ხარაჩოთმპყრობელი - კვირის პალიტრა

ხარაჩოთმპყრობელი

სააკაშვილმა, მიუხედავად ვულკანური ფერფლისა და პარალიზებული საჰაერო სივრცისა, კაჩინსკის დასაფლავებაზე ჩასვლა რომ მოახერხა, ძალიან მესიამოვნა. მართალია, ხელისუფლების ზოგიერთმა ოპონენტმა თქვა, ეს იმიტომ გააკეთა, რომ თავის გამოჩენა უყვარსო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, რისთვის გააკეთა?

მთავარია, ასე უნდა მოქცეულიყო და ისიც ზუსტად ისე მოიქცა, როგორც საჭირო იყო. რაც უნდა არ მოგწონდეს შენი ქვეყნის პრეზიდენტი, შეუძლებელია მისი კარგი საქციელი არ გაგიხარდეს.

ამიტომაც ვერ გავუგებ მათ, ვინც ყველაფერზე ქირქილებენ. მართალია, გურამიშვილი ამბობს, ავს თუ ავი არ ვუწოდო, კარგს სახელად რა დავარქოო, მაგრამ პირიქითაც ხომაა? კარგზე კარგის თქმა თუ არ შეგიძლია, განა გაქვს უფლება, ავს ავი უწოდო? სწორედ ამიტომ ვამბობ, სააკაშვილი კარგად და ღირსეულად მოიქცა. სწორედ იმიტომ ვამბობ ამას, რომ შემდეგ სუფთა სინდისით ვთქვა, რომ მაგალითად, ამერიკაში ის მოიქცა როგორც პროფესიონალი აფერისტი. ისეთები ილაპარაკა ქართულ დემოკრატიაზე, დემოკრატიზაციის პრიორიტეტულობაზე, ჯერ კიდევ შერჩენილი თმა ყალყზე დამიდგა. რაც მთავარია, თვალიც კი არ დაუხამხამებია.

ესეც ნიჭია, ხალხს ისე დააჯერო ტყუილი, ეჭვიც კი არ შეეპაროს. იმდენად არ შეეპაროს, რომ დემოკრატიის ჩემპიონიც კი გიწოდონ. ზღაპრების მოგონების ჩემპიონი რომ ეწოდებინათ, სავსებით გასაგები იქნებოდა, მაგრამ დემოკრატიის? ბოლოს და ბოლოს, შეიძლებოდა პრეზიდენტებს შორის ჩემპიონი გამხდარიყო ხარაჩოებზე ასვლაში. ჩვენ მართლაც გვყავს პრეზიდენტი, რომელიც საუკეთესოდ დაძვრება ხარაჩოებზე. ნამდვილი ხარაჩოთმპყრობელია, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, ქართული დემოკრატიის შენობაზე მიდგმული ხარაჩო მას ჯერ ასაძრომად არ მოსწონს. ჰოდა, ამიტომაც არავინ იცის, როდემდე იქნება ჩვენი დემოკრატია ხარაჩოებში.

მეზობლობის საკითხის განმარტებისთვის

კეთილ მეზობელთან კეთილ ურთიერთობას რა სჯობს?! განა ქართველები არ ვამბობთ, მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო; ან კიდევ, რომ გაგიჭირდეს, ვიდრე ნათესავი გაიგებს, დახმარების ხელს მეზობელი გამოგიწვდისო. მოკლედ, კარგ მეზობლობას რა სჯობს! ამის წინააღმდეგი გონიერი კაცი ვერ იქნება. მაგრამ აქ ერთი გაუგებრობაა, მე ვიტყოდი, მცირე გაუგებრობა. სიტყვა "აღვადგინოთ" მთლად ზუსტი ვერ უნდა იყოს.

ეს სიტყვა ხომ იმას გულისხმობს, რომ "კეთილი ურთიერთობის" გამოცდილება უკვე გვაქვს და ახლა მიზეზთა გამო აღარ არსებობს. ბევრი ვეცადე გამეხსენებინა, როდის გვქონდა ჩვენ და რუსებს კეთილი მეზობლობა და მომკალით და ვერ გავიხსენე. მხოლოდ გუმანით მივხვდი, რომ ამ ლოზუნგის მომხრეები გულისხმობენ 1801 წლის 12 სექტემბრიდან 1991 წლის 9 აპრილამდე პერიოდს. ჯერ ერთი, ჩვენი ურთიერთობა რატომ იყო კეთილი, ვერ გეტყვით. ამ ორასი წლის განმავლობაში შეიძლება ბევრი კარგიც გვახსოვს, მაგრამ არანაკლები, თუ მეტი არა, ცუდი გვახსოვს. თუმცა ახლა ცუდისა და კარგის აწონას არ ვაპირებ.

ერთი წუთით დავუჯეროთ მათ, ვინც ამტკიცებენ, რომ ზემოთ ნახსენებ პერიოდში ჩვენსა და რუსეთს შორის ურთიერთობა კეთილი იყო. კი ბატონო, მაგრამ სად არის აქ მეზობლობა? სიტყვა "კეთილმეზობლური" ხომ იმას გულისხმობს, რომ ურთიერთობა მარტო კეთილი კი არა, მეზობლურიც უნდა იყოს.

