"ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით წინ ვიქნებოდით" - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა - კვირის პალიტრა

"ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით წინ ვიქნებოდით" - ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან 12 წელი გავიდა

"მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი", - საქართველოს ექსპრემიერის, ზურაბ ჟვანიას ეს სიტყვები არასოდეს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღეს. 2016 წლის 2 თებერვალს საქართველომ, ევროპისაგან, ვიზალიბერალიზაცია მიიღო.

2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია, ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვნეს. სიმბოლურია, რომ ვიზალიბერალიზაცია, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების თარიღს დაემთხვა.

გოგლა ჟვანია, ზურაბ ჟვანიას ძმა:

- ზურაბ ჟვანია ერთ-ერთი მოთავე იყო იმ პროცესების, რასაც ჰქვია საქართველოს ინტეგრაცია ევროპულ ოჯახში. ბუნებრივია, ქართველთა მრავალი თაობა ცდილობდა საქართველოს დაახლოებას ევროპასთან, მაგრამ რეალურად ეს შესაძლებელი გახდა უახლოეს წარსულში, ამის სათავეში ზურა იდგა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს ყველაფერი 2 თებერვალს იმ შედეგით დაგვირგვინდა, რომელიც ყველას გვინდოდა. სიმბოლურია რომ ეს ყველაფერი ზურას გარდაცვალების დღეს დაემთხვა...

- როცა ევროპაზე ვსაუბრობთ, ყველა იხსენებს ზურაბ ჟვანიას სიტყვებს  - "მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი..."

- მაშინ როცა ეს სიტყვები თქვა ზურამ, ეს იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი დღე. მოგეხსენებათ, მაშინ საქართველო ევროსაბჭოში მიიღეს და ზუსტად ამ დიდი ამბავისაგან მიღებული ემოციის გამოძახილი იყო ეს ფრაზა, რომელიც პრინციპში შემდგომში საქართველოს კურსის განმსაზღვრელი გახდა. დღეს საქართველო არის ევროპული ოჯახის ღირსეული წევრი და ჩვენს მოქალაქეებს აქვთ საშუალება რომ თავისუფლად წავიდნენ ევროპაში, ისწავლონ, აწარმოონ ბიზნესი და სხვ. ეს ზურას ოცნება იყო!

- როგორ ფიქრობთ ზურაბ ჟვანია რომ ცოცხალი ყოფილიყო, მოხდებოდა თუ არა ამ ყველაფრის დაჩქარება?

- ზურას უკიდეგანო შესაძლებლობები გააჩნდა და საოცარი უნარების მქონე ადამიანი იყო. მას შესანიშნავი ურთიერთობები ჰქონდა, ევროპის წამყვან პოლიტიკოსებთან და ძალიან დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საერთაშორისო ასპარეზზე. 2012-2016 წლებში, როცა მე ვიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი, ხშირად მიწევდა, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრა და როცა იგებდნენ, რომ ზურაბ ჟვანიას ძმა ვიყავი, საოცარ კეთილგანწყობას იჩენდნენ და უდიდესი სიყვარულით იხსენებდნენ ზურას. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ , ზურა რომ ცოცხალი ყოფილიყო, მის მიერ გაკეთებული საქმეები დიდად წაადგებოდა ჩვენს ქვეყანას და ევროინტეგრაციის გზაზეც ახლა გაცილებით წინ ვიქნებოდით.

- ბატონო გოგლა, თუ არის რამე სიახლე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიების მსვლელობაში?

- გამოძიება მიმდინარეობს, რაც მთავარია საქმე არაა თაროზე შემოდებული და დარწმუნებული ვარ, აუცილებლად მივა ბოლომდე და დადგინდება სიმართლე.

იხილეთ ასევე: რეპორტაჟი დათარსული ბინიდან - “ჩემი 5 წლის შვილი იმ ადგილებს ახტება, სადაც ჟვანიასა და იუსუპოვის ცხედრები ესვენა”

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)