"მერაბიშვილზე ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო, თუმცა არ არის გამორიცხული, თავს იგიჟიანებდეს" - კვირის პალიტრა

"მერაბიშვილზე ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო, თუმცა არ არის გამორიცხული, თავს იგიჟიანებდეს"

"არ გამოვრიცხავ, რომ გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები"

სადამდე მივა "ნაცმოძრაობის" დანაყოფებს შორის დაპირისპირება და გაიხსნება თუ არა "პანდორას ყუთი"?! ბლოკი "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების" ყოფილი წარმომადგენელი მარინა მოლოდინი "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის გახმაურებული საქმეები გაიხსნება. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- წლების წინ მიშას პირადად ვუთხარი, გარემოცვა დაგღუპავს-მეთქი. ვხედავდი, პარტიაში მოქმედებდა ჯგუფი, რომელსაც იდეა კი არ აერთიანებდა, მხოლოდ საკუთარ კეთილდღეობაზე იყო ორიენტირებული, თანაც წარმოუდგენლად დიდი ამბიციები კლავდათ...

ჩვენ თვალწინ პარტიაში მილიონერთა ჯგუფი ჩამოყალიბდა. გამდიდრდნენ ისინი, რომლებსაც პარტიაში მოსვლამდე არაფერი ებადათ, მოიწყვეს ცხოვრება და ერთ მშვენიერ დღესაც გადაწყვიტეს, რომ მოძველებული ლიდერი აღარ სჭირდებათ.

- ფიქრობთ, რომ "ნაცმოძრაობის" დანაყოფებს შორის ბრძოლა გაგრძელდება და "პანდორას ყუთიც" გაიხსნება?

- ამის დიდი მოლოდინი არა მაქვს, რადგან ორივე მხარეს ქვეყნის წინაშე იმდენად დიდი დანაშაული აქვს ჩადენილი, ბოლომდე ერთად ჩაიხრჩობიან ჭაობში და ხმას არ ამოიღებენ... თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ "პანდორას ყუთის" გახსნა სიტუაციის პროვოცირებამ განაპირობოს.

- რას გულისხმობთ?

- ყოველთვის გამოჩნდება ამბიციამოუთოკავი პერსონა (განსაკუთრებით ბოკერიას გუნდიდან), რომელიც რაღაც ვიდეოფირს გაავრცელებს, თუნდაც იმდაგვარს, რაც ზურაბ ჟვანიასთან დაკავშირებით დაიდო.

...

შესაძლოა, დანაყოფებს შორის დაპირისპირებამ ზოგიერთი საქმის გახსნა დააჩქაროს.

- კერძოდ, რომელი საქმის?

- არ გამოვრიცხავ, რომ გაიხსნას ზურაბ ჟვანიას, გურამ შარაძისა და ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის საქმეები. სხვათა შორის, არცთუ დიდი ხნის წინ ბოკერიას გუნდმა მისთვის სასურველ კონტექსტში თავად წამოსწია ჟვანიას თემა და ერთ-ერთ გადაცემაში სკანდალური განხილვა მოაწყვეს.

- იმ საქმეებზე, რომელთა გახსნასაც ვარაუდობთ, შესაძლოა, ყველაზე მეტი ინფორმაცია ვანო მერაბიშვილს ჰქონდეს, მისი პოზიცია ჯერჯერობით გაურკვეველია.

-"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა გამოაცხადეს, რომ ის პარტიის გენერალურ მდივნად რჩება, თუმცა სოციალური ქსელით მისი სახელით გავრცელდა ინფორმაცია, პარტიის გენერალურ მდივნად არჩევაზე თანხმობა არ განმიცხადებიაო. მერაბიშვილზე ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო, თუმცა არ არის გამორიცხული, თავს იგიჟიანებდეს. ისე, მაგას იმდენი ცოდვა ამძიმებს, გასაკვირი არც იქნება, ნორმალურ ჭკუაზე რომ არ იყოს.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: "შეიძლება ერთმა ვიდეოფირმა თავდაყირა დააყენოს ყველაფერი"