანგარიში.

- ანუ, თქვენი შეფასებით, საქართველო რუსეთის გადახდილ მაღალ პოლიტიკურ ფასს გაუაზრებლად წამოეგო?

- ამას დრო დაგვანახებს, თუმცა ჯობდა პრინციპის დაცვა და 10%-ის ნაცვლად თუნდაც 2%-ის ნატურით მიღება. ვიცი, როგორ არ ესმით ჩემი არგუმენტი ენერგეტიკოსებს, მაგრამ ასევე არ მესმის მე მათი!

გაუგებარია, თუ დღემდე მოქმედი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტრანზიტის საფასური (10% ნატურით) საჯარო იყო, რატომ დავთანხმდით ახალი ფულადი საფასურის კონფიდენციალურობას? ამ კითხვის დამსმელებს მთავრობა აქეთ უტევს და ამით უფრო ამძაფრებს კითხვის აქტუალურობას... როგორ შეიძლება რუსეთთან საიდუმლო შეთანხმების დადება და მერე იმის ძახილი, სხვა 999 ხელშეკრულებაზე რატომ არავინ ღელავსო?..

ვფიქრობ, პრემიერ-მინისტრი აუცილებლად აუხსნის მთავრობის წევრებს ამ ანაბანას და გააგებინებს, რომ კომბლეს კომბლებზე სერიოზულ თემებზეა აქ ლაპარაკი. მინდა, აღმოჩნდეს, რომ ჩემი შფოთვა უსაფუძვლოა; მინდა, მთავრობა სწორედ ამაში მეხმარებოდეს და არა იმის გააზრებაში, როგორი საცოდავი არარაობა ვარ მე და ქვეყნისთვის უანგაროდ დამაშვრალია თვითონ.

რუსუდან შელია