"საქართველო ოფიციალურ შეხვედრებზე "ჩანგალზე" არ უნდა დადიოდეს"
30-01-2017
"საქართველო ოფიციალურ შეხვედრებზე "ჩანგალზე" არ უნდა დადიოდეს"
"დღეს თავად ნატოს სჭირდება გარკვევა, რას გეგმავს ტრამპთან"

ტრამპი დაუფარავად აცხადებს, რომ ნატო არაეფექტიან, სუსტ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომელშიც ფინანსურ თუ სხვა ვალდებულებებს მხოლოდ ხუთი ქვეყანა ასრულებს. თუ ტრამპსა და ნატოს შორის მსგავს დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა გამწვავდება. მით უმეტეს, რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრაზე ტრამპმა რამდენჯერმე­ გაიმეორა, რომ "ბრექსიტი" ბრიტანელების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა კი ევროკავშირის
დაშლა წელიწად-ნახევარში დააანონსა


რატომ არ გაემგზავრება ქართული დელეგაცია წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრაზე და რა ბერკეტების გამოყენების შესაძლებლობა ჰქონდა მმართველ ძალას, რომ ნატოს სამიტზე მოსაწვევი მიეღო,­ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტი ვალერიან­ გორგილაძე საუბრობს:

- მსოფლიოში ყველა მიმართულებით ერთგვარი გადატვირთვის პოლიტიკა დაიწყო­ - უკვე გამოიკვეთა, რომ ტრამპი წინასაარჩევნოდ
გაცემული რადიკალური დაპირებების შესრულებას უკვე თანამიმდევრულად იწყებს. ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მიგრაციის პრობლემის მოსაგვარებლად დევნილებს სტატუსს რელიგიური ნიშნით - ქრისტიანებს მიანიჭებს.­ ინაუგურაციის შემდეგ კიდევ ერთხელ გაიჟღერა მექსიკის საზღვრებზე კედლის აშენების შესახებ, რის გამოც ოფიციალური ბერლინი ტრამპს მწვავედ აკრიტიკებს. მისი პირველი ნაბიჯი მიანიშნებს, რომ აშშ იზოლაციისკენ მიდის. რაც შეეხება კონკრეტულად ნატოს საკითხს - ტრამპის პოზიცია ამ მიმართულებითაც მკვეთრი და ნეგატიურია - დაუფარავად აცხადებს, რომ ნატო არაეფექტიან, სუსტ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა, რომელშიც ფინანსურ თუ სხვა ვალდებულებებს მხოლოდ ხუთი ქვეყანა ასრულებს. თუ ტრამპსა და ნატოს შორის მსგავს დამოკიდებულებას გავითვალისწინებთ, დიდი ალბათობით, ევროპის პოლიტიკურ ელიტასა და აშშ-ის ახალ ადმინისტრაციას შორის ურთიერთობა გამწვავდება. მით უმეტეს, სულ რამდენიმე დღის წინ დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ დელეგაციასთან შეხვედრაზე ტრამპმა რამდენჯერმე­ გაიმეორა, რომ "ბრექსიტი" ბრიტანელების ყველაზე სწორი გადაწყვეტილება გახლდათ, ადმინისტრაციის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა კი ევროკავშირის დაშლა წელიწად-ნახევარში დააანონსა. ნატოს სამიტზე ჩვენი დელეგაციის გამგზავრების საკითხსაც კომპლექსურად სწორედ არსებული რეალობის გათვალისწინებით უნდა შევხედოთ - დღეს თავად ნატოს სჭირდება გარკვევა, რას გეგმავს ტრამპთან და ურთიერთობის გამწვავების შემთხვევაში, რა ბერკეტები აქვს მასთან გასამკლავებლად. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში სამხედრო მოქმედებებს არ ვგულისხმობ.

- ოპოზიცია აპელირებს, რომ ამ გაურკ­ვევლობაში ჩვენს ხელისუფლებას მეტი აქტ­ი­ურობა მართებს საგარეო ფრონტზე - თავდაცვის­ ყოფილი მინისტრების განცხადებით, სწორედ არაოფიციალურ შეხვედრებზე ხდება ქვეყნის როლის წამოწევა და მნიშვნელოვანი შეთანხმებების კულუარებში გადაწყვეტა.

- იმ ფონზე, როდესაც მთელი მსოფ­ლიო ტრამპისა და პუტინის საუბარსა და მათ შორის გავლენების გადანაწილების დაანონსებას ელოდება, საქართველო ოფიციალურ შეხვედრებზე "ჩანგალზე" ნამდვილად არ უნდა დადიოდეს, მით უმეტეს, ვიქტორ დოლიძის განცხადებამდე ჯერ აპატურაიმ, მანამდე სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ სამიტზე არაწევრი ქვეყნები არ არიან მიწვეული. ასეთ ვითარებაში ქართულ დელეგაციას სხვა არაფერი რჩება გარდა იმისა, რომ დახურული სამიტის შედეგებს დაელოდოს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი

- აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის განცხადებით, მსოფლიო საფრთხედ რუსეთი კი არა, ისლამური ფუნდამენტალიზმი იქცა და პრეზიდენტის მთავარ მიზანს მისი განეიტრალება წარმოადგენს. შესაბამისად, ლოგიკურად მეჩვენება, რომ არც საქართველო, არც უკრაინა და არც სხვა არაწევრი ქვეყნები ნატოს სამიტზე მონაწილეობას არ მიიღებენ.

ოპოზიცია კი იმისთვისაა, რომ ხელისუფლება გააკრიტიკოს და მონიტორინგიც განახორციელოს, თუმცა არც რეალობისგან მოწყვეტა შეიძლება. საქართველომ უნდა განაგრძოს აქტიური განვითარება, თავად შექმნას პოლიტიკა როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ, დანარჩენს კი დიდ მოთამაშეებს შორის შეთანხმება გამოაჩენს.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები