"თბილისის განვითარების ფონდი" კორუფციის ჭაობია" - კვირის პალიტრა

"თბილისის განვითარების ფონდი" კორუფციის ჭაობია"

ისევე როგორც უგულავას მერობისას, შენობების ფასადზე ამჯერადაც თაბაშირ-მუყაო გამოიყენეს, ქუჩის საზეიმოდ გახსნიდან ერთ კვირაში კი ქვაფენილი აყარეს ‒ სადრენაჟო სისტემები არასწორად იყო გაკეთებული

დავით ნარმანიას განცხადებით, საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალექსანდრე ელისაშვილსა და ფრაქცია "რესპუბლიკელებს" "თბილისის განვითარების ფონდის" მიერ კარგი საქმეების კეთება არ სიამოვნებთ. ასე გამოეხმაურა თბილისის მერი ფრაქცია "რესპუბლიკელებისა" და ელისაშვილის მოთხოვნას "თბილისის განვითარების ფონდის" გაუქმების შესახებ.

"ფონდმა ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ წყვეტენ, თბილისის რომელი ნაწილი უნდა გარემონტდეს. სამი წლის მანძილზე განზრახული აქვთ 281 მლნ ლარის სამუშაოების შესრულება, მაგრამ არ ჩანს, როგორ აპირებენ ამ თანხების მოზიდვას. გაუგებარია ფონდის საკადრო პოლიტიკა. 58 საშტატო ერთეულში არ არიან კულტურათმცოდნეები, არქიტექტორები, რესტავრატორები. ამიტომაც ვაცხადებთ, რომ ეს ფონდი გაუქმდეს და მისი უფლებამოსილებები გადაეცეს კეთილმოწყობის სამსახურს, ან ფონდმა გამართოს საკადრო პოლიტიკა და კონცენტრირდეს თბილისის ისტორიულ ნაწილზე", - განაცხადა "რესპუბლიკელმა" ხათუნა სამნიძემ. ელისაშვილმა კი ფონდს საბიუჯეტო ხორცმეტი უწოდა.

ალექსანდრე ელისაშვილი: - ფონდის საქმიანობის მიზნებში წერია, რომ ძველი თბილისის რეაბილიტაციაზე მუშაობენ, არადა, ლისის ტბის გარშემო ბილიკი დააგეს, მიხეილ მესხის სტადიონის რეაბილიტაცია ჩაატარეს. ორივე კარგი საქმეა, მაგრამ ლისის ტბა თიბისი ბანკის საკუთრებაა და ბეტონის საფარს მერია რატომ უნდა აგებდეს? კერძო ბიზნესის საკეთებელი საბიუჯეტო სახსრებით რატომ კეთდება? ფონდში ერთადერთი არქიტექტორია, არ ჰყავთ არქიტექტორ-რესტავრატორი და ხელოვნებათმცოდნე. ისტორიულ-კულტურული ძეგლების პროექტირების, რეაბილიტაციისა და ხარისხის კონტროლის სამსახურებს 90-იან წლებში გურჯაანის გამგებლის ყოფილი მოადგილე, "ვუ-ლე-ვუს" შესყიდვების ყოფილი მენეჯერი, შპს "წევას" მენეჯერის მოადგილე და ასეთი გაუგებარი კვალიფიკაციის ხალხი ხელმძღვანელობს, რადგან მათ არჩევნებზე "ქართული ოცნების" დროშის ტარი ეჭირათ.

ფონდის უკვე მეშვიდე ხელმძღვანელს დავუპირისპირდი. ეს ორგანიზაცია არის კორუფციის ჭაობი და ამიტომაც ფონდის ხელმძღვანელებიდან ზოგი დღემდე ძებნილია, ზოგიერთი კი დაკავებული იყო.