ან მე არ ვიცი, რას ნიშნავს სიტყვა "მეზობელი", ან ყველანი თავს ვიტყუებთ. ზემოთ უკვე არაერთგზის ნახსენებ ორასწლიან პერიოდში ჩვენ და რუსეთი მეზობლები არ ვყოფილვართ. ჩვენ ერთი ქვეყანა ვიყავით - ჯერ რუსეთის იმპერია გვერქვა, შემდეგ საბჭოთა კავშირი. ჩვენ რუსეთის მეზობელი კი არა, კოლონია ვიყავით, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ნაწილი. როგორ შეიძლება ერთდროულად ქვეყნის ნაწილიც იყო და მეზობელიც? მეზობლობა მე ქვეყნებს შორის ვიცი, მეზობლობა მეტროპოლიასა და კოლონიას შორის პირველად გავიგე. ეს იგივეა, ოჯახის წევრი, რომელთან ერთადაც ცხოვრობ, შენს მეზობლად გამოაცხადო.

ჩვენ და რუსეთი მეზობლები პირველად სწორედ 1991 წლის 9 აპრილს გავხდით (იმ კავშირს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის 1783  წლამდე იყო, ურთიერთობასაც კი ვერ დავარქმევ); ანუ ჩვენი მეზობლობის ისტორია სულ 18 წელიწადს ითვლის. ჰოდა, ამ ხნის განმავლობაში თუ ერთ დღეს მაინც გამახსენებთ, როცა ჩვენი ურთიერთობა კეთილი იყო, მე რუსოფილი გავხდები.

მარად თქვენი ყმა საქართველო

რა მიზანი შეიძლება ჰქონდეს ქართველი ოპოზიციონერების რუსეთში ვიზიტს? თეორიულად სამი: 1) რუსეთის ხელისუფლების დახმარებით საქართველოს ხელისუფლებაში მოსვლა; 2) საქართველოში პრორუსული ელექტორატის გულის მოგება, მათი ყურადღების მიქცევა და იმის ჩვენება, რომ ხელისუფლებისგან განსხვავებით თითქოს შანსი აქვთ რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებისა; 3) რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესება.

პირველი შემთხვევა ძალზე მძიმეა. თამამად შეიძლება მას ღალატის კვალიფიკაცია მივცეთ, მეორე - შედარებით მსუბუქია. აქ მხოლოდ სტრატეგიისა და ტაქტიკის ავკარგიანობასა და მორალურ მხარეზე შეგვიძლია ვიმსჯელოთ. აი, მესამე კი ბლეფია. თქმა იმისა, რომ მათი ვიზიტები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის გაუმჯობესებას ემსახურება, ბუნებრივია, პოლიტიკური ბლეფია. ოპოზიციას არ შეუძლია ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება. ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ მართლაც მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის ხელისუფლებასთან ზოგიერთ საკითხზე.

მეორე დღეს სააკაშვილს თავში რომ დაარტყას და ომი დაიწყოს, რაღა მნიშვნელობა ექნება მათ შეთანხმებას? ოპოზიციას არ შეუძლია მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტა ხელისუფლების თანხმობის გარეშე. ამიტომ მესამე ვარიანტი თავისთავად გამოირიცხა. პირველი იმდენად მძიმეა, რომ ამის დაჯერება არ მინდა. დარჩა მეორე - რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების მსურველი ამომრჩევლის გულის მოგება და მათი ხმების მონადირება. კობა დავითაშვილი, ვიდრე რუსეთში გაემგზავრებოდა, მანამდე ტელეკომპანია "კავკასიის" ეთერში გადაცემა "ბარიერის" სტუმარი გახლდათ.

კითხვაზე, რა აზრი აქვს ოპოზიციონერების რუსეთში ვიზიტს, ბატონმა კობამ პირდაპირ თქვა, ამით ყურადღებას ვიქცევთო. მან ასეთი რამაც ბრძანა: რუსეთში გამოჩნდნენ პირები, რომლებიც პროგრესულად აზროვნებენ და სწორედ მათ შევხვდებითო; მაგალითად, ანტიქართული განწყობით ცნობილი ჟურნალისტი მიხაილ ლეონტიევი, რომელმაც პირდაპირ უთხრა რუსებს, ეს რა ჰქენით, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი რომ აღიარეთ, სამაგიეროდ, საქართველო დაკარგეთ სამუდამოდო. ძალიან კარგია, თუ ლეონტიევი ასე ფიქრობს, რაც მეტი ადამიანი იფიქრებს რუსეთში, რომ საქართველო სამუდამოდ დაკარგეს, მით უკეთესი.

რა საჭიროა მათთან შეხვედრა? ისედაც ხომ ნათელია, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დაბრუნებაზე ისინი მხოლოდ მაშინ იფიქრებენ (ისიც მხოლოდ იფიქრებენ), თუ მთლიანად საქართველო იქნება მათი. ამას არ სჯობია, იფიქრონ, რომ სამუდამოდ დაგვკარგეს! როცა მთელი რუსეთი ასე იფიქრებს, იქნებ ჩვენს დაბრუნებაზე ხელი აიღონ და ჩვენც დავისვენოთ და იმათაც? მაგრამ არა! ვინ აძლევს მათ იმედის დაკარგვის საშუალებას? რუსების იმ ნაწილს, ვინც ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა და ომის შემდეგ საქართველო სამუდამოდ დაკარგა, ამ გახშირებული ვიზიტებით პირდაპირ ვეუბნებით: არა, თქვენ საქართველო არ დაგიკარგავთ, ჩვენ ისევ აქა ვართ. მობრძანდით, გელით მარად თქვენი ყმა საქართველო!