"ვაი, თქვენს პატრონს, ვისაც ამის გჯერათ!" - კვირის პალიტრა

"ვაი, თქვენს პატრონს, ვისაც ამის გჯერათ!"

"რახან ამერიკის გვამში ვერ შევედით, ახლა რუსეთის გვამში შეძრომა და იქ გამოზამთრება გვინდა"

"ვმარხულობთ, ლოცვებს ვიზეპირებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არ გვაქვს გააზრებული"

"ოპოზიციის ერთი ნაწილი უკვე მესამედ აკეთებს იმას, რაზეც მიხეილ სააკაშვილი ვერც კი იოცნებებდა. ამ ეტაპზე ოპოზიციის ერთი ნაწილის ლუსტრირება და მარგინალიზაცია მოხდება. ამის მერე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად  ინიციატივას ხელში "ეროვნული ფორუმი" აიღებს", - ასეთ პროგნოზს აკეთებს გუბაზ სანიკიძე, რომელმაც ჩვენთან საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენელთა რუსეთში ჩასვლაც შეაფასა და ქართველი საზოგადოების უმთავრეს პრობლემაზეც გაგვიზიარა აზრი:

- ქართველებს უკიდურესობებისაკენ გადახრა გვჩვევია. ჩვენს საზოგადოებას ორივე ფეხზე დგომა უჭირს. როდესაც ხან მარცხენა ფეხზე დგახარ და ხან მარჯვენაზე, წონასწორობის დაცვა გიჭირს. აგვისტოს ომამდე კითხვა არავის დაუსვამს, ისე მივექანებოდით ნატოსკენ, ახლა რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებაა მოდური. რახან ამერიკის გვამში ვერ შევედით, ახლა რუსეთის გვამში შეძრომა და იქ გამოზამთრება გვინდა.

საკუთარი თავის რწმენა არა გვაქვს და ღვთის რწმენაც გვაკლია. ვმარხულობთ, ლოცვებს ვიზეპირებთ, ეკლესიაში სანთელს ვანთებთ, მაგრამ ეს ყველაფერი არა გვაქვს გააზრებული. ხშირად საერო და საეკლესიო საქმეებს ერთმანეთში ვურევთ. Bზოგს უნდა ეკლესია საერო წესებით მოიქცეს, ზოგსაც - საერო საქმეებში ეკლესია ჩაერიოს.

უზნეო საზოგადოება წარმატებას ვერ მოიპოვებს.  ქართველთა ცხოვრება დამარცხებების ჯაჭვად იქცა. უპრინციპო ადამიანები მომრავლდნენ. ვიცით, რომ ღირსება, ზნეობა, თავშეკავება კარგია, ვიცით, რა არის  სიბრძნე  და სამართლიანობა, მაგრამ ამ პრინციპებით არ ვცხოვრობთ. ეს იმის ბრალია, რომ ელიტა არა გვყავს. ჩვენი ელიტა 1924 წელს გაჟლიტეს ბოლშევიკებმა.

შემდგომი თაობები კი ისეთ გარემოში გაიზარდნენ, სადაც კინტოს ან ყარაჩოხელს ასხამდნენ ქებას (ფილმი "რაც გინახავს, ვეღარ ნახავ"), იმას, თუ როგორ გალახავდა თავადს. არადა, ჩვენამდე სწორედ ქართველმა არისტოკრატიამ მოიყვანა ეს ქვეყანა. რატომღაც ვიცით მოღალატე თავადების გვარები და არ ვიცით მათი ვინაობა, ვინც სამშობლოსთვის გაწირა თავი. ომში აზნაურობა იბრძოდა, მას უნდა დაეცვა გლეხი ლეკის, თურქისა და სხვა მომხდურისაგან, გლეხს კი აზნაური უნდა შეენახა. გლეხსაც რომ ეომა, ეს ქვეყანა ფეხზე ვეღარ დადგებოდა. გლეხკაცობა მხოლოდ მარტყოფისა და მარაბდის ომებში გავიდა.

ბოგანოს აზროვნებას უნდა გადავეჩვიოთ.

რაჭაში, ჩემს სოფელში, ერთი მშრომელი კაცი ცხოვრობს. კოლმეურნეობები რომ დაიშალა, ყველა გლეხს ნახევარი ჰექტარი მიწა შეხვდა. ამდენივე შეხვდა იმ კაცსაც. მთელი ოჯახი დღედაღამ ვენახშია და მიაღწიეს იმას, რომ წელიწადში საშუალო შემოსავალი 10-15 ათასი ლარი აქვთ. კარგად ცხოვრობენ.

