"მე მინდა ამ ხიდმა ყველა ერთმანეთთან დაგვაკავშიროს" - კვირის პალიტრა

"მე მინდა ამ ხიდმა ყველა ერთმანეთთან დაგვაკავშიროს"

"რუსეთში მოსიარულე ქართველი ოპოზიციონერების საქციელს ისტორია შეაფასებს"

კულუარებში ამბობენ, როდესაც პარლამენტში ინტერფრაქციული ჯგუფი შეიქმნა, პარლამენტის თავმჯდომარემ ოპოზიციის წინაშე ვალდებულება აიღო, რომ  არჩევნების თანასწორ პირობებში ჩატარების გარანტი იქნებოდა. თუმც მას შემდეგ, რაც დავით ბაქრაძემ   სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველი კანდიდატები წარადგინა, ოპოზიციას იმედი გაუცრუვდა, პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვა გატეხაო. ოპოზიციის სკეპტიციზმის მიუხედავად, სახელისუფლებო გუნდი კვლავ გვარწმუნებს, რომ 30 მაისს საქართველოში სამაგალითო არჩევნები ჩატარდება.

მიხეილ მაჭავარიანმაც "კვირის პალიტრასთან" სწორედ ეს პირობა დადო. პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ჩვენთან საუბარი მოლოცვით დაიწყო:

- სულითა და გულით გილოცავთ თქვენი გაზეთის მე-15 წლისთავს. "კვირის პალიტრა" მართლაც კარგი გაზეთია. ვაღიარებ, რომ ამ ხნის განმავლობაში ლიდერობა შეინარჩუნეთ და მყარად დაიმკვიდრეთ ღირსეული ადგილი. ყველას გილოცავთ, ვინც დღე და ღამეს ასწორებთ მკითხველისთვის.

- ოპოზიცია ძალიან განაწყენდა, დავით ბაქრაძემ დეპუტატები წარადგინა სამეგრელოში, პირობა დაარღვიაო.

- არა მგონია, დათოს რაიმე პირობა მიეცა ოპოზიციისთვის. რამდენიმე საათის წინ მეც წარვადგინე გურიაში მაჟორიტარი კანდიდატები. კანონი არ მიკრძალავს ამის გაკეთებას. ნეიტრალური ვერ ვიქნები, რადგან პარლამენტში უმრავლესობიდან ვარ შესული.

- ბატონო მიხეილ, ოპოზიცია ისევ ჩადის რუსეთში. ბურჯანაძისა და ნოღაიდელის ნაბიჯი ამჯერად კახა კუკავამ და კობა დავითაშვილმა გაიმეორეს.

- ჩვენ განსაზღვრული გვაქვს რუსეთთან დიალოგის წინა პირობა, - მედვედევი-სარკოზის შეთანხმების შესრულება, ჯარების გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, დევნილების დაბრუნება და აღიარების გაუქმება. ეს წინა პირობები საერთაშორისო საზოგადოებრიობამ, ევროსაბჭომ დაუწესა რუსეთს.  რუსეთთან დიალოგისას როგორ შეიძლება ეს არ იყოს მთავარი საკითხი?

რუსეთი ცდილობს მსოფლიოს დაანახვოს,  თითქოს საქართველოსთან დიალოგი უნდა, მაგრამ არა ამ ხელისუფლებასთან. ის ქართველი პოლიტიკოსები, რომლებიც რუსეთში ჩადიან, რუსულ საქმეს აკეთებენ. მოსკოვში ჩასვლით რუსეთს საკმაოდ რთულ მდგომარეობას "უთეთრებენ". იმის გამო, რაც 2008 წლის აგვისტოს ჩაიდინა, რუსეთს კომპლექსი აქვს. ერთმა რუსმა ჟურნალისტმა მითხრა, საფრანგეთისაგან "მისტრალის" ყიდვა, ტოლიატის (ანუ "ჟიგულის") ქარხნების  "რენოსთვის" გადაცემა არის ხარკი, რომელსაც რუსეთი იხდისო. რუსეთში მოსიარულე ქართველი ოპოზიციონერების საქციელს ისტორია შეაფასებს.

