"არაერთ აფხაზ მეომარს უთქვამს, რა ტყუილად გადავიკიდეთ ქართველებიო..." - კვირის პალიტრა

"არაერთ აფხაზ მეომარს უთქვამს, რა ტყუილად გადავიკიდეთ ქართველებიო..."

"ნარკომანია აფხაზეთში უმძიმესი პრობლემაა, მოსახლეობის 80% ნარკოტიკის მომხმარებელია"

აფხაზებმა და ქართველებმა გამოსავალი იპოვეს - ვაჭრობა. თავდაპირველად ქართველები "ლილოს ბაზრობაზე" ყიდულობდნენ საქონელს და მიჰქონდათ ენგურის ხიდზე, სადაც აფხაზი ახლობლები ხვდებოდნენ... შემდეგ აფხაზებმაც დაიწყეს ხიდზე გადმოსვლა. ასე თანდათან აღადგინეს ურთიერთობა

როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაზე საუბრობენ, ხშირად აღნიშნავენ, რომ პროცესი ჩიხში შევიდა, მაგრამ რატომღაც ყველას ავიწყდება ქართველებისა და აფხაზების ისტორიული თუ ნათესაური კავშირები... წლების წინ ათასობით ქართველსა და აფხაზს ნათესავები აპოვნინა ორგანიზაცია "ქართულ-აფხაზური შერეული ოჯახების კავშირების" დამფუძნებელმა რეზო ბენდელიანმა. მას შემდეგ ის აფხაზებთან ურთიერთობას განაგრძობს.

- ჩვენი ორგანიზაცია 2003 წლიდან მუშაობს. მაშინ "წითელ ჯვარსა" და გაეროსთან ვთანამშრომლობდით და 6 000-მდე ადამიანს - და-ძმას, დედა-შვილსა თუ ოჯახის სხვა წევრებს ერთმანეთი ვაპოვნინეთ... როდესაც ჩვენი უცხოელი თანამშრომლები დაკარგული ადამიანების შეხვედრას ესწრებოდნენ, გაოცებული გვეკითხებოდნენ, თუ ასე გიყვარდათ ერთმანეთი, საომარი რა გქონდათო. ყოველ მეორე ქართველს აფხაზეთში ნათესავი ჰყავდა და ომი მაინც გაჩაღდა... არის კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: 50-იან წლებში ბევრი ქართველი აფხაზად ეწერებოდა, რადგან მათ, როგორც მცირე ერების წარმომადგენლებს, საბჭოთა ხელისუფლება პრივილეგიებს ანიჭებდა - თუ ვინმე აფხაზად ჩაეწერებოდა, მიწის ნაკვეთს აძლევდნენ. იმ დროს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის მსურველისთვის ლიმიტი იყო დაწესებული, მცირე ერების წარმომადგენლებს ეს შეზღუდვა არ ეხებოდათ, თანაც უფასოდ ეწყობოდნენ... 80-იან წლებში აფხაზეთში ხუმრობდნენ, ახლა აფხაზები უკვე თბილისის "დინამოს" სტადიონს შეავსებენო.

90-იან წლებში, ქართულ-აფხაზური კონფლიქტისას, ზოგიერთმა გააფხაზებულმა ქართველმა იქაურობა დატოვა, პასპორტში კი ეწერათ ეროვნებით აფხაზი, მაგრამ ცნობიერებით ქართველები იყვნენ... ყველა ახალგააფხაზებულ ოჯახზე ერთი კაცი იყო მიმაგრებული. ეუბნებოდნენ, თქვენ არავინ გერჩით, პასპორტში ხომ - ეროვნებით აფხაზი - გიწერიათო. არადა, იყვნენ ისეთებიც, ვის ძმასაც პასპორტში ქართველი ეწერა და ქართველების მხარეს იბრძოდა. მხოლოდ სამეგრელოდან საცხოვრებლად ჩასულ ქართველებს არ ვგულისხმობ, სხვა კუთხეებიდანაც იყვნენ, ამიტომაც გვხვდებიან ახლა აფხაზი წერეთლები, ახვლედიანები, ბენდელიანები, კირთაძეები და ა.შ. ისინი რომ წამოსულიყვნენ, მართლა აღარავინ დარჩებოდა... ერთი სიტყვით, ომის შემდეგ გააფხაზებული ქართველები იქ დარჩნენ, მათი და-ძმები კი ენგურს აქეთ აღმოჩნდნენ. გააფხაზებული ქართველები ოჯახის წევრებმა მოიკვეთეს...

- მას შემდეგ ურთიერთობა აღარ აქვთ?

