"ვანო იხვეწება, ოღონდ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო"
30-01-2017
"ვანო იხვეწება, ოღონდ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო"
გიგი უგულავასა და ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი დაკავებულის გათავისუფლების შემდეგ, მთავარ კითხვად რჩება, დატოვებენ თუ არა საპატიმროს სხვა ყოფილი მაღალჩინოსნები - ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია. "ევროპული საქართველოს" წევრები პირად საუბრებში არც მალავენ, რომ მერაბიშვილის გათავისუფლებას აპრილში ან მაქსიმუმ მაისში ელოდებიან. თანაც 8 მარტს, სტრასბურგში მერაბიშვილის საქმის განხილვაა ჩანიშნული და როგორც უგულავას შემთხვევაში მოვისმინეთ, არ არის გამორიცხული, მერაბიშვილიც საერთაშორისო ზეწოლის შედეგად გათავისუფლებულ პოლიტპატიმრად მოინათლოს. აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოლოდინი თანაგუნ­დე­ლებს თუ
ყოფილ თანაპარტიელებს თავდაცვის ყოფილ მინისტრ ბაჩო ახალაიას მისამართით არ აქვთ. პირიქით, მისი ვადამდე გათავისუფლების შესაძლებლობაზე კულუარებშიც კი გაურბიან საუბარს...

მერაბიშვილის ციხიდან შესაძლო გამოსვლის გააქტიურების პარალელურად, ლოგიკურად ჩნდება კითხვაც - რომელ პარტიაში ფიქრობს ის კარიერის გაგრძელებას ან, საერთოდ, აქვს თუ არა რომელიმე ფლანგთან მიკედლების სურვილი. როგორც
ინფორმირებული წყარო გვიყვება, "ნაცმოძრაობის" პოლიტსაბჭოს ახლად არჩეულ თავმჯდომარესთან, ნიკა მელიასთან შეხვედრისას მერაბიშვილმა სააკაშვილთან, ან ბოკერია-უგულავასთან თანამშრომლობის ყოველგვარი სურვილი გამორიცხა:

"ვანოს არც ერთ ფლანგთან ბრძოლაში ჩართვა არ სურს, მეტიც, დიდი ხანია საბრძოლო განწყობაზე აღარ არის. პირიქით, ყველა შეხვედრაზე იხვეწება, ოღონდ ციხიდან რაც შეიძლება სწრაფად გამიშვით და საქართველოდან იმავე დღეს წავალო. მის პოლიტიკაში ჩართვაზე ზედმეტია საუბარი. რაც შეეხება მერაბიშვილის მდგომარეობას ციხეში, ყველა პირობა აქვს შექმნილი (ისევე როგორც გიგი უგულავას ჰქონდა), რაც საპატიმროში კანონმდებლობით არის ნებადართული. ბაჩო ახალაიაზე ამას ნამდვილად ვერ ვიტყვით - ბევრად პატარა კამერაშია და გარკვეული შეზღუდვებიც აქვს. ერთხელ ახალაიამ ერთ-ერთი არხის ჩართვა მოითხოვა, თუმცა მერაბიშვილსა და უგულავას შეუთვლიათ, ციხის ადმინისტრაციისგან­ ნურაფერს ითხოვ, შენი მოთხოვნების გამო ჩვენც ყველაფერს გვართმევენო. რაც შეეხება ჯანმრთელობას, ვანოს მდგომარეობა ნორმალურია და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ბაჩო ახალაია კი ზოგჯერ ნერვული აშლილობის ზღვარზეა და ექიმები წამლებს აწვდიან" - გვიყვება წყარო.

მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოდან წასვლაზე ინფორმაცია საჯაროდ "ნაცმოძრაობის" წევრმა ლევან ბეჟაშვილმაც არ გამორიცხა: "არსებობს ორი ვარიანტი, რის გამოც მერაბიშვილმა პარტიის გენერალურ მდივნობაზე უარი თქვა: ორივე ფლანგში მეგობრები ჰყავს, ან პოლიტიკური საქმიანობის გაგრძელება აღარ სურს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით