"თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ გვაჭამა სირცხვილი"
30-01-2017
"თეა წულუკიანმა კიდევ ერთხელ გვაჭამა სირცხვილი"
"ფაქტია, წულუკიანმა კანდიდატების დასაცავად მყარი არგუმენტების წარდგენა ვერ მოახერხა, ან როგორ შეძლებდა ამას, როცა იცოდა, რომ სამივე არაკვალიფიციური და სამარცხვინო იყო"

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ საქართველოს ხელისუფლებას წარდგენილ მოსამართლეთა სამკაციანი სია უკან დაუბრუნა, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალი კანდიდატურების შერჩევის, წარდგენისა და დამტკიცების პროცედურების ამოწურვამდე, რასაც არც ისე მცირე დრო სჭირდება, სტრასბურგის სასამართლოში ქართულ მხარეს მოსამართლე არ ეყოლება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, ადამიანის
უფლებათა ევროპული სასამართლოს იურისტი გიორგი ბადაშვილი - სწორედ ეს კანდიდატები ჩათვალა სტრასბურგის სასამართლომ შეუფერებლად. იუსტიციის მინისტრმა კანდიდატურების ჩავარდნა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და პოლიტიკურ ძალებს დაუკავშირა. მისი აზრით, სიის საწინააღმდეგოდ იმუშავა საქართველოს ომბუდსმენმაც, რომელიც ცოტა ხნის წინ სტრასბურგში იმყოფებოდა და სხვა ქვეყნებს მოუწოდებდა, კანდიდატურებისთვის მხარი არ დაეჭირათ,
თუმცა თუ ეს მართლაც ასე მოხდა, სად იყო იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი მყარი არგუმენტებით? - ამ შეკითხვაზე თეა წულუკიანის პასუხი უცნობია. არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის იმიჯის შელახვისთვის იუსტიციის მინისტრის თანამდებობრივ პასუხისმგებლობას ითხოვენ."

ეკა გიგაური, "საერთაშორისო გამჭვ­ირვალობა-საქართველოს" ხელმძღვანელი:­

- იუსტიციის მინისტრი ცდილობს,­ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება და ეს საერთაშორისო მარცხი არასამთავრობო სექტორს გადააბრალოს. არადა, უწყებამ კანდიდატურების შერჩევის პროცესი თავიდანვე დარღვევით დაიწყო. წინა ხელისუფლების დროს კანდიდატთა სია ისე იგზავნებოდა, რომ სამოქალაქო სექტორი პროცესში ჩართული არ იყო. თეა წულუკიანმა შერჩევას, ერთი შეხედვით, ჩართულობის სახე კი მისცა, მაგრამ რეალურად, ჯგუფში მმართველი გუნდის წარმომადგენლები ჭარბობდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციას კი მხოლოდ საია წარმოადგენდა, რომელსაც კენჭისყრაზე მხოლოდ ერთი ხმის უფლება მიანიჭეს. ეს ნიშნავს, რომ სიის დაკომპლექტებაში სხვე­ბის მონაწილეობა ფორმალური გახდა, რადგან ჩვენი არც ერთი შენიშვნა იუსტიციის სამინისტრომ არ გაითვალისწინა.

ჩვენი პოზიცია, რომ პროცესი თავიდანვე პოლიტიზებულად წარიმართა, ევროპელმა პარტნიორებმა გაითვალისწინეს, თუმცა ასეთი ორგანო ერთი ორგანიზაციის ინფორმაციაზე დაყრდნობით გადაწყვეტილებას არასოდეს იღებს, როგორც ეს იუსტიციის მინისტრს ჰგონია. სტრასბურგის სასამართლომ თვითონ მოიპოვა ინფორმაცია კანდიდატურების საქმიანობისა და შეხედულებების შესახებ და მიუღებლად მიიჩნია ევროპის სასამართლოს მოსამართლეებად მათი დამტკიცება.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძის წარდგენა გახლდათ გზავნილი, რომ ის სტრასბურგში პოლიტიკური ფიგურა იქნებოდა, ევა გოცირიძემ და გიორგი ბადაშვილმა კი კვალიფიკაციის დონე ვერ დააკმაყოფილეს. ევა გოცირიძეს იუსტიციის საბჭოს წევრობისას არასწორი, ევროპული სასამართლოს პრაქტიკისთვის მიუღებელი პოზიციები გააჩნდა ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებითაც კი. საეჭვო გახდა მისი პროფესიონალიზმიც, რაც სიის დაკომპლექტებამდე იუსტიციის სამინისტროს უნდა გაეთვალისწინებინა.

იუსტიციის სამინისტრომ დაუშვა­ შეცდომა, რომელზე პასუხისმგებლობაც მინისტრმა უნდა იკისროს. იმედი მაქვს, მომავალში ამ შეცდომას გაითვალისწინებს და სტრასბურგის სასამართლოში პოლიტიკურად ნეიტრალური და კვალიფიციური კანდიდატების სიას წარადგენს.

ზაზა ხატიაშვილი, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: -
ჯერ კიდევ შარშან ოქტომბერში ვაცხადებდი, რომ სტრასბურგში წარდგენილი კანდიდატურები ჩავარდა, თუმცა მაშინ თეა წულუკიანმა ეს ინფორმაცია უარყო. ევროპის სასამართლოსთან აქციები გავმართე, ფოტოებით ხელშიც ვიჯექი ევროსაბჭოს მისაღებში, თუმცა, ფაქტია, რომ კანდიდატების დასაცავად მყარი არგუმენტების წარდგენა თეა წულუკიანმა ვერ მოახერხა, ან როგორ შეძლებდა ამას, როცა იცოდა, რომ სამივე არაკვალიფიციური და სამარცხვინო იყო. საქართველომ, თეა წულუკიანის დამსახურებით, კიდევ ერთხელ სირცხვილი ჭამა. ასეთი რამ არც ერთ ევროპულ სახელმწიფოს არ დამართია და იმედი მაქვს, პრემიერი ამ სირცხვილზე სათანადო რეაგირებას მოახდენს.
დაუშვებელია, საერთაშორისო ასპარეზზე თავისმომჭრელი­ მინისტრი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის ხელმძღვანელად დარჩეს. კიდევ რა ზიანი უნდა მოგვაყენოს ამ ქალმა?!

სასამართლო რეფორმა ჩავარდა, იუსტიციის საბჭოში ლევან მურუსიძე დაგვიტოვა, სტრასბურგის სასამართლოში არასერიოზული სახელმწიფოს იმიჯი დაგვიმკვიდრა...

ლია მუხაშავრია, უფლებადამცველი:
- იუსტიციის მინისტრმა ქვეყნის იმიჯი შელახა. პრემიერი იმაზეც უნდა დაფიქრდეს, რატომ ლობირებდა წულუკიანი კანდიდატების შერჩევისას აშკარა ინტერესთა კონფლიქტის მქონე კანდიდატებს!
რატომ ჩათვალა წულუკიანმა, რომ რასაც თვითონ საქართველოში აკეთ­ებს - მოსამართლეთა შერჩევა-დან­იშვნის პროცესს ყურადღებას არ აქცევს - ევროსაბჭოშიც ასე მოიქცეოდნენ. ალექსანდრე ბარამიძე წულუკიანის მოადგილეა, გიორგი ბადაშვილი იუსტიციის მინისტრთან ერთად წლების განმავლობაში სტრასბურგში მუშაობდა, ევა გოცირიძე მინდია უგრეხელიძესთან დაახლოებული პირია, რომელიც წულუკიანის ახლობელია. ასეთი კავშირები ევროპულ სასამართლოში არასასურველ ფაქტად აღიქმება.

კარგი იქნება, თუ ამ სტანდარტებს საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტიც გაითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, ევროპის სასამართლო ყურადღებით დააკვირდება კანდიდატთა ახალ სიასაც და თუ კანდიდატები ვერც ამჯერად დააკმაყოფილებენ სტანდარტებს, სტრასბურგი უარის თქმას არ მოერიდება. ასეთ შემთხვევაში თეა წულუკიანის მინისტრობას საზოგადოება აღარ უნდა შეეგუოს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები