"ნუ მოგვისპობთ გადარჩენის გზებს..." - კვირის პალიტრა

"ნუ მოგვისპობთ გადარჩენის გზებს..."

"რუსი სამხედროები პირდაპირ გვეუბნებიან, ცოტაც და, იძულებული გახდებით, აქედან წახვიდეთო..."

აფხაზეთის მოსახლეობა ქართულ-აფხაზური საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას აპროტესტებს

გალის რაიონის 200-მდე მცხოვრები ქართულ-აფხაზური საკონტროლო-გამშვები პუნქტების დახურვას აპროტესტებს. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, ქართულ მხარეს დარჩენილი ოთხი გამშვები პუნქტიდან ჯერჯერობით ორი დარჩება, მალე კი - მხოლოდ ერთი ("ენგური"). გალელების თქმით, რამდენიმე სოფლის მცხოვრებთ ამ პუნქტამდე მისასვლელად 15-30 კმ-ის გავლა დასჭირდებათ, არადა, სოფელ ნაბაკევიდან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახვედრად, სულ რაღაც, 100 მეტრის გავლა უწევდათ.

გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მოსახლეობის პრეტენზიებს არ იზიარებს და ირწმუნება, რომ ყველა სატრანსპორტო პირობაა შექმნილი, რათა გალის მოსახლეობამ "ენგურის" გამშვებ პუნქტამდე დაუბრკოლებლად ჩააღწიოს.

ქართულ მხარესთან საკონტროლო-გამშვები პუნქტების შემცირების "დადგენილება" რუსეთმა და აფხაზეთმა 2016 წლის 17 მარტს მიიღეს. დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი შამილ არძინბა აცხადებდა, რომ ქართულ-აფხაზური საზღვრის დახურვის საკითხი ყოველთვის დღის წესრიგში იდგა და ახალმა ხელისუფლებამ მისი მოგვარება დაიწყო.

გამშვები პუნქტების შემცირებას 2014 წელს აფხაზეთის ახალარჩეული ე.წ. პრეზიდენტი ხაჯიმბაც აპირებდა. მაშინ ხაჯიმბამ განაცხადა: "საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის გამაგრება მნიშვნელოვანია".

გალელები ეჭვობენ, რომ აფხაზური მხარე, სავარაუდოდ, რუსეთის მითითებით, ყველანაირად ცდილობს, მოსახლეობა დანარჩენი საქართველოსგან გამიჯნოს:

"რუსი სამხედროები პირდაპირ გვეუბნებიან, ცოტაც და, იძულებული გახდებით, აქედან წახვიდეთო... ასეც მოხდება - აქამდე ქართულ მხარეს გადავდიოდით, ვყიდდით და ვყიდულობდით, ერთი კვირის სამყოფი მოგვქონდა. ახლა მხოლოდ ერთი პუნქტი დარჩება, რაც რიგებს შექმნის. გარდა ამისა, ვისაც ბეჭედი ბევრჯერ აქვს ჩარტყმული, რუსი მესაზღვრეები უკან აბრუნებენ - ცინიკურად ეუბნებიან, ნამეტანი ბევრჯერ ყოფილხარ საქართველოში და საკმარისიაო... ვინ შეედავება?! ზოგჯერ, თუ საბუთები წესრიგში არა გაქვს, სოხუმის იზოლატორში გვიკრავენ თავს და ჯარიმას გვახდევინებენ... ვიცით, რომ რაულ ხაჯიმბას ხშირად აყვედრიდნენ, გალელების დანარჩენ აფხაზეთთან ინტეგირირება ვერ შეძელიო, ახლა კი ყველანაირად ცდილობენ, დანარჩენ საქართველოს მოგვწყვიტონ".

ამ გადაწყვეტილებით აფხაზებიც შეშინებული არიან - ისინი, ვინც გრძელვადიანი მკურნალობის კურსს თბილისსა თუ ქუთაისში გადიან, და ისინიც, ვინც აქეთ ლუკმაპურის საშოვნელად გადმოდიოდნენ... "ვაპროტესტებთ, მაგრამ ვიცით, რომ შედეგი მაინც არ მოჰყვება", - აცხადებს გალის მკვიდრი.

ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზე

მოგეხსენებათ, აფხაზი მოსახლეობა სამედიცინო დახმარებისთვის საქართველოს ან რუსეთს მიმართავს. აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრი ბესლან ბარციცი აცხადებს, რომ ძალიან მალე ვითარება შეიცვლება: "ვისაც აფხაზეთის მოქალაქეობა აქვს, გადაუდებელი მკურნალობისთვის რუსეთის სადაზღვევო პოლისებს მიიღებს"... ხელმძღვანელობის თქმით, პოლისი იმოქმედებს რუსეთის მთელ ტერიტორიაზე, დასაწყის ეტაპზე კი კრასნოდარის მხარეში, რადგან ის აფხაზეთთან ახლოს არის...