ღამე რომ 10-15 კაცი მიაყენოთ, საუცხოო სუფრას გაგიშლიან. სოფლად ასეთი მშრომელი მხოლოდ 20%-ია, 80% ბირჟაზე დგას და კარტს ან ნარდს თამაშობს. როცა ვეუბნებით ასეთ ხალხს, ხელისუფლებაში რომ მოვალთ, თქვენი შრომა დაფასდებაო, გაგონება არ უნდათ. 5 ლარის მიცემა უფრო აინტერესებთ.

ქართველებს კარგად ცხოვრება გვიყვარდა და ახლა ესეც აღარ გვინდა. უმეტესობა მიჩერებულია ხელისუფლებას, 5 წელიწადში ერთხელ ტომარა ფქვილს მომცემსო და დარწმუნებულია, კი არ მომატყუა, მე დავცინცლე ფქვილი და ზეთიო. იმას არ ფიქრობს, რომ ტომარა ფქვილის სანაცვლოდ 5 წელია ძარცვავს და ტყავს აძრობს ხელისუფლება. დავაკვირდი, ვინც ყველაზე გაჭირვებულია, ის არის სააკაშვილის მომხრე. რას გადაეკიდეთ ამ მიშას, გზები ხომ დამიგოო. ჰგონიათ, სააკაშვილმა ბაბუამისის ნაგროვებს მოხსნა პირი და იმას ურიგებს ხალხს. ვერ გაუაზრებიათ, რომ ეს ვალია.

თითოეულ ჩვენგანს უკვე 20 ათასი დოლარი აქვს ვალი. თუ ვინმეს ჰგონია, გადახდას არავინ მოგვთხოვს, ძალიან შემცდარა. სულს ამოგვართმევენ და ისე გადაგვახდევინებენ. თუ ვერ გადავიხდით, საქართველო გამოცხადდება ბანკროტად და გაიყიდება. ჩვენ კი მდგმურებად ვიქცევით, რომელსაც, როცა ენდომებათ, მიაპანღურებენ და გაასახლებენ.

დავანებოთ ოპოზიციასა და ხელისუფლებას თავი. ოპოზიცია და ხელისუფლება მიზეზი კი არა,  შედეგი, ამ საზოგადოების პირმშოა. ბევრმა სააკაშვილში საკუთარი თავი დაინახა და მოიწონა, ჩემისთანა უზრდელია, ჩემსავით მეტყველებსო. ერთხელ მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც 20 ლარად იყიდება, საქონელი ვუწოდე...

- და ამის გამო ბევრი გაგინაწყენდათ.

- ვწუხვარ ამის გამო, რადგან ჩემი ნათქვამით საქონელს მივაყენე შეურაცხყოფა. საქონელი მოგებას აძლევს გლეხს, საზოგადოების ის ნაწილი კი, ვინც ხმას ყიდის, საზოგადოების განვითარებას აფერხებს და ბალასტია. ხალხის მნიშვნელოვან ნაწილს რაც უნდა ელაპარაკო, ვერაფერს გაიგებს, ყოველთვის გაყიდის ხმას ფქვილსა და შაქარზე.  არ აწუხებს არც აფხაზეთი და ცხინვალი. შეამჩნიეთ, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე ლაპარაკს ხელისუფლებაც ერიდება და ოპოზიციაც?

გამოტირებულია აფხაზეთი და გამოვუტყდეთ ამაში საკუთარ თავს. ეს ხალხია აფხაზეთის დამბრუნებელი? მშიშარა, თავში ჩარტყმულ, უღირსსა და დაჩიავებულ ერს არავინ დაუბრუნებს ტერიტორიას. ერთმა სტუდენტმა მითხრა, ცოტნე დადიანი სულელი იყო, რას მიდიოდა მტერთან, ესვა და ეჭამაო, მეორემ კი - ვაჟა-ფშაველა წარმატებული კაცი არ იყოო. სამაგიეროდ, ბექაურია წარმატებული, რადგან "ჯიპი" ჰყავს.

შეხედეთ ჩვენს ახალგაზრდობას, დაჩიავდნენ, აღარ იზრდებიან, რადგან ჯანმრთელი პროდუქტი აკლიათ. ფასეულობებზე ლაპარაკიც ზედმეტია.

- ზემოთ ბრძანეთ, რუსეთში სიარულია მოდურიო. Aამჯერად სანქტ-პეტერბურგში კახა კუკავა და კობა დავითაშვილი ჩავიდნენ. რა მოჰყვება ამ ვიზიტებს?

- ხშირად მიზანი და შედეგი ერთმანეთში გვერევა. ჩვენი მიზანი რუსეთთან დიალოგი კი არა, დიალოგით შედეგის მიღწევა უნდა იყოს. დიალოგი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საშუალება უნდა იყოს. არის კი რუსეთი ამის გამკეთებელი? რატომ გაგვიწევს ანგარიშს? აქვს საქართველოს სრულყოფილი სახელმწიფოს რაიმე ატრიბუტი? აგვისტოს ომმა ხომ დაგვანახა, რომ სახელმწიფოც არ გვქონია.

