"სააკაშვილმა ამ ხერხით გადამალა სახელმწიფო ქონება..." - კვირის პალიტრა

"სააკაშვილმა ამ ხერხით გადამალა სახელმწიფო ქონება..."

საქართველოს პროკურატურამ "ნაციონალური მოძრაობის" დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნება დიდი ხანია დაიწყო, თუმცა, ქონების წართმევა თუ საეჭვო ჩუქება-გადაცემის არაერთი ფაქტი ალბათ, სამართალდამცავებისგან უფრო მეტ ყურადღებას მოითხოვს. კერძოდ, ჯერ კიდევ გაურკვეველია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" დასკვნის მიხედვით, ქვეყნის 19 ადმინისტრაციულ ერთეულში 1 ლარად გადაეცა 285 000 კვმ-მდე უძრავი და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება ყოველგვარი საინვესტიციო თუ სხვაგვარი საპრივატიზაციო ვალდებულების გარეშე:

"საპრივატიზაციო პირობის არსებობა აუცილებელია კონკურენტული შერჩევისთვის, რაც მოცემულ შემთხვევაში არ მომხდარა. ეს ბადებს ეჭვს, რომ ქონების მიმღების განსაზღვრა დაფუძნებული იყო მიკერძოებულ შერჩევაზე", - ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობის" მიერ რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ დასკვნაში. ლაპარაკია 2012 წლის 5 ნოემბერს სააკაშვილის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. "კვირის პალიტრას" ექსპერტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი არჩილ გამზარდია ესაუბრა:

- სახელმწიფო ქონების ლარად გადაცემის პრაქტიკა პოზიტიური მიმართულებითაც არსებობს - როდესაც ინვესტორს უჩნდება ვალდებულება, ლარად გადაცემულ ქონებაში რამდენიმე მილიონი ლარის ინვესტიცია ჩადოს. ასეთ შემთხვევაში სახელმწიფო ქონების მინიმალურ ფასად გადაცემა გამართლებულიც კი არის, თუმცა, ამ მხრივაც დიდ ლაფსუსებამდე, მეტიც, დანაშაულებრივ გარიგებამდეც არაერთხელ მივსულვართ. კერძოდ, 2012 წელს, სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო თვეებში, მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილებით არაკომერციულ იურიდიულ პირს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, ყოველგვარი საპრივატიზაციო ვალდებულებების გარეშე ლარად ქვეყნის 19 ადმინისტრაციულ ერთეულში 285 000 კვმ-მდე უძრავი და დიდი ოდენობით მოძრავი ქონება გადაეცა. როგორც ვიცი, 27 ათასი შემთხვევა არსებობს, როდესაც სააკაშვილმა სიმბოლურ ფასად, ლარად ან უსასყიდლოდ გაასხვისა სახელმწიფო ქონება, ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი "ჩუქების აქტი" სწორედ "ილიაუნს" პრივილეგირებულად ერგო.

თუ სააკაშვილს მიზნად ექნებოდა, უნივერსიტეტისთვის შეექმნა პირობები, რომ მას დამოუკიდებლად ფუნქციონირება შესძლებოდა და საკუთარი ფინანსები ჰქონოდა, ამას მივესალმებოდი, თუმცა ფაქტია, რომ დღესაც ილიას უნივერსიტეტი დაფინანსებას ისევ სახელმწიფოსგან იღებს და ოთახების რემონტსაც კი საკუთარი ხარჯებით ვერ ახერხებს. ჩნდება კითხვა: სად მიდის ამ დიდი ქონებიდან მიღებული შემოსავალი ან როგორ განკარგავენ ამ ქონებას?

- ფიქრობთ, რომ ეს ქონება კონკრეტული პირების ინტერესებს ხმარდებოდა?

- სააკაშვილმა ქონების გადაცემასთან ერთად, უნივერსიტეტს ააიპ-სტატუსიც მიანიჭა, რაც უნივერსიტეტისა და მისი ქონების დამოუკიდებლად განკარგვას გულისხმობდა, თუმცა, როდესაც განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი გახდა, ილიას უნივერსიტეტს ისევ სსიპ-ის სტატუსი დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ სასწავლებელი სახელმწიფოს დაექვემდებარება. ილიას უნივერსიტეტი ამ დიდი ქონების მიუხედავად, დაფინანსებას ისევ სახელმწიფოსგან ითხოვს - უნივერსიტეტს სააკაშვილის გადაწყვეტილებიდან სარგებელი არ მიუღია. გაუგებარია, ამხელა ქონება რატომ აჩუქეს კონკრეტულად ილიას უნივერსიტეტს. რატომ არ გადახედავენ პრივატიზაციის შედეგებს, ან რატომ არ ხდება სააკაშვილის ქმედებების რევიზია, მით უმეტეს, რომ ანგარების ფაქტი ნათლად იკითხება. არც ის არის გამორიცხული, რომ ამ ხერხით სააკაშვილმა გადამალა სახელმწიფო ქონება, რომ შემდეგ თავისი ინტერესებისთვის გამოეყენებინა.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, გიგი თევზაძეს:

- დიახ, სააკაშვილის მთავარი მიზანი იყო, ილიას უნივერსიტეტს ფინანსური დამოუკიდებლობა მოეპოვებინა, თუმცა დღეს ისევ სახელმწიფოსგან მიღებულ დაფინანსებაზე ვართ დამოკიდებული, რადგან მთელ ამ ქონებას ისევ სახელმწიფო განკარგავს - 2013 წელს უნივერსიტეტს ისევ სსიპ-ის სტატუსი დაუბრუნდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ქონებიდან მიღებული შემოსავალი ისევ ხაზინას უბრუნდება. ერთადერთი დადებითი ის არის, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტის გარეშე ვერ გაასხვისებს ილიას უნივერსიტეტის ბალანსზე არსებულ ქონებას - ფაქტობრივად, უნივერსიტეტი დღეს მთელი ამ ქონების დამცველია. შესაძლოა, სააკაშვილმა ტექნიკურად არასწორად შეასრულა ქონების გადაცემის პროცედურა, თუმცა ეს პროგრესული გადაწყვეტილება გახლდათ და ყველაფერი კეთდებოდა, რომ უნივერსიტეტი ფინანსურად დამოუკიდებელი ყოფილიყო. ახალმა ხელისუფლებამ ეს დადებითი პროცესი შეაჩერა - უნივერსიტეტი სახაზინო დაწესებულება გახდა.

რუსუდან შელია