აფხაზეთში ისედაც რთულ მდგომარეობას ართულებს მძიმე ეკოლოგიური ვითარებაც - რამდენიმე დღის წინ გაგრაში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც უკონტროლო თევზჭერასა და ხრეშის ბიზნესს ეხება. მოსახლეობის თქმით, აფხაზეთი ეკოლოგიური კატასტროფის ზღვარზეა. ამ ყველაფერში თავად მინისტრები არიან ჩართული და გოჯ-გოჯობით ყიდიან ყველაფერს.

"გაგრის აკვატორიაში თევზი ნაპირთან ძალიან ახლოს არის. გავლენიან პირებთან შეკრული მეთევზეები სეინერებით დადიან და პირწმინდად ხვეტენ იქაურობას დეკემბრიდან აპრილამდე და შედეგად, ზღვაში თევზი აღარ დარჩა. დაახლოებით 16 სეინერი ყოველდღიურად გადის სათევზაოდ".

განუკითხაობა

"ყოველდღიურად უარესდება მდგომარეობა. რა უფრო ადარდებს ჩვენს მაღალჩინოსნებს - სახელმწიფო თუ სავარძელი? რამდენიმე წელია, ჩვენს გზებზე ყოველდღიურად იღუპებიან ახალგაზრდები - მართვის მოწმობა აქ პირობითი ცნებაა, თუ "გაის" ფულს გადაუხდი, რა საჭიროა დოკუმენტი?! ამიტომაც მძღოლების უმეტესობას მართვის მოწმობა არა აქვს. წლების განმავლობაში უშედეგოდ ველოდით, რომ გამოჩნდებოდა ისეთი გუნდი, რომელიც ხალხზე იზრუნებდა, კანონის დაცვას აიძულებდა, თუმცა ასეთი არავინ ჩანს... ამასობაში კი ახალგაზრდები გარბიან ქვეყნიდან, რათა თავს უშველონ, აქ დარჩენილები კი ავტოსაგზაო შემთხვევებს, კრიმინალურ გარჩევებს, ნარკოტიკებსა და მძიმე ინფექციურ დაავადებებს ეწირებიან. მალე საქართველოში(?!) მკურნალობაც აგვეკრძალება, რაც კატასტროფის ტოლფასია... ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა", - წერს ომის ვეტერანი ციური თელია...

ბედის ანაბარა დარჩენილი ომის ვეტერანები

ომის ვეტერანების უკიდურესად მძიმე პირობებზე ლაპარაკობს 1992-93 წლების აფხაზეთის ომის ინვალიდთა ფონდის წარმომადგენელი ბადრი აგრბა: "ვეტერანების ასაკი 50-60 წელია. ჯერ კიდევ აქვთ სიცოცხლის სურვილი, ზოგს მუშაობაც შეუძლია, მაგრამ სამუშაო არ არის. რომ არა ქართული მხარის ლოიალური დამოკიდებულება, ბევრი ცოცხალი აღარ იქნებოდა. ერთადერთი, რასაც ჩვენი ხელმძღვანელობა მათთვის იმეტებს, ადგილობრივ აფთიაქში რამდენიმე დასახელების მედიკამენტია - ძირითადად, ტკივილგამაყუჩებლები და დამამშვიდებლები. არადა, მათ ჰყავთ ოჯახები, შვილები... ისინი ხედავენ ვეტერანთა ტანჯვას და ეკითხებიან, ნუთუ ამისთვის იბრძოლეთ, ნუთუ ეს იყო თქვენი მიზანიო?! ვეტერანები პენსიას 55 წლიდან იღებენ, მაგრამ ზოგი იმდენად უუნაროა, ალბათ, ვერც მიაღწევს ამ ასაკამდე. ამიტომ მოვითხოვეთ მათთვის საპენსიო ასაკი დაეწიათ, თუმცა უშედეგოდ. აქეთ შემოგვიტიეს, ისედაც ბევრნი ხართო... ამ ეტაპზე სულ 2 750 ინვალიდის სტატუსის მქონე პირია.

თუ ენგურის საზღვარზე გადასვლა გართულდება, კატასტროფამდე მივალთ. ამის შესახებ ხელისუფლებას გაზეთ "აფხაზეთის რესპუბლიკის" საშუალებითაც მივმართე. ეს ჩვენზე კარგად იციან, მაგრამ დუმან. ასე რომ, ცეცხლი თივაში ვერ დაიმალება. ნუ მოგვისპობთ გადარჩენის გზებს".

ლალი პაპასკირი