უგულავა არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადასვლას აპირებს?! - კვირის პალიტრა

უგულავა არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადასვლას აპირებს?!

პრესაში დიდი ხნის წინ გავრცელებული ჭორი, რომ ერეკლე კოდუას თანამდებობიდან ათავისუფლებენ, გამართლდა. სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელად დანიშნეს, რაც ნიშნავს, რომ დააქვეითეს. ეს ამბავი საეჭვოდ დაემთხვა ერეკლე კოდუას ცოლისძმასთან დაკავშირებულ სკანდალს, მაგრამ ნაკლებსარწმუნოა, კოდუას "ჩამოლაბორანტება" ცოლისძმის ოინების ბრალი იყოს.

საქართველოში ჩინოსნებს ნათესავების დანაშაულებზე რომ სთხოვდნენ პასუხს, წესით, კოდუა ჯერ კიდევ მაშინ უნდა მოეხსნათ, როცა მისი სიძე მალხაზ ფარცვანია ადამიანის გატაცების ბრალდებით დააკავეს.

მაინც რა მოხდა 2010 წლის 12 აპრილს ვაკეში? როგორც საქმეში ნათქვამია, 2010 წლის 12 აპრილს პოლიციის თანამშრომლებს ირაკლი აბაშიძის ქ. #22-ის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის გამოც დააკავეს რამდენიმე პირი, მათ შორის მიხეილ ჟორჟოლიანიც.

არაოფიციალური ვერსიით, ინციდენტი მოხდა ვაკეში, კაფე "კანაპესთან", მიხეილ ჟორჟოლიანსა და უშიშროების ყოფილი მინისტრის, ქუთათელაძის შვილსა და მის თანმხლებ პირებს შორის. ჩვენი ვერსიით, მსუბუქად დაიჭრა ერთ-ერთი პოლიციელიც, მაგრამ ამ დეტალის გახმაურებისაგან თავი შეიკავეს. ფაქტი ის არის, რომ ერეკლე კოდუას ცოლისძმას ჩინოსანი სიძის ავტორიტეტმა ვერ უშველა. მიხეილ ჟორჟოლიანს სხვა პირებთან ერთად ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდეს.

მიხეილ ჟორჟოლიანის დაკავება საზოგადოებაში აღქმულ იქნა ერეკლე კოდუას საწინააღმდეგო აქციად. ის, რომ ხელისუფლების სხვადასხვა გუნდი ერთმანეთთან დაპირისპირებულია, საიდუმლო აღარ არის. კულუარული ინფორმაციით, ერთმანეთს ადეიშვილი-კოდუას, მერაბიშვილი-ახალაიასა და გიგი უგულავას კლანი უპირისპირდება. ერეკლე კოდუას ჩამოლაბორანტება მხოლოდ აისბერგის წვერია, თავად აისბერგი კი არჩევნების შემდეგ გამოჩნდება. სხვათა შორის, იმასაც ამბობენ, გიგი უგულავა არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადასვლას აპირებსო(?!).

უკვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვანო მერაბიშვილმა ვაკე-საბურთალოს პოლიციის იმ თანამშრომელს, რომელმაც მიხეილ ჟორჟოლიანის დაკავებისას თავი ისახელა, ჩინიც მოუმატა და პრემიაც მიართვა.

შალვა ხაჭაპურიძე, ქუთაისის სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე: - ჩემი ინფორმაციით, კოდუას დაქვეითება ტიმოშენკო-სააკაშვილის  და არველაძე-წამალაშვილის ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებას უკავშირდება. სააკაშვილმა ვანო მერაბიშვილს პასუხი მოსთხოვა, ვინ დებს ჩანაწერებს საიტზეო.

მართალია, ამ საქმეში თავად ვანო მერაბიშვილია "ეჭვმიტანილი", მაგრამ მინისტრს ვინმესთვის ხომ უნდა დაებრალებინა ეს ამბავი, ხომ არ ეტყოდა, მე გიქვეყნებო. ამიტომ სააკაშვილი დაარწმუნა, რომ ჩანაწერები კოდუამ გაავრცელა. სააკაშვილის დარწმუნება ადვილი იყო, რადგან მთავარი მომსმენი სწორედ ერეკლე კოდუაა, მოსასმენი აპარატურაც მოდულის შენობაში დგას. მართლია, კოდუა ჩამწერი კი არის, მაგრამ გამომქვეყნებელი - ნაკლებად.

- ასეთ შემთხვევაში კოდუას კრიმინალური პოლიციის შეფად დატოვება რას მივაწეროთ? მართალია, კრიმინალური პოლიციის ხელმძღვანელობა სოდ-ის უფროსობას ვერ შეედრება, მაგრამ არც ეს არის პატარა თანამდებობა.