- როდესაც მღელვარებამ ჩაიარა, ერთმანეთის ძებნა დაიწყეს... ახლა უკვე თამამად ამბობენ, გვიან მივხვდით, რომ იმ უაზრო ომით ორივე წაგებული დავრჩითო... განსაკუთრებით მახსოვს დედა-შვილის, გვარად შენგელაიების შეხვედრა. მათ ერთმანეთი 15 წელი არ ენახათ. ერთი ძმა აქეთ ჰყავდა დედას, მეორეს იქ ბებია ზრდიდა. გაგრაში მცხოვრები ძმა ხშირად ჩამოდის აქ ცოლ-შვილთან ერთად... როდესაც ჩვენი ორგანიზაციის დახმარებით ურთიერთობები აღდგა, მძიმე სოციალური მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნაც დაიწყეს და ყველაზე იოლი გამოსავალი იპოვეს - ვაჭრობა. თავდაპირველად ქართველები "ლილოს ბაზრობაზე" ყიდულობდნენ საქონელს და მიჰქონდათ ენგურის ხიდზე, სადაც აფხაზი ახლობლები ხვდებოდნენ... შემდეგ თვითოOნაც ჩამოდიოდნენ. ასე თანდათან აღადგინეს ურთიერთობა, თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც სამუდამოდ გაწყვიტა ურთიერთობა. ისინი ქართველების მიმართ ნამდვილ აფხაზებზე უფრო აგრესიულები არიან და ქართველების დაბრუნების ეშინიათ... წლების შემდეგ აფხაზეთში მომიწია ჩასვლამ. სოხუმში ომში დაღუპულთა მემორიალთან დაფა შევნიშნე. ვიცოდი, რომ ომში ბევრი გააფხაზებული ქართველი მონაწილეობდა, მაგრამ ამდენს მაინც არ ველოდი - დაფაზე მიწერილი გვარებიდან მხოლოდ მეოთხედი იყო აფხაზური...

- აფხაზი მეომრები, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, თქვენ გიკავშირდებიან...

- ახლახან ჩამოვიყვანეთ 90-იანი წლების ომის მონაწილე რუსლან კირთაძე. მისი გვარი საუკუნის წინ გააფხაზდა, ქართულიც კი არ იცის... სინანულით მიყვებოდა, რომ დღეს აფხაზეთში, პრიორიტეტულია ქურდული მენტალიტეტი... საყოველთაო მობილიზაცია იყო გამოცხადებული და თითქმის ყველას ეჭირა იარაღი. შემდეგ დრომ რაღაცები შეცვალა და თანდათან მიხვდნენ, რომ გამოიყენეს. თავდაპირველად რუსეთს მიაწყდნენ, მაგრამ იქ ფასიან კლინიკებში სამკურნალო თანხა არ ჰქონდათ, სახელმწიფო დაწესებულებებში კი მკურნალობა უშედეგო იყო - ან საოპერაციოშივე იხოცებოდნენ, ან გაუარესებული ჯანმრთელობით ბრუნდებოდნენ უკან. კირთაძე თავდაპირველად მოსკოვში წასულა, მაგრამ უარესი მდგომარეობით დაბრუნებულა - მანამდე მხოლოდ ფილტვები მაწუხებდა, იქ კი გულიც და სხვა ორგანოებიც ჩაითრიეს. მერე მითხრეს, საქართველოში წადი, იქ გადაგარჩენენო... ეს კაცი თავისი თანამებრძოლების სატკივარსაც ჰყვება. ომის მონაწილე ბევრ აფხაზს უთქვამს, რა უაზროდ გვიბრძოლია და რა ტყუილად გადავიკიდეთ ქართველებიო... ჩვენ აფხაზეთშიც გვყავდა პარტნიორი - ფატიმა ინალ-იფა და მისი დახმარებით ათასობით აფხაზურ ოჯახში ვარ ნამყოფი. არაერთხელ მომისმენია მათგან, ცოტაც და, რუსები გვეტყვიან, ეს თქვენი სამშობლო არ არის და სადაც გინდათ, წადითო... ასე რომ, წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ჯანდაცვის პროგრამა.

- თუმცა, ვიცით, რომ იქ დაბრუნებული აფხაზები იმავე პათოსით ლაპარაკობენ ქართველებზე...

- შესაძლოა, ვიღაცებმა გაგვკრეს კბილი, რადგან აფხაზეთში დაბრუნების შემდეგ მათ უშიშროების სამსახურში იბარებენ, პრობლემები კი არავის უნდა. აფხაზეთში შექმნილი უმძიმესი სოციალური ფონი მათ აიძულებს, გადარჩენის გზა აქეთ ეძებონ... კირთაძემ ძმაც აქ ჩამოიყვანა, შემდეგ კი - ძმისშვილიც, რომელიც ნარკოტიკების მომხმარებელი იყო... ვინც რუსეთში ან სხვა ქვეყანაში ერთხელ მაინც შეძლო წასვლა, აფხაზეთში აღარ დაბრუნებულა, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია. ენგურს აქეთ გადმოსულები გაოცებული არიან, ვიცოდით, რომ ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ამას მაინც არ ველოდითო. განსაკუთრებით სამედიცინო მომსახურების მაღალი დონე მოსწონთ. რუსეთში წასული აფხაზები, თურმე, თავისიანებს ეუბნებიან, საქართველოს ჩვენზე უკეთესი სამედიცინო მომსახურება აქვს, წადით, იქ იმკურნალეთო...