შესაძლოა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას ერთმანეთი არ მოსწონდეთ, ბევრსაც კამათობდნენ, მაგრამ საქართველო ხომ ჩვენი სამშობლოა? ნუთუ ოპოზიცია ხელისუფლებაში მოსვლას იმით აპირებს, რომ რუსეთს დაუთმოს ყველაფერი? ასე ხელისუფლებაში ვერავინ მოვა. დღევანდელ ხელისუფლებასაც შეეძლო დაეთმო ყველაფერი რუსეთისთვის და არ ექნებოდა დაძაბული ურთიერთობა მასთან. რუსეთს საქართველოს დასჯის გეგმა აქვს და ამას ნაბიჯ-ნაბიჯ აკეთებს.

- შეიძლება სხვა ოპოზიციონერებიც ჩავიდნენ რუსეთში და მთელ ოპოზიციას ხომ არ გამოაცხადებთ საქართველოს მტრად?

- ოპოზიციაში არიან ძალები, რომლებიც საღად უყურებენ რუსეთთან ურთიერთობას. ფორმულა, "ყველა მინუს ნოღაიდელი" - იმიტომ არ წამოუყენებიათ, რომ ის ყოფილი პრემიერ-მინისტრია. ეს დამოკიდებულება პუტინთან შეხვედრის შემდეგ გაჩნდა. საპარლამენტო ოპოზიცია მკაფიოდ დგას სახელმწიფოებრივ პოზიციაზე. არასაპარლამენტო ოპოზიციაშიც არიან ძალები, რომლებიც სახელმწიფოებრივ პოზიციას გამოხატავენ. სწორედ ამიტომ ჩაიშალა ლევან გაჩეჩილაძის მცდელობა ალასანიასა და ნოღაიდელის გასაერთიანებლად. ასე რომ, მე სკეპტიკურად არა ვარ განწყობილი ოპოზიციისადმი.

- "უცნობმა" განაცხადა, რომ "გიორგი შულავერის" სახელით აპირებდა არჩევნებში მონაწილეობას. მართალია განზრახვაზე ხელი აიღო, მაგრამ საზოგადოებას დაჰპირდა, რომ არჩევნების გაშარჟებას სხვა ხერხით შეეცდება.

- "შულავერის კომიტეტი" რასაც ნიშნავდა საქართველოში, კარგად იცით. ეს არ არის ხელის წამოსაკრავი რამ. მას უკავშირდება ასობით ქართველის სისხლი და რატომ ხუმრობს ზოგიერთი ამაზე? ერთს ვიტყვი, ხელისუფლებისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, არჩევნები სამაგალითოდ, გამჭვირვალედ,  დემოკრატიულად ჩატარდეს და არავის მისცეს საფუძველი სალაპარაკოდ. ჩვენს ოპონენტებს ისღა დარჩათ, თუ დამარცხდებიან, ეს საარჩევნო გარემოს დააბრალონ.

- კი ამბობთ, არჩევნები სამართლიანი იქნებაო, მაგრამ ოპოზიცია რუსული პრესისთვის მიცემული ვანო მერაბიშვილის ინტერვიუთი აპელირებს, შს მინისტრს თავისი შეხედულებისამებრ შეუძლია საარჩევნო ხმებით მანიპულირებაო.

- მხოლოდ ის ვიცი, რომ ის პროცენტი, რაც ინტერვიუში დასახელდა, ნამდვილად ჰქონდა იმ დროს გიგი უგულავას.

- გასულ კვირას გამოქვეყნდა ვანო მერაბიშვილისა და გივი თარგამაძის საუბრები, სადაც ლაპარაკია ჩეჩნების გენოციდის აღიარებაზე...

- იმას, ვინც ამ ჩანაწერებს ავრცელებს, ეტყობა, ძალიან უნდა ამ თემაზე განუწყვეტლივ ლაპარაკი. ჩემი აზრით, ეს ის ხალხია, ვისაც საქართველოში ვითარების დაძაბვა უნდა. ჩემი ვარაუდით, მტრულად განწყობილი ქვეყნის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები უნდა იყვნენ.

ჩვენი ამოცანაა, ქვეყანა განვითარდეს და წინ წავიდეს. გვინდა ამ ქვეყნისთვის სიკეთე ყველასთან ერთად გავაკეთოთ, არ იყოს გაყოფილი ჩვენი და სხვისი გასაკეთებელი. როდესაც გმირთა მოედანზე შემოსავლელი გზა გაკეთდება, ის მარტო უგულავასა და "ნაციონალური მოძრაობის" კი არა, ყველა თბილისელის იქნება. როდესაც მტკვარზე ხიდი გაკეთდება, მინდა ის იყოს ხიდი, რომელიც ყველას ერთმანეთთან დაგვაკავშირებს.