პრეზიდენტი -  სოროში, გუბერნატორები - რუსი პოლკოვნიკების მძღოლებად, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი თავის ადგილზე არ იყო და მასობრივი გახიზვნა დაიწყო ქვეყნიდან. ესენი მართლაც ტელეპატრიოტები არიან. ტელევიზორში არიან ისეთი ლომები, რომლებთანაც დავით აღმაშენებელიც კი დაირცხვენდა.

როდესაც ქართველები ხსნას გარეთ ეძებდნენ, სულ კისერს იტეხდნენ. სულ იმ ჭკუაზეა რუსეთი, ქართულ ოპოზიციას რამე ჰკითხოს და მათი წინადადებები გაითვალისწინოს. ვაი, თქვენს პატრონს, ვისაც ამის გჯერათ!

- თქვენ დიდი პრობლემები წამოჭერით. არადა, ქართულ პოლიტიკურ სპექტრში დღეს მხოლოდ კარს მომდგარ არჩევნებზეა ლაპარაკი.

- ტყუილების კორიანტელია. ერთი პარტია ამბობს, ესა და ეს უფასო მექნებაო, გამოხტება მეორე და აცხადებს, ხალხო, გატყუებენ,  მაგაზე უფრო უფასო მე მექნებაო! დაბნეული ხალხი დადის და ჩივის, არ ვიცი, ვის მივცე ხმაო. რატომ არ იცი? ნოღაიდელი რომ გპირდება, ანაბრებს დაგიბრუნებო, ამომრჩეველო, ამის გაგონებაზე რომ ნერწყვი მოგდის, რატომ არ გიჩნდება კითხვა, ხელისუფლებაში ხომ იყო ეს კაცი, მაშინ თუ არ გამისტუმრა ანაბრები, ახლა რატომ გამისტუმრებსო? თუ სავლე პავლედ იქცა, მაშინ მითხრას ნოღაიდელმა, როდის  გაიღვიძა მასში დიდმა მამულიშვილმა და ილიას მიმდევარმა? კაცმა, რომელმაც 2007 წლის 8 ნოემბერს საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, დღეს "ეროვნული საბჭო" დაირქვა.

- ოპოზიციის ნაწილი ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიდის არჩევნებზე.

- წავიდნენ, ოღონდ 31 მაისს ნუღარ იწუწუნებენ.

- რაკი არჩევნებზე არ მიდიხართ, თქვენი მომხრეები ვის დაუჭერენ მხარს?

- პარტიის წევრები არჩევნებზე არ მიდიან, მომხრეებმა თავად გადაწყვიტონ, წავლენ თუ არა. მადლობა გვითხრას ოპოზიციამ, რომ აქტიურ ბოიკოტზე არ გადავედით.

მე ვამბობ, რომ ამ არჩევნებს აზრი არა აქვს. ვანო მერაბიშვილმა უკვე დაწერა რუსულ პრესაში, რაც მინდა, იმას გიზამთ არჩევნებზე, მინდა, ავწევ პროცენტს, მინდა, დავწევ, მაპატიეთ და, როგორც მინდა, ისეთ პოზაში გამყოფებთო.

გითხრათ სიმართლე? უმეტესობა არჩევნებზე იმიტომ მიდის, ბარიერს რომ გადალახავს, სახელმწიფო დაფინანსებას ელოდება. არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ აი, ეს არის სიმართლე, ჩემო მკითხველო. "ეროვნული ფორუმი" ვერ გადალახავდა ბარიერს ან გვაწყენდა ის 100-100 ათასი, ოპოზიციურმა პარტიებმა რომ დაირიგეს? რატომ არ ვშვრებით ამას? ისინი არიან ჭკვიანები და ჩვენ - სულელები? ღირსების გრძნობა გვაქვს და იმიტომ. მაპატიეთ და, "ფორუმს" გადაკუზულ მდგომარეობაში ვერავინ ნახავს. მას ან ფეხზე მდგარს ნახავთ, ან დაცემულს, მკვდარს. იცით, რას წუწუნებენ? დაფინანსება რომ არ მივიღოთ, პარტიები დაგვეშლებაო. "ფორუმში" კი ხელფასი მხოლოდ  ჩვენს დამლაგებელს, ლელას აქვს.

- "ფორუმი" არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, "უცნობმა" კი (რომელიც მერობის კანდიდატად აღარ იყრის კენჭს) ამ არჩევნების გაშარჟება გადაწყვიტა...

- "უცნობი" ამით კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ძალიან ნიჭიერი კაცია. სინამდვილეში ეს გაშარჟება კი არა, ამ არჩევნებისათვის სახელის დარქმევა იქნება. აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო ლევან გაჩეჩილაძემაც. ეს მისთვისაც კარგია პიროვნულადაც და საერთო საქმისთვისაც.