- კოდუას უბოდიშოდ გაგდება გამორიცხულია, რადგან მან ძალზე ბევრი რამ იცის. ის პატარკაციშვილის საქმის უმნიშვნელოვანესი მოწმეა. იცის, რა როგორ მოხდა და რა მზადდებოდა. სხვათა შორის, მე სხვა ვერსიაც მაქვს. გამორიცხული არ არის, სპეციალურად შექმნან მითი, თითქოს ერთმანეთში დაპირისპირება აქვთ და კოდუა კიდევ ერთი დიდი ბინძური საქმის შემსრულებლად გამოიყენონ.

ასე იყო მაშინაც, როცა ბადრი პატარკაციშვილს შეუგზავნეს. სწორედ მაშინ მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ხმას კოდუასა და ხელისუფლების დაპირისპირებაზე. კულუარებში წინასაარჩევნო პერიოდშიც ჭორაობდნენ კოდუასა და ხელისუფლების დაპირისპირებაზე. მაშინ შეხვდა კოდუა ჯერ გელბახიანს, მერე ბადრი პატარკაციშვილს და როგორ განვითარდა მოვლენები, ყველამ ვიცით.

შესაძლებელია ახლაც ქმნიან ილუზიას კოდუასა და ხელისუფლების დაპირისპირებაზე და მას დიდი პროვოკაციისთვის - "მტრის ბანაკში" შესაგზავნად ამზადებენ. ამ ფანდით იქნებ კიდევ მივიდეს კოდუასთან ვინმე, მოდი, გვერდით დაგვიდექიო, რათა სააკაშვილის ხელისუფლებამ კოდუას მეშვეობით ისევ შეძლოს სიტუაციის არევა. ყოველ შემთხვევაში, ცოლისძმის გამო რომ არ დაუქვეითებიათ, ამას არ უნდა დიდი ფიქრი. მიშა ჟორჟოლიანი მხოლოდ საბაბია, თქვეს, ოჯახის წევრები ჰყავდა "აგულავებულიო", მაგრამ ოჯახის წევრები რომ არაფერ შუაში არიან, ყველას კარგად მოგვეხსენება.

მაგრამ თუ კულუარებში  გავრცელებული ხმები  და ეს დაპირისპირება რეალურია, მაშინ ვერ ყოფილა მისი საქმე კარგად. ვურჩევ, თუ დაცვა არა ჰყავს, აიყვანოს, რადგან კოდუა უმნიშვნელოვანესი მოწმეა და არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ან აგური დაეცეს თავში, ლიფტი ჩაუწყდეს უეცრად ან კიდევ ავარიაში მოყვეს.

ხელისუფლებამ კარგად იცის, რომ დადგება დღე და მომენტი, როცა ერეკლე კოდუას მოუწევს ჩვენების მიცემა, რა მოხდა პატარკაციშვილის საქმეზე. ვფიქრობ, ამ თანამდებობიდანაც მალე ჩამოაქვეითებენ, მერე ბიზნესს წაართმევენ და ისე მოაწყობენ საქმეს, კოდუას თავს დატრიალებული უბედური შემთხვევა  საზოგადოებისთვის დიდად მნიშვნელოვანი და საყურადღებო  აღარ იყოს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ კოდუას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ნათამაშები საქართველოს ისტორიულ განვითარებაში, ასეთ მოწმეებს კი ყოველთვის იშორებენ. ახლა ერთმანეთის დაჭმის ძალიან საინტერესო ეტაპი დაიწყო. ვინც შესაჭმელი ჰყავდათ, ყველა შეჭამეს და ახლა ერთმანეთს დაერივნენ. 2013 წელი ახლოვდება და ხელისუფლებაში მოკალათებული პირები თავის გადასარჩენად ემზადებიან.

გგონიათ, უსაფუძვლოა ინფორმაცია, რომ უგულავა არჩევნების შემდეგ ოპოზიციაში გადასვლას აპირებს? როგორც ვიცი, თბილისის მერიას უკვე ერთი თვეა ამოწმებს შემოსავლების სამსახური. ასე რომ, წინ ბევრი საინტერესო ამბავი გველოდება.

P.S. ერეკლე კოდუას სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ ახალმა ხელმძღვანელმა დევი ჭელიძემ (ახალაიას გუნდის წევრია) სოდ-ის კოდუას კადრებისაგან გაწმენდა დაიწყო, ჩვენი ინფორმაციით, კოდუამ თავისი კადრები კრიმინალურ პოლიციაში გადაიყვანა.