- ამას აფხაზები გიყვებიან?

- დიახ... ბოლო დროს ხშირად ლაპარაკობენ იმაზეც, რომ რუსები მიწის დაკანონებისთვის იბრძვიან. თუ ეს მოხდა, ჩვენგან მალე აღარაფერი დარჩებაო... მითხრეს, რომ იყო შემთხვევები, როდესაც რუსი აფხაზს მოელაპარაკა და მის სახელზე გაიფორმა მიწის ნაკვეთი, მაგრამ აფხაზმა ხელახლა გაყიდა მიწა. რუსმა გააპროტესტა, მაგრამ ვერაფერს გახდა, რადგან "კანონი" აფხაზის მხარეს იყო...

- რამდენიმე დღის წინ რუსებმა გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში პოლონელების სასაფლაო და ეკლესია დაანგრიეს სამხედრო პოლიგონის გასაფართოებლად...

- წებელდიდან ვარ. იმ ადგილს "პოლშას" ვეძახდით. იქაურობას წმინდა ადგილად მიიჩნევდნენ, სანთლებს ანთებდნენ და ლოცულობდნენ. კედელზე, რომელიც სავარაუდოდ, წებელდის ციხესიმაგრის ზღუდე იყო, მოსახლეობა ფერად ნაჭრებს კიდებდა. ისტორიული მაქვს დამთავრებული, იმ ადგილას არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებდით. სამუშაო და საბრძოლო იარაღი, სამკაული გვიპოვია, რომელსაც გულრიფშის გამგეობაში ვაბარებდით... სწორედ ეს ადგილი მოასწორეს ბულდოზერებით, მისი აღდგენა უკვე შეუძლებელია... იქ ციხესიმაგრე შემთხვევით არ იყო აგებული - იქიდან ოჩამჩირის ზღვა ჩანდა, მეორე მხარეს კი კოდორამდე მიაწვდენდი თვალს. იმ მხარეს ხრამი იყო და მის ძირში არწივებს ბუდეები ჰქონდათ. ეს სტრატეგიული სიმაღლეა და, ალბათ, ამიტომაც აღმოჩნდა მათთვის საინტერესო. რამდენიმე წლის წინ ასეთ ფაქტებზე აფხაზები დუმდნენ, ახლა კი უკმაყოფილებას ხმამაღლა გამოთქვამენ.

- ქართველთა სახლების ნაწილი დღემდე დაკეტილია?

- დიახ. ბევრ აფხაზს, ვინც ქართველის სახლში ცხოვრობს, უთხოვია, მაპოვნინეთ სახლის ქართველი მეპატრონე და თანხას გადავუხდიო... ზოგს ისიც უთქვამს, ასე მგონია, დაწყევლილი ვარ, რაც ამ სახლში გადმოვედი, ვერ გავიხარეო. იქ ისედაც მძიმე სოციალური ფონია და ნებისმიერ უბედურებას, შვილის ან შვილიშვილის განარკომანებას ამას უკავშირებენ... ნარკომანია იქ უმძიმესი პრობლემაა, მოსახლეობის 80% ნარკოტიკის მომხმარებელია. ისიც კი თქვეს, რუსეთი ხელსაც კი უწყობს, რომ უხარისხო ნარკოტიკი შემოვიდეს, რასაც ახალგაზრდების სიცოცხლე ეწირებაო... ერთმა ჯერ თვითონ იმკურნალა, მერე შვილიც ჩამოიყვანა აქ. თბილისში გადამირჩინეს, მაგრამ აფხაზეთში ისევ გააგრძელებს და მოკვდება. იქ გარემოა ისეთი, სახლში თუ ჩაკეტავ, თორემ გარშემო ყველა ნარკოტიკის მომხმარებელიაო, გვითხრა...

არც ისე დიდი ხნის წინ აღტყინებული იყვნენ, რუსეთმა ჩვენი დამოუკიდებლობა აღიარაო, მაგრამ მალე მიხვდნენ, რომ მახეშიI გაებნენ... წლებია, მათთან ურთიერთობა მაქვს და ვხედავ, დროთა განმავლობაში როგორ შეიცვალა მათი განწყობა... ასე რომ, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მით უფრო, რომ არავის აქვს იმდენი საერთო, რამდენიც ქართველებსა და აფხაზებს.

ლალი პაპასკირი