პირველად ერქვა "ძველი თბილისის რეაბილიტაციისა და განვითარების ფონდი". სახელწოდებაშიც კი დაზუსტებული მიზანი ჩანდა. ის შეიქმნა ედინბურგის ე.წ. მბრუნავი ფონდის მიხედვით. ედინბურგში ისტორიული უბნების ნგრევის პრობლემა იდგა და რადგან ქალაქის ბიუჯეტი მათ მოვლას ვერ გასწვდებოდა, შექმნეს ე.წ. მბრუნავი ფონდი - ქალაქის ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა უბნების ნაწილის გასაკეთებლად, რეაბილიტირებულ ნაწილში დაიტოვეს ფართობები, რომელთა გაქირავებიდან შემოსული ფული დაატრიალეს შემდეგი ნაწილის გასაკეთებლად. ასე გრძელდებოდა 20 წელი და იდეალური შედეგი მიიღეს. ამ ტიპის საქმიანობის შესანიშნავი ნიმუშებია ერეკლეს, შარდენის და ბამბის რიგის ქუჩები, რაც თავდაპირველად გაკეთდა. მალევე ეს ფონდი გადაიქცა კორუფციის ჭაობად, აქედან ფინანსდებოდა გუდაურის, სიღნაღის, ბათუმის რეაბილიტაცია. სახელიც შეუცვალეს - "თბილისის განვითარების ფონდი".

50 მლნ ლარი სწორედ ფონდის ანგარიშიდან მოიპარეს უგულავამ და ავალიანმა.

- ფონდი აპირებს ახალი ტურისტული მარშრუტის მოწყობას და მის მიმდებარედ ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციას.

- თბილისის ისტორიული ნაწილი სასწრაფოდ ითხოვს განვითარების გრძელვადიან გეგმას, რომლის მიხედვით დადგინდება, რომელი ნაწილის რეაბილიტაცია უფრო საშურია. ფონდში კი უცბად გადაწყვიტეს, რომ ფიროსმანის ქუჩიდან ორბელიანის მოედნამდე უნდა დაიწყონ რეაბილიტაცია. კვლევა ჩავატარეთ, რომელიც 200.000 ლარი დაჯდა. იქ წერია ამის აუცილებლობა, მაგრამ არ წერია, რომ მაინცდამაინც ეს მონაკვეთია სასწრაფოდ გასაკეთებელი. სამი წლის მანძილზე 281 მლნ ლარის დახარჯვას აპირებენ, თუმცა არაფერია ნათქვამი, როგორ მოიზიდავენ ამ თანხებს. აქედან 30 მლნ უკვე დახარჯეს, ცენტრალურმა ბიუჯეტმა გადმოურიცხა, რითაც აღმაშენებლის გამზირის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაცია ჩაატარეს.

ფონდს აღმაშენებლის გამზირზე თავის განმგებლობაში აქვს დატოვებული ფართობები, საიდანაც მილიონ-ნახევარი ლარი შედის ყოველწლიურად. ასევე, თბილისის ბიუჯეტიდან ეძლევა 20-30 მლნ ლარი. უნდა გადამოწმდეს, აღმაშენებლის გამზირიდან რეალურად რა თანხები შესდით.

- აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის შედეგებზე გაქვთ კითხვები?

- დიახ. ისევე როგორც უგულავას მერობისას, შენობების ფასადზე ამჯერადაც რატომ გამოიყენეს თაბაშირ-მუყაო, ქუჩის საზეიმოდ გახსნიდან ერთ კვირაში კი ქვაფენილი აყარეს და თავიდან დააგეს - სადრენაჟო სისტემები არასწორად იყო გაკეთებული. ფონდის გუნდს თუ გართობა სურს, გაერთონ, ოღონდ ნარმანიას ან საკუთარი ფულით, და არა საბიუჯეტო სახსრებით... დონორებთან მუშაობის განყოფილებას დღემდე ერთი ლარიც კი არ შემოუტანია, ხელფასს კი (ფონდის სხვადასხვა განყოფილებაში დასაქმებულებს 2.000 ლარზე ნაკლები ხელფასი არა აქვთ), თბილისის ან ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმორიცხვების საფუძველზე იღებს. ამას კი არ გმობს ნარმანია, მე მწამებს ცილს, კარგი საქმეები რომ კეთდება, არ უხარიაო.

ეკა ლომიძე