"ბინძური თამაშებისა და, ალბათ, შურისძიების მცდელობა იყო, თუმცა სახელისუფლებო გუნდი ერთიანი და ურყევია" - კვირის პალიტრა

"ბინძური თამაშებისა და, ალბათ, შურისძიების მცდელობა იყო, თუმცა სახელისუფლებო გუნდი ერთიანი და ურყევია"

ქვეყანაში ერთ-ერთი მთავარი თემა სახელმწიფოს ფინანსურ-ეკონომიკურ სექტორში მიმდინარე მოვლენებია - ლარის კურსით დაწყებული თუ ამა თუ იმ პროდუქტის გაძვირება-გაიაფებით დამთავრებული.

შესაბამისად, ფინანსთა მინისტრთან ბევრი კითხვა დაგროვდა. გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს ექსკლუზიურ ინტერვიუს დიმიტრი ქუმსიშვილთან, რომლიდნაც ამონარიდს გთავაზობთ:

- რეფორმები და ცვლილებები, როგორც წესი, იწვევს უკმაყოფილებას როგორც მოსახლეობის, ისე ბიზნესმენთა გარკვეულ ნაწილში (როგორც, მაგალითად, სასმლის, თამბაქოს ან ონლაინსესხების ბიზნესის წარმომადგენლებში). ალბათ, ისინი შეეცდებიან, არ დაუშვან შემოსავლების შემცირება ან მით უმეტეს დაკარგონ ზემოგებები. საინტერესოა, ხართ თუ არა მზად თავდასხმებისთვის თუნდაც იმ მიმართულებით, რომ შეეცადონ მთავრობის ან თუნდაც კონკრეტულად თქვენი საქმიანობის კომპრომეტირებას ან თავად მთავრობაში შეეცადონ ლობისტების პოვნას, რათა შეაფერხონ თქვენ მიერ დასახელებული რეფორმები?

- ბინძური თამაშებისა და, ალბათ, შურისძიების მცდელობა იყო, თუმცა სახელისუფლებო გუნდი ერთიანი და ურყევია. ამ ერთიანობას ჩვენ ბოლომდე შევინარჩუნებთ და, შესაძლოა, მავანი ბევრს ეცადოს, მაგრამ ხელისუფლებაში მფარველებს ვერ იპოვის. საზოგადოებაც დაინახავს, სად არის სიმართლე. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რეფორმები სასიკეთოა ქვეყნისთვის და მომავალში ამას ყველა იგრძნობს. ამისთვის მზად ვარ, განაწყენებულების თავდასხმები ავიტანო. თუმცა არ მინდა, ყველა ერთ ჭრილში განვიხილო. მაგალითად, ნავთობიმპორტიორებთან გვაქვს ძალიან კარგი და აქტიური თანამშრომლობა. ასევე, აქტიურად ვთანამშრომლობთ თამბაქოს იმპორტიორებთან. მეტსაც გეტყვით, დიდი იმედი მაქვს, რომ დაახლოებით ორ თვეში ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას შევიტყობთ საქართველოსთან დაკავშირებით ერთ-ერთი თამბაქოს იმპორტიორი კომპანიის გადაწყვეტილების შესახებ.

- პრემიერმა ჯერ კიდევ 2015 წლის დეკემბერში დააანონსა, რომ ონლაინკაზინოებს შემზღუდველი რეგულაციები დაუწესდებოდა. თქვენც თქვით, გასული წლის ნოემბერში "პალიტრანიუსის" ეთერში, რომ რამდენიმე თვეში მზად იქნებოდა რეგულაციების პროექტი. ხომ არ გაჭიანურდა ეს პროცესი და აქვს თუ არა მთავრობას მონახაზი, როგორ უნდა დარეგულირდეს ეს სფერო? ფაქტია, ამ სფეროში ძალიან დიდი ფული ტრიალებს. ლობისტები ხომ არ გამოუჩნდნენ ამ ბიზნესს და ეს ხომ არ იწვევს პროცესის გახანგრძლივებას? ეს, მით უმეტეს, გაუგებარია, როცა დღითი დღე უამრავი ადამიანი უბედურდება ამ თამაშებით.

- სათამაშო ბიზნესი საკმაოდ რთული სფეროა და ჩვენი ლოკალური ცოდნით ეფექტიანი რეგულაციების დაწესება ძნელია. მთავრობის გადაწყვეტილებით, დავიქირავებთ საერთაშორისო გამოცდილებისა და საუკეთესო სახელის მქონე საკონსულტაციო კომპანიას. ასეთი კომპანიები სხვადასხვა ქვეყანას ეხმარებიან ონლაინკაზინოებისთვის ისეთი რეგულაციების დანერგვაში, როდესაც, ერთი მხრივ, დაცულია მომხმარებელთა უფლებები, ახალგაზრდა თაობა და ყველა ის ფენა, ვინც რისკის ჯგუფში შედის, და მეორე მხრივ, ბიუჯეტში შემოდის გადასახადები და ასეთი ტიპის ბიზნესსაც ეძლევა არსებობის საშუალება. ძალიან მარტივად რომ ავხსნა - წარმოიდგინეთ, რომ ყველა ონლაინკაზინოს სერვერი პირდაპირ არის მიერთებული შემოსავლების სამსახურის სერვერზე, სადაც ხდება ყველა ტრანზაქციის იდენტიფიცირება. ასევე, შექმნილია შესაბამისი ფილტრები და რეგულაციები მოთამაშის სწორი იდენტიფიკაციისთვის.

ეს მოგვცემს საშუალებას, დავიცვათ ახალგაზრდა თაობა და ყველა ის მოქალაქე, ვინც არ უნდა ითამაშოს. თქვენ შეგიძლიათ თამაშისგან დაიცვათ თქვენი ოჯახის წევრი. იმავდროულად, გამჭვირვალე სისტემიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი მარტივად იღებს შემოსავლებს.

- კონკრეტულად როდის დაიძრება ყინული და როდის შეარჩევთ ასეთ კომპანიას?

- არა მგონია, ამას ხანგრძლივი დრო დასჭირდეს...

- მთავრობა მუდმივად პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს ლარის კურსზე. ლარის კურსი ახლა მართლაც შედარებით დასტაბილურდა, მაგრამ კვლავაც მაღალი რჩება დოლართან მიმართებაში. თქვენი პროგნოზით, კურსი მეტად აღარ დაიკლებს?

- რაც უფრო სწრაფად გაიზრდება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და მეტი იქნება მისი ზრდა სავაჭრო პარტნიორების ეკონომიკებთან შედარებით, მით უფრო სტაბილური იქნება ლარი. სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა, როდესაც ვამბობთ, რომ ეკონომიკა უნდა გაიზარდოს უფრო მეტად, ვიდრე იზრდება რეგიონში საშუალოდ და მსოფლიოში.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია: დიმიტრი ქუმსიშვილი: "მზად ვარ, თავდასხმები ავიტანო"